აფხაზეთში კვლავ საწვავის კრიზისია, რომელშიც რუს მონოპოლისტებს ადანაშაულებენ
გაზიარება
გაზიარება
საწვავის კრიზისი აფხაზეთში
აფხაზეთში კვლავ საწვავის კრიზისია. სოციალური მედიის მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ ამის მთავარი მიზეზი საწვავის ბაზრის მონოპოლიზაციაა, რომელიც ორი წლის წინ მოხდა.
ამჟამად აფხაზეთში ბენზინგასამართი სადგურების უმეტესობა ან დაკეტილია, ან მხოლოდ დიზელის საწვავს ყიდის.
ბენზინი ხელმისაწვდომია მხოლოდ რუსული სახელმწიფო კორპორაცია “როსნეფტის“ და მისი შვილობილი აფხაზური კომპანიის, “პოდოროჟნიკის“ საკუთრებაში არსებულ ბენზინგასამართ სადგურებზე. თუმცა, ამ სადგურებზე საწვავის შესავსებად ერთსაათიან რიგში უნდა ჩადგეთ.
სოციალური მედია მიმდინარე კრიზისს 2023 წელს აფხაზეთის ბენზინის ბაზრის ფაქტობრივ მონოპოლიზაციას მიაწერს. იმ დროს რუსეთის მთავრობამ “როსნეფტს“ მიანიჭა უფლება, ყოფილიყო აფხაზეთის ერთადერთი საწვავის მიმწოდებელი. ადრე, აფხაზეთის საწვავის კომპანიები დამოუკიდებლად ყიდულობდნენ ბენზინს რუსეთიდან, მაგრამ ახლა ისინი იძულებულნი არიან, შეიძინონ ის “პოდოროჟნიკისგან“ საცალო ფასთან ახლოს.
ამ სიტუაციამ გამოიწვია არა მხოლოდ მცირე კომპანიების გაკოტრება და საწვავის ბაზარზე ფასების ზრდა, არამედ რესპუბლიკაში საწვავის პერიოდული დეფიციტიც.
“აფხაზეთში საწვავის კრიზისი არ არის სტიქიური უბედურება ან სეზონური თავისებურება. ეს სტრატეგიული დაგეგმვისა და პოლიტიკური ნების ნაკლებობის შედეგია“, – ამბობს ბლოგერი ნოდარ შოუა.
ოპოზიციური Telegram არხი “რესპუბლიკა“ კი პროგნოზირებს, რომ მონოპოლიზაცია ამით არ დასრულდება:
“იგივე ხდება ტურიზმის ბაზარზე. მალე მსგავსი კრიზისი მოსალოდნელია კვების, აფთიაქებისა და საბანკო სექტორებში. ადგილობრივი ბიზნესები კი გაკოტრდებიან და ბაზარს დატოვებენ“.