აფხაზეთში გახმაურებული მკვლელობის სასამართლო პროცესი, ბრალდებულების პროტესტის მიუხედავად, ღია იქნება
მკვლელობის პროცესი აფხაზეთის სანაპიროზე
აფხაზეთში, გახმაურებულ სამმაგ მკვლელობაში ბრალდებულებმა უარი თქვეს ადვოკატების მომსახურებაზე და იმის გამო, რომ სასამართლომ პროცესის დახურვაზე უარი განაცხადა, დარბაზი დატოვეს.
- ვის აქვს აფხაზეთში იარაღის ტარების უფლება და როგორ უკავშირდება ეს კრიმინალის ზრდას?
- „სირცხვილია იყო დაზარალებული“: წამების ისტორიები აფხაზეთიდან
- “ახლა უნდა მოგკლათ” – აფხაზეთში რუსი ტურისტი აწამეს
„მოდიხარ სასამართლოზე, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია და უკვე გეუბნებიან – მკვლელი ხარ თუ არა.“ – განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა ერიკ ჭკადუამ. მან ასევე გაიხსენა, როგორ მოხდა ერთ-ერთი სხდომის დროს სიტყვიერი შეხლა-შემოხლა და დარბაზში მყოფმა ერთ-ერთმა დაზარალებულმა როგორ ისროლა ბოთლი იმ შემოსაზღვრულ ადგილას, სადაც ბრალდებულები ისხდნენ.
2019 წლის 22 ნოემბერს, რამდენიმე ადამიანმა, სოხუმის სანაპიროზე მდებარე სასტუმრო რიცასთან, ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს სასტუმროს პირველ სართულზე მდებარე რესტორან სან რემოს სტუმრებს. დაიღუპა სამი ადამიანი. ორი მათგანი, როგორც ჩანს, მთავარი სამიზნე იყო – კანონიერი ქურდები ასტამურ შამბა და ალხაზ ავიძბა. მესამე მსხვერპლი დომინიკა აკირტავაა, 22 წლის მიმტანი, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ქურდებისთვის გამოტანილმა ამ სასიკვდილო განაჩენმა ფაქტობრივად გამოიწვია მაშინდელი პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას ვადამდე გადადგომა. გამოძიების დროს გაირკვა, რომ ამ დანაშაულში ეჭვმიტანილთა შორის იყვნენ პრეზიდენტის დაცვის წევრებიც.
ამ პროცესის ყოველი სხდომის ნაწყვეტი ნაჩვენებია ადგილობრივი ტელეარხების საღამოს საინფორმაციო გადაცემებში და ეს არის ყველაზე რეიტინგული სიუჟეტები აფხაზეთში. ეს ალბათ ყველაზე რეზონანსული შემთხვევაა, რაც ბოლო პერიოდში აფხაზეთში მომხადარა და სწორედ ამიტომ, პროკურატურაც და დაზარალებულთა ადვოკატიც ბრალდებულების მოთხოვნას, პროცესის დახურვის თაობაზე, არ ეთანხმებიან.
„ვფიქრობ, ეს მოთხოვნა უსაფუძვლოა. პირიქით, ეს საკითხი საჯარო უნდა იყოს. აქ აკრედიტებულმა ჟურნალისტებმა გამოძიების ყველა დეტალი საზოგადოებას უნდა მიაწოდონ, რათა პროცესის ობიექტურობა გამჭვირვალე იყოს“, – განაცხადა გენერალური პროკურორის მოადგილემ რუსლან თირკბამ.
ამის შემდეგ, ბრალდებულმა დათო ახალაიამ განაცხადა, რომ ის და სკამზე მყოფი სხვა განსასჯელები სხდომის დარბაზს ტოვებდნენ და მათ არ სურთ, რომ ადვოკატებმა მათი დაცვა გააგრძელონ.
პროკურორი დაურ ამიჩბა ვარაუდობს, რომ ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ განსასჯელებს წინასწარი პატიმრობის ვადა მალე ეწურებათ. პროკურატურა კი ვადის გაგრძელების მოთხოვნას გეგმავს და ადვოკატების გარეშე მსგავსი შუამდგომლობა ვერ მოხერხდება.
ერიკ ჭკადუას, ბესლან ბგანბას, ასლან ბლაბას და ძმებს დათო და დემურ ახალაიებს ბრალი ედებათ კრიმინალური ავტორიტეტების, ასტამურ შამბას და ალხას ავიძბას, ასევე რესტორან სან რემოს მიმტანის, დომინიკა აკირტავას მკვლელობაში, ასევე რუსტამ შამბასა და შამილის მკვლელობის მცდელობაში.
სასამართლო პროცესი მეორე წელია მიმდინარეობს. უკვე მოისმინეს ბრალდების მხარის მოწმეების ჩვენებები. ახლა სასამართლო წერილობითი და სხვა მტკიცებულებების შესწავლის პროცესშია.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო