აფხაზეთს კრემლის ახალი კურატორი ეწვია. რა მოლოდინებს ქმნის ეს? – მოსაზრება
აფხაზეთს კრემლის ახალი კურატორი ეწვია
რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში ახალი ფაზა იწყება – სოხუმს კრემლის ახალი კურატორი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო ეწვია.
გასულ კვირას აფხაზეთის მიმართულებაზე ზედამხედველობა დმიტრი კოზაკისგან კირიენკოს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ თავად კირიენკო სოხუმშია დაბადებული. თანამდებობაზე დანიშვნიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, იგი აფხაზეთს ეწვია – მისი წინამორბედი, კოზაკი, მსგავსი ნაბიჯით არასდროს გამოირჩეოდა.
ვიზიტი და მისი რეალური მიზნები
მიუხედავად ზოგიერთი ექსპერტის ვარაუდისა, კირიენკოს ვიზიტი არ უკავშირდებოდა 15 თებერვალს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. მართალია, ის შეხვდა მმართველი პარტიის კანდიდატს, ბადრა გუნბას, მაგრამ ეს შეხვედრა სოხუმის აეროპორტის მშენებლობის ინსპექტირების ფარგლებში შედგა.
კირიენკომ ასევე გამართა შეხვედრები აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ვალერი ბგანბასთან და პარლამენტის სპიკერ ლაშა აშუბასთან. გარდა ამისა, მან მოინახულა სოხუმის №2 სკოლა, სადაც თავის დროზე თავად სწავლობდა; ასევე უნივერსიტეტი, ხელოვნების გალერეა, რომელშიც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რუსული თეატრი, მშენებარე ბავშვთა საავადმყოფო… და ბოლოს, სოხუმის ერთ-ერთ კაფეშიც გაჩერდა, სადაც ადგილობრივებთან და პოლიტიკაზე მოსაუბრე სტუმრებთან ერთად ყავა დალია.
რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების ახალი ეტაპი?
კურატორის ცვლილებამ, როგორც ჩანს, რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებზე პოზიტიური გავლენა უკვე მოახდინა.
უპირველეს ყოვლისა, რუსულმა ფედერალურმა მედიამ აფხაზეთზე საუბრისას ტონი შეცვალა – ახლა მას აღარ წარმოაჩენენ როგორც “მუქთამჭამელს”, რომელიც თავის “მარჩენელთან“ რაღაც ვალშია.
გარდა ამისა, შეწყდა საუბრები აფხაზეთში “ანტირუსული ძალების“ არსებობაზე. ოპოზიციის წარმომადგენლები აღარ მოიხსენიებიან კრემლის მტრებად, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსკოვი მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ ლიდერთან, რომელსაც აფხაზეთის მოსახლეობა 15 თებერვალს აირჩევს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, სავარაუდოდ, მოსკოვის პოზიციის გადახედვაა რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების საკითხზე. სწორედ ამ შეთანხმებას მოჰყვა ყოფილი ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ვადამდე გადადგომა, რაც რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში ერთ-ერთ უმძიმეს კრიზისად იქცა.
კირიენკომ ცხადყო, რომ ახალი შეთანხმება უკვე მუშავდება და ის აუცილებლად გაითვალისწინებს აფხაზური მხარის ინტერესებს.
“ეს მოითხოვს მშვიდ და გააზრებულ მუშაობას“, – აღნიშნა კირიენკომ, რაც მიანიშნებს, რომ მოსკოვი აფხაზეთისადმი დამოკიდებულებას ეტაპობრივად ცვლის.