"აფხაზეთი ვინმეს ვიტრინა არ არის და ჩვენ მოსკოვისგან დახმარება არ მოგვითხოვია“ - პასუხი რუსი პროპაგანდისტის სტატიაზე
პასუხი პეგოვის სტატიაზე აფხაზეთის შესახებ
რუსი სამხედრო კორესპონდენტისა და კრემლთან დაახლოებული პროპაგანდისტის, სემიონ პეგოვის სტატიამ აფხაზეთისა და რუსეთთან მისი ურთიერთობების შესახებ აფხაზურ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია.
ერთი შეხედვით, ტექსტი მხარდაჭერის დემონსტრირებას ჰგავდა, თუმცა რეალურად მან ძველი და მტკივნეული კითხვა წამოსწია: არის თუ არა აფხაზეთი მოსკოვისთვის პარტნიორი, თუ უბრალოდ გეოპოლიტიკური დეკორაციაა?
პეგოვის მთავარი თეზისის მიხედვით, რუსეთმა აფხაზეთის “სუვერენულ პროექტს“ მხარი დაუჭირა, როგორც მრავალპოლარული სამყაროს ფორმირების საწყის წერტილს. ამ ლოგიკით, აფხაზეთი დღეს “რუსეთის საგარეო პოლიტიკის ვიტრინაა“ — სივრცე, რომლის დანგრევასაც კრემლი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებების გამო არ დაუშვებს.
თუმცა სწორედ სიტყვა “ვიტრინა“ გახდა აფხაზეთში ყველაზე მტკივნეული.

პეგოვის ტექსტს მწვავე რეაქციით უპასუხა აფხაზმა საზოგადო მოღვაწემ ახრა ბჟანიამ. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილში მან პირდაპირი გზავნილი გაუგზავნა როგორც ავტორს, ისე იმ პოლიტიკურ წრეებს, რომლებიც, მისი აზრით, ტექსტის უკან დგანან.
ბჟანიას შეფასებით, რუსეთის მიერ აფხაზეთის აღიარება სტრატეგიული კი არა, ტაქტიკური ნაბიჯი იყო.
“აფხაზეთის აღიარება არა სტრატეგიული, არამედ ტაქტიკური ხასიათის იყო და სანაცვლოდ ფეოდალური დამორჩილების მოთხოვნა უსამართლო და უშედეგოა,“ — წერს ის.
მისი თქმით, სოხუმი 2008 წლის მოვლენებს სულ სხვა კონტექსტში ხედავს.
ბჟანია იხსენებს, რომ 2008 წელს კრემლისთვის ნათელი გახდა: საქართველო ისტორიული კავშირების გაწყვეტისკენ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მიდიოდა. ეს კი რუსეთის სამხრეთ საზღვრებისთვის გრძელვადიან რისკებს ქმნიდა.
ბჟანიას ლოგიკით, მოსკოვმა გააანალიზა რამდენიმე სცენარი:
ერთის მხრივ, აფხაზეთს კვლავ შეეძლო საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში რუსეთს მის პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა გაცილებით გაუჭირდებოდა;
მეორეს მხრივ კი სუვერენიტეტის აღიარება აძლევდა კრემლს ინსტრუმენტებს რეგიონში სტაბილურობისა და კონტროლის შესანარჩუნებლად.
“დადებითი და უარყოფითი მხარეების აწონ-დაწონვის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ,“ — წერს ბჟანია.
მისივე თქმით, შედეგად რუსეთმა მიიღო სამხედრო ბაზები, საზღვაო პორტები, ჩრდილოეთ კავკასიაში შედარებითი სტაბილურობა და მეგობრული პოლიტიკური სივრცე რეგიონში, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ლოჯისტიკურად, ისე გეოპოლიტიკურად.
ბჟანია განსაკუთრებით მწვავედ პასუხობს პეგოვის ფრაზას “ვიტრინის“ შესახებ.
“აფხაზეთი არ არის ვინმეს ვიტრინა, სავსე სათამაშო პალმებითა და პაპიე-მაშეს თოჯინებით. ეს არის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყანა,“ — წერს ის.
მისი თქმით, აფხაზურმა საზოგადოებამ წარსულში არაერთხელ აჩვენა, რომ შეუძლია შიდა კრიზისების დამოუკიდებლად გადალახვა და არ სჭირდება “დიდი ძმის“ ზედამხედველობა – მით უმეტეს მაშინ, როდესაც ეს დახმარება ყოველთვის უანგარო არ არის.
ამ კონტექსტში პეგოვის ტექსტი ბჟანიასთვის არა მხარდაჭერად, არამედ გაფრთხილებად ჟღერს.
ბჟანია ყურადღებას ამახვილებს პეგოვის ერთ-ერთ ფრაზაზე: “ჩვენ საერთო აწმყო გვაქვს, მაგრამ ჩვენი მომავალი ბუნდოვანია“.
მისი ინტერპრეტაციით, ეს უფრო პოლიტიკური გზავნილია, ვიდრე ჟურნალისტური ანალიზი.
“რას ნიშნავს ეს? კარგად მოიქეცით, თორემ საქართველოს დაგითმობთ?“ – ამბობს ბჟანია.
მისი აზრით, პეგოვი, შესაძლოა, ამ ტექსტის ერთადერთი ავტორი არც იყოს და მის უკან რომელიმე რუსი ჩინოვნიკი იდგეს, რომელიც აფხაზეთს ირიბად პირობებს უყენებს.
“ძვირფასო მოსკოველო ჩინოვნიკო, ჩვენ დახმარება არ გვითხოვია. თუ თვლით, რომ ეს მძიმე ტვირთია და არანაირად არ ანაზღაურდება — შეწყვიტეთ სუბსიდიები.
ჩვენ არ გვეშინია საქართველოს წინააღმდეგ მარტო დარჩენის. მაგრამ თუ შეიარაღებული კონფლიქტი მოულოდნელად განახლდება, თქვენ, სავარაუდოდ, დაკარგავთ თქვენს სამხედრო ბაზებს აქ – შედეგის მიუხედავად.
თავისუფლება ჩვენთვის ცარიელი სიტყვა არ არის. ჩვენ მისთვის ვიბრძოდით მე-19 და მე-20 საუკუნეებში, უზარმაზარი დანაკარგები განვიცადეთ და ახლა ვაპირებთ მის დაცვას ბოლომდე, მაშინაც კი, თუ ჩვენს გარშემო სამყარო დაინგრევა“. – წერს ბჟანია.