აფხაზეთი - პარაზიტი თუ მოკავშირე? მოსაზრება
რუსეთი არ აფასებს აფხაზეთთან პარტნიორობას
რუსულ მედიაში „უმადური“ აფხაზების შესახებ დამკვიდრებული აზრის ფონზე, აფხაზი ოპოზიციონერი დიმიტრი გვარამია აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ფილოსოფიაზე ფიქრობს.

დიმიტრი გვარამია:
„რუსულ მედიასივრცეში რეგულარულად ისმის ბრალდებები აფხაზეთის წინააღმდეგ. საყვედურობენ „უმადურობას“, იმას, რომ რუსებს უძრავი ქონების შეძენის უფლებას არ აძლევენ, რომ ზედმეტად დამოუკიდებლები არიან.“
ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს აფხაზეთი ტვირთია, „უმცროსი პარტნიორი“, რომელიც არ ამართლებს ინვესტირებულ რესურსებს.
მაგრამ ამ დისკუსიების მიღმა ხშირად მთავარი იკარგება: რა იგულისხმება მოკავშირეთა ურთიერთობებში? რაშია ამ ურთიერთიბების არსი.
ალიანსი ცალმხრივი გარიგება არ არის. ეს არის საერთო პასუხისმგებლობა, ინტერესების საერთო სივრცე, ორმხრივი ვალდებულებები – პოლიტიკაში, ეკონომიკასა და უსაფრთხოების სფეროში.
აფხაზეთი პატარა რესპუბლიკაა, რომელსაც არ შეუძლია ფუნდამენტური გავლენის მოხდენა რუსეთის ეკონომიკაზე. თუმცა, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, ის მუდმივად რუსეთზეა ორიენტირებული და 2008 წლიდან მისი აღიარებული მოკავშირეა. და ამ რანგში მან არაერთხელ აჩვენა მზადყოფნა, შეასრულოს მოკავშირის მოვალეობა.
2001 წელი. რუსლან გილაევის მეთაურობით შეიარაღებული ჯგუფები საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრნენ და აფხაზეთის მიმართულებით დაიძრნენ, რათა რუსეთის საზღვრამდე მიეღწიათ. აფხაზურმა ფორმირებებმა ისინი შეაჩერეს. იყო მსხვერპლი და ბრძოლები
რუსეთი ოფიციალურად არ მონაწილეობდა ამ ღონისძიებებში, თუმცა სწორედ აფხაზეთმა აღკვეთა მაშინ რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებზე შესაძლო საფრთხე.
2008 წელი. რუსეთ-საქართველოს „ხუთდღიანი ომის“ დროს, აფხაზეთმა მეორე ფრონტი გახსნა – დაიწყო ოპერაცია კოდორის ხეობის გასათავისუფლებლად, რომელიც საქართველოს კონტროლის ქვეშ იყო. ასევე, სენაკში მდებარე ქართული სამხედრო ბაზა აფხაზეთის ტერიტორიის გავლით იქნა აღებული. ეს ქმედებები მოკავშირეთა მხარდაჭერის ფაქტობრივი გამოვლინება იყო.
2022 წელი და შემდგომი პერიოდი. სპეციალური სამხედრო ოპერაციის [ასე უწოდებენ უკრაინის ომს რუსეთი და მისი მოკავშირეები_JAMnews] დაწყებისთანავე, აფხაზი მოხალისეები ფრონტისკენ გაემართნენ. პირველ თვეებში ისინი სტატუსის გარეშე, მოხალისეობრივად იბრძოდნენ. არსებული მონაცემებით, დაახლოებით 60 ადამიანი უკვე დაიღუპა – აფხაზეთის მოსახლეობის 250 ათასზე ნაკლები რაოდენობის გათვალისწინებით, ეს მნიშვნელოვანი მაჩვენებელია.
ამავდროულად, ОДКБ-ს წევრი ქვეყნებიდან თითქმის არცერთს არ გაუწევია სამხედრო მხარდაჭერა რუსეთისთვის. უფრო მეტიც, ზოგიერთ ქვეყანაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა სისხლის სამართლის დანაშაულია. დსთ-ს ქვეყნებმაც კი უპირატესად ნეიტრალური პოზიცია დაიკავეს.
ამავდროულად, საქართველოდან ჩამოსული მოქალაქეები და ემიგრანტები აქტიურად მონაწილეობენ სამხედრო ოპერაციებში უკრაინის მხარეს. რუსეთის ფედერაციაში დიდი ქართული დიასპორის არსებობის მიუხედავად, არ არსებობს საჯაროდ ცნობილი მაგალითები ქართველების მიერ რუსულ ძალებში ნებაყოფლობით მონაწილეობის შესახებ.
მოკავშირეობა ფორმალობა არ არის.
აფხაზეთი არ აცხადებს პრეტენზიას მსხვილ ძალად ყოფნაზე და ულტიმატუმებს არ აყენებს. თუმცა, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ის მუდმივად მოქმედებდა როგორც რუსეთის მოკავშირე და არა მხოლოდ სიტყვიერად. ამიტომ, სანამ აფხაზეთს “პარაზიტად” და “ბალასტად” მოიხსენიებდნენ, უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ მოკავშირეობა ყოველთვის ეკონომიკური ბალანსი არ არის.
ზოგჯერ გაწეული დახმარება იზომება არა რიცხვებით, არამედ კრიტიკულ მომენტში მოქმედების სურვილით.
რუსეთი დღეს გარე ზეწოლის, იზოლაციისა და ფორმალური პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობის წინაშე დგას. ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინ რჩება მასთან არა გათვლით და ანგარებით, არამედ რწმენით.
აფხაზეთი რჩება. და ეს, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი განცხადება.
დღევანდელ სამყაროში, სადაც ყველა საკუთარ ინტერესებს მისდევს, ასეთი ალიანსები იშვიათობა ხდება. ეს ნიშნავს, რომ ის განსაკუთრებულ ღირებულებას იძენს.“
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო