მოსაზრება: აფხაზეთი - დროა, ანგარიში გავასწოროთ
აფხაზურმა ოპოზიციამ, რომელმაც ერთობლივად იმუშავა, სამი შეკითხვა დაუსვა პრეზიდენტ ასლან ბჟანიას. ისინი მას სთხოვენ, ღიად გამოხატოს საკუთარი პოზიცია იმ თემებზე, რომლებიც კორონავირუსის პანდემიასთან ერთად, განხილვის მთავარი თემაა სოხუმის ყავახანებში.
საქმე ეხება უცხოელების მიერ უძრავი ქონების შეძენაზე არსებული ტაბუს შესაძლო მოხსნას და ენერგეტიკული სისტემის განსახელმწიფოებრიობას. აგრეთვე, ოპოზიცია ითხოვს პრეზიდენტის მიერ წამოწყებული კონსტიტუციური რეფორმების საბოლოო მიზნის განმარტებას.
ყველა ეს კითხვა დაისვა წერილობითი ფორმით გასულ პარასკევს, თუმცა ასლან ბჟანიას ჯერჯერობით მათზე არ უპასუხია. ის მოსკოვში გაემგზავრა.
არ დასვათ შეკითხვები, თუ პასუხები წინასწარ არ იცით, – ასე მეგობრულად ურჩია ოდესღაც ჟურნალისტებს ანრი ჯერგენიამ, ყოფილმა გენპროკურორმა და, პარალელურად, პრეზიდენტ არძინბას საგანგებო წარმომადგენელმა ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებზე 90-იან წლებში.
• ინალ ხაშიგი: რატომ გარბიან აფხაზი ყაჩაღები საქართველოში, ქართველები კი – აფხაზეთში
• ტყვარჩელი – ქალაქი აფხაზეთში, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის
• მოსაზრება: აფხაზეთის ეკონომიკას ძნელბედობის ჟამი დაუდგა
ვფიქრობ, საეჭვოა, ოპოზიციის წარმომადგენლებს ანრი ჯერგენიას სტილში ასე ღიად დაესვათ კითხვები, როცა არ ეცოდინებოდათ, როგორი იქნებოდა პრეზიდენტის პასუხები. მით უმეტეს, არაა გამორიცხული, რომ ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენლებს ბჟანიამ გულახდილად აუხსნა თავისი პოზიცია, თუმცა მხოლოდ პირადად. ორი სიტყვით რომ შევაჯამოთ, რა შეიძლება ეთქვა ასლან ბჟანიას პირისპირ საუბრისას, პასუხი ასეთი იქნებოდა: „მოსკოვი გვაწვება“.
თუმცა არცთუ ისე სასიამოვნო რამეების საჯაროდ გამჟღავნება, ბუნებრივია, კულუარულ გულახდილობაზე ბევრად ეფექტიანია. და, რა თქმა უნდა, ჩვენს შეჯიბრებით საუკუნეში ცოდვაა ასეთი შესაძლებლობის გამოუყენებლობა. აი, ოპოზიციამაც გამოიყენა. აქვს ამის უფლება.
პრეზიდენტი ბჟანია პოლიტიკაში ახალბედა არაა, და, ბუნებრივია, არასდროს საჯაროდ არ იტყვის, რომ კრემლი ხელებს გვიგრეხს, რათა უცხოელებზე უძრავი ქონების მიყიდვაზე აკრძალვა მოვხსნათ, და ასევე ჩვენი ენერგეტიკული ქსელები რუსულ კომპანიებს მივყიდოთ.
პირიქით, ის დიდხანს და მონოტონურად დაიწყებს ახსნას, რომ პრობლემა სწორედ ჩვენშია, რომ ქვეყნის ეკონომიკა ღრმა კრიზისშია და რომ წინა ხელისუფლება ამას ძალიან უწყობდა ხელს (რაც სიმართლეს მოკლებული არაა), ახლა კიდევ ეს „ოხერი“ კორონავირუსი.
მოკლედ, საჭიროა არაპოპულარული, მაგრამ ძალიან ეფექტიანი ზომების მიღება, რომელსაც შეუძლია გამოაცოცხლოს ეკონომიკა და მნიშვნელოვანი შემოსავალი მოუტანოს ბიუჯეტს. კერძოდ, დაუშვას უცხოელებზე უძრავი ქონების გაცემა და მისცეს რუსულ კომპანიებს აფხაზეთში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის უფლება.
ქსელების შესაძლო გაყიდვაზე, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან ახლა ისაუბროს, ამ საქმეს ტაქტიკური მიზეზების გამო, მომავალი წლის გაზაფხულისთვის გადადებს. ახლა ამის დრო არ არის. მაგრამ, როდესაც სიცივის გამო, ელექტროენერგიის მარაოსებრი გათიშვები დაიწყება, შემდეგ კი, თებერვალში, სამი თვით, დაგეგმილი რემონტის გამო გაითიშება ენგურჰესი და ელექტროენერგიით აფხაზეთს რუსული კომპანია თავისი ტარიფებით მოამარაგებს (რომელიც გაცილებით მაღალია აფხაზურზე) და წარმოგვიდგენს ანგარიშს – დაახლოებით, ოთხ მილიარდ რუბლს – აი, მაშინ იქნება ქსელის გაყიდვის აუცილებლობის შესახებ განცხადებისთვის საუკეთესო დრო.
მართალია, მე ბჟანიას ნაცვლად არც მაშინ ვიჩქარებდი, არამედ დაველოდებოდი მომენტს, როდესაც ელექტროენერგიის მუდმივი გათიშვებით დაღლილი ადამიანები თვითონ მოითხოვდნენ ენერგომეურნეობის საიმედო ხელში გადაცემას.
სიტყვა „მოსკოვი, კრემლი, პუტინი“ ამ გრძელ მონოლოგში ნამდვილად არ ითქმება. მაგრამ ისინი უსიტყვო რეფრენად გაჰყვება პროცესს.
მხოლოდ არ იფიქროთ, რომ მე რამეში ვადანაშაულებ ასლან ბჟანიას. მსუბუქად რომ ვთქვათ, ის გახდა მსხვერპლი აფხაზეთის ხელისუფლების მოუხერხებელი ნაბიჯების, რომელიც, როგორც მინიმუმ, უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში იდგმებოდა.
მთელი ეს პერიოდი ჩემთვის ასოცირებულია გაგრძელებულ სმასთან. ეს არის, როდესაც, დილით, საუზმისას, მადის მოსამატებლად, უცებ ერთი ჭიქის დალევა გადაწყვიტეთ და შემდეგ, ისე მოგეწონათ, რომ ღონისძიება ნელ-ნელა გადავიდა სადილში. და მაშინ იფიქრებ, რომ დღე მაინც დაკარგულია, ამიტომ უნდა გაერთო, ასე გაერთო: ოფიციანტო, კიდევ შამპანური!
დილით კი ანგარიში მოგიტანეს და ახლა ვიღაცამ უნდა გადაიხადოს ამ ყველაფრის საფასური.
მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში მის მთავარ ოპონენტს, ადგურ არძინბას რომ გაემარჯვა, ახლა მას მოუწევდა თავის მართლება. მაგრამ მან მაშინ წააგო, და ახლა შეიძლება, ფარულად ამით ბედნიერიც იყოს. ახლა პასუხისმგებლობა ხომ ასლან ბჟანიაზეა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო