აჟიოტაჟი:დევალვაციის შემდეგი დღე
ამ ორშაბათს მანათი 50 პროცენტით გაიაფდა, თებერვლის შემდეგ კი მისი ფასი ზუსტად ორჯერაა შემცირებული.
‘გუშინ ორი ცვლა მუშაობდა და დღესაც ასეა, _ ამბობს სუპერმარკეტის გამყიდველი, _ გამალებული ვაჭრობაა, როგორც _ ახალი წლის წინა დღეებში; მაგრამ ამჯერად ყველა შაქარს, კვერცხს, მაკარონსა და სხვადასხვა მარცვლოვან პროდუქტს იმარაგებს _ იმას, რაც ადვილად არ ფუჭდება. გუშინ დახლებზე სამჯერ გამოილია კვერცხის მარაგი და საწყობიდან ვამატებდით. ყველაფერი ელვის სისწრაფით იყიდება’.
სუპერმარკეტებში მართლაც ბევრი ხალხია. კვერცხი, წიწიბურა და შაქარი თითქმის აღარსად დარჩა. დახლებზე მხოლოდ ძვირიანი მაკარონი დევს. სუპერმარკეტებში ფასები ჯერ არ გაუზრდიათ, რასაც ტექნიკის მაღაზიებზე ვერ ვიტყვით.
ახლაც, როგორც მანათის კურსის წინა დაცემის დროს, ყველაზე მარდად Music Gallery- ს მაღაზიათა ქსელმა იმოქმედა _ მაღაზიები დილიდანვე დაიკეტა, გამყიდველები კი დაცვის ფუნქციას ასრულებდნენ და ადამიანებს ფოტოების გადაღებას უკრძალავდნენ.
ასევე მოიქცნენ სხვა მაღაზიების მფლობელებიც _ აზერბაიჯანში ტექნიკა მხოლოდ იმპორტის საშუალებით შემოდის,და ამიტომ და ეს სფერო მთლიანად დოლარისა და მანათის ურთიერთმიმართებაზეა დამოკიდებული.
ფასების „ბრძნული“ პოლიტიკით განთქმულმა ავიაკომპანია ‘აზალმა’არც ამჯერად დააყოვნა და ბილეთების ფასი გააორმაგა. ერთი ბილეთი ბაქოდან თბილისის მიმართულებით დევალვაციამდე 99 მანათი ღირდა, ახლა კი 210 მანათი ღირს. რკინიგზის სადგურზეც დიდი აჟიოტაჟია. თითქოს ყველა ერთბაშად მიხვდა, რომ ახალი წლის შეხვედრა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში გაცილებით იაფი დაუჯდებოდათ და ბილეთების საყიდლად სალაროებს მიაწყდნენ.
მწეველებსაც მძიმე დროება დაუდგათ. უკვე ორი დღეა, სიგარეტის ყიდვა პრობლემა გახდა. „უამრავი ჯიხური მოვიარე, მაგრამ ყველგან მხოლოდ სიგარეტის ღერებს ყიდიან, ცალობით, _ ჩივის ერთ-ერთი , _ სუპერმარკეტში, გრძელ რიგში ვიდექი და ერთი კოლოფის ყიდვა მოვახერხე. წინასწარ გამაფრთხილეს, რომ მხოლოდ ერთი კოლოფს მომცემდნენ. თუმცა, მეტს არც ვაპირებდი“.
ორი დღეა, აფთიაქების უმრავლესობა დაიხურა, ზოგან კი რამდენიმე წამალი დახლებიდან საერთოდ გაქრა. „ყოველთვის ამ აფთიაქში ვყიდულობდი წამლებს, ახლა კი მითხრეს, _ მედიკამენტები არ შემოუტანიათო, _ ჩივის პენსიონერი ფარიდა, _ სიმართლე გითხრათ, ამის არ მჯერა, რაღა მაინცდამაინც ორშაბათს გათავდა წამლები! ახლახან ინსულტი გადავიტანე და უამრავი წამალი მჭირდება. წარმომიდგენია, როგორ გაძვირდება ალბათ ყველა ეს მედიკამენტი, როდესაც ისევ გამოჩნდება აფთიაქის დახლზე’.
აჟიოტაჟმა მოიცვა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიც. ორშაბათს ზოგიერთი პუნქტი საერთოდ არ მუშაობდა. სამშაბათს სავალუტო ჯიხურები გაიხსნა, მაგრამ დოლარს არავინ ყიდის. „არ გვაქვს დოლარები“, _ განაცხადა ავიასალაროს გვერდით სავალუტო ჯიხურში მჯდომმა მამაკაცმა, რომელმაც რამდენიმე წუთით ადრე ასდოლარიანების შეკვრა ჩაიბარა.
ორშაბათს ქალაქის ყველაზე დიდ ბაზარში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო. აქ არც ფასები აუწევიათ,არც ჯიხურები დაუკეტავთ და არც საქონელს მალავენ; ერთი სიტყვით,ყველაფერი ძველებურადაა.’პრობლემებს არ ვუჩივით , _ ამბობს მწნილის გამყიდველი, _ ბოლო დროს მყიდველმა იმატა კიდეც. ჯერჯერობით ფასებს არ ვზრდით, ყველაფერს ისე ვყიდით, როგორც ადრე’.
სამაგიეროდ, სავაჭრო ცენტრ „სედარაქში“ კურსის დაცემა ბევრ ბიზნესმენს საქმიანობის შეწყვეტად დაუჯდა. უზარმაზარი ბაზარი, რომელიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ აზერბაიჯანული ვაჭრობის გული იყო, თანდათან ცარიელდება. აქ ყველაფრის ყიდვა შეიძლებოდა _ სამშენებლო მასალებიდან დაწყებული, საცვლებით დასრულებული. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მოთხოვნა აღარ არის, ფართის ქირაობაც ძვირი ჯდება და ამიტომ ვაჭრობა მოგებიანი აღარაა.
ექსპერტები, უბრალო ადამიანები და მაღაზიის კონსულტანტები ერთხმად ამბობენ, რომ დევალვაცია სახეზეა, და შიშობენ,რომ უარესი, შესაძლოა,წინ იყოს.
უმაღლეს ხელისუფლებას ჯერჯერობით არანაირი განცხადება არ გაუკეთებია.ორშაბათს პრეზიდენტი ერთ-ერთ სამედიცინო ინსტიტუტს ეწვია, სამშაბათს კი თურქეთის პარლამენტის სპიკერს შეხვდა.
ცენტრალური ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ დევალვაციის მიზეზი ნავთობის ფასის ვარდნაა. თუმცა, თებერვლის დევალვაციის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც არავინ ცდილობს იმის ახსნას, თუ რატომ ეცემა ეროვნული ვალუტა ასეთი კატასტროფიული ნახტომებით, ან რატომ უძღვის თითოეულ ამ ნახტომს ცენტრალური ბანკის მმართველის განცხადება, თითოს არანაირი ეკონომიკური ჩამოშლა არ არის მოსალოდნელი.