ბრიტანეთში სიგარეტი და ალკოჰოლი მოდური აღარ არის
სტატისტიკა იმაზე მეტყველებს, რომ ბრიტანეთმა მოწევის მოდა დაამარცხა და ალკოჰოლზე შეტევა დაიწყო.
1974 წელს მოზრდილი ბრიტანელების ნახევარი ყოველდღიურად ეწეოდა სიგარეტს. 2017 წლის დასაწყისისთვის დიდ ბრიტანეთში მწეველი მოქალაქეების რაოდენობა 16 პროცენტამდე შემცირდა, – წერს The Guardian.
სოციოლოგების უმრავლესობა იმაზე თანხმდება, რომ ეს ბრიტანეთის ხელისუფლების გრძელვადიანი პოლიტიკის შედეგია.
21-ე საუკუნის დასაწყისიდან დიდ ბრიტანეთში მოსახლეობაზე აქტიურ ზემოქმედებას ახდენდნენ. 2003 წელს ქვეყანაში სიგარეტისა და თამბაქოს ნებისმიერი რეკლამა აიკრძალა. 2007 წელს სამუშაო ადგილებსა და დახურულ საზოგადოებრივ სივრცეში მოწევის აკრძალვის კანონი შემოიღეს.
მოწევის წინააღმდეგ ამგვარი საკანონმდებლო ბრძოლის შედეგმა არ დააყოვნა: მწეველების რიცხვმა მკვეთრად იკლო, მოწევა ძირითადად იმ ადამიანებმა გააგრძელეს, ვინც უკვე ნიკოტინზე იყო დამოკიდებული.
რამდენიმე წლის წინათ კი აქ ასეთივე სახელმწიფო კამპანია დაიწყო ალკოჰოლის წინააღმდეგაც.
დიდ ბრიტანეთს ალკოჰოლის მოხმარების გრძელი ისტორია და მდიდარი კულტურა აქვს. აუცილებელი რამდენიმე პინტი ლუდი ფეხბურთის მატჩის ყურებისას, გლინტვეინი საშობაო კვირის განმავლობაში, შამპანურის ბოკალი ზაფხულობით, ვისკი თეატრში წასვლის წინ. ალკოჰოლი ინგლისელების ცხოვრებასთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული; იმდენად, რომ ალკოჰოლის გარეშე ის არაბუნებრივადაც კი ეჩვენებათ.
დიდ ბრიტანეთში ნებისმიერი არამსმელი ადამიანი მიჩვეულია, რომ თუკი ის არ სვამს – ირგვლივ მყოფები ამას ანომალიად მიიჩნევენ. წვეულებებზე ქალებიც და მამაკაცებიც სტანდარტულ შეკითხვებს აწყდებიან: „ანტიბიოტიკებს იღებ?“, „ორსულად ხარ?“ „საჭესთან ხარ?“… ბევრი ბრიტანელი უბრალოდ მზად არ არის დაიჯეროს, რომ ადამიანს დალევა არ უნდა.
მაგრამ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ მიზნად დაისახა, რომ მოსახლეობა წლობით და, რაც შეიძლება, ხშირად და აქტიურად გაეთვითცნობიერებინა ზედმეტობათა მავნებლობის შესახებ. ერთ-ერთი მაგალითი: ცოტა ხნის წინ ინგლისის ყველაზე მსხვილმა და საპატივცემულო სამედიცინო ჟურნალმა The Lancet გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ მოზრდილი, ჯანმრთელი ადამიანისთვის ალკოჰოლის მოხმარების კვირის ნორმაა – 5 ბოკალი ღვინო ან ხუთი პინტი ( 500 გრამზე ოდნავ მეტი) ლუდი. ამ ლიმიტის გადაჭარბება მნიშვნელოვანწილად ზრდის ინსულტის, გულის უკმარისობის ფა რამდენიმე სხვა სერიოზული დაავადების ალბათობას.
შემცირდება თუ არა ბრიტანეთში სმისადმი ვნება ისევე, როგორც მოწევის მიმართ მოხდა?
სტატისტიკა ამბობს, რომ ეს შესაძლებელია, და ეს უკვე ხდება.
უკანასკნელი სოციოლოგიური კვლევების თანახმად, 20-ე საუკუნის ბოლოს დაბადებული თაობა ალკოჰოლის მოხმარებისადმი უფრო ნაკლებად არის მიდრეკილი, ვიდრე წინა, ანუ მათი მშობლები. დროის მიხედვით ბოლო ციფრები ასეთია: დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მიერ გამოკითხული 16-24 წლის ახალგაზრდების სულ 10 პროცენტი მიიჩნევს, რომ “სმა მაგარია“.
ბრიტანელი სტუდენტებისა და ახალ კურსდამთავრებულთა უმეტესობა ჭამასა და მოგზაურობაში ამჯობინებს ფულის დახარჯვას, და არა სასმელში.
ამავდროულად, საშუალო ასაკის ადამიანებს შორის ალკოჰოლის მოხმარება არ შემცირებულა. ალკოჰოლის მავნებლობის შესახებ მზარდი გათვითცნობიერებულობის მიუხედავად, ამ თაობის ბევრი წარმომადგენელი ძველებურად მიიჩნევს, რომ მაგალითად, წითელი ღვინო სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
თუმცა, ამჟამად 40-50 წლის ასაკში მყოფი ადამიანები, შესაძლოა, ალკოჰოლისადმი მკვეთრად გამოხატული ვნების მქონე ბოლო თაობა აღმოჩნდეს. საფუძველს მოკლებულია ვიფიქროთ, რომ ალკოჰოლზე უარის თქმის ტენდენცია შეიძლება შეიცვალოს. ის ალბათ სიგარეტის ბედს უფრო გაიზიარებს.
თუმცა, ერთი საკითხი ღიად რჩება – ჩაანაცვლებს თუ არა რაიმე ალკოჰოლსა და სიგარეტს? და რა იქნება ეს? მარიხუანა? თუ სინთეტიკური ნარკოტიკები?