სომხეთი - მაგალითი რუსეთისთვის?
რუსეთში ახალი პოლიტიკური პროცესი იწყება – ეს მთავარი დასკვნაა, რომლის გამოტანაც შეიძლება მოსკოვში, რამდენიმე დღის წინ გამართული მრავალათასიანი აქციის შემდეგ. ეს აქცია ვინმეს პოლიტიკურ მიზნებს კი არ ემსახურებოდა, არამედ კრემლის ერთი კონკრეტული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი იყო. ასეთი კონკრეტული აქციები რუსეთში იშვიათობაა.
12 ათასმა ადამიანმა (უმეტესობა – ძალიან ახალგზრდა იყო) რუსეთის ხელისუფლების მიერ მესენჯერ Telegram-ის დაბლოკვა გააპროტესტა.
რატომ ებრძვის რუსეთის ხელისუფლება მესენჯერ Telegram-ს და როგორ დაბლოკეს მათ შემთხვევით Amazon-ისა და Google-ის სამხარეო სევისების 16 მილიონი IP-მისამართი
Telegram-ის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას კრემლი იმით ხსნის, რომ ამ მესინჯერს ტერორისტები გამოიყენებენ. ეს მხოლოდ კრემლის “გონივრული ეჭვია”, რომელსაც არანაირი კონკრეტული დასაბუთება არ ახლავს.
რუსეთის ახალგაზრდებს შორის ყველაზე პოპულარული მესინჯერის დაბლოკვამ საინტერესო პროცესებს დაუდო საფუძველი – გამოჩდნენ ახალგაზრდა, ნიჭიერი და ეპატაჟური ახალი ლიდერები, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და ათასობით მხარდამჭერის მობილიზება შეძლეს.
ეს ვიდეო მოსკოვში, 30 აპრილს გამართულ საპროტესტო აქციაზეა გადაღებული. სიტყვით გამოდის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი მიხაილ სვეტოვი.
მიხაილ სვეტოვი ლიბერტარიანული პარტიის ლიდერია. რუსულ ინტერნეტში მას უკვე კარგად იცნობენ. ცნობილი ბლოგერი სვეტოვი YouTube-სა და Telegram-ზე პოპულარული არხების წამყვანია. ის მთელს რუსეთში მოგზაურობს და ქვეყნის ყველაზე მივარდნილ სოფლებში ხალხს ლექციებს უკითხავს.
მიტინგზე სვეტოვის კატეგორიის ბევრი მოსკოველი მივიდა – ახალგაზრდობა, რომელმაც საკუთარ თავზე იგრძნო ზეწოლა. ბევრი მათგანი საერთოდაც პირველად იდგა მიტინგზე. ბევრი ამბობდა, რომ რუსეთის ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს მხოლოდ შორიდან აკვირდება, რადგან იქ ხშირად მათთვის გაუგებარი აბსტრაქტული ლოზუნგები ისმის.
ახალგაზრდების უმრავლესობას თან ჰქონდა ქაღალდის თვითმფინავები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რუსეთში თავისუფალი ინტერნეტისთვის ბრძოლის მთავარ სიმბოლოდ იქცა. მიტინგზე მისულები უწყვეტად უშვებდნენ ხალხის მასისკენ თვითმფრინავებს, ხოლო ვის ფეხებთანაც ეცემოდა, ისინი შემდეგ მათ თავიდან უშვებდნენ.
“ერევანში წავიდეთ! დედას ვეტყვით, რომ ყირიმში მივდივართ”
მიუხედავად მიტინგის არცთუ სასიამოვნო მიზეზისა, ახალგაზრდები საკმაოდ კარგ განწყობაზე იყვნენ. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ცივი ამინდების შემდეგ, იმ დღეს მოსკოვში პირველად დათბა.
უმეტესობა მიტინგზე რამდენიმე კაცისგან შემდგარ ჯგუფებად მივიდა. ამ ჯგუფებში ბევრი ხმამაღლა განიხილავდა სომხეთში მიმდინარე პროცესებს. ისინი ამბობდნენ, რომ მართალია, რუსეთისა და სომხეთის შიდა პოლიტიკური სიტუაციის შედარება ბევრი მიზეზით არასწორია, თუმცა სომხეთის მაგალითმა შეიძლება შთააგონოს რუსეთის ოპოზიცია, რომელიც უკვე მრავალი წელია, პრაქტიკულად, ვერაფრის მიღწევას ვერ ახერხებს.
ერთ-ერთი გოგონა თავის შეყვარებულს ხმამაღლა სთხოვდა: „გთხოვ, ერევანში წავიდეთ. დედას ვეტყვი, რომ ყირიმში მივდივარ. წავიდეთ!“
რა ხდება სომხეთში, ვინ არიან მთავარი მოქმედი პირები და ვის რისი მიღწევა სურს
პლაკატებზე, რომლებიც მომიტინგეებს ეჭირათ, სხვადასხვა ლოზუნგები ეწერა, რომელთა დაჯამება ერთი ფრაზით შეიძლება – “Big brother is watching you”. ერთ-ერთი პლაკატი Telegram-ის შემქმნელის, პაველ დუროვის რუსეთის პრეზიდენტად არჩევისკენ მოუწოდებდა.
მოსკოვში გამართულ სხვა საპროტესტო აქციებთან შედარებით, ამჯერად უჩვეულოდ ცოტა პოლიციელი იყო. აქციაზე პოლიციასთან კონფლიქტი არ მომხდარა. Telegram-ის აუდიტორია ძირითადად პროგრესული ახალგაზრდები არიან, რომლებსაც შეტაკებების მოწყობა არ სურთ. აქციის შემდეგ ისინი არც კრემლისკენ დაძრულან შეძახილებით, როგორც ამას ალექსეი ნავალნი აკეთებს ხოლმე.
ნავალნი Telegram-ის დაბლოკვის წინააღმდეგ გამართულ მიტინგს თავადაც ესწრებოდა. ჩვეულებრივ ინტელიგენტური და მშვიდი ნავალნი, სცენაზე გამოსვლისას შეიცვალა – ის მიკროფონში ყვიროდა და ძალიან აგრესიული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. თავშეკავებული აპლოდისმენტების ფონზე დარჩა შთაბეჭდილება, რომ აქციის მონაწილეებს მისი გამოსვლა განსაკუთრებული აღფრთოვანებით არ მიუღიათ.
აქციის მონაწილეები კარგი განწყობით დაიშალნენ. ბევრი მათგანი ალბათ შაბათს, 5 მაისს ხელისუფლების წინააღმდეგ ნავალნის მიერ ორგანიზებულ აქციაზეც მივა.
დ
ა კიდევ ცოტა რამ Telegram-ის შესახებ; რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურა „როსკომნადზორი“ ახალი ფლეშმობის ინიციატივით გამოვიდა. ის მოუწოდებს ადამიანებს ქაღალდის ბურთები გააკეთონ და ფანჯრებიდან ისროლონ. ამ აქციის მიზანია, სტადიონებზე მაღალი ხარისხის ინტერნეტის გაყვანის მოთხოვნა. “როსკომნადზორის” ინიციატივა ძალიან ჰგავს Telegram-ის მხარდასაჭერად ქაღალდის თვითმფრინავების ფლეშმობს.