"პუტინი ხშირად უკან იხევს და მოსაზრება, რომ ის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, მითია"
მარია სნეგოვაია, ვირჯინიის ტექნიკურ მეცნიერებათა პოსტდოქტორანტი და ბრაიან უიტმორი, არარეზიდენტი ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის უფროსი თანამშრომელი. წაიკითხეთ ორიგინალი პუბლიკაცია Foreign Policy-ზე.
ვიცით ცნობილი ამბავი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე და ვირთხაზე.
თავის ავტობიოგრაფიაში პუტინი ჰყვება, როგორ დასდევდა ბავშვობაში ვირთხას სახლში. ბოლოს მან ის კუთხეში მიიმწყვდია, მაგრამ ვირთხა თავს დაესხა და კბენა სცადა.
ამ გამოცდილებამ, პუტინის თქმით, ასწავლა, რომ “ყველა ბრძოლაში უნდა იბრძოლო ფინიშამდე” და “არასდროს დაიხიო უკან.”
დასავლელი პოლიტიკოსები ხშირად იხსენებენ ამ ამბავს და ამბობენ, რომ პუტინი არასოდეს იხევს უკან და განსაკუთრებით საშიშია, როცა ის კუთხეშია მიმწყვდეული.
რუსეთის პრეზიდენტის ამ ხედვამ დასავლეთში ბევრი შეაშინა, რომ პუტინი შესაძლოა უფრო სასტიკ და დესტრუქციულ ნაბიჯებს გადადგამს – თუნდაც გამოიყენებს ქიმიურ ან ატომურ იარაღს, თუ უკრაინაში დამამცირებელი დამარცხების წინაშე აღმოჩნდება.
როგორც ჩანს, სწორედ ეს ვარაუდი დგას დასავლეთის ზეწოლის უკან უკრაინაზე, რომ ქვეყანამ დათმოს ტერიტორიები ამ სასტიკი ომის დასასრულებლად.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, იტალიის პრემიერმინისტრმა მარიო დრაგიმ, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმაც კი, არაერთხელ აღნიშნეს, რომ ევროპას სჭირდება “სანდო მოლაპარაკებები” და “დიპლომატიური გადაწყვეტილებები.”
მაკრონმა თქვა: ”ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი, რათა იმ დღეს, როდესაც საომარი მოქმედებები შეწყდება, დიპლომატიური გზებით ვიპოვოთ გამოსავალი.”
მაგრამ ეს ყველაფერი იმ მითების ნაწილია, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა წარმატებით შექმნა საკუთარი თავის ირგვლივ და რომელიც ბევრმა დასავლელმა პოლიტიკოსმა ძალიან მარტივად დაიჯერა.
პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, როდესაც პუტინი სიძლიერესა და მონდომებას აწყდება, ხშირად უკან იხევს
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია 2015 წლის ნოემბერი, როდესაც თურქეთმა თურქეთ-სირიის საზღვართან რუსული სუ-24 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდო.
იმ დროს გავრცელებული იყო შიში იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება გადაზრდილიყო პირდაპირ კონფლიქტში რუსეთსა და ნატოს წევრ ქვეყანას შორის. მაგრამ პუტინის პასუხი ზედმეტად რბილი იყო.
მოსკოვმა მცირე სავაჭრო სანქციები დააწესა თურქულ იმპორტზე და შეაჩერა პოპულარული რუსული ტურები თურქეთში.
და ეს მცირე ზომებიც კი გაუქმდა მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კრემლში ბოდიში მოიხადა.
რუსეთსა და თურქეთს შორის ბოლო რამდენიმე შეტაკება, როგორც ჩანს, დასრულდა ლიბიაში, სადაც ერდოღანი და პუტინი მხარს უჭერენ დაპირისპირებულ მხარეებს გაჭიანურებულ სამოქალაქო ომში.
1. როცა თურქეთმა გააძევა რუსული “ვაგნერის” დაქირავებული მებრძოლები
2020 წელს თურქული ძალები თავს დაესხნენ ალ-ვატიას სტრატეგიულ სამხედრო ბაზას, სადაც “ვაგნერის” დაქირავებული მეომრები იყვნენ თავმოყრილი. თურქმა სამხედროებმა აიძულეს მათ გაქცეულიყვნენ – “ვაგნერელებმა” ადგილზე დატოვეს აღჭურვილობა და იარაღი.
ეს მოვლენა იყო გადამწყვეტი ფაქტორი, რამაც გამოიწვია ლიბიის ეროვნული არმიის უკანდახევა. ტრიპოლის ძალით აღება შეუძლებელი გახდა – ყოველ შემთხვევაში, სანამ იქ თურქი სამხედროები იმყოფებოდნენ.
პუტინის მხრიდან არანაირი ესკალაციის ნიშანი არ ყოფილა.
2. როდესაც აშშ-მ გაანადგურა “ვაგნერის” დაქირავებულები
2018 წელს აშშ-ს საჰაერო თავდასხმის შედეგად ჩრდილოეთ სირიაში დაიღუპა “ვაგნერის” რამდენიმე რუსი დაქირავებული.
დაახლოებით ამავე პერიოდში, 2018 წლის თებერვალში, ჰაშიმის ბრძოლაში მოხდა პირდაპირი შეტაკება რუს დაქირავებულებსა და ამერიკულ ძალებს შორის. შედეგად დაიღუპა რამდენიმე რუსი სამხედრო კონტრაქტორი, რომლებიც ასევე დაკავშირებული არიან “ვაგნერის” დაჯგუფებასთან.
მაშინ კრემლს რიტორიკული განცხადებაც კი არ გაუკეთებია.
მიუხედავად პუტინის ტრაბახისა შეერთებულ შტატებთან დაპირისპირებით, როდესაც საქმე რუსულ და ამერიკულ ძალებს შორის მომაკვდინებელ კონფლიქტს ეხებოდა, პუტინის მხრიდან რიტორიკული პასუხიც კი მოკრძალებული იყო.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ასევე ეწინააღმდეგება „თანმიმდევრულად განსაზღვრული პუტინის“ იდეას.
გააცნობიერა რა უკრაინაში რეჟიმის შეცვლის თავდაპირველი ამბიციური მიზნის კატასტროფული მარცხი, კრემლმა გადახედა თავის გეგმებს და გამოაცხადა ბევრად უფრო მოკრძალებული მიზანი: დონბასის „გათავისუფლება“.
ეს გამარჯვების მოთხოვნის ყველაზე მარტივი გზაა: უბრალოდ შეცვალეთ ის, რასაც გამარჯვებას უწოდებთ.
პუტინი უკან იხევს შიდა პოლიტიკაშიც
საკმაოდ ძლიერი წინააღმდეგობის წინაშე მყოფი პუტინი ასევე უკან იხევს რუსეთის საშინაო პოლიტიკაში, სადაც მისი დომინირება თითქმის აბსოლუტურია.
ყველაზე ცნობილი მაგალითი იყო 2005 წელს. მაშინ როცა პუტინი შეეცადა მოეხსნა შეღავათები უფასო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, საბინაო სუბსიდიებზე, ხანდაზმულებისთვის მედიკამენტებზე და ყოველთვიურ ნაღდ ანგარიშსწორებაზე.
მაგრამ მასიური სახალხო პროტესტის შემდეგ პუტინმა სწრაფად დაიხია უკან.
უფრო ახლო მაგალითია რუსი ჟურნალისტი ივან გოლუნოვი: მას ბრალი ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით წაუყენეს, მაგრამ მოგვიანებით მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 2019 წელს, მოსკოვში, მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელშიც მედიის გავლენიანი სახეებიც მონაწილეობდნენ.
მცდარ რწმენას, რომ პუტინი უკან არასდროს იხევს, პუტინის მარიონეტები სხვადასხვა გზით ავრცელებენ, მაგრამ ამ პროპაგანდამ მაინც გამოიწვია დასავლეთის ხელმძღვანელობის მხრიდან გარკვეული თავშეკავება რუსული აგრესიის წინაშე.
ამის ყველაზე ნათელი მაგალითია 2014 წელი, როდესაც შეერთებულმა შტატებმა, რუსეთის ესკალაციის შიშით, ურჩია უკრაინას, წინააღმდეგობა არ გაეწია ყირიმის ანექსიისთვის.
დღეს პუტინის მუდმივი ფარული მუქარა ბირთვული ესკალაციის შესახებ სწორედ დასავლური შიშების გასაძლიერებლად არის შექმნილი. და ამან უკვე მიაყენა ზიანი უკრაინას, შეტევითი იარაღის მიწოდების შეფერხებით.
მაგრამ ზოგადად რომ ვთქვათ, პუტინს ნამდვილად არ ემუქრება უკრაინაში “ჩაკეტვის” საფრთხე.
ყველა ტელეარხზე სახელმწიფო კონტროლით, პუტინი მტკიცედ აკონტროლებს რუსების მოსაზრებებს ომის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, მას შეუძლია შეცვალოს როგორც შეფასებები, ასევე გამოკითხვის შედეგები.
მაგალითად:
● 2015 წლის სექტემბერში რუსების 69 პროცენტი აცხადებდა, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ სირიის პრეზიდენტისთვის, ბაშარ ალ-ასადისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევას.
სულ რამდენიმე კვირის შემდეგ, 2015 წლის ოქტომბრის დასაწყისში, რუსების 72 პროცენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერენ რუსეთის მიერ სირიის დაბომბვას.
● ანალოგიურად, 2021 წლის ნოემბერში გამოკითხულ რუსთა 45 პროცენტს დადებითი შეხედულება ჰქონდა უკრაინაზე, ხოლო 43 პროცენტს უარყოფითი.
თებერვლისთვის კოეფიციენტი შეიცვალა – 35 პროცენტს აქვს დადებითი და 52 პროცენტი უარყოფითი.
იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი რუსეთში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა წააგოს ეს ომი საკუთარი მოსახლეობის თვალში.
დასავლელი ლიდერები ნელ-ნელა ხედავენ, რომ პუტინის მუქარა ბირთვული ესკალაციის შესახებ მითი და სიცარიელეა, და რომ ის თითქოს არასოდეს იხევდეს უკან – სიცრუე.
პუტინი დაემუქრა უკრაინას „დარტყმით იმ ობიექტებზე, რომლებიც ჯერ არ დაბომბილა“, თუკი დასავლეთი 5 ივნისს კიევს უფრო დიდი მოქმედების იარაღს მიაწვდიდა, მაგრამ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი უკრაინას იარაღს დღემდე აწვდიან.
დასავლეთის ასეთი რეაქცია ნორმა უნდა იყოს და არა გამონაკლისი.
მაგრამ, სამწუხაროდ, გრძელდება მოწოდებები, რომ უკრაინა წავიდეს დათმობებზე და მისცეს პუტინს „სახის შენარჩუნების“ შესაძლებლობა. ეს განსაკუთრებით ხშირია ევროპელ ლიდერებში – ისინი ვერ შორდებიან პუტინზე მითებს, რომლებსაც წლების განმავლობაში იყენებდნენ რუსეთის პოლიტიკის გასამართლებლად.
ახლა მთელი მსოფლიოსთვის მთავარი ის არის, რომ უკრაინამ ყველა საჭირო დახმარება მიიღოს. მათ შორის იარაღი, სადაზვერვო ინფორმაცია და დიპლომატიური მხარდაჭერა.
მაშინ უკრაინა შეძლებს ამ ომის მოგებას.
ხანდახან კუთხეში მიმწყვდეული ვირთხა უბრალოდ ვირთხაა – ღირსეული ძალისა და თვითდაჯერებული მოწინააღმდეგის წინაშე, ის უბრალოდ გაიქცევა.
პუტინის ესკალაციის მუქარა მითია