სომხეთში ძალაუფლებისათვის ბრძოლა შოუს ელემენტებს ითავსებს
13 აპრილს სომხურმა ოპოზიციამ ერევანში ოცდაოთხსაათიანი საპროტესტო აქცია წამოიწყო და ერევანში ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ხელისუფლების გაგრძელების საწინააღმდეგო მიტინგებისა და მსვლელობების ინიცირება მოახდინა.
ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა ინიციატივა სახელწოდებით «ჩემი ნაბიჯი». ორი კვირის წინ პარტია „სამოქალაქო შეთანხმების“ ლიდერმა, დეპუტატმა ნიკოლ პაშინიანმა საფეხმავლო ტური მოაწყო – თავის მომხრეებთან ერთად მან 300 ათასი ნაბიჯი გადადგა და გიუმრიდან ერევანში, კერძოდ კი თავისუფლების მოედანზე ჩავიდა და საზოგადოებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტზე სერჟ სარგსიანის წარდგენის წინააღმდეგ ბრძოლაში თანადგომა სთხოვა.
ამის პარალელურად საინიციატივო ჯგუფმა „მოიშორე სერჟი“ და საზოგადოებრივმა ფრონტმა „სომხეთის სახელმწიფოს სახელით“ დედაქალაქში რამდენიმე მიტინგი, ავტორბოლა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამომხატველი სხვა აქციები ჩაატარეს.
14 აპრილს საპროტესტო მოძრაობის აქტივისტები სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრნენ და პირდაპირ ეთერში ჩართვა მოითხოვეს.
ყველა ეს აქცია რაც შეიძლება მეტი ადამიანის გარეთ გამოყვანას ისახავს მიზნად – იმისათვის, რათა 17 აპრილს დემონსტრანტებმა ალყა შემოარტყან პარლამენტს და დეპუტატებს პრემიერ-მინისტრის არჩევის საშუალება არ მისცენ. კონსტიტუციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ეროვნული კრება ორჯერ ვერ შეძლებს პრემიერმინისტრის არჩევას, მოქმედ პარლამენტს უფლებამოსილება შეუწყდება და ახალი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ოპოზიციონერების აზრით, საპარლამენტო უმრავლესობა შეიცვლება და სერჟ სარგსიანის ხელისუფლებას ბოლო მოეღება.
ამ მოვლენას JAMnews-მა რამდენიმე პუბლიკაცია მიუძღვნა:
სომხეთში სერჟ სარგსიანის მოწინააღმდეგე პარტიის წევრები დააკავეს
სომხურმა ოპოზიციამ სერჟ სარგსიანის წინააღმდეგ სადღეღამისო აქციები დაიწყო
ოპოზიცია სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს შენობაში შეიჭრა და პირდაპირი ეთერი მოითხოვა
იმ საპროტესტო აქციებისგან განსხვავებით, რომლებიც გარკვეული პერიოდის წინ გაიმართა, ეს დემონსტრაცია პოლიციის აქტიური ჩარევის გარეშე მიმდინარეობს. სამართალდამცავები ოპოზიციონერების ქმედებებზე არ რეაგირებენ. მიტინგები და მსვლელობები მათი უშუალო კონტროლისა და თანხლების გარეშე მიმდინარეობს. თუმცა. პოლიცია პერიოდულად აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორები მშვიდობიანი შეკრების ნორმალურ მიმდინარეობას ვერ უზრუნველყოფენ. ამ გადაცდომისთვის კი სამართალდამრღვევებს, შესაძლოა, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული აღმკვეთი ღონისძიებები შეუფარდონ.
კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი ალექსანდრ ისკანდარიანი იმის შესახებ, თუ რა გავლენას იქონიებს საპროტესტო აქციები მმართველი რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილებასა და პრემიერ-მინისტრის ასარჩევად დანიშნულ პროცედურაზე.
ხელისუფლების აპათიის მენეჯმენტი და ოპოზიციის დეგრადაცია
ეს თამაში დასრულდა 2017 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც კენჭისყრის შედეგებმა ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მომავალი განსაზღვრა. ადრე ორწევრიანი სისტემა გვქონდა – ქვეყანაში საერთო სახალხო საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდა და, ამას გარდა, იმავე წესით და სხვა კენჭისყრებისგან დამოუკიდებლად საპრეზიდენტო არჩევნებიც იმართებოდა. ზემოაღნიშნული კენჭისყრები ლეგიტიმურობას განსაზღვრავდა. ძალაუფლების მოსაპოვებლად პოლიტიკურ სუბიექტს საპარლამენტო არჩევნებიც უნდა მოეგო, და საპრეზიდენტოც. ამასთან, საპრეზიდენტო არჩევნები საპარლამენტოზე უფრო მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საკითხი უშუალოდ პრეზიდენტის კაბინეტში წყდებოდა.
ამჟამად ამ ორწევრიანი ელექტორალური სტრუქტურიდან მხოლოდ ერთია დაგვრჩა – საერთო-სახალხო საპარლამენტო არჩევნები, რომელიც პოლიტიკური სისტემის მომავალს განსაზღვრავს. და ეს არჩევნები გაიმართა. რესპუბლიკელებმა „დაშნაკცუთიუნთან“ კოალიცია შექმნეს და მათი გაერთიანება საპარლამენტო უმრავლესობას ქმნის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაფერს რესპუბლიკური პარტია წყვეტს.
ეს არჩევნები უპრეცედენტო აღმოჩნდა სომხეთის ისტორიისათვის, იმიტომ რომ კენჭისყრას საპროტესტო აქციები არ მოჰყოლია. შედეგები ყველა პოლიტიკურმა ძალამ მიიღო – მ.შ. დამარცხებულმა სუბიექტებმაც.
და ეს სულაც არ არის შემთხვევითი. ამ შემთხვევაში ერთგვარ კანონზომიერებასთან გვაქვს საქმე. მომხდარი ამჟამად იმ სისტემის ლეგიტიმაციას ახდენს, რომელიც ამჟამად იქმნება. თუმცა, ამ შემთხვევაში, ლეგიტიმიზაცია არ გულისხმობს იმას, რომ სომხეთის რესპუბლიკური პარტია სომხური ელექტორატისთვის ფსიქოლოგიურად ლეგიტიმურ ორგანიზაციას წარმოადგენს და პოლიტიკურად ძლიერია.
ასეთი ადგილი დაიკავეს რესპუბლიკელებმა ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში და შედეგად მივიღეთ ის, რომ ამ ძალას რეალური მოწინააღმდეგე არ ჰყავს. ამ პერიოდში რესპუბლიკურმა პარტიამ აპათიის მენეჯმენტის პრინციპები შეისწავლა და ამჟამად სწორედ ამ ინსტრუმენტს იყენებს წარმატების მისაღწევად. ეს პროცესი რესპუბლიკური პარტიის ქცევითაცაა განპირობებული, და ოპოზიციის მოქმედებებითაც.
ორი პროცესი მიმდინარეობდა. ერთი მხრივ, რესპუბლიკელები თითქმის ყველა პოლიტიკურ არენაზე იმარჯვებდნენ – საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ყველა კონკურენტს ამარცხებდნენ (როგორც დედაქალაქში, ისე რაიონებში), მეორე მხრივ კი საზოგადოება ოპოზიციის დეგრადაციისა და დაშლის მოწმე გახდა. ეს პროცესი ათ წელზე მეტხანს გრძელდებოდა.
2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის მეთაურის პოსტისთვის ორი კანდიდატი იბრძოდა სერიოზულად – სერჟ სარგსიანი და ლევონ ტერ-პეტროსიანი.
ლევონ ტერ-პეტროსიანი სარგსიანს მთელ პოლიტიკურ კაპიტალს ეცილებოდა. იგი არსებულ სისტემასთან შერწყმასა და რომელიმე მინისტრის მოადგილის, ან მინისტრის სავარძლის დაკავებას არ აპირებდა. ეს ბრძოლა სისტემაში ადგილის დასამკვიდრებლად არ იმართებოდა. მხარეები მთელი პოლიტიკური ძალაუფლების მისაღებად უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს.
ტერ-პეტროსიანს ასობით ათასი ადამიანი უცხადებდა სოლიდარობას. ისინი მზად იყვნენ,არამხოლოდ არჩევნებზე, არამედ ქუჩაში გამოსვლითა და საპროტესტო დემონსტრაციებითაც გამოეხატათ საკუთარი პოზიცია. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ადამიანები მზად იყვნენ, სამართალდამცავების ძალადობრივი ქმედებები ეთმინათ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დემონსტრანტები მზად იყვნენ, სიცოცხლეც კი გაეწირათ. ამ გარემოებამ ტერ-პეტროსიანს ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი მიანიჭა. ხალხს სჯეროდა, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა შედეგს გამოიღებდა. თუმცა, ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა[2008 წლის პირველ მარტს დემონსტრაციის დაშლის ოპერაცია მსხვერპლით დასრულდა].
ამის შემდეგ ჩატარდა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, რომელზეც ამომრჩეველთა ნაწილმა უკმაყოფილება ხმის მიცემით გამოხატა.იმ არჩევნებზე რაფი ოვანისიანმა ხმების 37% მოიპოვა. ის, რომ ოვანისიანმა ხმების მესამედზე მეტი მიიღო, კიდევ ერთი ნიშანია იმისა, რომ იმ პერიოდში კრიზისი მძვინვარებდა. იმიტომ რომ ამომრჩევლებს ოვანისიანისთვის არ მიუციათ ხმა. უბრალოდ ადამიანებმა ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი სერჟ სარგსიანის მიმართ.
და რა მოხდა ამის შემდეგ? დაახლოებით ორი თვის შემდეგ, 2013 წლის მაისში, ერევნის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე რაფი ოვანისიანის პარტია სულ რაღაც 8%-ს აგროვებს, რაც ხუთჯერ ნაკლებია იმ შედეგზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირდა.
2017 წელს გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე ერთ პოლიტიკურ ძალასაც კი არ ჰქონია 50%+1 ხმის მიღების პრეტენზია. მათ მთავარ მიზანს პარლამენტში მოხვედრა წარმოადგენდა. რესპუბლიკური პარტიისათვის ისინი ნამდვილად არ წარმოადგენდნენ „ოპოზოს“ (ლათ. „წინ დგომა“). ისინი ერთმანეთის „ოპოზოდ“ გვევლინებიან.
ოპოზიციური ძალები არა რესპუბლიკურ პარტიას, არამედ ერთმანეთს უპირისპირდებიან. და ახლა მხარეები „წესიერი ოპოზიციის“, „ერთადერთი ოპოზიციის“, „სწორი ოპოზიციის“, „კარგი ოპოზიციის“, „არაკორუმპირებული ოპოზიციის“ „რადიკალური ოპოზიციისა“ და მსგავსი თიკუნების მოსაპოვებლად იბრძვიან.
ამდენად, რესპუბლიკელებმა საზოგადოებრივი აპათიის მათთვის სასიკეთოდ გამოყენება ისწავლეს, ოპოზიციონერებს კი ხალხის შთაგონების პროცესის მართვის წესები დაავიწყდათ.
მაგრამ ამას კიდევ ერთი პრობლემა დაემატა: უკვე 25 წელია, ადამიანების ერთი ჯგუფი ერთი და იმავე ტელევიზიით ერთსა და იმავეს გაიძახის: «ხვალ ხელისუფლებაში მოვალთ და ყველაფერი შეიცვლება, საყოველთაო ბედნიერება დამყარდება და თხა და მგელი ერთად დაიწყებს ბალახის ძოვას».
რა თქმა უნდა, ხალხი ამას აღარ იჯერებს. და როდესაც არ არსებობს ძალა, რომელიც ნდობას იმსახურებს, წვრილმანი ინტერესების მქონე უბრალო მოქალაქე ფიქრობს, რომ აჯობებს, ან 10 ათასი დრამი აიღოს [თანხა, რომელსაც ამომრჩევლებს არჩევნების წინ სთავაზობდნენ], ან იმ კანდიდატს მისცეს ხმა, რომელსაც ხელმძღვანელი, ან ბიძაშვილი ურჩევს.
პოლიტიკური ძალებისთვის მომდევნო ეტაპს არა პარლამენტის მიერ პრემიერის არჩევის წინასწარ განსაზღვრული და პროგნოზირებადი რიტუალი, არამედ მომდევნო საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს.
თუმცა, პოლიტიკოსებს ნამდვილად არ ეტყობათ, რომ სერიოზულად ემზადებიან. არავინ ქმნის სერიოზულ პროგრამებს და სერიოზულად არავინ საუბრობს სტრუქტურების, მექანიზმებისა და ინსტიტუციების კონსტრუირების შესახებ.
სინამდვილეში, ამ პოლიტიკური ძალების პროგრამებს არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკური ძალების მიერ შემუშავებულ რეალურ პროგრამებთან. პოლიტიკურ არენაზე მყოფი ძალების მიერ წარმოდგენილ ყველა საპროგრამო დოკუმენტს ერთნაირი გზავნილი აქვს: „ეს ბიჭები არ ვარგანან, ესენი კი კარგი ყმაწვილები არიან. ჩვენ ცუდ ბიჭებს კარგი ყმაწვილებით შევცვლით და ყველაფერი კარგად იქნება“. არ იქნება.
პროგრამები ყოველთვის პრობლემურ საკითხს წარმოადგენდა. ერთადერთი სერიოზული პროგრამა 1988-1990 წლებში შეიქმნა და მას „ყარაბაღი“ ერქვა. ეს იყო ბრძოლა ყარაბაღისთვის. უზარმაზარი სოციალური ენერგია დაიხარჯა იმისთვის, რათა ეს პროექტი განხორციელებულიყო და ამ ბრძოლა წარმატებით დასრულდა. ამასთან, ეს წარმატება მხოლოდ სამხედრო კონფლიქტში მოპოვებული გამარჯვებით არ შემოიფარგლებოდა. იმ პერიოდში საზოგადოების მობილიზება მოხერხდა (როგორც ყარაბაღში, ისე სომხეთში) და ყარაბაღის საკითხი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდა.
ამის შემდეგ ლიბერალიზაციის, კერძო საკუთრებაზე გადასვლისა და საბაზრო ეკონომიკის დანერგვის პროგრამა ამოქმედდა.
იმ პერიოდში ოპოზიციას პარტია „დაშნაკცუთიუნი“ წარმოადგენდა, რომელიც, გარკვეულწილად, აკრძალულიც კი იყო იმ რადიკალური შეხედულებების გამო, რომლებიც ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებს ჰქონდათ.
ამის შემდეგ პოლიტიკური ძალების პროგრამები თანდათან კონკრეტული პირების ავკარგიანობის განხილვას დაემსგავსა, რაც პოლიტიკური სისტემის უმწიფრობის ნიშანია. ახალი პოლიტიკური სისტემები პოლიტიკური პრობლემების პერსონიფიკაციას ახდენენ, რაც სავსებით ბუნებრივია. თავიდან ეს სქემა კარგად მუშაობდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ხალხი მსგავს გზავნილებს აღარ იჯერებს და პოლიტიკოსებს – განსაკუთრებით კი იმ პირებს, რომლებიც უკვე იყვნენ ხელისუფლებაში – უნდობლად ეკიდება.
რესპუბლიკელებმა ძალიან კარგად აუღეს ალღო ამ გარემოებას. ახალი სახეების ფორმირების მიზნით ისინი საკუთარ რიგებში ახალ წევრებს იღებენ. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ელექტორატის დიდ ნაწილს უმეტეს შემთხვევაში მტკიცედ სჯერა, რომ ახალი სახე კარგია, ძველი კი – ცუდი.
მოდით, ისევ ოპოზიციაზე ვისაუბროთ
ოპოზიციას არ შეუძლია, წინ აღუდგეს მმართველი გუნდის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ამის საფუძველი არ არსებობს. თუკი ოპოზიციამ საპარლამენტო არჩევნების დროს ვერ შეძლო ამის გაკეთება, თუკი ხმების 7%-ზე აცხადებდნენ პრეტენზიას, თუკი არჩევნების შემდეგ კენჭისყრის შედეგები აღიარეს და ამ ყველაფერს სათანადო დემარშით არ უპასუხეს, მაშინ ახლა, როდესაც ასეთი საბაბი არ არსებობს და პირველ პირს პარლამენტი ირჩევს, ოპოზიციას უბრალოდ შანსი არ აქვს.
ამასთან, იმის თქმაც არ შეიძლება, რომ მათი მხარდამჭერების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა და რომელიმე პოლიტიკური ძალა იმდენად გაძლიერდა, რომ ქუჩაში ასობით ათასი ადამიანის გამოყვანისა და იმის გაკეთების საშუალება მიეცა, რაც მანამდე არ გამოსდიოდა. მე პირადად ასეთი ძალის ჩანასახსაც კი ვერ ვხედავ.
ქუჩაში გამოსული მხარდამჭერების რაოდენობის, ამა თუ იმ კარის დაკეტვისა და ამა თუ იმ გზაჯვარედინის გადაკეტვის მიუხედავად, ოპოზიცია პოლიტიკურ სიტუაციაზე ზემოქმედებას ვერ შეძლებს.
ამჟამად ქვეყანაში პრემიერს უბრალოდ ნიშნავენ, და არ ირჩევენ, იმიტომ რომ თუკი ადამიანს არ ირჩევენ პარლამენტში, რომლის უმრავლესობასაც ერთი პარტია წარმოადგენს. ამ შემთხვევაში აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის დანიშვნასთან გვაქვს საქმე. ყველა ხვდება ამას. და ამ წესის აღკვეთის მექანიზმები არ არსებობს.
ყველა ეს საპროტესტო გამოსვლა ძალიან ოსტატურადაა ორგანიზებული. ესაა საპნის ბუშტი, რომელიც არა ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად, არამედ პოლიტიკურ სცენაზე დასარჩენად იბერება.
ხელისუფლების აპათიის მენეჯმენტი და ოპოზიციის დეგრადაცია
ოპოზიციის ტექნოლოგია სომხეთისათვის უცხო არ არის. პოლიტიკა შოუს ემსგავსება. ბოლო დროს შოუს სიუჟეტის გარდა არაფერი ვითარდება და შოუს ელემენტები თანდათანობით სულ უფრო დიდ ადგილს იკავებს სომხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში. და არც ეს არის შემთხვევითი.
ნამდვილად ძლიერ და საკუთარ ძალებში დარწმუნებულ პარტიას, რომელსაც ნამდვილი პოლიტიკური წონა გააჩნია, შოუ-წარმოდგენების მოწყობა არ სჭირდება. მას ამომრჩეველთან წვდომის ისეთი მეთოდები და წყაროები გააჩნია, რომელიც ოპოზიციას არ აქვს. ფინანსურ, ადამიანურ და საექსპერტო რესურსებს ვგულისხმობ.
რესპუბლიკური პარტია არ მოაწყობს მასობრივ მსვლელობებს, არ დააყენებს ქუჩების გადარქმევის საკითხს, არ დაიწყებს ბინძური წყლით სავსე ქილების აქეთ-იქით ტარებას და ა.შ. მათ ეს არ სჭირდებათ.
რესპუბლიკური პარტია სახელმწიფო აპარატსა და ბევრი ფულის მქონე ბიზნესმენებს აკონტროლებს. თუკი ასეთი რესურსები არ გაქვს, მაგრამ დარწმუნებული ხარ, რომ მაინც პოლიტიკურ არენაზე უნდა იყო, უბრალოდ სკანდალები უნდა მოაწყო.
ამიტომ სახელებს უცვლიან ქუჩებს, რომლებსაც საბოლოოდ სახელები არ ეცვლებათ და გამოვდივართ იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიდანაც ვერაფრით გამოვდივართ [იგულისხმება ევრაზიის ეკონომიკური კავშირი. ოპოზიცია მოითხოვს, რომ სომხეთმა ეს გაერთიანება დატოვოს].
იმისათვის, რათა ჟურნალისტის ყურადღება მიიქციო, ნამდვილ ძალას უნდა წარმოადგენდე. ხოლო იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც რეალური პოლიტიკური კაპიტალი არ გააჩნია, გარკვეული წარმატების მისაღწევად ყურადღება უნდა მიიქციოს. ესაა ნორმალური სტრატეგია, რომელსაც ყველა ქვეყანაში იყენებენ. თუმცა, ასეთი მიდგომით მხოლოდ 5%-ის მოგროვებაა შესაძლებელი. მსგავსი მეთოდებით ხმების უმრავლესობას ვერ მოიპოვებ.
ხელისუფლების რეაქცია ოპოზიციის ქმედებებზე
ხელისუფლება ხისტი რეაქციებისგან თავს შეიკავებს, იმიტომ რომ არ არსებობს ის, რასაც ხელისუფლებამ რადიკალური ქმედებებით შეიძლება უპასუხოს.არც საფრთხე არსებობს, და არც საფუძველი. 2008 წლის 1-ლი მარტის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ მართლაც სერიოზული საფრთხე იგრძნობოდა. მას შემდეგ მმართველი გუნდი მსგავსი რადიკალური დაპირისპირებებისგან თავის შეკავების სურვილის დემონსტრირებას ახდენს. ხელისუფლება აცნობიერებს, რომ მისი ლეგიტიმურობის ხარისხი საკმაოდ დაბალია.მკვეთრი ნაბიჯების გადადგმის საშუალება მხოლოდ ძალიან ლეგიტიმურ ხელისუფლებებს აქვთ.