საქართველო: პროსახელისუფლებო მედია ანტიდასავლურ პროპაგანდას აძლიერებს. სკანდალური გამოკითხვა "იმედზე"
GORBI-ს კვლევა
საქართველოს პროსახელისუფლებო ტელევიზიამ, “იმედმა” დაუკვეთა და ეთერში გაუშვა სოციოლოგიური გამოკითხვა, რომლის ერთ-ერთი კითხვა ასე ჟღერდა: “რა უნდა ქნას საქართველომ, თუ დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას მოსთხოვს”.
საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რომელიც კვლევითმა ორგანიზაცია GORBI-მ ჩაატარა, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი და რუსული პროპაგანდის სტილში მომზადებული უწოდეს.
კრიტიკა და ხმაური კვლევაში დასმული შეკითხვების შინაარსსა და ფორმულირებას მოჰყვა. ორგანიზაციის მიერ დასმული შეკითხვები ერთი-ერთში იმეორებდა სახელისუფლებო პროპაგანდას სანქციების, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა და საქართველოს “ომში ჩათრევის მცდელობების” შესახებ.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედმა” დაუკვეთა. გამოკითხვა საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ” ჩაატარა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2022 წლის 2 დან 7 ივნისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, სატელეფონო პანელით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.
მსგავსი შინაარსის პროპაგანდა პროსახელისუფლებო არხებიდან დიდი ხანია ისმის. თუმცა მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, სადაც ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზეა საუბარი, ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა ბევრად უფრო აგრესიული, ღია და დაუფარავი გახდა, ფიქრობენ ხელისუფლების ოპონენტები.
- “უკრაინა ომს აგებს. ზელენსკიმ ომი ვერ აიცილა”. ვინ დგას საქართველოში რუსული პროპაგანდის უკან
- აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
- “ჩალის ფასი”, “ფეიკი”, “ომში ჩათრევა” – ხელისუფლება ევროპარლამენტის რეზოლუციაზე
ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებული შეკითხვების გარდა, ორგანიზაციამ რესპონდენტებს საქართველოს პატიმარი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ჰკითხა. კერძოდ, სამართლიანად იხდის თუ არა იგი სასჯელს.
რა ჰკითხა GORBI-მ რესპონდენტებს
შეკითხვა#1: თქვენი აზრით, დღევანდელი მოცემულობით, რამდენად იმსახურებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს?
შედეგები: გამოკითხულთა 85,9% თვლის, რომ იმსახურებს; 10,9% თვლის, რომ არ იმსახურებს; 3,2% ამბობს, რომ არ იცის.
შეკითხვა #2: ოპოზიციის ნაწილი დასავლეთს სთხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესოს, ეთანხმებით?
შედეგები: გამოკითხულთა 28,9% ეთანხმება; 66,2% არ ეთანხმება; 4,9% ამბობს, რომ არ იცის.
შეკითხვა #3: ეთანხმებით თუ არა „ქართული ოცნების“ პოლიტიკას არ მოხდეს საქართველოს ჩართვა რუსეთ-უკრაინის ომში?
შედეგები: გამოკითხულთა 77,6% ეთანხმება; 20,8% არ ეთანხმება; 1,6% ამბობს, რომ არ იცის.
შეკითხვა #4: თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?
შედეგები: რესპონდენტთა 11,5% ამბობს, რომ საქართველო ომში უნდა ჩაებას; 83,6% აცხადებს, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ომში; 4,9% კი ამბობს, რომ არ იცის.
შეკითხვა #5: ყველაზე მეტად ვინ არის დაინტერესებული საქართველოში გაიხსნას მე-2 ფრონტი რუსეთთან?
შედეგები:
- „ნაციონალური მოძრაობა“ – 28,5%;
- რუსეთი -12,4%;
- აშშ – 12,4%;
- უკრაინის ხელისუფლება – 8,6%;
- საქართველოს ხელისუფლება – 2,1%;
- ევროკავშირი – 1,2%;
- არც ერთი – 12,6%
- არ ვიცი – 22,2%
შეკითხვა #6: „ქართული ოცნების“ მთავრობა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს, რადგან მისი განცხადებით, ეს სანქციები ვერ დააზარალებდა რუსეთს, თუმცა სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ქართულ ეკონომიკას და მოსახლეობას. ეთანხმებით თუ არა ამ ნაბიჯს?
შედეგები:
ეთანხმება: 69,8%
არ ეთანხმება: 27,1%
არ ვიცი/უარი პასუხზე: 3,1%
შეკითხვა #7: თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის თუ არა სასჯელს?
შედეგები: 64,4% მიიჩნევს, რომ სამართლიანად იხდის; 19,3% თვლის, რომ უსამართლოდ იხდის; 16,3% ამბობს, რომ არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე.
რა შეფასებები მოჰყვა კვლევას?
კვლევის შედეგების გასაჯაროებას სოციალურ ქსელში დიდი დისკუსია მოჰყვა. ადამიანები წერდნენ, რომ ეს იყო რუსული პროპაგანდის ნიმუში.
“თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია”?
მივმართავ სტუდენტებს და ყველა მათ, ვისთვისაც ტრენინგები ჩამიტარებია კვლევის მეთოდებში: ეს არის ქრესტომათიული ნიმუში, როგორ არ უნდა დასვათ შეკითხვა კვლევაში.
ასეთი ფორმულირებით შეკითხვა არღვევს მინიმალურ სტანდარტებსაც კი: ა) არის მიმართულების მიმცემი (ანუ, შესაბამისი პასუხისკენ უბიძგებს რესპონდენტს) და ბ) არის ჰიპოთეტური შეკითხვა, რომელიც წარმოსახვით (ვირტუალურ) სინამდვილეს მიემართება“, – დაწერა სოციალურ ქსელში სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ რუსეთის გასაკეთებელს ჰიბრიდულ ომში მშვენივრად აკეთებენ ადგილზე:
“ამერიკის ელჩმა თქვა რუსული პროპაგანდაა მეორე ფრონტის გახსნა რომ თითქოს დასავლეთს სურსო. იმედის დაკვეთით ამ კითხვის დასმაც იმავე სერიიდან არის. კრემლში კვლავ ხარობენ იმით, რომ მათ გასაკეთებელს ადგილობრივი სასარგებლო იდიოტები აკეთებენ, არადა საინფორმაციო ომი რომ ჰიბრიდული ომის ნაწილია ეს ლამის ბავშვმაც კი იცის…“
ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” შეფასებით, GORBI-ს მიერ ჩატარებული კვლევა ავტორიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი პროპაგანდის მეთოდების არაერთ ტექნიკას აერთიანებს:
“როგორიცაა, შიშის დანერგვა, ადამიანების არარსებული არჩევნის წინაშე დაყენება, მტრის ხატის შექმნა, საზოგადოებრივი აზრისა და განწყობების მანიპულაცია და მოტყუება“.
სამართლიანი არჩევნები წერს, რომ კვლევის ეს ნაწილი, თავისი აბსურდულობით, აქამდე შეფარვით მიმდინარე ანტიდასავლური რიტორიკის საზოგადოებრივ აზრზე მოხვევის მცდელობას წარმოადგენს:
“GORBI-ის კვლევაში დასმული კითხვები, რომლითაც ხდება დაშვება, რომ თითქოს დასავლეთს საქართველოში ომი შეიძლება უნდოდეს, თანხვედრაშია რუსეთიდან მართული ძალადობრივი ჯგუფების მუდმივ მცდელობასთან, დასავლეთს ჯერ უკრანაში რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის წამოწყება გადააბრალონ და შემდეგ ამ ნარატივს საქართველოს ომში ჩათრევის აბსურდული თეორია მიუსადაგონ“.
ბევრისთვის კვლევა სახუმარო თემად იქცა. ადამიანები სოციალურ ქსელში წერდნენ, კიდევ რა კითხვები შეიძლებოდა ყოფილიყო კვლევაში.
მაგალითად:
“მარსიანელები თუ შემოგვესევიან, როგორი იქნება საქართველოს მოსახლეობის პასუხი – უნდა ჩავერთოთ თუ არა ომში?“
“ამერიკამ რომ ხინკლის ჩანგლით ჭამა მოგვთხოვოს, როგორი უნდა იყოს საქართველოს რეაქცია?“
“ევროპამ თუ მოგვთხოვა წევრობის სანაცვლოდ იმისი აღიარება, რომ პიცა ხაჭაპურზე კარგია , გინდათ ასეთი ევროპა?“
GORBI-ს კვლევის გამოქვეყნებას წინ უსწრებდა საქართველოს პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები. პრემიერმა თქვა, რომ თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, საქართველოს ომი არ უნდა, რადგან ქვეყანა ამ სტატუსს იმსახურებს.
ღარიბაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციას სამარცხვინო, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი უწოდა და თქვა, რომ ეს იყო “უპასუხისმგებლო, მავნებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების” ბრალი, რომლებიც “დადიან ევროპაში და ათას სისულელეს ავრცელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ”.
პრემიერის განცხადებები და GORBI-ს კვლევა ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც, საქართველო დღე-დღეზე ელის ევროკომისიის შეფასებასა და გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსზე.
GORBI-ს კვლევა