სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების შეძენის საკითხში სომხეთი სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის პერსპექტივებს გამოიყენებს, – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა:
„ამ საკითხში ჩვენი ძირითადი მოკავშირე და პარტნიორია რუსეთის ფედერაცია, რომელიც დღეს მსოფლიოში იარაღის ერთ-ერთი მსხვილი მიმწოდებელია და რომელთანაც მკაფიო შეთანხმებები გვაქვს; რაც თანამედროვე იარაღის კონკურენტული პირობებით შეძენის საშუალებას გვაძლევს. რასაკვირველია, სხვა შესაძლებლობებსაც გამოვიყენებთ“.
ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ამით სომხეთი თავდაცვის პოლიტიკის დივერსიფიკაციის შესახებ აცხადებს, რაც მას ამ სფეროში რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლების საშუალებას მისცემს.
პოლიტოლოგი სტეპან საფარიანის თქმით, სერჟ სარგსიანი დაწვრილებით არ საუბრობს, მაგრამ ღიად მიანიშნებს, რომ იარაღის შეძენის საკითხში სომხეთი ერთი წყაროთი არ შემოიფარგლება:
„ეს კარგია. რუსეთი ყოველთვის აცხადებს, რომ იარაღის გაყიდვა მისთვის მხოლოდ ბიზნესია, ჩვენთვის კი ეს უსაფრთხოების საკითხია. ჩვენი თავდაცვითი ინტერესები გვკარნახობს იმის აუცილებლობას, თუ რა გვჭირდება და სად. ვშიშობ, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთთან ურთიერთობაც ასევე ბიზნესის სიბრტყეზე გადაინაცვლებს“.
პოლიტოლოგი ამბობს, რომ სომხეთმა 2016 წლის აპრილში ყარაბაღისა და აზერბაიჯანის გამყოფ ზოლზე მომხდარი საომარი მოქმედებების შემდეგ დაასკვნა: იარაღის ერთი წყაროდან შეძენა – არასწორია. ამავდროულად, საფარიანს, ისევე როგორც პრეზიდენტს, მნიშვნელოვნად მიაჩნია ის, რომ სომხეთი, როგორც უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, რუსეთისგან იარაღს შიდა ფასებით ყიდულობს.