როგორ გაასამართლებენ "აზოვსტალის" დამცველებს და სხვა სამხედრო ტყვეებს რუსეთ-უკრაინის ომის ორივე მხარეს
მაისის ბოლოს, უკრაინაში, რამდენიმე განაჩენი გამოუტანეს რუს ჯარისკაცებს უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისთვის.
მაგალითად, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 21 წლის ვადიმ შიშიმარინს, რომელსაც ბრალად ედებოდა სუმის რეგიონის უიარაღო მცხოვრების მკვლელობა. 14-დან 15 წლამდე პატიმრობა მიესაჯათ ყირიმელ სამხედრო ტყვეებს, რომლებიც 2014 წელს რუსეთის მხარეს გადავიდნენ და მიმდინარე ომის დროს უკრაინელებმა ტყვედ ჩაიგდეს. ისინი ღალატისა და დეზერტირობისთვის გაასამართლეს.
კიდევ ორ რუს სამხედრო ტყვეს თერთმეტნახევარი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს „ომის კანონებისა და წესების დარღვევისთვის“.
ამავდროულად, რუსეთში და თვითგამოცხადებული და მხოლოდ რუსეთის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიაზე, გრძელდება სპეკულაციები მარიუპოლის “აზოვსტალის” ქარხნიდან დატყვევებულ ჯარისკაცებთან დაკავშირებით. დაკავებისთანავე რუსულ პროსამთავრობო მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთი მათგანი დონის როსტოვის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, ნაწილი კი ტაგანროგში.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამხედრო ტყვეების გაჩერება თავისუფლების აღკვეთის ადგილების ტერიტორიებზე ჟენევის კონვენციის დებულებებს ეწინააღმდეგება. მოგვიანებით, დონეცკის “ჩინოვნიკებმა” განაცხადეს, რომ “აზოვსტალიდან” 2300 პატიმარი იმყოფებოდა მათ ტერიტორიაზე.
ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, როგორი შეიძლება იყოს ორივე მხარის სამხედრო ტყვეების მომავალი.
რა შეუძლიათ ქვეყნებს
“სამხედრო ტყვეების სტატუსს განსაზღვრავს ჟენევის კონვენცია სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ”, – ამბობს იურისტი და მწერალი ალექსეი ფედიაროვი “Спектр”- თან:
„ჟენევის კონვენციები მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევს სამხედრო ტყვეებს სისხლისსამართლებრივი და დისციპლინური პასუხისმგებლობა დააკისრონ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელიც მიღებულია მათი საცხოვრებელი ქვეყნის კანონმდებლობის სრული დაცვით და პატიმრების დაცვის უფლების უზრუნველყოფით”.
მისივე თქმით, აკრძალულია სამხედრო ტყვეების მიმართ ისეთი სასჯელის გამოყენება, რომელიც არ არის გათვალისწინებული იმ ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომელსაც ისინი ტყვეობაში ჰყავს.
ანუ ყველაზე უარესი, რაც შეიძლება დაემუქროს უკრაინელ სამხედრო ტყვეებს, თუ მათ რუსეთის ტერიტორიაზე გაასამართლებენ, არის უვადო თავისუფლების აღკვეთა. მათი ბედი შეიძლება სრულიად განსხვავებული იყოს, თუ მათი სასამართლო პროცესი აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რესპუბლიკების ტერიტორიაზე გაიმართება.
დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელი დენის პუშლინი საუბრობს, დატყვევებული უკრაინელების “საერთაშორისო ტრიბუნალისთვის” გადაცემის შესაძლებლობაზე:
„დონეცკს არა მხოლოდ არ აქვს რატიფიცირებული ჟენევის არც ერთი კონვენცია, არამედ, რუსეთისგან განსხვავებით, მის ტერიტორიაზე სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი არ არის შემოღებული”. ამიტომ, დონეცკის იუსტიციის მინისტრის თქმით, რესპუბლიკის ტერიტორიაზე “აზოვსტალის” დამცველებს შესაძლოა სიკვდილით დასჯა დაემუქროთ.
არაღიარებული (ან რუსეთის მიერ 2022 წლის 21 თებერვალს აღიარებული), დონეცკი და ლუგანსკი საერთაშორისო სამართლის “ნაცრისფერ ზონად” რჩება.
„ამიტომ, ამ სუბიექტების მიერ ნიურნბერგის ტრიბუნალის მაგალითზე ტრიბუნალის შექმნა სამართლებრივი თვალსაზრისით შეუძლებელია“, – აღნიშნავს ფედიაროვი.
ამის მიუხედავად, დონეცკის არაღიარებული რესპუბლიკის დეპუტატმა ელენა შიშკინამ განაცხადა, რომ რესპუბლიკის ხელისუფლება “ტრიბუნალში” სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ელოდება. თუმცა, როგორც ჩანს, ერთადერთი სახელმწიფო, რომლის დელეგაციაც რეალურად შეიძლება განიხილონ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ არის რუსეთი. ასევე, არაღიარებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. სეპარატისტების დამოუკიდებლობა აღმოსავლეთ უკრაინაში მხოლოდ მათ აქვთ აღიარებული.
უკრაინის ტერიტორიაზე სასამართლოები, ჟენევის კონვენციების ნორმების შესაბამისად, აბსოლუტურად ლეგალურია. ლეგალური იქნება რუსეთის მიერ მის ტერიტორიაზე ორგანიზებული პროცესებიც.
ვინ იქნება პასუხისმგებელი
როგორც ზემოთ აღინიშნა, დონეცკისა და ლუგანსკის არაღიარებული რესპუბლიკების კანონების მიხედვით, აზოვის პოლკის სამხედროებს შესაძლოა სიკვდილით დასჯა დაემუქროთ. მაგრამ, ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი, თუ ეს გადაწყვეტილება მიიღება და განხორციელდება?
თუ ტრიბუნალში მონაწილეობას მიიღებს რუსეთი, მაშინ მის შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა დაეკისრება მას, როგორც ჟენევის კონვენციების ერთადერთ მონაწილეს რუსეთი-დონეცკი-ლუგანსკი სამეულიდან. რუსეთმა ამ სასამართლო პროცესის აღიარებაზე უარიც რომ თქვას, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.
”ქვეყანა – დონეცკის რესპუბლიკა – არ არსებობს. ის შეიძლება აღიაროს რუსეთმა, ერითრეამ, სამხრეთ ოსეთმა. მაგრამ ასეთი ქვეყანა არ არსებობს. ეს ხალხი [უკრაინელი სამხედროები] საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, რუსეთის ტყვეობაშია… ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთს. თუ ის მათ მესამე შეიარაღებული ძალების კონტროლს გადასცემს, ეს იქნება დარღვევა”, – განაცხადა ადვოკატმა ილია ნოვიკოვმა არხის «Популярная политика»-ს ეთერში.
ცალკე, აღსანიშნავია, რომ “აზოვის” მებრძოლები, ისევე როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების დანარჩენი ჯარისკაცები, ექვემდებარებიან ყველა კონვენციას. იგივე ეხება სხვა ადამიანებს, რომლებიც არ არიან რეგულარული შეიარაღებული ძალების ნაწილი, მაგრამ მონაწილეობენ შეიარაღებულ წინააღმდეგობაში.
სამხედრო ტყვეებს შეიძლება მივაკუთვნოთ, მათ შორის, “კონფლიქტის მონაწილე მხარის შეიარაღებული ძალების პერსონალი, ასევე მილიციისა და მოხალისეთა რაზმების პერსონალი, რომლებიც შედიან ამ შეიარაღებულ ძალებში”, ასევე “რეგულარული შეიარაღებული პერსონალი”, – ძალები, რომლებიც თავს იმ მთავრობის დაქვემდებარებაში მიიჩნევენ, რომელიც არ არის აღიარებული დამპყრობელი სახელმწიფოს მიერ“, – ნათქვამია ჟენევის მესამე კონვენციის მეოთხე მუხლში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მაშინაც კი, თუ რუსეთი უარს იტყვის ოფიციალურად აღიაროს “აზოვის” ან, ვთქვათ, ტერიტორიული თავდაცვის ჯარისკაცები, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალები, ეს არ ათავისუფლებს მას ტყვეებისადმი სათანადო მოპყრობის ვალდებულებისგან.
იქნება თუ არა გაცვლა
გაცვლამდე მსჯავრდებული სამხედრო ტყვე უნდა შეიწყალოს იმ ქვეყნის ხელმძღვანელობამ, რომელმაც ის გაასამართლა, – აღნიშნავს ალექსეი ფედიაროვი. ამასთან, უკრაინაში, რუსეთისგან განსხვავებით, პრეზიდენტს არ აქვს შეწყალების აბსოლუტური უფლება.
მისი თქმით, ტყვე ვადიმ შიშიმარინის შესაძლო გაცვლას ართულებს ის ფაქტი, რომ უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, უვადო თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში, მსჯავრდებულის სრული ამნისტია მხოლოდ გისოსებს მიღმა გატარებული 20 წლის შემდეგ არის შესაძლებელი. ამ ვადის გასვლამდე პრეზიდენტს შეუძლია მხოლოდ ის, რომ სამუდამო პატიმრობა 25 წლიანი სასჯელით შეცვალოს.
„მისთვის [შიშიმარინზე] დაკისრებული სასჯელი პრაქტიკულად გამორიცხავს მისი გაცვლის შესაძლებლობას“, – ასკვნის ექსპერტი.
ამავდროულად, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ირინა ვენედიქტოვამ განახადა, რომ შიშიმარინის გაცვლა შესაძლებელია. თუმცა, არ დაუკონკრეტებია, როგორ შეიძლება ამის განხორციელება.
მაგრამ ასევე არსებობს სრულიად განსხვავებული მიდგომა. მაგალითად, ადვოკატი ილია ნოვიკოვი, “Спектр”-თან საუბარში, ასე გამოეხმაურა “აზოვსტალის” დატყვევებულ დამცველებთან არსებულ ვითარებას:
„ვფიქრობ, ყველაზე არასწორია იმის პრეტენზია, რომ ამ ამბავს სამართლებრივი განზომილება აქვს. რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს, ყოველდღიურად სჩადის სამხედრო დანაშაულებს, ეს პროცესი სამართლებრივი ტერმინებით არ უნდა განვიხილოთ. ნებისმიერი ადვოკატი, რომელიც ამ სიტუაციაზე კონტექსტიდან მიღმა საუბრობს, რუსების თამაშს თამაშოს და ეხმარება მათ… ეს ხალხი მძევლები არიან. ჩვენ ვეცდებით მათ გათავისუფლებას. მაგრამ, ამაზე მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს წარმატებული, როცა რუსეთის ფედერაციას აღარ ექნება საკმარისი ძალა. ასე რომ, მათი ბედი განისაზღვრება იმით, რამდენად დავხოცავთ რუს ჯარისკაცებს აქ უახლოეს თვეებში და არა კონვენციებით”.
6 ივნისს უკრაინის უმაღლეს რადაში შევიდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პატიმართა გაცვლის სიაში შეყვანილი პირების სასჯელისგან გათავისუფლებას. ეს მოაგვარებს სერჟანტ შიშიმარინის გაცვლასთან დაკავშირებულ სამართლებრივ კონფლიქტს.