ომს გამოქცეული უკრაინელები საქართველოში - როგორ ცხოვრობენ, რა გეგმები აქვთ
უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინის 20 ათასამდე მოქალაქე შემოვიდა. ზოგმა სამსახურის დაწყებაც მოახერხა. აქ მათ ისტორიებს გიყვებით
უკრაინელები საქართველოში
მიხაილ მედვედევი, 34
ნიკოლაევი
21 თებერვალს ჩემს ცოლს დაბადების დღე აქვს და გადავწყვიტეთ საქართველოში აღგვენიშნა. თებერვალი ჩვენი თაფლობის თვე იყო.
ჩამოვედით თუ არა, გუდაურში წავედით. აბონემენტი ავიღეთ, სასრიალოდ გავემზადეთ და უცებ დილის 7 საათზე ტელეფონი რეკავს – უკრაინაში ომია. ყველაფერი უკან დავაბრუნეთ და ტაქსით სასწრაფოდ თბილისში წამოვედით.
პირველი წუთიდან ყველა ჩვენს დახმარებას ცდილობდა. თავიდან, „თბილისი ცენტრალში“ წაგვიყვანეს. სამი კვირა იქ ვცხოვრობდით. შემდეგ, წყნეთში გადაგვიყვანეს სასტუმრო „კოპალაში“. იქ ორი კვირა ვცხოვრობდით. ამასობაში, მარტში ძალიან დიდი თოვლი მოვიდა.
მე თავიდანვე გადავწყვიტე, რომ მუშაობა უნდა დამეწყო. მოხალისეებს დავუკავშირდი, მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია და იმავე დღეს დამირეკეს ერთ-ერთი კერძო კლინიკიდან. გასაუბრებაზე დამიბარეს.
მე და ჩემი ცოლი სტომატოლოგები ვართ. არასდროს გვიფიქრია სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლაზე. ვერ წარმოვიდგენდი, რომ უცხო ქვეყანაში მუშაობა მომიწევდა, მაგრამ ცხოვრება მოულოდნელია. დღეს არ ვიცით, სახლში როდის დავბრუნდებით, ამიტომ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება იქ, სადაც ვართ.
და საბედნიეროდ, საქართველოში ვართ. გასაუბრებაზე მივედი და მაშინვე ამიყვანეს. ჩემი ცოლის პროფილით სამწუხაროდ ადგილი არ იყო.
გარეთ დიდი თოვლი იდო. წყნეთში ნომერ 34 ავტობუსში ვჯდებოდი, შემდეგ მეტროში, ბოლოს ისევ ავტობუსში და ასე მივდიოდი სამსახურში გლდანში. იყო დღეები, რომ პაციენტები საერთოდ არ იყვნენ, მაგრამ მე მაინც დავდიოდი, ყოველდღე. თანამშრომლებიც მაქსიმალურად მიწყობდნენ ხელს.
ამასობაში, ერთი კვირის თავზე გავიგეთ, რომ ბავშვს ველოდებით. მას შემდეგ, კიდევ მეტი ენთუზიაზმით ვმუშაობ.
მალე შანსი გამოჩნდა, ქალაქის ცენტრთან უფრო ახლოს გადავსულიყავით და „კოპალადან“ სასტუმრო „იბისში“ გადავედით. იქიდან სამსახურში სიარული უფრო ადვილი იყო, თუმცა, მალე ისევ გადავბარგდით – ამჯერად „ბომონდ გარდენში“, დიღომში.
ეს უკვე ჩვენი მეექვსე სასტუმროა საქართველოში. როგორც ამბობენ, აქ დიდხანს დავრჩებით და ჩვენ ეს გვახარებს.
______________________________________________________________________________
● ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რა ვიცით ამ დროისთვის?
● საქართველო და სანქციები რუსეთის წინააღმდეგ – რატომ ასოცირდება ქვეყანა “შავ ხვრელთან”?
● როგორ ხვდება საქართველო რუსეთიდან და ბელარუსიდან ემიგრანტებს
● აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
______________________________________________________________________________
ჩემი ცოლი უკვე ოთხი თვის ფეხმძიმეა. მე ყოველდღე სამსახურში დავდივარ და კოლექტივთან ძალიან ვმეგობრობ. საღამოობით ბევრს დავდივარ ფეხით – ორ თვეში 624 კილომეტრი გავიარე.
ჩემი მშობლები ახლაც უკრაინაში არიან. არ ტოვებენ სახლს და თავიანთ მშობლებს, რომლებიც ასაკში არიან. ყოველ დღე სროლაა მათ გარშემო, მაგრამ არ მოდიან. ვერც მე მივდივარ მათთან – ორსული ცოლი როგორ წავიყვანო ომში.
უდიდესი გამართლებაა, რომ აქ ჩამოვფრინდით, სადაც ჩვენი ძმები ცხოვრობენ. აქ ყველას ესმის ჩვენი, ბოლომდე ესმით და მიხარია, რომ ჩვენი შვილი საქართველოში დაიბადება.
ნატალია ბალაბასი, 46
მარიუპოლი
26 თებერვალს სტამბოლში მივფრინავდი მეგობრებთან ერთად სამოგზაუროდ. 23-ში საღამოს ჯერ კიდევ მზადებაში ვიყავით: საყიდლებზე დავდიოდით, ბარგს ვალაგებდით. წარმოდგენაც არ გვქონდა, რა მოხდებოდა რამდენიმე საათში.
თენდებოდა, როდესაც მეგობარმა გამაღვიძა, ომი დაიწყოო. მარიუპოლში რვა წელია ომია. რვა წელია ისვრიან, ამიტომ განსაკუთრებულ პანიკაში არ ჩავვარდნილვართ.
თუმცა, სადღაც ხუთ დღეში უკვე სერიოზული ამბავი დაიწყო.
ისეთი სროლები იყო, გარეთ ვერ გავდიოდით. კომენდანტის საათის დროს შუქს არ ვანთებდით. ფანჯრები ტომრებით და ფიცრებით ამოვქოლეთ.
ჩვენი სახლი ძველი შენობაა, უფრო სწორედ – იყო. გერმანელმა ტყვეებმა ააშენეს 70 წლის წინ. რადგან ერთი ომი უკვე გადატანილი ჰქონდა, მეგონა, ამ ამასაც გაუძლებდა.
სანამ გაზი გვქონდა, “ფეჩზე” ვდგამდი წყლით სავსე ქვაბს და ასე ვათბობდი ოთახს. შემდეგ ჭურვი მოხვდა ჩვენს კორპუსს და გაზის მილები დაანგრია. მერე ხეებს ვჭრიდით, ფიცრებს ვაგროვებდით და ისე ვთბებოდით. ყოველ დღე უფრო და უფრო გვიახლოვდებოდა ომი. საკვები გვეწურებოდა, მაღაზიებს აფეთქებდნენ გარშემო. მთელი სამეზობლო ერთ დიდ ქვაბში ვხარშავდით საჭმელს. ჩვენ შვიდნი ვიყავით – მე, ჩემი ქმარი, ჩვენი სამი შვილი, დედაჩემი და ჩემი შვილის შეყვარებული გოგო – ნასტია.
8 მარტს სიმშვიდე იყო, კარგად მახსოვს. გეგონება საჩუქარი გაგვიკეთეს ქალეწბს. შემდეგ 9 მარტი გათენდა, ზანზარით. მთელი სახლი შეირყა.
ჩვენს გვერდით კორპუსს მოხვდა ჭურვი და ცეცხლი წაეკიდა. ვხედავდი სახურავიდან სართულ-სართულ როგორ ედებოდა ცეცხლი მთელ კორპუსს.
რიგ-რიგობით იწვოდა სადარბაზოები.
18-ში ჩემი შვილის შეყვარებულის სახლი დაიწვა, ზუსტად ჩვენს წინ რომ იდგა. ერთად ვიდექით და ვუყურებდით, როგორ იწვოდა.
მეორე დღეს ჩვენს კორპუსს დაეცა ნაღმი, ჩვენ სარდაფში ვიყავით. რამდენიმე წუთით დავყრუვდი. არაფერი მესმოდა, ვერაფერს ვხედავდი. გარეთ გამოვვარდი. ჩემი დის შვილი მიწაზე გდია და ყელიდან ჩანჩქერივით ასხამს სისხლი. ჩემი და ზედ არის მივარდნილი და ცდილობს ხელით სისხლდენა შეაჩეროს.
ჩემს ქმარს ვხედავ, მთლიანად სისხლიანს. ჩემს შვილს, კოსტიასაც იქვე ვპოულობ ძირს, თითები უმოქმედოდ ჰკიდია ხელზე, სახე სულ სისხლიანი აქვს აქვს. მეორე შვილი – ვოვაც დაჭრილია.
მანქანაში ჩავაწვინეთ დაჭრილები. საჭესთან მეზობელი დაჯდა, ისიც დაჭრილი. ისვრიან გაუჩერებლად. არ ვიცი როგორ მივაღწიეთ საავადმყოფომდე. კივილით შევვარდი.
საავადმყოფოში ქირურგი არ იყო. არც წყალი იყო, არც წამლები. ხელებს ვერავინ იბანდა. ძველი წამლები მეყარა მანქანაში და ექთანს მივეცი.
ჩემი ქმარ-შვილი გადარჩა, ჩემი დის შვილი დაიღუპა ისე, რომ საავადმყოფომდე ვერც მივიყვანეთ. ეს იყო ყველაზე საშინელი ღამე ჩემს ცხოვრებაში. გაუჩერებლად ცვიოდა ბომბები.
მეორე დილით სასწრაფოდ ჩემი დაჭრილი ქმარ-შვილი ერთ მანქანაში ჩავსვით ნასტიასთან ერთად, მეორე მანქანაში დედაჩემი ჩავსვი და წამოვედით. ჩემს მანქანას საბურავი ჰქონდა დაშვებული, ფანჯრები ჩალეწილი, მაგრამ მაინც მოვდიოდი. ჩემი და დარჩა, ჩემი დისშვილის ცხედარი არ დატოვა.
გზაზე არ იდგა არცერთი სახლი, არცერთი ადამიანი. პატარა სოფელში ჩავაღწიე, საბურავი რომ გამომეცვალა და ამასობაში ჩემი ქმრის მანქანა ვეღარ ვიპოვე. იქვე სასწრაფოს მანქანა იდგა. მითხრეს, რომ დაჭრილები წაიყვანეს და ახლა ვეღარცერთს ვიპოვნიდი.
სამი დღე ვეძებდი ქმარს და შვილებს და ბოლოს ორ სხვადასხვა საავადმყოფოში ვიპოვე.
არცერთის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაგრამ კოსტია ვერ ხედავდა ცალი თვალით, თითებსაც ვერ გრძობდა. ვოვა ვერ დადიოდა. მივხვდი, რომ აქედან უნდა წავსულიყავით და მოხალისეებს დავუკავშირდი საქართველოში. როსტოვით წამოვედით და 10 აპრილს ჩამოვაღწიეთ საქართველოში.
მოხალისეებმა მაშინვე სასტუმროში წაგვიყვანეს. ერთი ოთახი გვქონდა და შვიდივეს იქ გვეძინა. შემდეგ გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თავის კერძო სახლში შეგვიფარა ვეძისში.
კოსტიას სახეზე ოპერაცია გაუკეთეს. ცალი თვალით მაინც ვერ ხედავს, მაგრამ კიდევ ერთი ოპერაცია აქვს წინ. ხელზეც სჭირდება ოპერაცია. ვოვა უკეთაა, სიარული დაიწყო. ჩემი ქმარი სრულად გამოჯანმრთელდა.
მე და ჩემი ქმარი ეზოში ვმუშაობდით, დახმარებას ვცდილობდით. ჩვენმა მასპინძლებმა რომ დაინახეს, მუშაობა გვინდოდა, კაპროვანში, მათივე კერძო სასტუმროში შემოგვთავაზეს სამსახური.
ერთი თვეა მე და ჩემი ქმარი საასტუმროში ვმუშაობთ. მე ვამზადებ, ვალაგებ, ვრეცხავ, პურს ვაცხობ. ჩემი ქმარი მშენებლობაზე მუშაობს. ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია. შვილები და დედა თბილისში არიან, ვეძისში.
კანადაში ვაპირებთ წასვლას. დოკუმენტაციის მოსაგვარებლად ჩვენც თბილისში მოგვიწევს გადმოსვლა და იმედია იქაც ვიპოვით სამსახურს. უსაქმოდ ვერ დავჯდები.
უკან გახედვაც არ მინდა. უზარმაზარ კორპუსში ვცხოვრობდი. ახლა მხოლოდ ნანგრევია დარჩენილი.
ჩემი დის სახლიც მთლიანად დაინგრა. თვითონ ახლა რუსეთშია, არ მოდის. ელოდება, როდის შეძლებს ქალაქში შესვლას, რომ ჩემი დისშვილის ცხედარი იპოვოს და დაასაფლავოს.
ჩვენ აღარ ვტირით. ცრემლები აღარ გვაქვს. ახლა, მხოლოდ მომავლისკენ ვიხედებით.
დარია სკიბირსკაია, 37
ზაპოროჟიე
24 რიცხვში რუსეთის ფედერაცია თავზე დაგვეცა და ცხოვრების ყველა გეგმა შეგვიცვალა.
წამოსვლას არ ვაპირებდი. სახლში ვრჩებოდი და მოხალისედ ვმუშაობდი. ნელ-ნელა ფრონტის ხაზი უფრო და უფრო გვიახლოვდებოდა.
ალინა, ჩემი შვილი ხუთი წლისაა. მივხვდი, რომ ბავშვი საშინლად დაისტრესებოდა და მთელი ცხოვრება ემახსოვრებოდა რასაც აქ ნახავდა.
ბათუმში მყავს მეგობრები და ახლობლები, ამიტომ გადავწყვიტე წამოვსულიყავი. ჯერ ლვოვლში ჩავედით, შემდეგ პოლონეთში გადავედით და იქიდან ქუთაიში ჩამოვფრინდით.
8 მარტს ჩამოვედით. მეგობრებმა შეგვიფარეს. შემდეგ, მოხალისეებმა უფასო საცხოვრისი შემოგვთავაზეს, მაგრამ იქ გათბობა არ იყო. ფულიც არ მქონდა, რომ გამათბობელი მეყიდა. რომც მეყიდა, ვერ გაათბობდა კარგად.
უარი ვთქვით იმ სასტუმროზე და მეგობრებთან დავრჩით. ახლაც მათთან ვცხოვრობთ. ძალიან გვიჭირს ბინის პოვნა.
ფასებმა ძალიან მოიმატა. სამსახურის შოვნაც ძალიან მიჭირდა. 20 და 30 ლარს გვთავაზობდნენ მთელი დღის სამუშაოში.
თუმცა, მოხალისეები ძალიან გვეხმარებოდნენ. ტანსაცმელი მოგვიტანეს, ალინასთვის უფასო ბაღი იპოვეს, ხატვის კურსზე წაიყვანეს, დელფინაურიუმშიც უფასოდ ვიყავით. ქართული და სომხური ეკლესიაც ძალიან დაგვეხმარა.
უცებ, შედარებით უკეთესი სამსახურის შანსი გამოჩნდა. რესტორანში ოფიციანტს ეძებდნენ. მივედი და ამიყვანეს, თუმცა ჯერ სტაჟირებას გავდივარ.
ძალიან რთულია. მანამდე ბანკში ვმუშაობდი და ახლა აღმოვაჩინე, რა რთული საქმეა ოფიციანტობა. დღეში 17 საათი გაუჩერებლად მაღალ ქუსლებზე დგომა, წინ და უკან სიარული, საჭმელი, ჭურჭელი – არაფერი არ უნდა გამოგრჩეს, არაფერი დაგეკარგოს. ძალიან მიჭირს.
ხელფასი ბინის ქირაზეც არ მეყოფა, ამიტომ ისევ მეგობრებთან ვრჩებით. ორ ოთახში ვცხოვრობთ შვიდი ადამიანი, მაგრამ ამ ეტაპზე, სხვა საშუალება არ გვაქვს.
ალინას მოსწონს აქაურობა. ბაღში ქართულ ანბანს სწავლობს. აღფრთოვანებული მიკითხავს ხოლმე ქართულ ლექსებს. მოსწონს ქართული ენა.
ბაღში ბევრი რუსულენოვანი ბავშია და მასწავლებლები რუსულად ლაპარაკობენ. ალინა აქ კარგად გრძნობს თავს.
მე ნელ-ნელა ვეჩვევი. უცნაური შეგრძნებაა, როცა სავალდებულო მოგზაურობაში ხარ. თითქოს გამოვდივარ სტრესისგან, მაგრამ ჯერ წარმოდგენა არ მაქვს, რა იქნება ხვალ.
ეკატერინა ლაჩკო, 32
ბოგდანოვკა, ზაპოროჟიე
24 -ში ყველა მხრიდან დაიწყო სროლა. რაკეტები ცვიოდა სახლის თავზე.
ჩემი ქმარი სოხუმიდანაა დევნილი. 11 წლის იყო რომ წამოვიდნენ და უკრაინას შეაფარეს თავი. ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს. გვიან დატოვეს იქაურობა და ომის ეპიცენტრში მოხვდნენ. აქ ნოლიდან დაიწყეს ყველაფერი.
ომი დაიწყო თუ არა, ყველა ტრავმა განუახლდა. საშინელ ნერვებზე იყო. ამბობდა ახლავე უნდა წავიდეთ, ჩემმა შვილებმა იგივე არ უნდა ნახონო. 3 მარტს წამოვედით.
ხუთი შვილი გვყავს: ოთხის, ექვსის, რვა, თორმეტი და თხუთმეტი წლის. მთლიანობაში, კიდევ უფრო მეტნი ვართ: ჩვენ შვიდნი და კიდევ ჩემი ქმრის და, ძმა, დედა და მათი ორი შვილი. მოკლედ, სულ 12-ნი. ყველანი ერთად წამოვედით.
თექვსმეტი წლის ვიყავი, ერთმანეთს რომ შევხვდით და 17 წლისას უკვე პირველი ბიჭი მეყოლა. სულ ახლახანს დავამთავრეთ რემონტი, ახალი ავეჯი ვიყიდეთ და როგორც იქნა მოვეწყვეთ. ყველაფერი დავტოვე და წამოვედი.
ქალაქში ნაცნობის მანქანით ჩავაღწიეთ. ბედზე „მარშრუტკის“ კეთილ მძღოლს გადავეყარეთ. საერთოდ სხვა გზით მიდიოდა, მაგრამ ჩაგვისვა და ჯერ ჩვენ მიგვიყვანა სადგურზე.
აქაც გაგვიმართლა – ლვოვის სულ ბოლო მატარებელზე აღმოვჩნდით. ჩვენს მერე, დღეების განმავლობაში მოუწიათ ადამიანებს ლოდინი.
ლვოვში საშინელება დაგვხვდა. წვიმა, სიცივე და გადაჭედილი სადგური. წივილი, კივილი, გრძელი რიგები. ბავშვებს ვებღაუჭებოდი, მეშინოდა, არ დამეკარგა რომელიმე. მოხალისეებს ვეძებდი.
პოლონეთის მატარებელზე უსასრულო რიგი იყო. ავტობუსის ერთი ბილეთი 500 ჰრივნია ღირდა. ჩვენ სულ 1000 გვქონდა და 12-ნი ვიყავით.
ერთ მოხალისეს შევეხვეწე: შვიდი ბავშვი მყავს, ყველაზე უმცროსი სამი წლის, გეწვეხები დამეხმარე-მეთქი. ან ავტობუსის ბილეთები უნდა იყიდოთ, ან მატარებლის რიგში ჩადგეთო. სხვა ვერაფრით დაგეხმარებითო.
ჩავდექით რიგში. უცებ ვხედავ ეს ბიჭი ჩვენსკენ მორბის. გაგიყვანთო, ამდენი ბავშვით ასე როგორ დაგტოვოთო. მოგვკიდა ხელი და ურიგოდ მიგვიყვანა მატარებლამდე.
მატარებელში ჩემი ქმარი არ შემოუშვეს. კაცები ცალკე მატარებლით უნდა წავიდნენო. ბავშვები ტირიან. მე ვიცოდი, რომ ჩემი ქმრის გარეშე არსად წავიდოდი. კონტროლიორს ვუხსნი, რომ ჩემი ქმარი საქართველოს მოქალაქეა და შეუძლია ქვეყნის დატოვება. მაგ შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მატარებელს უნდა დაელოდოთო.
ექვსი საათი ველოდებოდით უცხოელების მატარებელს. მოხალისეებს ცხელი ჩაი და პეჩენიები მოჰქონდათ.
როგორც იქნა მოვიდა მატარებელი და ჩავაღწიეთ პოლონეთში. საოცრება იყო – სათამაშოებით, საჭმელით და ტკბილეულით დაგვხვდა ხალხი. წარმოუდგენელი გვერდში დგომა ვიგრძენი პოლონელებისგან.
და შემდეგ მთავარი უბედურება დაიწყო. ჩემი ქმრის მთელ ოჯახს საქართველოს პასპორტი აქვს, ამიტომ მათ მაშინვე აუღეს ბილეთები საელჩოში. მე, როგორც უკრაინის მოქალაქეს ვერ მიყიდნენ ბილეთს. ამასობაში, აღმოჩნდა, რომ მეხუთე ბავშვი არ მყავს დარეგისტრირებული პასპორტში და ბილეთი რომც ვიყიდო, არ შემიშვებენ მასთან ერთად.
უკრაინის საელჩოს მივაკითხე – ვერაფრით დამეხმარნენ. ყველაფერი გაყინულია, მინიმუმ მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში ვერავინ დაარეგისტრირებს თქვენს შვილსო.
გამოვედი გარეთ, ვზივარ ქუჩაში და ვტირი. ამ დროს, ერთი პოლონელი კაცი მომიახლოვდა. რამით ხომ არ შემიძლია დაგეხმაროთო. მოვუყევი ჩემი ამბავი. მთელი ოჯახი მიფრინავს, მე კიდევ ხუთი ბავშვით მარტო ვრჩები-მეთქი აქ.
არ ვიცი რა გააკეთა – მოიარა ყველა საელჩო და საკონსულო და საბოლოოდ, საქართველომ დაგვრთო ნება ხუთივე ბავშვით გავფრენილიყავი.
ბილეთების ფულიც მან შეგვიგროვა. მეგობრებს ჩამოურეკა და ყველამ ერთად შეაკოწიწა 1000 დოლარი – ჩემი და ბავშვების ბილეთების ფული.
ეს ადამიანი ალბათ ღმერთმა გამოგვიგზავნა საჩუქრად. მთელი ცხოვრება მისი მადლიერი ვიქნები.
15-ში ჩამოვფრინდით თბილისში. სრულიად უცხო ადამიანებმა პირდაპირ აეროპორტიდან წაგვიყვანეს საკუთარ სახლში. შემდეგ სასტუმრო გვიპოვეს და მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ, სასტუმრო „პრესტიჟში.“
მალევე მიმღებში ვიკითხე, სამუშაო ადგილი თუ ჰქონდათ თავისუფალი. ერთი საათიც არ იყო გასული, რომ სამუშაოდ დაგვიბარეს მე და ჩემი რძალი. ერთი დღე რესტორანში ვმუშაობთ, მეორე დღეს ჭურჭელს ვრეცხავთ.
მთავარია, ჭერი გქვონდეს თავზე. სხვას არაფერს ვჩივით. საქართველო ყველა მხრივ გვეხმარება – სასტუმროში უფასოდ ვცხოვრობთ. ჯანმრთელები ვართ, მუშაობა შეგვიძლია და ყველაფერს გავაკეთებთ, რისი შანსიც გვექნება.
ამ სასტუმროში 10 ივნისამდე ვართ. შემდეგ არ ვიცით, რა იქნება. ბინას ვეძებთ, რომ ვიქირაოთ, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს. 600 დოლარიდან იწყება ფასები. ამხელა თანხა საიდან მოვიტანო?
არადა, ბავშვებს სახლი უნდათ. ყოველ დღე მეკითხებიან: დედა, ჩვენი სახლი როდის გვექნება?
ოლგა კარპენკო, 59
ხარკოვი
24 თებერვალს, 05:13 წუთზე გავიგე აფეთქების ხმა. შორს იყო, მაგრამ ძალიან კარგად გავიგეთ. ჩემი შვილი შემოვარდა ოთახში ყვირილით, ომი დაიწყოო.
ვიცოდით, რომ ომი დაიწყებოდა, მაგრამ იმას, რაც მოხდა, მაინც ვერავინ წარმოიდგენდა.
მაშინვე სარდაფში ჩავცვივდით მე, ჩემი შვილი და შვილიშვილი. სამი დღე იქ ვიმალებოდით. ჩემმა შვილმა ვერ გაუძლო – უნდა წავიდეო. ბავშვთან ერთად პოლონეთში წავიდა.
მე არ მოვდიოდი. ასაკოვანი მშობლები მყავს და არ ვტოვებდი. შემდეგ, მარტის პირველ რიცხვებში, ძალიან ახლოს ჩაგვიფრინა თვითმფრინავმა და საშინელი აფეთქებები დაიწყო.
ეს იყო ბოლო წერტილი. ძალიან შემეშინდა. შვილებიც მეხვეწებოდნენ დამეტოვებინა იქაურობა. მოვკიდე ჩვენს კატას ხელი და წამოვედი. სხვა ვერაფერი წამოვიღე. მე და ჩემი კატა წამოვედით ერთად, კუზია.
პოლონეთში ჩავედი ჩემს შვილთან. მოხალისეების დახმარებით ვიპოვეთ საოცარი ადამიანი – მარტინა, რომელმაც უვადოდ, უსასყიდლოდ დაგვითმო თავისი ბინა.
მაგრამ იქ დიდხანს ვერ დავრჩებოდით. ენა არ ვიცოდით და სამსახურის პოვნა ძალიან გვიჭირდა.
ჩემი უფროსი გოგო დიდი ხანია ბათუმში ცხოვრობს. ბარი აქვს ძალიან პოპულარული – „პატიბარ11“. გადავწყვიტეთ, ბათუმში წამოვსულიყავით მასთან.
აქ ერთმა ბიჭმა, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ასევე უვადოდ და უსასყიდლოდ დაგვითმო თავისი ბინა. პოლონელები და ქართველები ნამდვილად ჩვენი ძმები არიან.
რემონტი გავაკეთეთ, კედლები შევღებეთ და მოვეწყვეთ. ბარში ჩემს უფროს გოგოს ვეხმარებით.
მე პროფესიით ბავშვების მასაჟისტი ვარ. სოციალურ ქსელში გავავრცელეთ ინფორმაცია და უკვე დავიწყე მუშაობა. ორი პაციენტი მყავს – 6 თვის და 9 თვის.
ბათუმში ბევრი რუსულენოვანი ადამიანია: უკრაინელები, ბელარუსები, რუსები. ერთ-ერთი ოჯახი, რომელთანაც ვმუშაობ, პეტერბურგიდანაა, მაგრამ ჩვენკენ არიან, უკრაინას უჭერენ მხარს. სხვა შემთხვევაში, მათთან ვერ ვიმუშავებდი.
ახლა ყველა ერთად ვართ აქ. ჩემი მშობლებიც ჩამოვიდნენ. ჩვენი კატაც აქ არის.
ყოველთვის ზღვასთან ახლოს ცხოვრებაზე ვოცნებობდი. ახლა, თითქოს ეს ოცნება ამიხდა. ზღვა ჩვენი სახლიდან 200 მეტრშია, მაგრამ ვერ ვგრძნობ ბედნიერებას.
ყველა ჩვენს დახმარებას და გვერდში დგომას ცდილობს. ჩვენც, ჩვენი მხრივ ვცდილობთ ცხოვრება გავაგრძელოთ. ვმუშაობთ და მშვიდად ვართ. დასვენების დღეებში ბოტანიკურ ბაღში დავდივართ, დელფინარიუმშიც ვიყავით, მაგრამ მაინც, სულ საოცარი სევდა დამყვება თან.
უკრაინელები საქართველოში