არასამთავრობო ორგანიზაციები მკაცრად აკრიტიკებენ საქართველოს პრემიერს კრემლისთვის მიწერილი წერილის გამო
საქართველოში მოღვაწე 12 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთის მიმარ “რეალობის ადეკვატური” არ არის.
ევროატლანტიკურ კოალიციაში შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს სპეციალური განცხადება, სადაც გააკრიტიკეს საქართველოს პრემიერ-მინისტის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებისადმი 9 მარტს გაგზავნილი მიმართვა. მათი თქმით, პრემიერის განცხადება „რთულად გასაგები“ და „ბუნდოვანი გზავნილების“ შემცველია, „რაც საზოგადოებაში დაბნეულობას და უმწეობის შეგრძნებას იწვევს“.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება არ გახლავთ შექმნილი მდგომარეობის ადეკვატურად ამსახველი და უფრო იმ მთავრობის განაცხადს ჰგავს, რომელსაც არ აქვს კონკრეტული გეგმა, გაუმკლავდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების გამოწვევებს“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
მათივე თქმით, პასუხი, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსკოვიდან მიიღო, „თავისი შინაარსით ცინიკური და იმავდროულად, საფრთხის შემცველია“.
მოსკოვის პასუხი კვირიკაშვილის განცხადებაზე
9 მარტს კრემლში გაგზავნილ წერილზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პასუხი 13 მარტს მიიღო. განცხადებაში, რომელსაც რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს, ნათქვამია, რომ მოსკოვი „ყურადღებით გაეცნო“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას და „კმაყოფილებით აღნიშნავს“ მასში გამოხატულ განწყობას ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პროცესის გაგრძელებისა და გაღრმავების თაობაზე.
„არავის უნდა ჰქონდეს ეჭვი, რომ რუსეთი, ისევე როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობების გაჯანსაღებით და მზად არის, წავიდეს იმდენად შორს, რამდენადაც ამისთვის მზად იქნებიან თბილისში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის „სწრაფვა“ ჟენევის დისკუსიებში პროგრესის მიღწევისაკენ „აჩენს იმედს“, რომ მარტის ბოლოს დაგეგმილ მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზე ქართული მხარე „კონსტრუქციულ“ მიდგომას გამოიჩენს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ „შეუძლებელია არ მიესალმოს“ სოხუმთან და ცხინვალთან „პირდაპირი დიალოგისკენ“ კვირიკაშვილის „დეკლარირებულ სწრაფვას“.
„სწორედ ეს არის ერთადერთი რეალური გზა იმ საკითხების მოსაგვარებლად, რომელიც საქართველოს აღელვებს და რომელიც რუსეთ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგს სცდება. ეს, კერძოდ, საქართველოს მოქალაქესთან არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ უკანასკნელ სამწუხარო ინციდენტსაც ეხება“, – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო კოალიციის წევრები საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის შექმნილ აბაშიძე-კარასინის ფორმატსაც აკრიტიკებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისაგან განსხვავებით, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით მიმდინარეობს, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკებები „გაუმჭვირვალეა“ და აჩენს კითხვებს, „თუ რა საკითხები განიხილება დახურულ კარს მიღმა და რა მნიშვნელოვანი შედეგები იქნა ან ვერ იქნა მიღწეული ამ აქტივობის შედეგად და რატომ“. (რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის რეგულარული შეხვედრები რუსეთ-საქართველოს პირდაპირი დიალოგის ერთდერთი დღეს არსებული ფორმატია_JAMnews).
„საერთაშორისო აქტორების გარეშე ამგვარი გაუმჭვირვალე დიალოგის ფორმატი, შესაძლოა, მნიშვნელოვანი რისკის შემცველი იყოს საქართველოს ინტერესებისათვის“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და მოუწოდებენ მთავრობას, „მიაწოდოს საზოგადოებას კონკრეტული ინფორმაცია რუსეთთან სამომავლო ურთიერთობებისა და ამ მხრივ არსებული გამოწვევების მოგვარების ხედვასთან და შესაბამის გეგმებთან დაკავშირებით“.
ევროატლანტიკური კოალიციის წევრები ასევე მმართველ გუნდს და პარლამენტში შემავალ ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ “გვერდზე გადადონ უთანხმოებები და უმოკლეს დროში მიიღონ რეზოლუცია, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე მკაცრი რეაგირებისა და სანქციების ინსტრუმენტი იქნება.
ასეთი რეზოლუციის პროექტი უკვე მომზადებული აქვს ოპოზიციურ პარტიას “ევროპულ საქართველოს“. მათი ინიციატივაა, შეიქმნას ე.წ. “მაგნიტსკის სიის” მსგავსი “ოთხოზორია–ტატუნაშვილის სია”, რომელშიც მოხვდებიან ის პირები, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე _აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანების გატაცებასა და მკვლელობაში არიან ეჭვმიტანილნი და ამ პირთა მიმართ ამოქმედდეს კონკრეტული სანქციები.
• საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მოსკოვისთვის გაგზავნილ განცხადებას, წინ უძღოდა ცხინვალში განვითარებული დრამატული ინციდენტი. 23 თებერვალს ცხინვალის ციხეში გაურკვეველ და ბუნდოვან ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ამ დრომდე უარს ამბობს ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემაზე, რაც კიდევ უფრო მეტად აღრმავებს თბილისის ეჭვს, რომ ტატუნაშვილი გარდაიცვალა არა გულის უკმარისობით, როგორც ამას ცხინვალი ამტკიცებს, არამედ ძალადობის შედეგად.