საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას წერილით მიმართავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს სპეციალური განცხადებით მიმართა რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებას.
კვირიკაშვილი თავის განცხადებაში კრემლს მოუწოდებს ერთობლივი ნაბიჯები გადაიდგას ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საკითხთან დაკავშირებით.
“მივმართავ რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელისუფლებას, რათა დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით, გადავდგათ ერთობლივი ნაბიჯები აღნიშნული რთული ვითარების დასაძლევად”, – ნათქვამია განცხადებაში.
“სამწუხაროდ, დღეს რთული რეალობის წინაშე ვდგავართ. ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები აღვადგინეთ, მაგრამ ტრაგიკული მოვლენების ჯაჭვი დღესაც გრძელდება. ეს ძირს უთხრის ქართულ-რუსულ ურთიერთობათა მოწესრიგების პერსპექტივას. ამის ბოლო ტრაგიკული მაგალითია ორი კვირის წინ ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში ჩვენი მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი, რომლის ცხედრის გადმოცემაც კი, მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების, კათოლიკოს-პატრიარქისა და საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი მცდელობისა, აქამდე ვერ მოხერხდა ოჯახისათვის”, – აღნიშნულია პრემიერის განცხადებაში.
კვირიკაშვილი თავის განცხადებაში გამოთქვამს სურვილს, რომ საქართველომ და რუსეთმა უნდა მოახერხონ 2008 წლის ომის შემდეგ არსებული დაძაბული ურთიერთობების გამოსწორება. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ მხარეები აღარ შეხვდებიან ომის 10 წლის თავს ურთიერთბრალდებებით, არამედ:
“გადავდგათ გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები ამ მოჯადოებული წრიდან ჩვენი ურთიერთობების გამოსაყვანად”, – მოუწოდებს საქართველოს პრემიერი კრემლს.
რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებისადმი მიმართვაში კვირიკაშვილი გამოთქვამს აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზაობასაც და ამ მიმართულებით რუსეთის მხრიდან კოსტრუქციულ პოზიციას ელის:
“მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა”, – წერია განცხადებაში.
საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების რეალური პროგრესით და მზადაა პირადად ჩაერთოს ამ პროცესში.
რა შეფასებები მოჰყვა კვირიკაშვილის განცხადებას
თუ მმართველი გუნდის წევრები პრემიერის წერილს “ძალიან დროულ, საქმიან და რეალობიდან ნაკარნახევ” განცხადებად აფასებენ, ოპოზიცია მას “კაპიტულანტურ წერილს” უწოდებს.
“კაპიტულანტური წერილი”, “საკუთარი უსუსურობის აღიარება”, “არათანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი” – სწორედ ასეთი შეფასებები გაკეთდა დღეს კვირიკაშვილის განცხადებაზე ოპოზიციისა და ექსპერტების ნაწილის მიერ.
ზოგი იმასაც კი ამბობდა, რომ ამ განცხადების შემდეგ პრემიერი უნდა გადადგეს:
“რესპუბლიკური პარტიის” წევრი ლევან ბერძენიშვილი:
“ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აღიარებს მის უსუსურობას… თუ უფრო მეტ დათმობაზე წასვლა შეუძლია საქართველოს, მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმაზე უნდა იფიქროს, რომ გადადგეს და მოვიდეს ვინმე, ვინც უფრო კარგად იცის და შეუძლია რამის გაკეთება. საქართველოს რუსეთთან დასათმობი აღარაფერი აქვს. რუსეთი არის ოკუპანტი, და რა მოლაპარაკებაზეა საუბარი საერთოდ? რაზე უნდა მოილაპარაკონ?! … პრემიერმა მოიჭრა თავი. როგორც ვხედავთ არ გადმოგვცემენ ცხედარს იმიტომ, რომ თავისი ხუშტურები აქვთ რუსებს და დაგვცინიან… წარმოუდგენელია საერთოდ რა შეთავაზებაა. ჩემი აზრით, ამას სასწრაფოდ უნდა მოყვეს მისი გადაყენება“.
გიორგი ბარამიძე “ნაციონალური მოძრაობა”:
”ამ განცხადებით ხელგაწვდილის და დამცირებულის პოზიციიდან გამოჩნდა საქართველოს ხელისუფლება, რაც არასასიამოვნო ემოციას ბადებს. გაუგებარია რას გულისხმობს პრემიერ-მინისტრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას კიდევ საქართველომ, რომ თავისი ინტერესები დაიცვას. მე ვფიქრობ, უფრო უპრიანი იქნებოდა პრემიერ-მინისტრს საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიემართა და შეეხსენებინა რუსეთისთვის, რომ არსებობს საერთაშორისო ვალდებულებები. ასე საწყლად, ასეთი ტონის განცხადება, მითუმეტეს ისედაც რუსეთი საქართველოს შეურაცხყოფისგან თავს არ იკავებს, შეუსაბამოა. თავის მოსაწყლებით, თავჩაქინდრულის პოზიციიდან ლაპარაკი და დამეხმარეს ტონი, არ ჭრის რუსეთთან. ტყუილად არ არის ნათქვამი – ”მოსკოვს ცრემლების არ სჯერა”.
გიგა ბოკერია, “ევროპული საქართველო”:
”ეს მიმართვა არ მოიტანს არანაირ სერიოზულ შედეგს. პუტინის მიმართ ასეთი მიმართვებით რომ იცვლებოდეს რუსეთის პოლიტიკა, ეს უკვე მოხდებოდა. ივანიშვილის მთავრობა მოვიდა ცრუ დაპირებით, რომ დაალაგებდა ურთიერთობას რუსეთის ხელისუფლებასთან და თან ამას იზამდა ძალიან სწრაფად. დადასტურდა, რომ ეს იყო ცრუ დაპირება და იმ პოლიტიკით, რომელიც მათ გაატარეს, საუბარია მაღალი რანგის დღის წესრიგიდან საქართველოს საკითხის მოხსნაზე, დააზიანა საქართველოს ინტერესები. მათ უნდა მიეცათ აქტიური რეაქცია ოთხოზორიას საზარელ მკვლელობაზე, თუმცა ეს არ გააკეთეს და ახლაც არიან არათანმიმდევრულები. ასე ”მგლის თავზე სახარების კითხვით”, რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება”.