სამხრეთ ოსეთის მილიციაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა
23 თებერვალს ღამით ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა, რომელიც წინა დღეს სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა ლენინგორის/ახალგორის რაიონში დააკავეს.
სამხრეთ ოსეთის КГБ-ს ცნობით, ის სავარაუდოდ, 2008 წლის ომში საქართველოს მხარეს იბრძოდა და „ოსების გენოციდში“ მონაწილეობდა. უწყება ირწმუნება, რომ დაკავებულმა კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, ხოლო იზოლატორში გადაყვანისას წინააღმდეგობის გაწევა და ერთ-ერთი თანმხლები თანამშრომლისთვის იარაღის წართმევა სცადა.
„აღნიშნული მცდელობა აღკვეთილ იქნა ბადრაგის პასუხისმგებლიანი ქმედებებით, რომლებმაც მის მიმართ ფიზიკური ძალა და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს. ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბეზე დაეცა, რის შედეგადაც ტრავმები მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადეს სამხრეთ ოსეთის КГБ-ში.
ოსი ძალოვანები ამტკიცებენ, რომ საავადმყოფოში ეჭვმიტანილს ყველანაირი აუცილებელი დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ, ის გარდაიცვალა.
საქართველოს მოქალაქის ცხინვალში დაღუპვის თაობაზე რეაგირება მოახდინა საქართველოს უშიშროების სამსახურმა – უწყებაში განაცხადეს, რომ მათ ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებისა და რუსული საოკუპაციო ძალებისგან ტატუნაშვილის დაკავებისა და სიკვდილის შესახებ მთელი ინფორმაცია გამოითხოვეს.
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახური თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარებმა მომხდარზე დაუყოვნებლივ მოახდინონ რეგირება. ასევე, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ექსპერტები გვამის დასათვალიერებლად დაუშვან, – განაცხადეს უწყებაში.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა მომხდარზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციასა და ოკუპაციურ რეჟიმს დააკისრა. მან განაცხადა, რომ ტატუნაშვილის დაკავება უკანონობა იყო და ის „გაურკვეველ ვითარებაში“ დაიღუპა.
„სამწუხაროდ, კიდევ ერთი ადამიანი გახდა ოკუპაციური რეჟიმის მსხვერპლი“, – განაცხადა ციხელაშვილმა და გარდაცვლილის ახლობლებს მიუსამძიმრა.
მინისტრის თქმით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულები არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიის თანათვმჯდომარეები.
რადიო „თავისუფლება“ , თავის წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ არჩილ ტატუნაშვილი ახალგორის რაიონის სოფელ ყანჩავეთში ცხოვრობდა, საზღვარს თავისუფლად კვეთდა და მანამდე ადგილობრივ ოს ძალოვანებთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. თუმცა, უშუალოდ დაკავების წინ მას ადგილობრივ სამართალდამცავებთან ჩხუბი მოუვიდა.
რაც შეეხება მის მიმართ ბრალდებას, „თავისუფლების“ წყარო ადასტურებს, რომ ის 2008 წელს მართლაც მსახურობდა ქართულ ჯარში, თუმცა ომის მომენტში ირანში მისიით იმყოფებოდა და საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.
საქართველოს ახალგორის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუგზარ თინიკაშვილმა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხს განუცხადა, რომ ტატუნაშვილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ახალგორში ხშირად მიემგზავრებოდა და იქ ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობდა.
„მის მიმართ რაიმე კითხვები რომ ყოფილიყო, ან საბრძოლო მოქმედებებში აქტიური მონაწილეობა რომ ჰქონოდა მიღებული, იქ არ გაემგზავრებოდა“, – მიაჩნია თინიკაშვილს.
ოპოზიციური პარტიის დეპუტატი სერგი კაპანაძე დღეს პარლამენტში გამოვიდა წინადადებით, რომ, „მაგნიტსკის სიის“ ანალოგიით, შედგეს „ოთხოზორიას სია“.
[su_quote]საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორია აფხაზეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე აფხაზმა მესაზღვრეებმა 2016 წელს მოკლეს, მის მკვლელობაში ეჭვმიტანილის წინააღმდეგ გამოძიება შეწყდა.[/su_quote]
სიაში უნდა შევიდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოკლული საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასთან დაკავშირებული ყველა პირი, – მიაჩნია სერგი კაპანაძეს.
ის გამოვიდა წინადადებით, რომ მოხდეს შეთანხმება საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან იმ პირთა მიმართ ინდივიდუალური სანქციების დაწესებისა და მათი სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე, ვინც ამ სიაში შევა. ასევე, მისი წინადადების თანახმად, ამ სიაში შესულებს არ შეეძლებათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო პროგრამებით სარგებლობა, მათ შორის – არც ჯანდაცვის პროგრამით.