ბირთვული დარტყმა, კონტრშეტევა, ცეცხლის შეწყვეტა? უკრაინაში ომის პროგნოზები
დასავლელი ექსპერტები უკრაინის ომის შესახებ
თუ რუსეთი გამოიყენებს ატომურ იარაღს უკრაინაში, ის მიიღებს დასავლეთისგან დამღუპველ „ძლიერ არაბირთვულ პასუხს“ , ამბობს ბენ ჰოჯესი, ევროპაში შეერთებული შტატების სახმელეთო ძალების ყოფილი მეთაური.
9 მაისს , როგორც ომში რაღაც გარდამტეხ მომენტს, ბევრი ელოდა – ფაშიზმზე გამარჯვების დღის საპატივცემულოდ, რუსეთის ჯარები რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას შეეცდებოდნენ, ან ვლადიმირ პუტინი გამოიყენებდა დღესასწაულს ომის ან საერთო მობილიზაციის გამოცხადებისთვის.
მაგრამ არც ერთი, არც მეორე არ მოხდა.
დასავლელი სამხედრო ანალიტიკოსები უკრაინულ გამოცემაში Hromadske მსჯელობენ იმაზე, თუ რა არის პუტინის სამხედრო გეგმები უკრაინაში და როგორ შეიძლება დასრულდეს ეს ომი.
“დონბასისთვის ბრძოლა პუტინის დამარცხებით დასრულდება”
ჯონ ჰერბსტი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში (2003-2006), ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი:
ერთადერთი, რაც ახლა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ პუტინს მოუნდება რაღაც გამარჯვების მსგავსის დემონსტრირება მაინც.
ამავდროულად, ჩვენ გვესმის, რომ რეალურად მას ამჟამად არ აქვს შესაძლებლობა მიაღწიოს სასურველ წარმატებას, გარდა მარიუპოლისა.
დონბასისთვის ბრძოლა პუტინის მარცხით დასრულდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის აღიარებს ამ დამარცხებას – პირიქით.
აქვე მინდა აღვნიშნო: თუ შეერთებული შტატები და დასავლეთის ქვეყნები უკრაინას მიაწვდიან ყველა იმ იარაღს, რასაც უკრაინა ითხოვს, რაც შეიძლება მალე, გაიზრდება კიევის შანსები დაიბრუნოს კონტროლი რაც შეიძლება მეტ ტერიტორიებზე.
რაღაც მომენტში, პუტინს ან მმართველ ელიტას მოუწევს აღიაროს, რომ ეს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ წარუმატებელი იყო, იმის გათვალისწინებით, თუ რა ზიანს აყენებს ომი მათ და რუსეთს.
თუმცა, თუ ეს მოხდება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი გაიყვანს უკრაინის მთელ ტერიტორიიდან, ეს ნიშნავს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას იმ მასშტაბით, რასაც ახლა ვხედავთ.
არსებობს რისკი, რომ რუსეთი 24 თებერვლამდე ოკუპირებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებს.
აქ ძიღითადად ორი ვარიანტი განიხილბა. პირველი არის უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა, სადაც არ უნდა იყოს სადემარკაციო ხაზი იმ მომენტში.
ეს ვარიანტი არ აიძულებს მოსკოვს აღიაროს, რომ ის მართალი არ იყო და ამავდროულად, ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული ყველა სანქცია ძალაში რჩება და ეს მისთვის ძალიან წამგებიანი იქნება.
კიდევ ერთი სცენარი არის ომის რეალური დასრულება, რუსული ჯარების გაყვანა მთელი უკრაინის ტერიტორიიდან, შესაძლოა, ყირიმის გარდა (ამ საკითხის გადაწყვეტა მოგვიანებით იქნება შესაძლებელი) და ყველა შეტევითი ოპერაციის დასრულება.
ამას, ვფიქრობ, სანქციების უმეტესობის მნიშვნელოვანი შემსუბუქება, თუ არა მოხსნა დასჭირდება. რუსეთისგან მხოლოდ იმის გაცნობიერება და აღიარება იქნება საჭირო, რომ ეს ახალი შემოჭრა მისთვის კატასტროფა გახდა.
თუ პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს
ბენ ჰოჯესი, ევროპაში შეერთებული შტატების ძალების ყოფილი მეთაური, ვაშინგტონის ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის წამყვანი ექსპერტი:
…ფაქტობრივად, ვფიქრობ, რუსებს ჯერ კიდევ აქვთ ორიოდე თვე, სანამ იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე ბრძოლის გაგრძელების უნარი ამოიწურებათ.
ისინი არავითარ შემთხვევაში არ აღიარებენ დამარცხებას და შეეცდებიან რაიმე მოჩვენებითი გამარჯვების შექმნას: იტყვიან, რომ მათ უკრაინის ასეთი დიდი ტერიტორიები ნაცისტებისგან გაათავისუფლეს.
შესაძლოა, პუტინმა განაგრძოს საუბარი ბირთვულ იარაღზე, დაიმუქროს მისი გამოყენებით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გააკეთოს.
თუკი ის ამას გადაწყვეტს, ვფიქრობ, მან იცის, რომ დასავლეთისგან მიიღებს მძლავრ არაბირთვულ პასუხს, რომელიც გაანულებს რუსეთის ყველა მიღწევას უკრაინაში.
რა მოხდება “დონბასისთვის ბრძოლის” შემდეგ? სავარაუდოა, რომ რუსები შეეცდებიან შეცვალონ ომის დინამიკა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებით. ჯერჯერობთ ეს არ ჩანს, მაგრამ თუ პუტინი ამას გადაწყვეტს, ეს მას რაიმე მნიშვნელოვან უპირატესობას არ მისცემს.
ვფიქრობ, პუტინის გარემოცვაშიც არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ პუტინის შემდეგ მათ ქვეყანაში სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს.
უკრაინის ომში გამარჯვება სამი კომპონენტისგან შედგება.
პირველ რიგში რუსების დაბრუნება იმ საზღვრებში, სადაც 23 თებერვალს იყვნენ. რუსებს არ უნდა მიეცეთ უფლება შეინარჩუნონ კონტროლი უკრაინის რომელიმე ტერიტორიაზე, რომელიც 24 თებერვლის შემდეგ იქნა აღებული.
ამიტომ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იყოს საკმარისად ძლიერი.
მეორე, ჩვენ უნდა ავიღოთ გრძელვადიანი ვალდებულებები უკრაინის სუვერენიტეტის საბოლოო და სრული აღდგენის თაობაზე, ანუ ყირიმისა და დონბასის დაბრუნებაზე კიევის კონტროლის ქვეშ.
და მესამე, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ათიათასობით უკრაინელი, რომლებიც გაიტაცეს და გადაასახლეს რუსეთში, დაუყოვნებლივ დაბრუნდნენ სახლში.
ვინ იცის, როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი? ვინც ცდილობს ისაუბროს რაიმე სახის ვადებზე, წარმოდგენა არ აქვს რაზე საუბრობს.
თუ უკრაინას ყველა საჭირო მხარდაჭერას გავუწევთ, მაშინ მისი წარმატება შესამჩნევი იქნება მისი ტერიტორიიდან რუსების გაძევებით მიმდინარე წლის ბოლომდე.
მაგრამ რაღაცის პროგნოზირება შეუძლებელია – აქ ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ეს, რა თქმა უნდა, სწრაფად არ დამთავრდება.
შემდეგი ეტაპი უკრაინული ძალების კონტრშეტევაა
ლოურენს ფრიდმანი, ლონდონის კინგს კოლეჯის სამხედრო კვლევების საპატიო პროფესორი:
…ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება პუტინისთვის უფრო აზრიანი იქნებოდა, ვიდრე ესკალაციის ახალი ფორმების ძიება ან იგივე ბირთვული ან ქიმიური იარაღით მუქარის გამოყენება. ეს მას არანაირად არ დაეხმარება, მხოლოდ გააუარესებს მის მდრომარეობას.
ეს ყველაფერი არ წყვეტს რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო პრობლემებს, მხოლოდ ახალ, ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის.
კიევიდან უკანდახევა რუსებმა მშვიდობის ერთგვარი ჟესტით, სამშვიდობო მოლაპარაკებების მხარდაჭერით გაამართლეს. მათ იციან, რომ წარმატებას ვერ მიაღწიეს, მაგრამ როგორ წარმოაჩენენ ამას, სხვა საკითხია.
ამასთან, ახლა ისინი აშკარად ვეღარ გაიმარჯვებენ, ყოველ შემთხვევაში ისე, როგორც სურდათ 24 თებერვალს.
ორივე მხარისთვის ომი შეიძლება ჩიხით დასრულდეს: ძნელია საომარი მოქმედებების ასეთი მაღალი ინტენსივობის შენარჩუნება …
არა მგონია, რუსებმა ამ ტემპის შენარჩუნება რამდენიმე კვირაზე მეტხანს შეძლონ. ისინი კარგავენ დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკას.
ომის შემდეგი ეტაპი, რომელსაც ვხედავ, არის უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა. ეს ნიშნავს, რომ ფრონტის ზოგიერთ ნაწილში ისინი აღმოჩნდებით თავდაცვითი უპირატესობის მქონე რუსული ძალების წინააღმდეგ და ეს შეიძლება რთული იყოს…
… შეუძლია თუ არა უკრაინას კონტროლის აღდგენა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კერძოდ დონეცკსა და ლუგანსკზე? ვფიქრობ, შესაძლებელია. ყირიმში ძალიან რთული იქნება, მაგრამ ყველაფერი შესაძლებელია…
… დროთა განმავლობაში უპირატესობა აუცილებლად უკრაინის მხარეზე იქნება.
ჩვენ ვერ ვხედავთ დინამიურ ცვლილებებს ბრძოლის ველზე (გარდა ჩრდილოეთიდან რუსული ჯარების გაყვანისა).
თუმცა, ახლა ცვლილებები შეიძლება მოხდეს უკრაინის კონტრშეტევის წყალობით და ეს ძალიან სწრაფად მოხდეს. დამარცხებული ჯარი ზოგჯერ საკმაოდ სწრაფად ჩამოიშლება ხოლმე.