სომხეთში ალიევის განცხადებას განიხილავენ. ალიევის თქმით, ერევანი აზერბაიჯანის ისტორიული მიწაა
ფოტო: გევორგ კაზარიანი, JAMnews
აზერბაიჯანის პრეზიდენტი სენსაციური განცხადებით გამოვიდა – მან თქვა, რომ სომხეთის დედაქალაქი ძირძველი აზერბაიჯანული მიწაა. სომხეთის მედიას ილჰამ ალიევის ამ გამოხდომისთვის ყური არ წაუყრუებია და პარტია „იენი აზერბაიჯანის“ VI ყრილობაზე პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს პრაქტიკულად ყველა მათგანი ციტირებდა:
„ერევანი – ეს ჩვენი ისტორიული მიწა-წყალია, და აზერბაიჯანელები ამ მიწებზე უნდა დავბრუნდეთ. ეს ჩვენი პოლიტიკური და სტრატეგიული მიზანია და მას ეტაპობრივად უნდა მივუახლოვდეთ“.
სომხეთში ამას ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური რეაქცია მოჰყვა. საზოგადოების, პოლიტიკოსების და ექსპერტების ნაწილი გულწრფელად აღშფოთდა, დანარჩენებმა ეს განცხადება ჩვეულებრივ პროპაგანდად შეაფასეს, ვიღაცამ ალიევის სიტყვები მხოლოდ სიცილის მომგვრელ სისულელედ მიიჩნია – თუმცა, გაისმა მოწოდებებიც, რომ ამ ინციდენტის იგნორირება არ შეიძლება და საჭიროა მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტის წინასაარჩევნო სიტყვისა და „სტრატეგიული მიზნების“ გაანალიზება. მით უმეტეს, რომ ის ამ თანამდებობაზე დარჩენას კიდევ დიდხანს აპირებს.
გთვაზობთ სომხეთის მედიაში გამოქვეყნებულ კომენტარებს.
პირველი ტენდენცია: ეს აგრესიული წინასაარჩევნო განცხადება ადგილობრივ საზოგადოებაზეა გათვლილი.
მიგრან აკოპიანი, სომხეთის მმართველი რესპუბლიკური პარტიის დეპუტატი:
ამ ქვეყნის ხელმძღვანელს საკუთარი ხალხისთვის პრაქტიკულად სხვა არაფერი აქვს სათქმელი. იმ ფონზე, როდესაც მან ამ წლების განმავლობაში იმდენი ნავთობი გაყიდა, რომ შეეძლო, სერიოზული, კონკურენტუნარიანი ეკონომიკის მქონე ქვეყანა აეშენებინა. მაგრამ, ასე არ მოხდა და ახლა ყველასათვის ნათელია, რომ არც მოხდება. ამ ვითარებაში ალიევს ისღა დარჩენია, ამგვარი განცხადებებით გამოვიდეს და სიტუაციის საბოლოო გამწვავებაზე წავიდეს“.
ნაირა აირუმიანი, ქსელური გამოცემა ,,ლრაგირის“ პოლიტიკური მიმომხილველი:
„ალიევი არჩევნებისთვის მზადებას აგრესიული ნოტით იწყებს. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ვიზიტის დღეს ყარაბაღში სომეხ ჯარისკაცს კლავენ. მეორე დღეს კი ალიევი უკვე ერევანსა და ზანგეზურზე აცხადებს პრეტენზიას“.
მეორე ტენდენცია: სასაცილოა, და სხვა არაფერი
„ერევანში დაბრუნების“ იდეას ალიევი პირველად არ ახმოვანებს. ადრე ის აცხადებდა, რომ „1918 წელს ერევნის სომხეთისთვის გადაცემა აზერბაიჯანისთვის მოუშუშებელი ჭრილობაა“ და ქსელური რესურსი PanArmenian.net ალიევის წინა ასეთ განცხადებაზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ედვარდ ნალბანდიანის პასუხს იხსენებს:
„ვფიქრობ, ზედმეტი არ იქნება, თუ აზერბაიჯანის ხელმძღვანელს ერევნის 2800 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალებას მივცემთ, რათა უშუალოდ, ადგილზევე გაეცნოს ისტორიას“.
ედუარდ შარმაზანოვი, სომხეთის ეროვნული სკრებულოს ვიცე-სპიკერი:
„აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადება უვიცობა, სისულელე, უაზრობა და სასაცილოა. ის შეიძლება ნაცისტური გერმანიის წინამძღოლის, ადოლფ ჰიტლერის განცხადებებს შევადაროთ. სასაცილო ის არის, რომ იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელსაც 100 წელიწადიც კი არ შესრულებია და ისტორიულ მიწებზე ლაპარაკობს. მოვუწოდებ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების ხელმძღვანელებს და მთელ საერთაშორისო საზოგადოებრიობას – ალიევის განცხადებას ყურადღება მიაქციონ და შესაბამისი დასკვნები გამოიტანონ“.
მესამე ტენდენცია: ჩვეულებრივი პროპაგანდა
ვარდან ოსკანიანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი:
„ცხადია, ალიევის მოწოდებები „ერევანში დაბრუნების“ ან ერევნის აზერბაიჯანულ ქალაქად ქცევის თაობაზე მიზნად იმას ისახავს, რომ პროვინცია აზერბაიჯანის მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ ქვეყნის მეთაურს სომხეთთან საკითხების გადასაჭრელად ძალისმიერი მეთოდებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმა შეუძლია. ერევანს კონკრეტული ისტორია აქვს და ის მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია. ამგვარი განცხადებებით ალიევი აზერბაიჯანის გაუთვითცნობიერებელ მოსახლეობაში იგროვებს ქულებს. არ მგონია, რომ სერიოზულ აუდიტორიას საკუთრივ აზერბაიჯანშიც კი სჯეროდეს და სასაცილოდ არ მიაჩნდეს ეს განცხადებები“.
ლევონ ზურაბიანი, სომხეთის ეროვნული კონგრესის კოორდინატორი:
„არ მგონია, რომ ის ამდენად სულელი იყოს. ეს უბრალოდ პროპაგანდისტული ფანდია. მას შეუძლია სისულელეები ილაპარაკოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულელია“.
მეოთხე ტენდენცია: ეს შემთხვევითობა არ არის, არამედ მიზანმიმართული პოლიტიკაა
მანველ სარკისიანი, პოლიტოლოგი, ეროვნული სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი:
„აზერბაიჯანს ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით პროგრამული მიდგომა აქვს, კერძოდ კი: გამოიყენოს მოლაპარაკებების პროცესში ყარაბაღისადმი მსოფლიოში მიღებული ტერიტორიული მთლიანობის საკითხი, და ან მისი მშვიდობიანი გზით დაბრუნება მოითხოვოს, ან ისინი თავიანთი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალას გამოიყენებენ. პრეზიდენტობისკენ უკვე მეოთხედ მიმავალი ალიევი მკაფიო ფორმულირებას აკეთებს, რომ ეს მათი გრძელვადიანი სტრატეგიაა, რომელიც არამხოლოდ ყარაბაღზე, არამედ სომხეთის მთელ რესპუბლიკაზე ვრცელდება“.
სტეპან დანიელიანი, საზოგადოებრივი ორგანიზაციის „თანამშრომლობა დემოკრატიის სახელით“ თავმჯდომარე
“ჩვენ საქმე გვაქვს მიზანმიმართულ პოლიტიკასთან… ეს თვალსაზრისი (აზერბაიჯანელებს შორის) მკვიდრდება სახელმძღვანელოების, ფილმების და ლიტერატურული ნაწარმოებების საშუალებით, რომლებზეც თაობები იზრდებიან. ეს პოლიტიკა ხელისუფლებიდან ალიევის წასვლის შემდეგაც არ შეწყდება“.
მეხუთე ტენდენცია: ალიევთან მოლაპარაკებებს აზრი არ აქვს
აკოპ ბადალიანი, ქსელური გამოცემა „ლრაგირის“ პოლიტიკური მიმომხილველი:
„ალიევის განცხადებები, ფაქტობრივად, წერტილს უსვამს თანათავმჯდომარეების ვიზიტს და თემას ხურავს. ერევანსა და სტეპენაკერტს მხოლოდ ისღა დარჩენიათ, რომ თანათავმჯდომარეებს ჰკითხონ: “გაიგონეთ? და აბა, ჩვენგან რაღა გინდათ?“ თანათავმჯდომარეებს კი მხოლოდ ის დარჩათ, რომ სომხური სტუმართმოყვარეობით ისარგებლონ.
ალიევის განცხადება – ეს იმის „ნივთმტკიცებაა“, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები არამხოლოდ ყარაბაღისა და სომხეთის საზღვრებს იცავენ, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოებას და ცივილიზაციასაც, რადგან მხოლოდ ბარბაროსული აზროვნებით შეიძლება განაცხადო, რომ მეზობელი ქვეყნის დედალაქის დაპყრობას აპირებ.
ალიევის განცხადება 24 იანვარს სერჟ სარგსიანის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამოსვლის ფონზე უფრო საგულისხმოდ ჟღერს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ფაქტობრივად, ადასტურებს სერჟ სარგსიანის სიმართლეს, რომელმაც აგრესიული აზერბაიჯანელი დელეგატების კითხვებზე პასუხის გაცემისას განაცხადა, – აზერბაიჯანს არცახი სომხების გარეშე სჭირდება, ეს კი არასდროს მოხდება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ადასტურებს, რომ ასეც არის, და ამ თვალსაზრისით, ერევნის და ზანგეზურის შესახებ ალიევის ამგვარი განცხადებები, შესაძლოა, ნამდვილ საჩუქრად იქცეს სომხური დიპლომატიისთვის. ისღა დარჩა, რომ სომეხ დიპლომატებს ამის გამოსაყენებლად ნება და უნარი ეყოთ“.
ცნობა ბაქოდან
პრეზიდენტი ალიევი პირველად არ აცხადებს, რომ თანამედროვე სომხეთი აზერბაიჯანის ისტორიულ მიწებზე ჩამოყალიბდა. კერძოდ, 2017 წლის 30 მარტს სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას მან განაცხადა:
„სამწუხაროდ, 1918 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, შეიძლება ითქვას, რომ იერევანი სომხეთს აჩუქა. არსებობს ყველანაირი დოკუმენტი. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი პირველი დადგენილება აზერბაიჯანისთვის იერევანის დედაქალაქად გადაცემას შეეხებოდა – ეს დიდი შეცდომა იყო“.
ალიევს მხედველობაში აქვს მუსლიმური ეროვნული საბჭოს 1918 წლის 29 მაისის თბილისში გამართული სხდომის №3 ოქმი. იქ მართლაც 20-დან 16 ხმით მიიღეს მთავრობის თავმჯდომარის, ფატალი ხან ხოისკის წინადადება „ერევნის დათმობის შესახებ“. სომხეთის ფედერაციის ჩამოსაყალიბებლად მათ პოლიტიკური ცენტრი ესაჭიროებათ, ასეთი კი ალექსანდროპოლის (გიუმრის) თურქეთის ხელში გადასვლის შემდეგ, შეიძლება მხოლოდ ერევანი იყოს, ამიტომაც, სომხებისთვის ერევნის დათმობა გარდაუვალია – მაგრამ, როგორც ტექსტიდან ჩანს, საქმე ეხება არა „გადაცემას“ ან მით უმეტეს „ჩუქებას“, არამედ „დათმობას“, ანუ ამ ტერიტორიაზე პრეტენზიის გამოცხადებაზე უარის თქმას.
ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის შემდეგ, 1018 წლის მაისის ბოლოს მისმა სამმა ნაწილმა – საქართველომ, სომხეთმა და აზერბაიჯანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და მეზობლებთან ტერიტორიული პრეტენზიები თითოეულ მათგანს ჰქონდა. კერძოდ, ზოგიერთ აზერბაიჯანელ პოლიტიკოსს სამართლიანად მიაჩნდა, რომ ერევნის მაზრა აზერბაიჯანს შეერთებოდა, რადგან მე-20 საუკუნის დასაწყისში, მეფის რუსეთის სტატისტიკის მონაცემების თანახმად, იქ აზერბაიჯანელი მოსახლეობა ჭარბობდა (ბროკჰაუზესა და ეფრონის ენციკლოპედია. სტატია „იერივანი“). მაგრამ ეროვნულმა საბჭომ ერევანი სომხეთის დედაქალაქად ცნო.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.