"აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე პროვოკაციების უკან რუსეთი დგას" - მოსაზრება ბაქოდან
აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მოკლე დროში, შუამავლების გარეშე, პირდაპირი სატელეფონო საუბრის ორი რაუნდი გამართეს. იმავე დღეს, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა, ორი ქვეყნის საზღვარზე სომეხი სამხედრო მოსამსახურე დააკავეს. რაზე მიუთითებს ეს ორი ფაქტი? “ბაქო დიდხანს ვერ გაძლებს და ვერ დააკვირდება უსიტყვოდ იმას, რაც ხდება”, – ასე აფასებს ბოლო მოვლენებს პოლიტიკური მიმომხილველი ბაქოდან, რომლის აზრით, საზღვარზე პროვოკაციების უკან კრემლი დგას.
- მოსაზრება: “ერევანი და ბაქო პირდაპირი დიალოგის ეტაპზე გადავიდნენ”
- კავკასია უკრაინის ფონზე: დაკარგავს თუ არა მოსკოვი გავლენას სომხეთსა და აზერბაიჯანზე?
- “ყარაბაღის რუსეთთან შეერთება სომხების ნებაზე არ არის დამოკიდებული” – მოსაზრება ბაქოდან
- სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები ბრიუსელში. ცდილობს თუ არა ევროკავშირი დაასწროს მოსკოვს?
სატელეფონო საუბარი შუამავლების გარეშე
ბოლო თვეში, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა და არარატ მირზოიანმა, შუამავლების გარეშე მეორე სატელეფონო საუბარი გამართეს. ორი მეზობელი ქვეყნის ურთიერთობათა ისტორიაში, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრების კომუნიკაცია დახმარების გარეშე შედგა.
„საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა გაცვალეს მოსაზრებები ორი ქვეყნის ლიდერის დონეზე მიღწეული შეთანხმებების გაგრძელებაზე.
მხარეები შეთანხმდნენ შერეული სასაზღვრო კომისიის შემადგენლობაზე.
მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება შერეული სასაზღვრო კომისიისა და ასევე, სამშვიდობო შეთანხმების შემუშავების სამუშაო ჯგუფის შეხვედრები.
მხარეებმა ასევე მოსაზრებები გაცვალეს ჰუმანიტარულ სფეროში ნაბიჯების გაგრძელების თაობაზე“, – ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სომხეთის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცის დაკავება
ამ სატელეფონო საუბრის წინა დღეს, აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურმა ორი ქვეყნის საზღვარზე, ზანგილანის რაიონში, სომხეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურის დაკავების შესახებ განაცხადა. ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ზანგილანის რაიონი აზერბაიჯანის კონტროლს ექვემდებარება.
საინტერესოა, რომ კვირას, 24 აპრილს, დილით, აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა შაბათს საღამოს საზღვარზე დივერსიის მცდელობის შესახებ განაცხადა.
„23 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფი, ზანგილანის რაიონში აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა“, – ნათქვამია სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის პრესსამსახურის განცხადებაში.
საღამოს უკვე სომეხი სამხედრო მოსამსახურის დაკავების შესახებ გახდა ცნობილი.
„სამსახურის თანამშრომლებმა სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფის წევრი, სამხედრო მოსამსახურე ედუარდ მარტიროსოვი დააკავეს“, – ნათქვამია აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის მიერ საღამოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამის შემდეგ, მალევე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო მოსამსახურის დატყვევებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„23 აპრილს, სამხედრო ნაწილიდან საბრძოლო პუნქტისკენ მიმავალ გზაზე, კავშირი გაწყდა წვევამდელ ჯარისკაცთან, რიგით ედუარდ მარტიროსოვთან“, – იუწყებოდა სომხეთის თავდაცვის დეპარტამენტი.
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ასევე აღნიშნული იყო, რომ „აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად, რუსული მხარის შუამავლობით ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაირკვა, რომ მარტიროსოვმა საზღვარი იმავე დღეს, გაურკვეველ გარემოებებში გადაკვეთა და ამჟამად ის აზერბაიჯანის მხარეს იმყოფება“.
კომენტარი
ბაირამოვისა და მირზოიანის სატელეფონო საუბრების შინაარსიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ მიმდინარეობს მუშაობა საზღვრის დელიმიტაციის კომისიების შესაქმნელად, – მიიჩნევს პოლიტოლოგი, აზერბაიჯანული ანალიტიკური ცენტრის Atlas-ს თანამშრომელი თურან რზაევი.
„ზოგადად, ერევნის მცდელობები, შეანელოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, წარმატებით ვერ დაგვირგვინდება. საქმე იმაშია, რომ დელიმიტაცია საბჭოთა კავშირის დროინდელი რუკების მიხედვით უნდა განხორციელდეს. ეს რუკები რუსეთის ხელშია.
საზღვრის საკითხის მოგვარებით ევროპაც არის დაინტერესებული. ამ პროცესს თავად ევროსაბჭოს პრეზიდენტი ადევნებს თვალს. შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელის ბოლო შეხვედრის დასკვნით დოკუმენტში სოჭის 2021 წლის 26 ნოემბრის განცხადებაზე იყო მინიშნება.
რაც შეეხება საბჭოთა პერიოდის რუკებს, საქმისადმი ასეთი მიდგომა სომხეთის ინტერესებში არ შედის. იმიტომ, რომ ამ რუკებზე ასახულია ყველა ანკლავი, ექსკლავი, აზერბაიჯანის ყაზახის რაიონის შვიდი სოფელი, რომლებიც ჯერ კიდევ ოკუპირებულია.
მაგრამ სომხეთს არჩევანი არ აქვს. ამ საკითხის სხვა, კონსტრუქციული გადაწყვეტა არ არსებობს.
საგარეო საქმეთა მინისტრების ამ მოლაპარაკების მიუხედავად, წინა დღეს სომეხი სამხედროები ორი ქვეყნის საზღვრის დარღვევას ცდილობდნენ.
ასეთი პროვოკაციები საზღვარზე მოსალოდნელი იყო. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ფაშინიანის ადმინისტრაცია უკმაყოფილოა პროცესის პროგრესით, სომხეთის ოპოზიციაც რადიკალურ პოზიციას იჩენს მოლაპარაკებების მიმართ.
ფაშინიანი იძულებულია აზერბაიჯანთან მოლაპარაკება აწარმოოს, ძალიანაც რომ არ უნდოდეს ეს. მისგან ამას ბრიუსელშიც ითხოვენ. დასავლეთი ცდილობს პროცესი საკუთარი ხელმძღვანელობით დაასრულოს.
მაგრამ, ეს არ შედის კრემლის ინტერესებში. რუსეთი უკვე უკმაყოფილოა ევროპის აქტიურობით სამხრეთ კავკასიის ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დალაგების პროცესში. მაგრამ, ჯერჯერობით ამ უკმაყოფილებას ღიად არ გამოხატავს, რათა კონფლიქტის მხარეები არ შეაშინოს.
რუსეთი ცდილობს სომხეთის ოპოზიციის მეშვეობით ფაშინიანზე ზეწოლა მოახდინოს. ამავდროულად, ის არის საზღვარზე პროვოკაციების გამომწვევი. მიზეზი ზედაპირზე დევს.
ამ გზით კრემლი ცდილობს აიძულოს ევროპა გავიდეს სამშვიდობო პროცესიდან. მას სურს, ისევ თავად აიღოს ხელში ყველა სადავე.
ცხადია, რომ სომხეთის არმიაში ამჟამად არსებობენ ძალები, რომლებიც ლოიალურები არიან „ყარაბაღის კლანის“, სინამდვილეში კი კრემლის მიმართ. სავსებით შესაძლებელია, რომ ყველა ეს პროვოკაცია მათგან მოდიოდეს.
სომხეთმა რაც შეიძლება მალე უნდა გაწმინდოს თავისი ჯარი. ასეთი პროვოკაციების გამეორების ალბათობა ძალიან მაღალია. მაგრამ, მიუხედავად იმისა, ვინ არის ამ დივერსიის გამომწვევი, პასუხისმგებლობა ოფიციალურ ერევანს ეკისრება. და, ბაქო დიდხანს ვერ გაძლებს, ვერ დააკვირდება უსიტყვოდ იმას, რაც ხდება“, – განაცხადა რზაევმა.