"უკრაინა ომს აგებს. ზელენსკიმ ომი ვერ აიცილა". ვინ დგას საქართველოში რუსული პროპაგანდის უკან
“ალტ-ინფოს” პარტია
უკრაინის ომის პარალელურად, საქართველოში განსაკუთრებით გააქტიურდა პრორუსული, ულტრარადიკალური მედია-ორგანიზაცია “ალტ-ინფო”, რომლის წარმომადგენლებმა გასული წლის ბოლოს პოლიტიკური პარტიაც დააფუძნეს.
ალტ-ინფოს ეთერის მსმენელები დღეს უწყვეტ რეჟიმში ისმენენ უკრაინის ომის რუსულ ვერსიას – დასავლეთზე, რომელმაც წააქეზა უკრაინა და ზელენსკიზე, რომელმაც ნატოს გამო საკუთარი ხალხი არ დაინდო. საქართველოსთვის კი, ერთადერთი ხსნა და პრაგმატული გამოსავალი, რუსეთთან დიალოგია, – აცხადებენ ისინი, – და მხოლოდ რუსეთს შეუძლია დაუბრუნოს ქვეყანას ოკუპირებული ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამგვარი ჯგუფების უკან ხელისუფლება დგას და მათი გაძლიერება საზიანოა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. კავშირს “ალტ-ინფოს” ჯგუფსა და ხელისუფლებას შორის ადასტურებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტებიც.
„კონსერვატიული მოძრაობა“ და მისი იდეოლოგია
პარტია, სახელწოდებით „კონსერვატიული მოძრაობა“ 2021 წლის 7 დეკემბერს დარეგისტრირდა. ამ პარტიის დამფუძნებლები არიან ულტრამემარჯვენე, პრორუსული მედია-პლატფორმის, „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლები.
პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე თავმჯდომარედ “ალტ-ინფოს” დირექტორი ზურაბ მახარაძე აირჩიეს, პოლიტსაბჭოს წევრებად კი ამავე არხის სახეები – ირაკლი მარტინენკო, ირაკლი მორგოშია, გიორგი ქარდავა და ვასილ გვილია.
ეს ის ხალხია, რომლებმაც გასული წლის 5 ივლისს, თბილისის ცენტრში ძალადობრივი აქცია მოაწყვეს პრაიდის ორგანიზატორების და ლგბტქ აქტივისტების წინააღმდეგ. ამ აქციაზე მედიის 54 წარმომადგენელი დაშავდა. ერთი კი, „TV პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც სასტიკად სცემეს, მოგვიანებით გარდაიცვალა.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს არა ერთი ვიდეო ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდებებით, ამ აქციის არც ერთი ორგანიზატორი არ დასჯილა. მეტიც, ამ დღიდან ხუთ თვეში, 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებმა პარტია დააფუძნეს, თებერვალში კი, რეგიონებში დადიოდნენ და თითქმის 70 რეგიონული ორგანიზაცია გახსნეს.
“კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებლები ამბობენ, რომ მათი მიზანია საქართველოში ლიბერალური დემოკრატიის ნაცვლად, ქრისტიანული დემოკრატია დამყარება და ასევე, ქვეყანა დაახლოვდეს რუსეთთან.
პარტიის ყრილობაზე კონსტანტინე მორგოშიამ განაცხადა, რომ არ დაუშვებენ, რომ „უძველეს მართლმადიდებლურ ქვეყანაში ტრენდად იქცეს გინდ ჟურნალისტების, გინდ პოლიტიკოსების მხრიდან თავდასხმა ეკლესიაზე და ღმერთზე“.
პარტიის თავმჯდომარემ, ზურაბ მახარაძემ პარტიის ყრილობაზე ჩამოთვალა ქვეყნის მთავარი პრობლემები – უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, უკიდურესი სიდუხჭირე, დემოგრაფიული მდგომარეობა და შემდეგ თქვა, რომ საქართველოს ყველა პრობლემის მოგვარების გასაღები მოსკოვშია:
„ყველა ამ პრობლემის გასაღები არის კონკრეტულ ადგილას – ეს არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დედაქალაქი. კრემლში წყდება საქართველო ტერიტორიული მთლიანობა“.
“კონსერვატიული მოძრაობა” აცხადებს, რომ მათი პარტია მზადაა მოსკოვში მოლაპარაკებებზე წავიდეს.
გზა პარტიის დაფუძნებამდე
ჯგუფი სახელწოდებით “ალტ-ინფო” საქართველოში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გამოჩნდა, ოფიციალურად კი, შპს „ალტ-ინფო“ , საჯარო რეესტრში 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა.
“ალტ-ინფო” თავდაპირველად აქტიურად გამოჩნდა ფეისბუკზე. საქართველოში, რომლის მოსახლეობა 3.7 მილიონია, ფეისბუკი ყველაზე პოპულარული პლატფორმაა – ფეისბუკ პროფილების რაოდენობა 2.5 მილიონს შეადგენს.
ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა რამდენიმე ათეული ფეისბუკ-გვერდი, რომლებიც „ალტ-ინფოსთან” იყვნენ დაკავშირებული. ეს გვერდები ერთი და იმავე შინაარსის კონტენტს ავრცელებდნენ – ანტიდასავლურ, ანტილიბერალურ, ქსენოფობიურ და ჰომოფობიურ გზავნილებს.
„სამართლიანმა არჩევნების“ კვლევის თანახმად, ფეისბუკ გვერდების გარდა, “ალტ-ინფო” 25 საჯარო ჯგუფსაც მართავდა, სადაც ათეულობით ათასი ადამიანი იყო გაწევრიანებული და აქტიურად ზიარდებოდა „ალტ-ინფოს“ სიახლეები.
2020 წელს, ფეისბუკმა „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული ათობით გვერდი წაშალა დეზინფორმაციის გავრცელებისა და სიძულვილის ენის გამოყენების გამო. „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებულ გვერდებს და ჯგუფებს ფეისბუკი 2020 წლის შემდეგაც მუდმივად ბლოკავს. ამ ჯგუფს ახლაც უჭირს, დიდხანს შეინარჩუნოს ჯგუფი ან გვერდი ფეისბუქზე.
„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, ფეისბუქზე შეზღუდული წვდომის გამო, „ალტ-ინფო“ გზავნილების გასავრცელებლად ამჟამად აქტიურად იყენებს „ტელეგრამსა“ და „ტიკ-ტოკს”.
მას შემდეგ, რაც “ფეისბუკზე” მათი საქმიანობა შეიზღუდა, „ალტ-ინფომ“ საქართველოს კომუნიკაციების კომისიას მიმართა და ოფიციალური მაუწყებლობის ლიცენზია მოითხოვა. 2020 წლის 26 ნოემბერს, „ალტ-ინფომ“ ავტორიზაცია მიიღო, 2021 წლიდან კი ეთერში გავიდა.
რეესტრის თანახმად, „ალტ-ინფოს“ ორი მფლობელი ჰყავს – ბიზნესმენ კონსტანტინე მორგოშიას მამიდა – ციალა მორგოშია და შოთა მარტინენკო, რომელიც ამავდროულად „ალტ-ინფოს“ გადაცემების ერთ-ერთი წამყვანია.
კონსტანტინე მორგოშიასთვის ეს პირველი მსგავსი პროექტი არ არის. ქართული საზოგადოება მას მანამდე იცნობდა როგორც ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერს და ანტი-ლგბტ გამოსვლების მეთაურს. “ქართული მარში” რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურობდა – მისი ძირითადი მიმართულება ლგბტ თემის და ემიგრანტების წინააღმდეგ ბრძოლა იყო.
2016 წელს მორგოშიამ დეპუტატობა სცადა – საპარლამენტო არჩევნებზე პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ პარტიულ სიაში იყო და ამავე პარტიიდან მცხეთის მაჟორიტარადაც იყრიდა კენჭს, თუმცა დეპუტატი ვერ გახდა.
- ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
- ჰომოფობების ცეკვა პარლამენტთან. ფოტორეპორტაჟი
- პრემიერის განცხადების შემდეგ ჰომოფობიურმა ჯგუფებმა ოპოზიციის კარვები დაარბიეს
მორგოშიას და “ქართული მარშის” ორგანიზებული იყო 2019 წელს მასშტაბური აქცია ლგბტ თემაზე გადაღებული პირველი ქართული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საპრემიერო ჩვენებაზე. 2018 წელს კი იგი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ვიცე-კაპიტანს, გურამ კაშიას დაემუქრა ლგბტ დროშის ფერებიანი სამკლავურის გამო.
“ქართული მარშის” დახმარებით დაშალა ხელისუფლებამ 2018 წლის მაისში ღამის კლუბებში შეჭრის გამო გამართული აქცია და სხვა დროსაც ეფექტურად იყენებდა ულტრამემარჯვენეებს საკუთარ ოპონენტებზე თავდასასხმელად.
რას მაუწყებლობს „ალტ-ინფო“
მარტში “ალტ-ინფოს” საინფორმაციო გამოშვებების მთავარი თემა უკრაინაა. ამ ომს „ალტ-ინფო“ მკვეთრად ანტიდასავლური და პრორუსული მესიჯების გამოყენებით აშუქებს.
მაგალითისთვის, ეს ფრაზები ამონარიდია “ალტ-ინფოს” 23 მარტის საღამოს რვა საათიანი საინფორმაციო გამოშვებიდან:
● უკრაინამ ომი ვერ აიცილა. რომ არა სურვილი ნატოში გაწევრიანებაზე, ამ განადგურებას გადაურჩებოდა;
„სწორედ ნატოში გაწევრიანების სურვილი გახდა უკრაინაში მიმდინარე ომის ერთ-ერთი, მთავარი მიზეზი…“
● დასავლეთი უკრაინას უმნიშვნელოდ ეხმარება. დასავლეთი იყენებს არგაღიზიანების პოლიტიკას, როცა საქმე მის უსაფრთხოებას ეხება, უკრაინას კი ამის არჩევანი არ დაუტოვა;
● უკრაინელ ხალხს არავინ ჰკითხა უნდოდათ თუ არა ნატო;
“სურდა თუ არა უკრაინელ ხალხს ომში ჩაბმა, ამის კითხვა ომამდე უკრაინის ხელისუფლებას რატომღაც გამორჩა….“
● უკრაინა ომს აგებს და ზელენსკიმ მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რა დააშავა ამ ომის დაწყებით;
● დასავლეთი მხოლოდ სატყუარაა უკრაინისთვისაც და საქართველოსთვისაც – იქ არ გველიან, გამოსავალი – სამხედრო ნეიტრალიტეტია;
„რეალობა ასეთია, ნატოს კარი ღიაა, მაგრამ იქ ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ვერასდროს შევა“…
ერთადერთი სწორი გზა ახლა სამხედრო ნეიტრალიტეტის გამოცხადებაა, რათა ჩვენს ქვეყანაში უკრაინული სცენარი ავირიდოთ“….
მსგავსი გზავნილების ტირაჟირების გამო, ორგანიზაციამ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI), “ალტ-ინფოს” საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში უჩივლა.
ორგანიზაციაში ამბობენ, რომ “ალტ-ინფო” რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულის გამართლებას ემსახურება, რაც „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია.
24 მარტს, კომუნიკაციების კომისიამ, თავის გადაწყვეტილებაში თქვა, რომ “ალტ-ინფო” ომის პროპაგანდას ეწევა. თუმცა, მას მაუწყებლისთვის სანქცია არ დაუკისრებია.
„კონსტიტუციურმა ორგანომ „ალტ-ინფო“ აღიარა როგორც ომის პროპაგანდისტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ მის გაუქმებას ან ავტორიზაციის შეჩერებას არც ვითხოვდით, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სახელმწიფოს მხრიდან „ალტ-ინფოს“ საქმიანობას სახელი დარქმეოდა“, – ამბობს JAMnews-თან საჩივრის ავტორი ედუარდ მარიკაშვილი.
კითხვაზე, რას ცვლის ეს, გვპასუხობს, რომ კომუნიკაციების კომისიის, კონსტიტუციური ორგანოს ეს გადაწყვეტილება, საბუთია მათთვის, ვინც ამ ჯგუფის საქმიანობის აკრძალვას ითხოვს.
- პოლიტიკური კრიზისი და პრორუსული განწყობები. როგორ ხედავენ საქართველოს უკრაინელი ჟურნალისტები
- არასამთავრობოები მოუწოდებენ პარლამენტს, შეისწავლონ ალტ-ინფოს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებები
- MDF: ანტიდასავლური პროპაგანდის მთავარი აქცენტები – შიში და უიმედობა
როგორ ძლიერდება და იბრძვის პრორუსული ჯგუფი
ბოლო ორი თვეა “ალტ-ინფოს” პარტია ერთმანეთის მიყოლებით ხსნის ოფისებს საქართველოს რეგიონებში. პარალელურად, ყოველდღიურად იზრდება პარტიისთვის შეწირული თანხების ოდენობა.
სახელმწიფო აუდიტის მონაცემებით, ერთ თვეში, 2022 წლის 16 თებერვლიდან 21 მარტამდე პერიოდში, პარტიამ, 96 პირისგან 93 035 ლარის შეწირულობა მიიღო.
„კონსერვატიულმა მოძრაობამ“ პარტიების გახსნა იანვარში, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან დაიწყო. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კონსტანტინე მორგოშიამ თქვა, რომ აპრილის ბოლომდე საქართველოში ჯამში 77 ოფისი ექნებათ.
თითქმის ყველგან, „ალტ-ინფოს“ პარტია ოფისებს ადგილობრივებს პროტესტის ფონზე ხსნის. ზოგან პარტია იძულებული გახდა ოფისი დაეცალა – მაგალითად, მესტიაში, ხულოში, შუახევში…
გახსნის შემდეგ ოფისში ვერ შედიან ოზურგეთში, სადაც “ალტ-ინფოს” პარტიის წინააღმდეგ პროტესტს სათავეში სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ირმა გორდელაძე უდგას.
„ვიყაით, არიყაით, საიყაით“? – ეს წარწერა პარტიას ოფისზე გურულებმა დაუტოვეს.
„სულ რაღაც ნახევარი საათით იყვნენ და იმის მერე არ გამოჩენილან“, – ეუბნება ირმა გორდელაძე JAMnews-ს და ამატებს, რომ „პუტინის ხელის ბიჭები“ გურიაში „ფეხს ვერ მოიკიდებენ“.
პარტიის წევრები ირმა გორდელაძეს სოციალური ქსელით ებრძვიან.
„დაატარებენ ჩემს ფოტოებს ფეისბუკში, დამცინიან, აშარჟებენ, ბილწსიტყვაობენ, მამასხარავებენ. ტროლ-ბოტების შემოსევაა ჩემს ფეისბუქზე. ფიქრობენ, რომ ამით ჩემზე ზეწოლას ახდენენ, მაგრამ მე ამაზე მეცინება“, – გვეუბნება ირმა გორდელაძე.
ეს “ალტ-ინფოს” ხელწერაა. ირმა გორდელაძე ერთადერთი არ არის, ვინც ამ პარტიისგან ღია მუქარებს იღებს.
სამირა ბაირამოვა მარნეულში მცხოვრები აქტივისტია და თამამი პროტესტითა და პერფორმანსებით გამოირჩევა. იმ დამოკიდებულების პასუხად, რაც პარტიას რუსეთ-უკრაინის მიმართ აქვს, სამირამ „კონსერვატიულ მოძრაობას“ ოფისი უკრაინის დროშებით მოუხატა.
ამ პერფორმანსს სამირას მისამართით ღია მუქარა მოჰყვა. პარტიის წევრები ჯერ სამირას დაემუქრნენ, შემდეგ კი მარნეულის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისზე (მათ სამირა ენმ-ს აქტივისტი ჰგონიათ), შეურაცხმყოფელი და უცენზურო წარწერები და ნახატები დატოვეს.
„ალტ-ინფოს“ პარტიის მუქარა სხვებმაც მიიღეს – აქტივისტებმა და ჟურნალისტებმა. ეს მუქარები პირდაპირ ეთერებში ისმის და სოციალური ქსელით ვრცელდება, მაგრამ ხელისუფლებას სათანადო რეაქცია არ აქვს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში (ეს ორგანიზაცია იცავს სამირა ბაირამოვას ინტერესებს), ამბობენ, რომ ხელისუფლების უმოქმედობა ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც ამ დრომდე 5 ივლისის საქმის მონაწილეები კი არა, ორგანიზატორებიც არ დაუსჯია ხელისუფლებას:
„შესაძლოა ხელისუფლებას ამ ჯგუფთან სხვა დამოკიდებულება ჰქონდეს“, – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი.
„ალტ ინფოს” პარტია და ხელისუფლება – რა აკავშირებთ მათ?
რატომ ხუჭავს თვალს სახელმწიფო „ალტ-ინფოს“ ძალადობებზე? ეს კითხვა ბევრისთვის უკვე რიტორიკულად იქცა.
„არანაირი ფაშისტური პარტიები და ორგანიზაციები, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტები საქართველოში არ არსებობენ“, – ამბობს პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.
JAMnews-თან საუბარში იგი ამბობს, რომ ამ პრორუსული ძალების უკან “ქართული ოცნება” და პირადად ბიძინა ივანიშვილი დგას:
„პრორუსული და პროფაშისტური ძალები დამოუკიდებლად არაფერს წარმოადგენენ, თუ ხელისუფლება არ უწყობს მათ ხელს. „ქართულ ოცნებას“ ისინი ვინმესთვის მისაქსევად სჭირდება, თან, მოსკოვს ეუბნება ირიბად, რომ აი, მე შენკენ ვარ, ამათ ვმფარველობ. ეს მათი მმართველობის სტილია, სულ უნდა ჰყავდეთ ღიად ანტიდასავლური ჯგუფები“.
„კონსერვატიული მოძრაობა“ პარტიის საიტზე ღიად წერს, რომ ისინი არჩევნებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. JAMnews-მა დავით ზურაბიშვილს ჰკითხა, იქნება თუ არა საშიში ამ პარტიის საქართველოს პარლამენტში მოხვედრა, მითუმეტეს, რომ დაბალი ბარიერის ფონზე, ამის ალბათობა მაღალია:
„მათი კონტინგენტი ძირითადად „ქართული ოცნების“ ამომრჩეველია, ის ხალხი, ვისაც ეგენი მოსწონს, უფრო „ქართულ ოცნებას“ აძლევს ხმას, ვიდრე მათ. ასე რომ, ეჭვი მეპარება ის სერიოზულ ძალას წარმოადგენდეს, მათ არც ფიგურები ჰყავთ ასეთი. მაგრამ, საშიში საზოგადოებისთვის ასეთი ძალები, რა თქმა უნდა, არის, მითუმეტეს, რომ მათ ფული აქვთ, ვიღაცებს ასაქმებენ. ამიტომ, მათთან ბრძოლას აქვს აზრი“.
ოპოზიციური პარტია “ლელოს” წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას აქვს ბერკეტი ამ პრორუსულ ჯგუფთან საბრძოლველად, მაგრამ, არ აქვს ამის სურვილი:
“ხელისუფლება ხშირად ამბობს, რომ რა ვქნა, გამოხატვის თავისუფლებას ხომ ვერ შევზღუდავ? მაგრამ, რასაც ეს ჯგუფები აკეთებენ, არ არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული, დიდი ხანია ისინი ამას გასცდნენ”.
ანა ამ ჯგუფის იმ ქმედებებს თვლის, რაც სახელმწიფოს აძლევს კანონიერ საფუძველს, ირეაგიროს “ალტ-ინფოს” წინააღმდეგ: 5 ივლისის საქმე, კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება (ომის პროპაგანდისტად ამ ჯგუფის სახელდება), ღია მუქარები ჟურნალისტების და აქტივისტების წინააღმდეგ და, საკონსტიტუციო გარანტიები ქვეყნის დასავლურ კურსზე, რასაც ეს ჯგუფი აშკარა საფრთხეს უქმნის:
“მათი განცხადებები ღიად უპირისპირდება საქართველოს კონსტიტუციას, რომელშიც, 78-ე მუხლში, ჩვენს გვაქვს გარანტია, რომ ყველა უნდა მუშაობდეს ევროინტეგრაციის ხელშესაწყობად – ამბობს ანა და ამატებს – როდესაც სახელმწიფოს აქვს ვალდებულება და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები, რომ იმოქმედოს და ის არ მოქმედებს, პარალელურად, როცა მისი რიტორიკა და ამ ძალადობრივი ჯგუფის რიტორიკა ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან, დასკვნა არის, რომ დიახ, სახელმწიფო მათ ხელს აფარებს“.
“ალტ-ინფოს” პარტია