უნდა დადგეს თუ არა დღის წესრიგში საქართველოს დეოკუპაციის საკითხი
პაპუაშვილი დეოკუპაციის თემაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ ამ ეტაპზე არ უნდა დააყენოს საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი, რადგან საქართველოსთან დაკავშირებული თემატიკის გააქტიურება მაშინ, როცა უკრაინაში ომი გრძელდება, არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაა.
პაპუაშვილის თქმით, არანაირი რეალისტური საფუძველი არ აქვს საუბარს იმის თაობაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესები ახალ შესაძლებლობებს ხსნის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციასთან დაკავშირებით.
პაპუაშვილმა ასევე ოპოზიცია დაადანაშაულა კონფლიქტების სამხედრო გზით მოგვარების სურვილში.
„რაც შეეხება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს… იყო საუბარი, რომ ეს [ომი უკრაინაში] აჩენს გარკვეულ ფანჯარას, შესაძლებლობებს, რაც ძალიან სახიფათო თემაა … საუბარია თითქოს სამხედრო გადაწყვეტა შეიძლება ამ საკითხის. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა არის აბსოლუტურად მშვიდობაზე დაფუძნებული, აქ რაიმე საუბარი სამხედრო გზით ოკუპაციის საკითხის გადაწყვეტაზე არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს აფხაზ და ოს დებზე და ძმებზე, რომლებთანაც წლებია ვცდილობთ ნდობითი ურთიერთობა აღდგეს. ნებისმიერი პოლიტიკოსის მხრიდან თუ იქნება ამ თემის შემოტანა, არის არაპატრიოტული“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პაპუაშივილის მიერ „პალიტრანიუსის“ ეთერში გაკეთებულ ამ განცხადებებს ოპონენტების და ექსპერტების მხრიდან მწვავე კრიტიკა მოჰყვა.
“ქვეყნის დეოკუპაცია ის თემაა, რომელიც არათუ დღეს, არამედ ყოველდღიურად უნდა იყოს ყველაზე მაღლა საშინაო და საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში, ვიდრე ეს დეოკუპაცია არ მოხდება”, – უთხრა „ინტერპრესნიუსს“ საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა, თენგიზ ფხალაძემ.
მისი თქმით, დღეს უკრაინის თემამ გამოაღვიძა მსოფლიო და სწორედ ის დროა რუსეთს პასუხი მოეთხოვოს აბსოლუტურად ყველაფრისთვის, რაც გაუკეთებია, მათ შორის საქართველოში.
“რუსეთის აგრესია, ოკუპაცია, იქნება ეს უკრაინა, მოლდოვა, თუ საქართველო, არის განხილვის თემა აშშ-ში, ნატო-ში, ევროკავშირში. როგორ შეიძლება ეს არ იყოს საქართველოსთვის შესაძლებლობა იმისთვის, რომ რეალურად საკითხები საერთაშორისო არენაზე უფრო პრაქტიკული გადაწყვეტის რეჟიმში გადაერთოს,” – აღნიშნავს პოლიტოლოგი ვანო მაჭავარიანი.
ამასთან, ექსპერტებიც და პოლიტიკოსებიც მიუთითებენ, რომ ხელისუფლება ცრუობს, როდესაც ოპოზიციას ომის სურვილში ადანაშაულებს.
„ბატონი შალვა დემაგოგობს. არასოდეს არავის სამხედრო გზით დაბრუნებაზე ოპოზიციიდან არ უსაუბრია. ჩვენ ჩვენს პარტნიორებთან მშვიდობიანი გზების ძიებაზე ვმუშაობთ განსხვავებით “ქართული ოცნებისგან”. რაც შეეხება იმას, რომ მსოფლიოში ახალი გეოპოლიტიკური ვითარება შეიქმნა და ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გაჩნდა საქართველოსთვის ნატოს და ევროკავშირთან მიმართებაში, ამაში ყველანი ვთანხმდებით,”– ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სერგო ჩიხლაძე.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლება ოპოზიციისკენ იშვერს ხელს და ცდილობს ის წარმოაჩინოს ომის მოსურნე, დესტრუქციულ ძალად. ოპოზიციის მოწოდებებში საქართველომ უფრო რადიკალური პოზიცია დაიკავოს რუსეთის მიმართ, შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს უკრაინის მხარდასაჭერად და ასევე გაააქტიურდეს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ოკუპაციის თემით, ხელისუფლების აზრით, ქვეყანას რუსეთთან ღია კონფლიქტში ჩართვისკენ უბიძგებს.
რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ქართულ ოპოზიციას “ომის პარტია” უწოდა. “ომის პარტიად” მოიცხსენიებენ ოპოზიციას უმრავლესობის სხვა წევრებიც. თუმცა, რაიმე კონკრეტული განცხადება, სადაც ოპოზიცია სამხედრო გზით აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხების გადაწყვეტას ითხოვს, არც ერთი პოლიტიკოსის მხრიდან არ გაკეთებულა.
პაპუაშვილი დეოკუპაციის თემაზე