ბაიდენის ხუთი გამოწვევა ევროპაში
როგორ შეუძლია დასავლეთს შეაჩეროს რუსეთი
უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრისა და საერთაშორისო კრიზისის ფონზე, რომელსაც დასასრული არ აქვს, 24 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპელ ლიდერებსა და მოკავშირეებს ხვდება.
ამავდროულად, ბრიუსელში ნატოს საგანგებო სამიტია მოწვეული. სავარაუდოდ, ლიდერები აღმოსავლეთ ევროპაში თავიანთი ძალების მნიშვნელოვან ზრდას დასთანხმდებიან. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოთხი ახალი საბრძოლო ჯგუფი გაიგზავნება სლოვაკეთში, უნგრეთში, ბულგარეთსა და რუმინეთში.
რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რისთვისაც მსოფლიო ლიდერებს ამ კვირის სამიტებზე გამოსავლის მოძებნა მოუწევთ?
- ომი უკრაინაში. ვის მხარეს არის აზერბაიჯანი?
- აბა ომი გინდათ?! – ვინ და რატომ აძლიერებს საქართველოში ომის ბუნებრივ შიშს? ექსპერტების შეფასებები
ენტონი ზურჩერი, BBC -ს ჩრდილოეთ ამერიკის კორესპონდენტი
ერთიანობის დემონსტრირება
ამ დრომდე აშშ ახერხებდა მოკავშირეებთან ერთიანობის შენარჩუნებას. განსაკუთრებით ომის პირველ დღეებში, როდესაც მოვლენები ექსტრემალურად ვითარდებოდა და დაუყოვნებელი რეაგირების აუცილებლობამ კონსენსუსის ზოგიერთი ტრადიციული ბარიერი მოხსნა.
მაგრამ რაც უფრო გაგრძელდება ომი, დასავლელ მოკავშირეებს შორის უთანხმოების ალბათობა გაიზრდება.
აშშ-ს პრეზიდენტს მოუწევს დაარწმუნოს მოკავშირეები, რომ ნატოს მზადყოფნა მოქმედებისთვის – ახალი ნორმაა.
ლტოლვილების კრიზისი
უკრაინელი ლტოლვილების უმეტესობა, რომლებიც ომს გაექცნენ, პოლონეთმა მიიღო. მილიონობით ლტოლვილმა ქვეყანის დატვირთვა მნიშვნელოვანად გაზარდა. თუ დასავლეთი სასწრაფო ზომებს არ მიიღებს, ამან შეიძლება სოციალური არეულობა და ეკონომიკური არასტაბილურობა გამოიწვიოს.
საერთაშორისო ექსპერტების აზრით, უზრუნველყოფა, რომ ქვეყანა ნატოს საიმედო წევრად დარჩეს, ახლა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, უპირველესად, თავად შეერთებული შტატებისთვის.
გადაწყვეტილება უკრაინის სამხედრო დახმარების შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას დაჰპირდა საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესებული შესაძლებლობების მიწოდებას, ამის თქმა უფრო ადვილია, ვიდრე შესრულება.
პირველ რიგში, არსებობს შეშფოთება საჰაერო მხარდაჭერის ტიპებთან დაკავშირებით, რადგან ამან შეიძლება ნატოს წინააღმდეგ რუსეთის პროვოცირება გამოიწვიოს.
მეორეც, პრობლემაა უკრაინისთვის იარაღის გადაცემის ლოჯისტიკაც.
შეერთებული შტატების ევროპელი მოკავშირეების გარეშე ვერც ერთი ეს ამოცანა ვერ შესრულდება.
სანქციები – რა უნდა გაკეთდეს შემდეგ?
რუსეთის წინააღმდეგ აშშ-სა და ევროპის მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციები მართლაც გამანადგურებელია. მაგრამ ამან მაინც ვერ შეძლო შეეჩერებინა რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში.
დასავლელი მოკავშირეები ირწმუნებიან, რომ სანქციების უკიდურესად მტკივნეული ეფექტი დროთა განმავლობაში გაიზრდება. მაგრამ მზარდი ზეწოლა ხდება აშშ-სა და ევროპელ ლიდერებზე, რომ იპოვონ ახალი გზები რუსული აგრესიის დასასჯელად და მისი შეჩერებისთვის ახლა და არა მომავალში.
ჩინეთის საკითხი
შეერთებულმა შტატებმა და ევროპამა კოორდინირებული ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ იმისთვის, რომ დაარწმუნონ ჩინეთი “რუსეთისგან თავი შორს დაიჭიროს”. სასურველია მეტიც – ჩინეთმა საჯაროდ დაგმოს რუსეთის ქმედებები.
ჩინეთის ხელისუფლებამდე უკვე მივიდა გზავნილი ჩინეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების საფრთხისა და მის ეკონომიკაზე სერიოზული დარტყმის შესახებ, თუ ქვეყანა ღიად დაეხმარება რუსეთს.
მაგრამ, ჩინეთის ბოლოდროინდელი მხარდაჭერა რუსეთის მონაწილეობაზე G20-ის მომავალ ეკონომიკურ სამიტში, აჩენს ვარაუდს, რომ ჩინეთის გადაყვანა მეორე მხარეზე ძალიან რთული ამოცანა იქნება.