დასავლეთსა და რუსეთს შორის - სომხეთის რთული არჩევანი. ექსპერტების მოსაზრებები
სომხეთის რთული არჩევანი
სომხეთის რთული არჩევანი რუსეთსა და დასავლეთს შორის უკრაინის კრიზისმა კიდევ უფრო გაამწვავა. ადგილობრივი ექსპერტების უმეტესობა თანხმდება, რომ რომელიმე მხარის ღიად დაკავების ფუფუნება სომხეთს არ აქვს, ასეთი ნაბიჯი საშიში იქნება. ამიტომ, სომხეთის ხელისუფლება ჯერ ნეიტრალურობას ამჯობინებს.
პარალელურად, რეგიონში ვითარება კვლავ გაუარესდა. სომხეთის საზღვარზე ჯარისკაცი დაიღუპა, მთიან ყარაბაღში საკონტაქტო ხაზის მთელ პერიმეტრზე მშვიდობიანი დასახლებები დაიბომბა. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები კი ხმოვანი სიგნალით, სომხურ ენაზე მოუწოდებენ ადგილობრივებს დატოვონ თაიანთი სახლები, იმისათვის, რომ გადარჩნენ.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, რა სახის მხარდაჭერას შეიძლება ელოდეს სომხეთი დასავლეთისგან ან რუსეთისგან? პოლიტიკური მიმომხილველის აკობ ბადალიანისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მოქალაქის“ თავმჯდომარის ჰოვსეფ ხურშუდიანის მოსაზრებები.
აკობ ბადალიანი, პოლიტიკური მიმომხილველი: "ორ ცეცხლს შუა"
ნეიტრალიტეტის შენარჩუნება
„სომხეთი ყოველთვის რთულ ვითარებაში ვარდებოდა, როდესაც დასავლეთი და რუსეთი მკაცრი წინააღმდეგობის რეჟიმს აღწევდნენ. ახლა სომხეთის მთავარი ამოცანაა პოლიტიკის წარმართვისას არავის მხარეს არ აღმოჩნდეს. გასაგებია, რომ სომხეთი CSTO-ს სამხედრო ბლოკისა და EAEU ეკონომიკური გაერთიანების წევრია [ორივე მოქმედებს რუსეთის ეგიდით – JAMnews], ანუ ფარულად ის უკვე ამ მხარესაა.
მაგრამ აქ საუბარია პრაქტიკულ პოლიტიკაზე, რომელიც შეიძლება დასავლეთში ადეკვატურად აღიქმებოდეს, თუნდაც შენიშნონ კიდეც გარკვეული ნაბიჯები რუსეთისკენ.
დასავლეთს ესმის, რომ სომხეთს ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, ამიტომ არავინ უბიძგებს მას ისეთი ქმედებისკენ, რამაც შეიძლება რუსეთის აგრესიული რეაქცია გამოიწვიოს.
ამიტომ სომხეთი აქტიური ნეიტრალიტეტისკენ უნდა ისწრაფვოდეს, მაგრამ ისე, რომ მისი პოლიტიკა გასაგები იყოს როგორც რუსეთისთვის, ასევე დასავლეთისთვის.
მეტიც, სომხეთმა უნდა იმუშაოს არამხოლოდ რუსეთთან და დასავლეთთან, მან უნდა გააგრძელოს დიალოგი თურქეთთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლადაც. მინიმუმ, შეინარჩუნოს ის კომუნიკაცია, რომელიც ამ დრომდე ჩამოყალიბდა. ეს მნიშვნელოვანია უკრაინის საკითხში თურქეთის მზარდი პოლიტიკური როლის გათვალისწინებითაც.
ამ სიტუაციაში განსაკუთრებით გამოვყოფდი საქართველოს , რომლისთვისაც, ისევე როგორც სომხეთისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში სტაბილური ვითარება. და ასევე, მისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ არ ჩართოს იმ დაძაბულობაში, რაც რუსეთსა და დასავლეთს შორის არსებობს. ამიტომ, თკი ორივე ქვეყნის – სომხეთისა და საქართველოს კულუარული დიპლომატიური ძალისხმევა გაერთიანდება, მაშინ ნეიტრალური პოლიტიკა, არსებულ ვითარებაში, კიდევ უფრო ეფექტური გახდება.
ეკონომიკური რისკების თვალსაზრისით, სომხეთი უნდა ეცადოს გაააქტიუროს მუშაობა არაბულ ქვეყნებთან, შესთავაზოს მათ მათი კაპიტალისთვის მიმზიდველი პროექტები, რათა ის რისკები გაანეიტრალოს რაც შეიძლება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად გაჩნდეს”.
საზოგადოება – თავისუფალი არჩევანით
„ხელისუფლება ჯერჯერობით ოპტიმალურად იქცევა, რასაც ვერ ვიტყვი საზოგადოებაზე. ინსტიტუციონალური ლიდერებისა და ელიტების ნაკლებობის გამო ხალხი ადვილად ექცევა როგორც გარე, ისე შიდა მანიპულაციების გავლენის ქვეშ. ამის დასტურია მანიფესტაციები, რომლებიც იმართება როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მხარდასაჭერად.
მაგრამ სომხეთისთვის საშიშია როგორც პრორუსული, ისე ანტირუსული მანიფესტაციები.
მეეჭვება, რომ ეს კრემლის ან დასავლეთის დავალებით კეთდებოდეს. არ მაქვს მიზეზი ვიფიქრო, რომ ვინმეს სომხეთის უკრაინის კრიზისში ჩათრევა სურს. ეს პროვოკაციები, სავარაუდოდ, სხვადასხვა ჯგუფებისგან მოდის, იგივე რუსეთიდან, ასევე რუსული სატელიტებისგან სომხეთში, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი მანიპულაციების მიყიდვით პოლიტიკურ აქტორებზე. და, სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება დაუცველია ამ მხრივ – მათი გვლენის ქვეშ ექცევა, ავრცელებს სოციალურ ქსელებში“.
თურქეთთან მოლაპარაკებებში რუსეთი ჩვეულებრივ, რაღაცას თმობს
„უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, კავკასიაში შექმნილი ვითარება შეიძლება რუსეთისთვის იარაღი გახდეს. მას შეუძლია „ითამაშოს“ კავკასიაში არსებულ ვითარებით, თუ მის წინააღმდეგ დასავლეთის რომელიმე პოლიტიკურ პროექტს გამოიყენებენ. მეორე მხრივ, ეს ვითარება შეიძლება გახდეს ინსტრუმენტი სხვების ხელში თვით რუსეთზე ზეწოლისთვის.
რუსეთს დღეს აბსოლუტურად არ სჭირდება არასტაბილურობა კავკასიაში უკრაინასთან დაკავშირებული საკუთარი სერიოზული პრობლემების გამო.
რუსეთს არ სჭირდება კიდევ ერთი არასტაბილურობა ზურგს უკან და იძულება, რომ ამას გაუმკლავდეს. ამიტომ, ნებისმიერი არასტაბილურობა შეიძლება განიხილებოდეს როგორც ზეწოლის საშუალება მოსკოვზე იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც აქვთ გავლენა აზერბაიჯანზე, ვისაც შეუძლია აიძულოს აზერბაიჯანი წავიდეს ესკალაციაზე გარკვეული საკითხების გადასაჭრელად.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის საკითხში თურქეთის გააქტიურების პარალელურად რეგიონში ვითარება იძაბება. დიდი ხნის განმავლობაში, რუსეთი ცდილობდა უარი ეთქვა თურქული შუამავლობის შეთავაზებაზე, იმ იმედით, რომ აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებები იქნებოდა. მაგრამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ამერიკას არ სურს მოსკოვთან საუბარი, ამის ნაცვლად კი იზრდება, თურქეთის, როგორც შუამავლის როლი.
არ არის გამორიცხული, რომ არცახში სიტუაციის გამწვავება სწორედ ის ინსტუმენტია თურქეთის ხელში, რომელსაც გამოიყენებს მოსკოვზე ზეწოლისთვის, რათა მოიპოვოს შუამავლის მისია უკრაინის საკითხში. როდესაც რუსეთი თურქეთთან ერთად ზის მოლაპარაკების მაგიდასთან, როგორც წესი, რაღაცას თმობს. ჩვენთვის ეს ძალიან შემაშფოთებელი სიგნალია. ამიტომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არა მარტო რუსეთთან და დასავლეთთან, არამედ უშუალოდ თურქეთთან, რათა კიდევ ერთხელ არ გავხდეთ ვაჭრობის საგანი და ვიყოთ უფრო მოქნილები“.
თურქეთის აქტივობა ძაბავს საფრანგეთსაც
„ნიკოლ ფაშინიანსა და მაკრონს შორის შეხვედრა შემთხვევითი არ არის [საუბარია 9 მარტს გამართულ შეხვედრაზე, რა დროსაც, საფრანგეთის პრეზიდენტმა სომხეთის პრემიერ მინისტრი პარიზში დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად მიიწვია]. თურქეთის ნებისმიერი აქტივობა ძაბავს საფრანგეთსაც.
საფრანგეთი უკვე შეშფოთებულია იმ ვითარებით, რაც არის ევროპაში, ევროპის როლისა და სუვერენიტეტის თვალსაზრისით უკრაინის ომის კონტექსტში. საფრანგეთი შეშფოთებულია თურქეთის როლის გაზრდითაც ევროპის ერთ-ერთ საკვანძო ზონაში.
და ამ ფონზე, სომხეთი მთელი თავისი პრობლემებით საფრანგეთისთვის პოლიტიკური იარაღია თურქეთის შეკავების მიზნებში.
მაგრამ, მაკრონს, ამავდროულად პირადი საკითხის გადაჭრაც სურს. საფრანგეთის პრეზიდენტისთვის, წინასაარჩევნო პერიოდში, სომხური სათვისტომო მნიშვნელოვანი ფაქტორია. საფრანგეთის სომხები ძალიან ინტეგრირებული არიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სომხურ თემს მაღალი რეიტინგი აქვს, იმდენად, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თავად ფრანგების პოზიციაზეც კი”.
რა შეიძლება მისცეს დასავლეთმა სომხეთს, რისთვის არ არის მზად რუსეთი
„ახლა ჩვენ ვხედავთ რისი მიცემა შეუძლია დასავლეთს უკრაინისთვის. ის აძლევს იარაღს, რომლითაც უკრაინა რუსეთს ძლიერ წინააღმდეგობას უწევს. მაგრამ ეს იარაღი ყველა პრობლემას არ წყვეტს. უკრაინა ცის დახურვას ითხოვს, მაგრამ დასავლეთი ამას არ ეთანხმება, რათა მოსკოვთან პირდაპირ დაპირისპირებაში არ შევიდეს.
სომხეთისა და უკრაინის მნიშვნელობა დასავლეთისთვის განსხვავებულია. ამიტომ, მთიან ყარაბაღში ან სომხეთში ახალი ომის დაწყების შემთხვევაში, დასავლეთის ქვეყნების მნიშვნელოვან დახმარებას, კერძოდ, ცის დაკეტვას, არ უნდა ველოდოთ.
ამ შემთხვევაში, რუსეთის ჩართვაზე საუბარი, საერთოდ აზრს მოკლებულია. რუსეთს არ აქვს იმის რესურსი, რომ ომი ორ ფრონტზე აწარმოოს. გარდა ამისა, არც აქვს სურვილი შევიდეს ომში თურქეთის წინააღმდეგ“.
რუსეთი მოკავშირეა ქაღალდზე, მაგრამ რეალობაში ასე არ არის და არც იქნება.
ჩვენ არ გვყავს უსაფრთხოების ალტერნატიული მოკავშირე და მისი შეძენის შესაძლებლობაც არ არსებობს. ომი ყველაზე არასასურველი მოვლენაა სომხეთისთვის, ის არაფერს მოგვიტანს, გარდა ნანგრევებისა“.
ოვსეფ ხურშუდიანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი მოქალაქის“ თავმჯდომარე: „კრემლის გეგმები სომხეთთან დაკავშირებით, როგორ უპასუხებს დასავლეთი“
კრემლის გეგმები
„ცივილიზაციის თვალსაზრისით, სომხეთი ევროპაა. 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ სამი წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ყველა საერთაშორისო რეიტინგში სომხეთს წინსვლა დაეწყო. მან ბევრი მიმართულებით გაუსწრო 2013 წელს ევროკავშირთან ასოცირებულ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსაც კი.
გამუდმებულმა ეგზისტენციალურმა საფრთხემ, მოსახლოებითა და რესურსებით 30-ჯერ მეტი თურქეთისა და აზერბაიჯანისგან და დასავლეთის ნულოვანმა სამხედრო მონაწილოებამ, განაპირობა ის, რომ სომხეთი დიდი ხანია თავის უსაფრთხოებას რუსეთს უკავშირებს.
2016 წლის აპრილის ომმა და 2020 წლის 44 დღიანი ომმა მთიან ყარაბაღში აჩვენა, რომ კრემლის კლეპტოკრატიულ ელიტას შეუძლია არა მხოლოდ ღალატი, არამედ უბრალოდ გაყიდოს ნებისმიერი, თუნდაც უახლოესი მოკავშირე.
ახლა სომხეთის მოსახლეობას, უკვე უსაფრთხოების კუთხითაც, სულ უფრო ნაკლებად ასაზრდოებს რუსეთის იმედი და უფრო მეტად დასავლეთის.
მაგრამ პრობლემა მხოლოდ დასავლეთსა და რუსეთს შორის სომხეთის რთული არჩევანი არ არის. ბევრად უფრო საშიშია რა სტრატეგიული გეგმები აქვს კრემლს სომხეთთან დაკავშირებით.
ნათელია, რომ პუტინი აპირებდა სსრკ-2-ის მსგავსის შექმნას, უკრაინის გარეშე კი ასეთი პროექტი აშკარად განწირული იყო. თუ კრემლი უკრაინაში წარმატებას მიაღწევდა, ეჭვგარეშეა, რომ შემდეგი მსხვერპლი სომხეთი იქნებოდა.
მეტიც, პუტინი ალიევთან მჭიდრო თანამშრომლობით იმოქმედებდა: აზერბაიჯანი თავს დაესხმებოდა სომხეთს, რუსეთი კი მის „გადარჩენას“ დაიწყებდა. შედეგად, ჩვენ დავკარგავდით ჩვენი ტერიტორიის კიდევ ერთ ნაწილს, რომლის დაბრუნებას, რა თქმა უნდა, რუსეთი არ უზრუნველყოფდა. როგორც “ხსნას” გენოციდისგან, მოითხოვდნენ ახალ ალიანსში გაწევრიანებას უმძიმესი პირობებით.
ამიტომ, უკრაინელები ახლა იბრძვიან არა მხოლოდ მათი დამოუკიდებლობისა და თვითგამორკვევის უფლებისთვის, არამედ სომხეთის, საქართველოს, მოლდოვის, ყაზახეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისთვის“.
ბაქოს აგრესიული პოზიცია
„ალიევი კვლავ პუტინთან თანამშრომლობით მოქმედებს, როგორც ეს იყო 2020 წელს მთიანი ყარაბაღის ომის დროს და ასევე 2021 წლის მაისში. მაშინ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები შეიჭრნენ სომხეთის ტერიტორიაზე და ჩემი შეფასებითა და ინფორმაციით, დაახლოებით 100 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია დაიკავეს [სომხეთის ხელისუფლება ოფიციალურად 41 კვადრატული კილომეტრს ასახელებს].
რუსეთი და CSTO [რუსეთის ეგიდით დაქვემდებარებული სამხედრო ბლოკი, რომლის წევრიც სომხეთია] არათუ არ შეუერთდნენ თავიანთ სამხედრო და ეკონომიკურ მოკავშირეს, არამედ არც კი დაგმეს აზერბაიჯანის პროვოკაცია და შემოჭრა, როგორც ეს გააკეთეს საფრანგეთმა და Შეერთებულმა შტატებმა
კრემლმა ზეწოლა მოახდინა სომხეთის ხელმძღვანელობაზე, რომ მას არ გაებედა გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მიმართვა.
მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ღიად განაცხადა, რომ მზად იყო გაეროს უშიშროების საბჭოსთვის სპეციალური რეზოლუცია წარედგინა, თუ სომხეთი ამას მოითხოვდა.
ამიტომ, ალიევის შემდგომი პროვოკაციების შეკავება მხოლოდ დასავლეთის დახმარებით შეიძლება იყოს ეფექტური.
9 მარტს ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის რეზოლუციის „მთიანი ყარაბაღის კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შესახებ“ თითქმის ერთსულოვანი მიღება (635 ხმით, ორიხ წინააღმდეგ. 42-მა თავი შეიკავა).
რეზოლუცია გმობს აზერბაიჯანის ანტისომხურ პოლიტიკას და ხაზს უსვამს, რომ სომხური კულტურული მემკვიდრეობის კვალის აღმოფხვრა ხორციელდება არა მხოლოდ ზიანის მიყენების, არამედ ისტორიის გაყალბებისა და სომხურობის კვალის წაშლის მიზნით.
ყველაფერი მიდის იქამდე, რომ დასავლეთი მიდრეკილია მთიანი ყარაბაღის ბედი კოსოვოს სცენარის მიხედვით“ გადაწყვიტოს
დასავლეთს აქვს რაღაც, რაც შეიძლება შესთავაზოს სომხეთს
„პაშინიანის შეხვედრა მაკრონთან ამ პერიოდში სულაც არ არის შემთხვევითი. მან იქამდე მიიწვია ნიკოლ ფაშინიანი პარიზში შეხვედრაზე, ვიდრე ის ვლადიმერ პუტინს შეხვდება [პუტინთან შეხვედრა აპრილის დასაწყისშია დაგეგმილი].
ასე რომ, საფრანგეთის პრეზიდენტი გარკვევით მიანიშნებს, რომ დასავლეთს აქვს რაღაც, რაც შეუძლია შესთავაზოს სომხეთს, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით.
დასავლეთი დღეს უფრო კონსოლიდირებულია, ვიდრე ოდესმე და აქვს უდიდესი ძალა მრავალი რეგიონალური პრობლემის გადასაჭრელად. განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ პუტინის აგრესიის წარუმატებლობის შემდეგ და ასევე ირანთან ბირთვული შეთანხმების მიღწევის შემდეგ, რაშიც ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, დასავლეთს გაცილებით მეტი გავლენა ექნება როგორც თურქეთზე, ასევე აზერბაიჯანზე, ასევე კავკასიაზე. ახლო აღმოსავლეთის რეგიონებზე მთლიანად”.