მოსაზრება: რატომ წააგო ეს ომი ვლადიმირ პუტინმა უკვე
ომი უკრაინაში ნიშნავს რუსეთის იმპერიის დასასრულს – ასე მიაჩნია ცნობილ ისრაელელ ისტორიკოსსა და პუბლიცისტ იუვალ ნოახ ჰარარის. ბრძოლის ველზე შერკინების მოგების შემთხვევაშიც კი, ვლადიმირ პუტინი ომს წააგებს, წერს ჰარარი ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ში.
მოვლენების დაწყებიდან ერთ კვირაზე ნაკლების გასვლის შემდეგ, სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება იმის, რომ ვლადიმირ პუტინის ისტორიული მარცხი ელოდება. მან შეიძლება სამხედრო ოპერაციებში წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ ომს ნებისმიერ შემთხვევაში წააგებს.
პუტინის ოცნება, აღედგინა რუსეთის იმპერია, ყოველთვის დაფუძნებული იყო ცრუ წინაპირობაზე იმის თაობაზე, რომ უკრაინა როგორც ქვეყანა არ არსებობს, უკრაინელები – ნამდვილი ხალხი არ არის, კიევის, ხარკოვისა და ლვოვის მცხოვრებლები კი რუსეთის მისვლას მოუთმენლად ელიან. ეს ტოტალური ტყუილია – უკრაინის ისტორია ათას წელზე მეტს ითვლის, კიევი კი მსხვილი ქალაქი იყო მაშინ, როდესაც მოსკოვი ჯერ სოფელიც კი არ იყო. მაგრამ რუსმა დესპოტმა ეს სიცრუე უკვე იმდენჯერ გაიმეორა, როგორც ჩანს, თავადაც დაიჯერა.
უკრაინაში შეჭრის დაგეგმვისას, პუტინს შეეძლო ბევრ ცნობილ ფაქტს დაყრდნობოდა. მან იცოდა, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით მრავალჯერ აღემატება უკრაინას. მან იცოდა, რომ ნატო უკრაინის დასახმარებლად თავის ჯარებს არ გააგზავნის.
მან იცოდა, რომ ევროპის დამოკიდებულება რუსულ ნახშირწყალბადზე, ისეთ ქვეყნებს, როგორიც გერმანიაა, მკაცრი სანქციების დაწესების საკითხზე მერყეობას აიძულებს. აქედან გამომდინარე, მას განზრახული ჰქონდა ელვისებური კამპანის ჩატარება, უკრაინისთვის თავის მოკვეთა, იქ მარიონეტული რეჟიმის დამყარება და დასავლეთის სანქციებისთვის გაძლება.
მაგრამ ამ გეგმაში იყო ერთი გაუთვალისწინებელი გარემოება. როგორც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ამერიკელებმა ერაყში და საბჭოთა კავშირმა ავღანეთში ისწავლეს, უფრო ადვილია ქვეყნის დაპყრობა, ვიდრე შემდეგ მისი შენარჩუნება. პუტინმა იცოდა, რომ უკრაინის დასაპყრობად ძალები ეყოფოდა. მაგრამ შეეგუებიან კი უკრაინელები მარიონეტულ რეჟიმს?
პუტინმა ფსონი იმაზე გააკეთა, რომ ასეც მოხდებოდა. ბოლოსდაბოლოს, როგორც მან არაერთხელ უამბო ყველას, ვისაც მისი მოსმენა არ ეზარებოდა, უკრაინა როგორც ქვეყანა, როგორც ერი არ არსებობდა. 2014-ში ყირიმში რუსეთის შეჭრას წინააღმდეგობა თითქმის არ შეხვედრია. 2022-ში რატომღა უნდა მომხდარიყო სხვაგვარად?
მაგრამ ყოველი ახალი დღის დადგომასთან ერთად სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ეს ფსონი მცდარი აღმოჩნდა. უკრაინელი ხალხი გმირულად იბრძვის, რითაც მთელი მსოფლიოს პატივისცემას იმსახურებს და ამ ომში გამარჯვებას იახლოებს.
ეს ბნელი დღეები კიდევ გაგრძელდება. რუსეთმა შეიძლება უკრაინის მთელი ტერიტორიაც დაიპყროს. მაგრამ ომში გამარჯვებისთვის, მას მისი შენარჩუნება მოუწევს, ეს კი მხოლოდ უკრაინელი ხალხის თანხმობის შემთხვევაშია შესაძლებელი. ეს სულ უფრო და უფრო ნაკლებად სავარაუდოდ ჩანს.
ყოველი განადგურებული ტანკი უკრაინელების საბრძოლო სულს ამტკიცებს. ყოველი მოკლული უკრაინელი მათში აძლიერებს დამპყრობლების მიმართ სიძულვილს.
სიძულვილი – ადამიანის გრძნობათაგან ყველაზე ბნელია. მაგრამ ჩაგრული ხალხებისთვის – ის ძალის ფასდაუდებელი წყაროა. სწორედ სიძულვილი აძლევს მათ თაობების განმავლობაში წინააღმდეგობის ძალას.
რუსეთის იმპერიის აღსადგენად, პუტინს შედარებით უსისხლო გამარჯვება სჭირდება, რომელსაც ოკუპაცია მოჰყვება, რომელიც მეტისმეტ სიძულვილს არ გამოიწვევს. უკრაინელების სისხლის დაღვრით, პუტინი თავის ოცნებას განუხორციელებლად აქცევს.
გარდაცვალების ცნობაზე, რომელსაც რუსეთის იმპერიაზე გასცემენ, იქნება არა მიხაილ გორბაჩოვის, არამედ პუტინის სახელი. როდესაც გორბაჩოვი თავის პოსტს ტოვებდა, რუსები და უკრაინელები ერთმანეთის მიმართ ძმურად იყვნენ განწყობილი. პუტინმა ისინი ერთმანეთის მტრებად აქცია, რუსეთი კი – უკრაინელი ერის კონსოლიდაციის მთავარ ფაქტორად.
ფუნდამენტი, რომელზედაც ერი დგას – ლეგენდებია. ისინი უკრაინელებს ყოველდღიურად ემატება და ისინი ათწლეულებისა და თაობების განმავლობაში იცოცხლებს. პრეზიდენტი, რომელმაც უარი განაცხადა დედაქალაქიდან გაქცევაზე, რომელმაც ამერიკელების ადმინისტრაციას შეატყობინა, რომ მას „ტაქსი კი არა, საბრძოლო მასალები სჭირდება“; ჯარისკაცები კუნძულ ზმეინიდან, რომლებმაც სამ ასოზე გაუშვეს რუსული სამხედრო ხომალდი; სამოქალაქო პირები, რომლებიც ტანკებს გზაზე გადაუდგნენ. აი მასალა, რისგანაც ერი შენდება. და ის საბოლოო ჯამში ტანკებზე მნიშვნელოვანია.
რუს დესპოტს ეს ყველაზე უკეთ უნდა სცოდნოდა. ბავშვობაში ის იზრდებოდა გერმანელების მიერ ლენინგრადის სასტიკი ბლოკადისა და მისი მცხოვრებლების შესახებ გმირობის ისტორიებზე. ის ახლა იმავე ლეგენდებს იმეორებს, მაგრამ მათში თვითონვე ირგებს ჰიტლერის როლს.
უკრაინელების სიმამაცის მტკიცებულებები, არა მხოლოდ მათ მატებს სიმტკიცეს. ის სიმტკიცეს მატებს ევროპელ ხალხებს, ამერიკის ადმინისტრაციასა და თვით რუსეთის დაჩაგრულ მოქალაქეებს.
თუ უკრაინელები ბედავენ შიშველი ხელებით დაუდგნენ წინ ტანკებს, გერმანიის ხელისუფლებამ შეიძლება მათთვის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების მიცემა გაბედოს, ამერიკის ადმინისტრაციამ რუსეთის SWIFT-იდან გათიშვა გადაწყვიტოს, რუსებმა კი გაბედონ ამ უაზრო ომის მიმართ თავიანთი უარყოფითი პოზიციის დაფიქსირება.
ამ სიმამაცემ შეიძლება თითოეული ჩვენგანი შთააგონოს და გმირული ნაბიჯებისკენ გვიბიძგოს – გავიღოთ ფული, შევიფაროთ დევნილები, უბრალოდ არ გავჩუმდეთ. სისულელეა დამკვირვებლის როლში დარჩენა. დადგა დრო თავი ავწიოთ და საკუთარი პოზიცია გამოვხატოთ.
სამწუხაროდ, არსებობს იმის ალბათობა, რომ ეს ომი გაიწელება. სხვადასხვა ფორმით ის შეიძლება ათწლეულები გაგრძელდეს. მაგრამ მთავარი საკითხი უკვე გადაწყვეტილია. ბოლო დღეებმა აჩვენა, რომ უკრაინა – ყველაზე ნამდვილი ქვეყანაა, უკრაინელები კი ყველაზე ნამდვილი ხალხი. და ახალ რუსეთის იმპერიაში ცხოვრება მათ ერთმნიშვნელოვნად არ სურთ. ღიად რჩება მხოლოდ საკითხი, რამდენი დრო დასჭირდებათ კრემლის ბინადრებს ამ ფაქტის გასაცნობიერებლად.