„დედა, გვიღალატეს“ - რუსი ჯარისკაცების ისტორიები უკრაინაში მიმდინარე ომიდან
რუსი ჯარისკაცები უკრაინაში მიმდინარე ომში
რუსეთის შეჭრა უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო, თუმცა, ამ დრომდე არც რუსი ჯარისკაცების მშობლებს, არც საზოგადოებას მთლიანობაში არანაირი დადასტურებული ინფორმაცია არ აქვთ უკრაინაში გაგზავნილი მეომრების ბედის, ასევე, რუსული არმიის დანაკარგების შესახებ. რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „Новая газета“ ომში გაგზავნილი რუსი ჯარისკაცების დედებს ესაუბრა.
ჩვენ არ ვიცით ნამდვილი დანაკარგები, რომელსაც უკრაინაში რუსული არმია განიცდის. სხვადასხვა წყარო განსხვავებულ რიცხვებს ასახელებს, მაგრამ ყველა მათგანი საშინელია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან კი ამის დადასტურება ან უარყოფა არ ისმის.
სულ რაღაც ორი ახალგაზრდა რუსი ჯარისკაცის ახლობლებთან, ერთის დედასა და მეორეს ბებიასთან გასაუბრება, ბევრ რამეს ხსნის.
ამ ადამიანებმა უფლება მოგვცეს სრულად დაგვესახელებინა მათი და მათი შვილების სახელები, იმიტომ რომ ეს ქალები ახლა შფოთვისგან არიან დაღლილები: მათ უბრალოდ სურთ იცოდნენ, სად არიან ახლა ბავშვები. სარდლობამ ისინი ელემენტარული პასუხის ღირსიც კი არ გახადა.
პაველ აბრამოვი
მის დედას ელენა ალექსანდროვნა აბრამოვა ჰქვია. ვაჟიშვილი სპეციალობით სკოლის ინგლისური და ფრანგული ენების მასწავლებელია. ის მოტომსროლელ ბრიგადაში (დედის თქმით) ეფრეიტორის წოდებას ატარებს.
პაველმა ინსტიტუტი დაამთავრა და მაშინვე სამხედრო სამსახურში შევიდა. ის გამოიძახეს, მიუხედავად ბრტყელტერფიანობისა და ზოგადად, არცთუ ისე კარგი ჯანმრთელობისა.
რიაზანის ოლქიდან, სადაც დედა დარჩა, ის შორეულ აღმოსავლეთში გაგზავნეს, სადაც, დედის თქმით, მან გადაიფიქრა სამშობლოს სამსახურში პროფესიონალურად დარჩენა. მაგრამ შემდეგ, „ნებაყოფლობით-იძულებით“ ხელი მოაწერა კონტრაქტს.
ორწლიან კონტრაქტს პაველმა ხელი 2021 წლის სექტემბერში მოაწერა. დაპირებული 45 ათასი რუბლი (დაახლოებით 400 დოლარი), დედის თქმით, მას არ მიუღია. მისი ფულადი შემწეობა 27 ათას რუბლს (240 დოლარს) შეადგენდა.
ერთი წელიც არ ჰქონდა ნამსახურევი, პაველ აბრამოვი უკრაინაში, „სპეცოპერაციაზე“ აღმოჩნდა. მას შემდეგ, დედამ საერთოდ არ იცის, სად არის მისი ვაჟიშვილი, როგორ არის, ჯანმრთელია და საერთოდ არის თუ არა ცოცხალი.
– ჩემი შვილი მოატყუეს, – ამ ფრაზას ის რეფრენად იმეორებს, – ჩემი შვილი მოატყუეს.
პაველ აბრამოვი 23 წლისაა.
– პაველი აღმოსავლეთ სამხედრო ოლქში მსახურობდა, – გვიყვება ელენა, – მთელი შორეული აღმოსავლეთი – პრიმორიეს მხარე, ხაბაროვსკის მხარე, ამურის ოლქი, იმიერბაიკალის მხარე – იანვარში ბრიანსკში გაგზავნეს სწავლებაზე. ყველა ჯარისკაცს მისცეს ბრძანების გაცნობის საშუალება, გამოიწერა სამივლინებო ფურცელი.
მატარებელი შორეული აღმოსავლეთიდან ქვეყნის უკიდურეს დასავლეთამდე ორი კვირა მიდიოდა. თებერვლის დასაწყისში ის ბრიანსკის ოლქში ჩავიდა. კონტრაქტზე მყოფ სამხედროებს უფლება მისცეს ჰქონოდათ ჩვეულებრივი ღილაკიანი ტელეფონები და პაველი ყოველდღე უკავშირდებოდა დედას. ამიტომ მან იცის, რომ ბრიანსკში მათი ნაწილი, დაახლოებით, ოთხი საათის განმავლობაში იდგა.
მთელი ეს დრო სამხედროები ვაგონებში რჩებოდნენ, ჩამოსვლა აუკრძალეს. შემდეგ კი მატარებელი ბელარუსში წავიდა.
ამ დროს ელენა ახალ ამბებში კითხულობდა, რომ ბელარუსში დაგეგმილი იყო ერთობლივი სწავლება რუსეთთან ერთად და შვილზე ჩვეულებრივზე მეტად არ ნერვიულობდა.
– შვილი ყოველდღე, ერთი წუთით გამოდიოდა კონტაქტზე, იმიტომ რომ, იქ მაინც როუმინგი იყო ჩართული. მაგრამ მე მხოლოდ მისი ხმის გაგონება მჭირდება – მეტი არაფერი. 7 თებერვალს მათ ბელარუსის ჯარებთან ერთობლივი სწავლების შესახებ განუცხადეს.
ამ დღეს, პაველმა უბრალოდ კი არ დაურეკა დედას, ის ყვიროდა, რომ „მორალურად გატეხეს“. მან ძლივს დაამშვიდა შვილი, მაგრამ იმ მომენტიდან მოყოლებული ადგილს ვერ პოულობს.
სწავლება, როგორც ელენამ გაიგო, 20 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 16-ში პაველმა უთხრა, რომ ისინი ვადაზე ადრე დასრულდა. ახალ ამბებში ელენამ ნახა: დასავლური პრესა ცილს სწამებდა რუსეთს, ამტკიცებდა, თითქოს, სწორედ ამ დღეს დაესხმებოდა რუსეთი თავს უკრაინას. ელენა კითხულობდა და იცინოდა მატყუარა და სულელ დასავლეთზე.
– „დედა, დავამთავრეთ, სახლში ვბრუნდებით“, – ასე მითხრა შვილმა, – იხსენებს ის, – ჩვენც ვუყურებდით ახალ ამბებს და ვფიქრობდით: აი, შესანიშნავია, ხომ ხედავთ, როგორ იტყუებიან ისინი, ეს დასავლური პროპაგანდა, რა სამხედრო მოქმედებები, რას ამბობთ?
მაგრამ 16 თებერვალს მისი ვაჟი და კოლეგები შორეულ აღმოსავლეთში არ დააბრუნეს. და არც 17-ში დააბრუნეს.
– ვეკითხები, ბოლოს და ბოლოს, სად ხართ? – აგრძელებს ელენა, – „მანქანებში გვძინავს“, – პასუხობს შვილი. შეხედე შენ, ვფიქრობ.
18 თებერვალს პაველმა დედას უთხრა, რომ ისინი ისევ კარვებს შლიან: მათ განუცხადეს, რომ სწავლების გაგრძელება გადაწყდა. პრესაში ელენამ წაიკითხა: დიახ, მართლაც გააგრძელეს.
– კარგი, ვფიქრობ, გააგრძელეს და გააგრძელეს, რა არის აქ საშიში, – ამბობს ის, – თანაც ყველა ნაწილში არიან ყოჩაღი ბიჭები, რომლებმაც მოახერხეს სმარტფონების დამალვა და ისინი, როგორღაც ახერხებდნენ ჩვენთან ინტერნეტით კავშირზე გამოსვლას. ისინი კითხულობდნენ განცხადებებს, რასაც დასავლური დაზვერვა ავრცელებდა: თითქოს, გარდაუვალია ომი. შვილი მიყვებოდა, მე კი მას ვამშვიდებდი: „კი, შვილო, ასეთ რამეს ამბობენ, ჩვენ კი მათ დავცინით“. არა, შვილო, ეს სიგიჟეა, არაფერი ასეთი არ მოხდება.
21 თებერვალს, პაველმა დედას აცნობა, რომ ისინი კვლავ მოწყვიტეს ადგილს და ბელარუს-უკრაინის საზღვართან ახლოს გადაჰყავთ.
– მედიაში მეც ვკითხულობ, რომ ინგლისურმა დაზვერვამ გაარკვია: 48 საათის განმავლობაში შეიჭრება რუსეთი უკრაინაში, – დასძენს ელენა. – მას ვუხსნი: „შვილო, ისინი ყველა იტყუებიან, რომ დაძაბულობა შექმნან“.
22 თებერვალს პაველმა დედას უთხრა, რომ ისინი უკვე 2-3 კილომეტრში იყვნენ უკრაინის საზღვრიდან და უკვე ხედავდნენ უკრაინის ტერიტორიაზე.
– 23 თებერვალს მან გვიან ღამით დამირეკა, სადღაც 10 საათისთვის, – ელენას ხმა უწყდება, ყელში ბურთგაჩრილივით ლაპარაკობს, – მისი მდგომარეობით მივხვდი, რომ იქ ყველა შოკშია, დათრგუნულია და ცრემლები ერევათ. და ის ამბობს: „დედა, ჩვენ მოგვაწყვეს და გვითხრეს, რომ უკანონოდ გადავკვეთეთ ბელარუსის საზღვარი, და ჩვენი სამივლინებო ფურცელი და ბრძანება, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, ეხებოდა ბრიანსკს, ჩვენ კი ყველანაირი უფლების გარეშე გავბედეთ და დავტოვეთ დისლოკაციის ადგილი“.
„გვითხრეს, რომ ამ მომენტიდან თქვენ არანაირი კავშირი არ გაქვთ რუსეთის არმიასთან, დეზერტირები ხართ“.
იმავეს ეუბნებოდნენ მათ საკუთარი მეთაურებიც. სხვა დედებსაც ვესაუბრე – იქაც იგივე. ამასთან, მათ კიდევ უთხრეს, არანაირი დამატებითი ხელფასი არ იქნებოდა. იმიტომ რომ მივლინება ბრიანსკზე იყო გამოწერილი, მათ კი თვითნებურად დატოვეს ბრიანსკი.
შემდეგ მათ ეუბნებოდნენ, რომ წინ – სადისციპლინო ბატალიონი იყო და აჯობებდა, უკრაინელებისკენ წასულიყვნენ. ჩემი ვაჟი ტელეფონში ყვიროდა: „დედა, გვიღალატეს!“.
მთელი ღამე არ მეძინა. თავს ვიმშვიდებდი, რომ ასეთი რამ არ შეიძლება მომხდარიყო. მაგრამ როდესაც ხუთის ნახევრისთვის დავურეკე, ტელეფონში უკვე ისმოდა თვითმფრინავების ხმა, სროლა: „დედა, მანქანებში გვსვამენ, მივდივართ, მიყვარხარ, თუკი დაკრძალვა იქნება, მაშინვე არ დაიჯერო, აუცილებლად შეამოწმე“.
ამის მეტი ჩემი ვაჟის შესახებ არაფერი აღარ ვიცი. თავისი შვილების შესახებ არავინ არაფერი იცის, კავშირზე ისინი მეტჯერ აღარ გამოსულან.
„Новая газета“-ს ხელშია ელენას მონათხრობის ყველა მტკიცებულება, რომელიც ასეთ სიტუაციაში შეიძლება არსებობდეს: პროკურატურისა და მისი ვაჟიშვილის მეთაურობისთვის მიმართვის დასკანერებული ასლები, მისი პასპორტის ფოტო – ეს არის ის, რისი გამოქვეყნების უფლებაც ელენამ მოგვცა.
ევგენი როსტოვცევი
ალვეტინა ლეონიდოვნა როსტოვცევასთან საუბარი რთულია. ის ტირის, მძიმედ სუნთქავს, სიარული გაუჭირდა. მისი შვილიშვილი – ობოლია, დედა მაშინ გარდაეცვალა, როდესაც ჟენია 7 წლის იყო, მას შემდეგ ბებია მარტო ზრდიდა.
ალვეტინა ლეონიდოვნას კომპიუტერის გამოყენება არ შეუძლია, არ იცის, სად წავიდეს შვილიშვილის მოსაძებნად, ამიტომ ელენა აბრამოვა ერთდროულად ორ ბიჭს ეძებს: თავის პაშას და მისთვის უცნობ ჟენია როსტოვცევს.
– როგორც მივხვდი, ჟენიაც დაარწმუნეს, ხელი მოეწერა კონტრაქტისთვის, – ამბობს ელენა, – მაგრამ ბებიას ეუბნებოდა, რომ ძალიან უნდოდა არმიიდან წამოსვლა. ის მას უფრო იშვიათად უკავშირდებოდა, ვიდრე მე ჩემი შვილი – ორ-სამ დღეში ერთხელ. ბოლოს – 22 თებერვალს.
ჟენია ბებიასთან ერთად პერმის მხარეში ცხოვრობდა, სკოლის შემდეგ კი კიროვის ოლქში, ტექნიკუმში ჩააბარა. ალვეტინა ლეონიდოვნა გვიყვება, რომ მატარებლის მემანქანეობა ისწავლა და სახლში დაბრუნდა. 2020 წელს კი 18 წლის ჟენია არმიაში გაიწვიეს.
– მან სამი დღე დაჰყო პერმში, შემდეგ კი მეთაურები ჩამოვიდნენ უსურიიდან და იქ წაიყვანეს, – გვიყვება ბებია, – უთხრეს: საავტომობილო ბატალიონში იმუშავებ, მძღოლობას ისწავლი, კატეგორიის მიხედვით. მაშინვე კონტრაქტი შესთავაზეს, მან დამირეკა და მითხრა, რომ ხელმოწერა სურდა. ვუთხარი: „არ მოაწერო არავითარ შემთხვევაში“. „და რატომ? – მეკითხება, – მეტი ფულის გადახდას შეგვპირდნენ, ჩინი მექნება, ვისწავლი“. და მოაწერა ხელი.
ბებიას არ ახსოვს, რა ხელფასს შეჰპირდნენ მის შვილიშვილს არმიაში, მაგრამ ფული პერმის მხარისთვის საკმაოდ კარგი იყო. ახსოვს, რომ ფული გარკვეულწილად დამოკიდებული უნდა ყოფილიყო ჯარის ტიპზეც:
„თუკი ყუმბარმტყორცნელი იქნებოდა – ნაკლები ექნებოდა, თუკი მოტომსროლელი – უფრო მეტი“.
– მაგრამ ფაქტობრივად პატარა ხელფასი იყო: თავდაპირველად 18 ათასი რუბლი (დაახლოებით 165 დოლარი), შემდეგ 24 ათასი რუბლი (დაახლოებით 220 დოლარი) – ეს ის არ იყო, რასაც დაჰპირდნენ – აგრძელებს ბებია, – ყაზარმაში ცხოვრობდნენ, მაგრამ იქ შუქიც კი არ იყო ნორმალურად. შემდეგ ბინაში დაიწყო მეგობრებთან ერთად ცხოვრება, და ბინისთვისაც უნდა გადაეხადა 5 ათასი რუბლი. აღჭურვილობაც თვითონ უნდა ეყიდათ. თანაც, მთელი ამ დროის განმავლობაში, სულ ფულს დებდნენ – ხან ერთ რამეზე, ხან მეორეზე: ბენზინზე, რაღაც პლაკატებზე, და მსგავსზე. ფული არ ჰყოფნიდა, მე ვეხმარებოდი. მეუბნებოდა: „ბებია, ისე მომბეზრდა ეს ყველაფერი, რომ კონტრაქტის გაწყვეტა მინდა“. რატომღაც ეს არაფრით არ გამოსდიოდა.
იანვრის დასაწყისში ჟენიამ ბებიას დაურეკა და უთხრა, რომ მათ ბელარუსში გზავნიდნენ სწავლებაზე. თებერვალში მან გაიგო, რომ შვილიშვილი ბელარუსში იყო, იქიდან SMS მისწერა. სახლში დარეკვა – ძალიან ძვირი უჯდებოდა. SMS-ებით კი ბევრს ვერაფერს ეტყვი. ამასთან, ალვეტინა ლეონიდოვნა ცუდად ხედავს.
– მივწერე: „ჟენია, სად ხარ, როგორ ხარ?“, ის კი მპასუხობს: „კონცერტზე ვართ“. რა კონცერტზე? მანამდე კიდევ მწერდა, რომ ბელარუსში იყვნენ, შემდეგ კი, რომ ბელარუსისა და უკრაინის საზღვართან იყვნენ. ამის მეტი მისგან არანაირი ინფორმაცია აღარ მოსულა.