JAMnews-ის ფოტოკამერა სოხუმის ბაზარში
სოხუმის ბაზარი თითქმის არაფრით განსხვავდება სხვა ნებისმიერი ბაზრისგან, რომელიც კავკასიის სხვა ქალაქებში მინახავს.
სიცოცხლე აქ დილის 5 საათზე იწყება – ამ დროს გამყიდვლები უკვე აწესრიგებენ დახლებს, ახალ საქონელს ამატებენ და სამუშაო დღისთვის ემზადებიან იმ იმედით, რომ დღე სარფიანი იქნება.
სოხუმის ბაზარი საღამოს ხუთ საათამდე მუშაობს. საქონელს იქვე დახლებზე ტოვებენ, ბაზრის დარაჯების იმედად.
სოხუმის ბაზარი ერთი დიდი სივრცეა, რომელსაც ლურჯი ბრეზენტი აქვს გადაფარებული – ორ საბჭოთა დროს აშენებულ შენობას შორის მოქცეული. აქედან ერთ შენობაში ტანსაცმელს ყიდიან, მეორეში – სურსათს. კომუნისტების “მზიანი ეპოქისთვის” დამახასიათებელი “არტი” აქაურობას დღესაც შემორჩენია.
იულია ბოსტნეულით ვაჭრობს. ის სოხუმის მახლობლად, პატარა სოფელში ცხოვრობს. მისი ყველა პროდუქტი მისსავე ბოსტანშია მოწეული.
სოხუმის ბაზარში ზუსტად ისეთი პროდუქტი იყიდება, როგორიც თბილისის ბაზარში მინახავს. უბრალოდ აფხაზები დასახელებებს ქართულ ბოლოსართ ,,ი“-ს აკლებენ. ასე გაჩნდა აქ ,,ხაჩაპურ“ – ხაჭაპურის მაგიერ და ბევრი სხვა ასეთი. აფხაზები განსაკუთრებით ამაყობენ თავიანთი მანდარინით, რომელიც მართლაც ძალიან გემრიელი და არომატულია.
“სუნელები საზღვრების გარეშე”. ესეც სვანური მარილი სოხუმის ბაზარში
ცოდვა გამხელილი სჯობს – მაინცდამაინც კარგი ხარისხის ღვინოს სოხუმის ბაზარში ვერ წააწყდები. ამ მოხერხებულ ღვინით მოვაჭრეს საკუთარი პროდუქციის უკეთ გასაყიდად ერთი ხერხი მოუფიქრებია – ვინც მასთან ღვინოს იყიდის, თან ერთ ბოთლ მეტისმეტად დამტკბარ ვაჟინსაც მიიღებს, რომელსაც ჭაჭა აქვს შერეული. ვაჟინის სურნელის შერჩევაც შეიძლება – ბევრნაირი აქვს – ბროწეულის, ყურძნის, მსხლის. თუმცა, ისეთი სახე აქვს, თავისი გამოგონებისა თავადაც არ უნდა სჯეროდეს.
კობა ფოტოგრაფიითა გატაცებული, მაგრამ თავად სურათების გადაღება არ უყვარს. ბაზარში ოჯახის წევრებს ეხმარება, პურს ყიდის. ამბობს, რომ ბევრს მოგზაურობს, მისი საყვარელი ქალაქებია სანქტ-პეტერბურგი და ბაქო. სოხუმში დიდად გული აღარ უდგას, მაგრამ ესმის, რატომ მოსწონთ უცხოელებს აქაურობა ,, ისე გამოიყურება, როგორც 30 წლის წინანდელი ევროპა, ასეთ შენობებს ევროპაში სადღა ნახავ,“ – ამბობს ის.
კონსტანტინეს ორი შვილი ჰყავს და ბავშვებს მარტო ზრდის. პოლონელი ცოლი ჰყავდა, მაგრამ ერთმანეთს დაშორდნენ და ის პოლონეთში წავიდა – ,, რუსი და პოლონელი უბრალოდ ორი შეუთავსებელი რამეა”, – ამბობს კონსტანტინე.
ეს ქალი შავ ზღვაში დაჭერილ წვრილ თევზს ჰყიდის და თავის პოტენციურ მყიდველებს არწმუნებს, რომ ქერცლის აფხეკა ძალიან ადვილად და სწრაფად შეიძლება.
სედა პიანისტია. 25 წელი ასწავლიდა სკოლაში მუსიკას, ვიდრე ომი დაიწყებოდა. შემდეგ სამსახური დაკარგა, ომის შემდეგ მუსიკის სწავლა აღარავის უნდოდა. ახლა ბაზარში ნაშოვნი ფული ლუკმა-პურზე ძლივს ჰყოფნის. ყველაზე მეტად მოგზაურობა ენატრება – ამბობს, რომ კომუნისტების დროს მთელი საბჭოთა კავშირში მოვლილი აქვს.
აფხაზეთი სხვადასხვა რელიგიების პატარა თაიგულია. რელიგიური სხვაობები აქ უფრო გამოკვეთილიც კია, ვიდრე სადმე სხვაგან კავკასიაში. დღეს აფხაზების უმრავლესობა რომელიმე ერთი რელიგიისკენ მკვეთრად არაა გადახრილი. თუმცა, ზოგიერთ წარმართულ ტრადიციას ისინი დღემდე იცავენ.
ძველი, რესტავრირებული ავეჯის ეს მაღაზია ბაზრის ბოლოშია. პატარა, ერთი ციდა, ბნელი ოთახი სკამებით და დივანებითაა სავსე.
მაღაზიის მეპატრონე თურქი კაცია. მისი მშობლები სოხუმიდან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს წავიდნენ. მან უკან დაბრუნება და აქ პატარა ბიზნესის აწყობა გადაწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი აქ გამოსადეგი ენა არ იცის ( არც აფხაზური, არც რუსული) სამუშაოს და მუშტრის ნაკლებობას არ უჩივის.
სხვადასხვა გემოებით, სუნებით, განსხვავებული წარსულისა და ბედის ადამიანებით, ყოველდღიური გაწამაწიით სავსე სოხუმის ბაზარი, ყველაზე კარგი ადგილია რეგიონის სინამდვილეზე დასაკვირვებლად.
*აგნეშკა ზიელონკა პოლონელი ჟურნალისტია, რომელიც თბილისში ცხოვრობს და JAMnews-თან თანამშრომლობს. შემოდგომაზე მან სოხუმში იმოგზაურა.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო