სააკაშვილი ხელისუფლებას მიმართავს სამკურნალოდ კიევში გადაიყვანონ
მიხეილ სააკაშვილი
პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, სამკურნალოდ უკრაინის დედაქალაქ კიევში გადაიყვანონ.
ამის შესახებ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
„მოგმართავთ, რომ დათანხმდეთ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებას და მოახდინოთ ჩემი სამედიცინო ტრანსფერი ქალაქ კიევში. გადამივადოთ განაჩენი დროებით, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება.
მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მე ვარ უკრაინის ნაციონალურ რეფორმათა საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე. ჩემი ოფისი განლაგებულია პირდაპირ პრეზიდენტ ზელენკის ოფისის გვერდით და დღესაც მუშაობს, სხვათა შორის, მათთან ყოველდღიური კონტაქტი მაქვს.
როგორც კი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ზოგადად, სიტუაცია ოდნავ დასტაბილურდება, ამის შემდეგ პატიოსან სიტყვას გაძლევთ და მე ჩემს სიტყვას არასდროს ვარღვევ, ვთქვი, რომ ჩამოვიდოდი და ჩამოვედი, ვიცოდი, რითი დამთავრდებოდა.
თუ გადაწყვეტთ ამ სისხლის სამართლებრივი დევნის გაგრძელებას, რომელსაც უსამართლოდ მივიჩნევ, პირველივე გამოძახებაზე თბილისში ჩამოვალ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
- ● არის თუ არა სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი? რას ამბობენ იურისტები და უფლებადამცველები
- ● შიმშილობის შემდეგ. გია ნოდიას თვალსაზრისი
- ● სააკაშვილის საქმეები. რისთვის ზის ციხეში ყოფილი პრეზიდენტი
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ თუ კიევში მის გადაყვანას დასთანხმდებიან, მომხრეებს მოუწოდებს შეწყვიტონ საპროტესტო აქტიურობა:
„მე კარგად ვაცნობიერებ, რომ კიევში ჩასვლა ახლა ძალიან სარისკოა. მათ ჯგუფებს აქვთ სახელები და გვარები იმ ადამიანების, ვისი განადგურებაც უნდათ და ერთ-ერთი პირველი ადგილი მიკავია, ეს ვიცი, როგორც უტყუარი ფაქტი.
ვთხოვ საქართველოს დღევანდელ ხელმძღვანელობას, რაციონალურად და განსჯით მიუდგეს ჩემს ამ წინადადებას და თავის მხრივ მზად ვარ, დავივიწყო ყველა ის წამება და ცუდი მოპყრობა, რაც ციხეში გადავიტანე და ბევრი სხვა რამ. საქმე ეხება ბევრად მნიშვნელოვანს, სხვა ყველა უთანხმოება წვრილმანად ჩანს იმასთან შედარბით, რაც დღეს ხდება, მაქვს თქვენი საღი აზრის იმედი”.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ხელისუფლებას ძებნილად ჰყავდა გამოცხადებული, საქართველოში ფარულად დაბრუნდა. 1 ოქტომბერს ის დააკავეს და გლდანის ციხეში გადაიყვანეს.
დაპატიმრებისთანავე ყოფილმა პრეზიდენტმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ, უფრო კონკრეტულად კი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და საქართველოს არაფორმალური მმართველის ბიძინა ივანიშვილის პატიმრად მიიჩნევს.
ყოფილი პრეზიდენტი 50 დღე შიმშილობდა. ბოლო ორი კვირა ის აღარ იღებდა აღარც სამკურნალო მედიკამენტებს. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. ექიმთა ჯგუფმა, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა, მისი მდგომარეობა კრიტიკულად შეაფასა.
საქართველოს სამოქალაქო სექტორი, დიპლომატები, რიგითი მოქალაქეები, მსახიობები, მწერლები და საზოგადოების სხვა ცნობილი სახეები ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას სთხოვდნენ. ამ მოთხოვნით ხელისუფლებას მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმა, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა. განცხადება გაავრცელა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმაც. საბოლოოდ, მესამე პრეზიდენტი გორის სამედიცინო დაწესებულებაში 19 ნოემბერს გადაიყვანეს.
გარდა ამისა, არსებობდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 10 ნოემბრის გადაწყვეტილება. სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილის შეწყვეტისკენ მოუწოდა, სახელმწიფოს კი დაავალა, უზრუნველეყო პატიმრის უსაფრთხოება და ადეკვატური მკურნალობა.