სანქციები და „დიდი ომის“ მოლოდინი. რა ხდება უკრაინის გარშემო
იქნება თუ არა ომი უკრაინაში
აშშ რუსეთთან მოლაპარაკებებს წყვეტს და სანქციებს უწესებს. ევროკავშირმა, დიდმა ბრიტანეთმა და რიგმა ქვეყნებმა ასევე განაცხადეს მოსკოვის წინააღმდეგ ახალი სანქციების პაკეტების შესახებ. ამასობაში რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი აღიარებს უკრაინის აღმოსავლეთში „სახალხო რესპუბლიკების“ დამოუკიდებლობას ძველ ადმინისტრაციულ საზღვრებში. ეს რუსეთსა და უკრაინას შორის ამ ტერიტორიების გამო „დიდი“ ომის დაწყების რისკს ნიშნავს.
აშშ-ის სანქციები
22 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ, აშშ-ს რუსეთის უკრაინაში შეჭრა შემდგარ ფაქტად მიაჩნია და ახალ სანქციებს უწესებს რუსეთს. კერძოდ, ის შეეხება რუსულ ბანკებს, სუვერენულ ვალსა და ელიტას.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ დასავლეთი მომდევნო ნაბიჯებისთვის ემზადება და „რუსეთისთვის საფასური კიდევ უფრო მაღალი იქნება“, – ციტირებს აშშ-ის პრეზიდენტს უკრაინული გამოცემა „hromadske“.
მისი თქმით, აშშ გააგრძელებს თავდაცვით დახმარებას უკრაინისთვის და ნატოელი მოკავშირეების გაძლიერებას – კერძოდ, აშშ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის გამაგრების პირობას დებს, თუკი რუსეთის ფედერაცია არ გაიყვანს ჯარებს ბელარუსიდან.
მისი აზრით, რუსეთი მზად არის კიდევ უფრო წინ წასასვლელად და უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური შეტევის დასაწყებად.
„დემოკრატიის დაცვას ხარჯები სჭირდება, თუნდაც სახლში დავრჩეთ. ყველა ძალისხმევას მივმართავ, რომ სანქციებისგან ტკივილი იგრძნოს რუსეთის ეკონომიკამ და არა ჩვენ“, – აგრძელებს აშშ-ის პრეზიდენტი.
- შიშის ზონა. რეპორტაჟი ქართულ-აფხაზური გამყოფი ხაზიდან
- „ისკანდერები“ და კიევის ოკუპაცია. რას ამბობენ უკრაინაში რუსული აგრესიის გეგმებზე
მოგვიანებით აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ განმარტა, რომ სანქციების ქვეშ მოყვა ორი რუსული ბანკი: „Внешэкономбанк“ (ВЭБ) და „Промсвязьбанк“, ასევე, მათი 42 შვილობილი კომპანია.
ВЭБ-ი რუსეთის უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტთა ხუთეულში შედის, „Промсвязьбанк“-ი კი რუსეთის სიდიდით მერვე ბანკია, რომელიც რუსეთის ფედერაციის თავდაცვის უწყების კონტრაქტების 70%-ს ემსახურება და საბანკო მომსახურებას უწევს რუს სამხედროებს.
კერძოდ, სანქციები ითვალისწინებს, რომ ეს ბანკები მოწყვეტილი იქნებიან აშშ-ის ფინანსური სისტემიდან და ვერ შეძლებენ მუშაობას შტატებში, მათი აქტივები კი გაიყინება.
ასევე, სანქციები დაეკისრათ რუსული ელიტის ოჯახის წევრებს, რომლებზეც ჩინოვნიკები საკუთარ აქტივებს აფორმებენ.
- დენის ბორტნიკოვი – „ВТБ Банк“-ის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორის, ალექსანდრ ბორტნიკოვის შვილი.
- პიოტრ ფრადკოვი – „Промсвязьбанк“-ის გენერალური დირექტორი, რუსეთის ფედერაციის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი დირექტორის, მიხაილ ფრადკოვის შვილი.
- ვლადიმირ კირიენკო – „VK Group“-ის („ВКонтакте“) გენერალური დირექტორი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის – ე.წ. რუსეთის მთელი შიდა პოლიტიკის კურატორის, სერგეი კირიენკოს შვილი.
ამას გარდა, სანქციები ეხება რუსეთის ფედერაციის სუვერენულ ვალთან დაკავშირებულ გარიგებებს, ანუ იკრძალება რუსეთის სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შესყიდვა, რითაც „რუსეთი მოწყდება უკრაინაში შემდგომი შეჭრისთვის შემოსავლის წყაროებს“.
ევროპის სანქციები
ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ ერთხმად დაუჭირა მხარი სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა.
ამის შესახებ ფრანგული დიპლომატიის ხელმძღვანელმა, ჟან-ივ ლე დრიანმა განაცხადა პარიზში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ.
მხარდაჭერილი სანქციები შეეხება 27 რუს ფიზიკურ და იურიდიულ პირს, ასევე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს 351 დეპუტატს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს თვითგამოცხადებული „რესპუბლიკების“ აღიარებას.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სანქციები „საკმაოდ დააზიანებს რუსეთს“.
გარდა ამისა, ჟან-ივ ლე დრიანმა დააზუსტა, რომ ეს სანქციები იყო მხოლოდ ევროკავშირის რეაქციის პირველი ნაწილი რუსეთის ქმედებებზე.
„პარიზში, ჟოზეპ ბორელსა და მინისტრებს შევხვდი, რათა მიგვეღო ევროპელების ერთიანი და მკაცრი პასუხი. გადავწყვიტეთ დაუყოვნებლივ დავაწესოთ არსებითი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მზად ვართ რეაგირება მოვახდინოთ ნებისმიერ მომდევნო ესკალაციაზე“, – დაწერა Twitter-ზე ლე დრიანმა.
ევროკავშირის სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა, რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი და ტელეწამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი ,- იტყობინება „რადიო თავისუფლება“ ევროკომისიაში თავის წყაროზე დაყრდნობით.
მანამდე, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ შეჩერდა რუსეთიდან გერმანიაში მიმავალი გაზსადენის, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის სერტიფიკაციის პროცესი.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა პარლამენტში გამოსვლის დროს განაცხადა, რომ ბრიტანული სანქციების განახლებულ პაკეტში მოხვდა ხუთი რუსული ბანკი, ასევე, ინდივიდუალური სანქციები დაეკისრათ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებულ სამ ბიზნესმენს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის და იგორ როტენბერგებს.
ჯონსონმა განაცხადა, რომ დასავლეთმა პუტინს სიტუაციის დიპლომატიური გზით გადაწყვეტის შესაძლებლობა მისცა, მაგრამ რუსეთმა ამით არ ისარგებლა.
შეაჩერებს თუ არა სანქციები რუსეთს?
BBC-ის რუსული სამსახური გაზეთ New York Times-ის სტატიას ციტირებს, რომელშიც ექსპერტები აშშ-ის პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციათა ახალ პაკეტს აფასებენ.
მათი აზრით, იმ სანქციებს, რომლებიც ამ დროისთვის არის გამოქვეყნებული, ნაკლებად შეუძლიათ პუტინის შეჩერება.
„რუსეთის ხელისუფლებამ წლები დახარჯა ბიუჯეტისა და ფინანსების გადაწყობაში, რათა ქვეყნის ეკონომიკას შეძლებოდა გაეძლო მომავალი სანქციებისთვის. მთავრობის ძალისხმევას ხელი შეუწყო ნავთობსა და გაზზე მაღალმა საბაზრო ფასმა. ახლა რუსეთს შედარებით მცირე საგარეო ვალი აქვს და ის უფრო ნაკლებად არის დამოკიდებული უცხოური ორგანიზაციების კრედიტებზე, ვიდრე 2014 წლამდე. და, რაც მთავარია, ქვეყნის სავალუტო რეზერვები 631 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს კი მსოფლიოში სიდიდით მეოთხე სავალუტო რეზერვებია“, – წერს გაზეთი.
BBC-ს ასევე მოჰყავს რუსი ექსპერტის, პროფესორ ოლეგ შიბანოვის მოსაზრება.
„ჯერჯერობით, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს სანქციები რუსული მხარის მიმართ პატივისცემით გამოიყურება. ისინი უსიამოვნო და მტკივნეულია, მაგრამ ჯერჯერობით არ არის რადიკალური, როგორიც შეიძლება ყოფილიყო რუსული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებზე სანქციების დაწესება. ასეთი რამ რომ მომხდარიყო და დოლარში ანგარიშსწორება აკრძალულიყო, ეკონომიკური შედეგები გაცილებით მძიმე იქნებოდა. როგორც უკვე ვხედავთ რუბლზე დაკვირვებით, რეაქცია არც ისეთი საშინელია, როგორიც შეიძლება ყოფილიყო“, – მიაჩნია ექსპერტს.
ომის გამოცხადება?
22 თებერვალს, ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარებაზე ხელმოწერის შემდეგ, რუსი ოფიციალური პირები ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ საზღვრებში აღიარებს რუსეთი ამ „რესპუბლიკებს“.
ეს საკითხი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიის ორ მესამედს ახლა უკრაინის ხელისუფლება აკონტროლებს.
სიცხადე დღის ბოლოს ვლადიმირ პუტინმა შემოიტანა, განაცხადა, რომ რუსეთმა თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების „საზღვრები“ მათი „კონსტიტუციების“ შესაბამისად აღიარა. ანუ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების საზღვრებში.
ამავდროულად, მან განაცხადა, რომ რუსეთი „აუცილებლობის შემთხვევაში“ დონბასში მყოფ თავის შეიარაღებულ ძალებს გამოიყენებს. და დასძინა, რომ კრემლს „იმედი აქვს, რომ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების საზღვრებთან დაკავშირებული ყველა სადავო საკითხი მოლაპარაკებების გზით გადაწყდება, ახლა ეს შეუძლებელია, მაგრამ მომავალში მოხერხდება“.
გარდა ამისა, პუტინმა უკრაინის ხელისუფლებას სიტუაციის მოსაგვარებლად რამდენიმე პირობა წაუყენა:
„საკითხის საუკეთესო გადაწყვეტა იქნებოდა, რომ კიევის დღევანდელ ხელისუფლებას თვითონ ეთქვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე და ნეიტრალიტეტი გამოეცხადებინა“.
გარდა ამისა, მან მოუწოდა კიევს, „აღიაროს ყირიმში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები“.
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ 22 თებერვალს, ღამით, მოსახლეობისადმი მიმართვისას განაცხადა, რომ განსაკუთრებულ პერიოდში რეზერვისტების გაწვევის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.
პრეზიდენტმა ასეთი გადაწყვეტილება ყველა შესაძლო სცენარისთვის ჯარის მზადყოფნის გაზრდის აუცილებლობით ახსნა და თქვა, რომ სახელმწიფოსთვის აუცილებელია ოპერატიულად დააკომპლექტოს უკრაინის არმია.
პრეზიდენტის თქმით, უახლოეს პერიოდში ასევე ჩატარდება ტერიტორიული თავდაცვის რეზერვისტების სასწავლო შეკრებები.
ამის მიუხედავად, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საყოველთაო მობილიზაციის აუცილებლობა არ არის.
გარდა ამისა, ზელენსკიმ „ეკონომიკური პატრიოტიზმის“ პროგრამა დააანონსა, რაც გადასახადების შემცირებასა და სახელმწიფოს დახმარების სპეციალური ფონდის შექმნას გულისხმობს, სადაც ფულს მსხვილი ბიზნესმენები შეიტანენ.
რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების უფლების აღიარება მთელ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე – ეს ესკალაციის მზა სცენარია, წერს უკრაინაში BBC-ის კორესპონდენტი, სვიატოსლავ ხომენკო.
„პუტინის მშვიდობიანმა რეპლიკებმა – თითქოს საზღვრების საკითხი კიევს შეუძლია განიხილოს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებზე, და რომ შესაძლოა რამეზე მოილაპარაკონ – არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში.
უკრაინა ასეთ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. ეს კი იმას ნიშნავს, დონბასში ახალი დიდი ომი ამ შემთხვევაში მოვლენების განვითარების მოსალოდნელი ვარიანტი ხდება“.
22 თებერვალს, მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა სროლა დონბასში, შეხების ხაზზე. უკრაინული მეთაურობა ერთი მებრძოლის დაღუპვის შესახებ იტყობინება. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები სროლებში უკრაინას ადანაშაულებენ და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს.