უკრაინა, აშშ, რუსეთი, ირანი, ტაივანი: მსოფლიო ჯერარნახული კრიზისის წინაშე?
ომი უკრაინაში
იმ შემთხვევაში, თუ უკრაინასთან ომი მაინც დაიწყება – აშშ-ს მოუწევს, ან რუსეთის ეკონომიკა დაანგრიოს, ან მსოფლიო ლიდერის ადგილი დაკარგოს
დასავლეთი გამოდის გაფრთხილებით, რუსეთის უკრაინაში სამხედრო შეჭრის შესაძლებლობაზე „ნებისმიერ მომენტში“.
აღმოსავლეთით, კიევის მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში 18 თებერვალს დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია მოსაზღვრე რუსეთის როსტოვის ოლქში.
პარალელურად, სწრაფად ვითარდება მეორე სამხედრო-პოლიტიკური კრიზისი, არანაკლებ, თუ უფრო მეტად არა, საშიში საერთაშორისო სტაბილურობისათვის – ირანისა და მისი ბირთვული პროგრამის გარშემო. და იზრდება დაძაბულობა ტაივანსა (რომელიც აშშ-ის მფარველობის ქვეშაა) და ჩინეთს შორის.
მთელი მსოფლიოსათვის კრიტიკულად სახიფათო სამივე ზონაში წამყვანი როლი აშშ-ს აქვს. ექსპერტები სვამენ კითხვას: შეუძლია კი ამერიკას სასტიკი წინააღმდეგობის გაწევა ერთბაშად სამივე ფრონტზე, ბრძოლაში გამომწვევი სამი ძლიერი მოწინააღმდეგის, რუსეთის, ირანისა და ჩინეთისათვის?
- ემზადება თუ არა რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად? სცენარები და დასკვნები
- კომენტარი ბაქოდან: თურქეთისა და აზერბაიჯანის ალიანსი, ნატო და რუსეთი
უკრაინა-რუსეთი-აშშ: ბოლო მოვლენები
18 თებერვლიდან, უკრაინის კონტროლქვეშ არმყოფი დონბასის ტერიტორიებზე მიმდინარეობს მოვლენები, რომლებიც მოგვაგონებს „უკრაინაში შეჭრის იმ რუსულ გეგმას“, რომელიც ერთი დღით ადრე გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
ამ თეორიის მიხედვით, რუსეთი მოაწყობს ტერაქტებისა და დივერსიების ინსცენირებებს თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების ტერიტორიებზე, ამაში კიევს დაადანაშაულებს და უკრაინასთან ომის დაწყების საბაბად გამოიყენებს.
18 თებერვალს, დღისით, რუსულმა მედიამ მასობრივად დაიწყო დივერსიების შესახებ შეტყობინებების გამოქვეყნება, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ჩანაწერები, რომლებსაც უწოდებდნენ „ხელში ჩაგდებულ დივერსანტების მოლაპარაკებებს პოლონურ ენაზე“.
საღამოსთვის დაიწყეს ინფორმირება ქიმიურ ქარხანაში დივერსიის თავიდან აცილების შესახებ. შემდეგ კი, დონეცკში, მთავრობის სახლთან აფეთქდა „დსრ-ის სახალხო მილიციის“ უფროსის, დენის სინენკოვის მანქანა. ამ დივერსიების შედეგად, რომელთა ორგანიზატორები უცნობია, ჯერჯერობით არავინ დაშავებულა.
საკვირველი ელემენტი – რუსეთში რატომღაც სისხლის სამართლის საქმე აღძრეს დონეცკში მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით.
19 თებერვლის ღამეს, რუსული მედია იტყობინებოდა ლუგანსკის გარეუბანში გაზსადენის აფეთქებისა და ხანძრის შესახებ. მანამდე რამდენიმე დღით ადრე, უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსული სპეცსამსახურები დონეცკში ნაღმავენ სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რათა შემდგომ, საჭირო დროს, ააფეთქონ და „ტერაქტად“ გაასაღონ.
„დსრ“-სა და „ლსრ“-ში აცხადებენ, რომ უკრაინა მათ წინააღმდეგ მასიურ სამხედრო შეტევას ამზადებს. მამაკაცებისთვის საყოველთაო მობილიზაცია გამოცხადდა. ქალები, ბავშვები და მოხუცები კი მოსაზღვრე, რუსეთის როსტოვის ოლქში გადაჰყავთ.
იტყობინებიან, რომ უკვე გავიდა 30 ათასი, მთლიანად კი 700 ათასამდე ადამიანი იქნება ევაკუირებული. თითოეულ მათგანზე, პრეზიდენტმა პუტინმა 10 ათასი მანეთის [დაახლოებით, $120] გაცემა ბრძანა.
ამ კადრებზე ევაკუაციისთვის ამზადებენ ბავშვთა სახლს დონეცკში:
ამასთან, ჰუმანიტარული კრიზისი მაინც დადგმულს ჰგავს.
მაგალითად, დსრ-ისა და ლსრ-ის ლიდერების ვიდეომიმართვების მეტამონაცემები იმაზე ლაპარაკობს, რომ ისინი ჩაიწერა ორი დღით ადრე, ვიდრე საერთოდ რაიმე მოვლენები დაიწყებოდა.
„მედიაზონის“ ჟურნალისტებმა კი გამოაქვეყნეს იმის მტკიცებულება, რომ სწორედ იმ ავტომობილის აფეთქებამდე ზუსტად ერთი დღით ადრე, მისი ნომერი ბევრად ახალ და ძვირფას ავტომობილს ეკეთა.
უკრაინა აცხადებს, რომ არანაირ თავდასხმას არ გეგმავს, და ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, „არ დაუჯერონ ამ გავრცელებულ ტყუილებს“.
არნახულად დიდი რუსული სამხედრო კონტინგენტი კვლავაც უკრაინის საზღვრებთანაა კონცენტრირებული. 19 თებერვალს რუსეთში მოეწყობა სტრატეგიული სწავლებები ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გაშვებით. მათ პირადად ვლადიმირ პუტინი უხელმძღვანელებს, ასევე ელოდებიან ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ჩასვლასაც.
18 თებერვლის საღამოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიდევ ერთი საგანგებო მიმართვა გააკეთა უკრაინის საკითხზე და განაცხადა, რომ „პუტინმა, ალბათ, მაინც გადაწყვიტა ომის დაწყება“. „რუსეთის ჯარები პრაქტიკულად გარს შემოერტყნენ უკრაინას, რუსეთს განზრახული აქვს შეჭრა და კიევის დაკავება“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი ქურდულ ლექსიკაზე გადავიდა. იმაზე ლაპარაკისას, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ურთიერთობები რუსეთსა და აშშ-ს შორის, მან დამნაშავეთა სამყაროში პოპულარული ფრაზა გაიმეორა: „ბაცანამ თქვა და შეასრულა“.
მანამდე, რუსეთის დუმამ მიიღო რუსეთის პრეზიდენტისადმი მიმართვა, რომელშიც მას სთხოვს აღიაროს დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. ამაზე ვლადიმირ პუტინის საჯარო რეაქცია თავშეკავებული იყო და მან შესთავაზა მინსკის შეთანხმებების დაცვა, რომლებიც უკრაინის იურისდიქციის ქვეშ დონბასის ტერიტორიის ეტაპობრივ დაბრუნებას ითვალისწინებს.
თუმცა, 18 თებერვლის საღამოს, რუსეთის ფედერაციათა საბჭომ თავისი გრაფიკი შეცვალა და განაცხადა, რომ სხდომას 22 თებერვალს გამართავს, სახელმწიფო სათათბიროს მსგავსად.
რუსეთის დამოუკიდებელი მედია იხსენებს, რომ საპარლამენტო სხდომების გრაფიკი ანალოგიურად შეცვალეს 2008 წელს, როცა ორივე პალატა სასწრაფოდ შეკრიბეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიზნით.
უკრაინული მედია წერს, რომ კიევსა და სხვა ქალაქებში ადამიანები მასობრივად იძენენ იარაღს რუსეთის მხრიდან შეჭრის საფრთხის ფონზე.
ირანი ბირთვული იარაღის შექმნის, რეგიონი კი – სამხედრო დაპირისპირების საფრთხის ზღვარზე
კრიტიკულ წერტილს მიაღწია ვაშინგტონის მოლაპარაკებებმა თეირანთან ბირთვული გარიგების გარშემო (ირანმა უარი თქვას ურანის გამდიდრების პროგრამასა და ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობებზე, სანქციების მოხსნის სანაცვლოდ).
თუ აშშ-ის გარიგება ირანთან მაინც მიიღწევა, – მცირე იმედი რჩება იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში ვითარების განმუხტვა შესაძლებელი გახდება.
მაგრამ ირანი, სავარაუდოდ, ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალას უკვე რამდენიმე კვირაში შექმნის. ამის შემდეგ მოლაპარაკებები აზრს დაკარგავს, და სრულიად სავარაუდო გახდება ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია (ისრაელის სავარაუდო მონაწილეობით) მისი ბირთვული პოტენციალის გასანადგურებლად.
შემდგომი პროგნოზი კი ტრაგიკული იქნებოდა. ირანი აუცილებლად სარაკეტო დარტყმებით უპასუხებს რეგიონში ამერიკისა და ისრაელის ინტერესებს. დაძაბულობას აქვს შანსი, გადაიზარდოს მსხვილ საომარ კონფლიქტში აშშ-ის რეგიონული მოკავშირეების მონაწილეობით.
მოვლენების ასეთი განვითარება კრიტიკულად სახიფათოა სამხრეთ კავკასიისთვის. ირანი აქტიურადაა ჩართული ახალ სატრანზიტო პროექტებში, სომხეთისა და აზერბაიჯანის მონაწილეობით. საქართველო კი რეგიონში აშშ-ის მთავარი პარტნიორია.
აშშ-ს მოუწევს, ან რუსეთის ეკონომიკა დაანგრიოს – ან მსოფლიო ლიდერის ადგილი დაკარგოს
აშშ-მა და სხვა დასავლურმა ქვეყნებმა უკვე განაცხადეს, რომ თავიანთ შეიარაღებულ კონტინგენტს არ გააგზავნიან უკრაინაში, თუ იქ ომი მაინც დაიწყება.
თუ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ აშშ-ს – საქართველოსა და ავღანეთის შემდეგაც კი – არ შესწევს უნარი აიძულოს პოლიტიკური ოპონენტი, ამერიკის მოკავშირის – უკრაინის – ტერიტორიის აღებისათვის საშინელი საფასური გადაიხადოს, ეს შესაძლოა მნიშვნელოვან სიგნალად იქცეს ჩინეთისთვის, რომ ტაივანზე კონტროლის დამყარების დრო დადგა.
თუ უკრაინა დაეცემა, აშშ-ს მოუწევს მთელ მსოფლიოს დაანახვოს, რომ ქვეყანას, რომელიც მასთან სერიოზულ დაპირისპირებაში შედის მსგავსი სიტუაციის დროს, სულ მცირე, ეკონომიკის სრული დანგრევა ელოდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-ს საგარეო არენაზე სრული კატასტროფა ელოდება. კერძოდ, მთელ რიგ მერყევ სახელმწიფოებს აღმოსავლეთ აზიაში, მაგალითად, ფილიპინებს, შეუძლიათ ჩინეთის მფარველობის ქვეშ გადავიდნენ. იაპონია და სამხრეთი კორეა, გაიაზრებენ რა, რომ აშშ-ის მხრიდან დაცვის დაპირება ბევრს არაფერს ნიშნავს, დაიწყებენ გადაიარაღებას, მილიტარიზაციასა და ბირთვული იარაღის შექმნას ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად.