მოსაზრება: როგორი უნდა იყოს საქართველოს აფხაზური პოლიტიკა
საქართველოს პოლიტიკა აფხაზებთან მიმართებაში უკვე დიდი ხანია წარუმატებელია. “დიდი ხანია” არ გულისხმობს მხოლოდ ბოლო 25 წელიწადს, რადგან იქამდეც არაერთხელ (თუნდაც 70-იან წლებში) აფხაზური საკითხი არაერთხელ გამწვავებულა.
ფაქტია რომ საქართველო, სულ ცოტა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მცდარ პოლიტიკას ატარებდა აფხაზებთან მიმართებაში, ვერ მოახერხა რა მათი პოლიტიკური ინტეგრაცია. ჩვენთან ძალიან იოლია ყველაფრის რუსეთის იმპერიაზე გადაბრალება, მაგრამ თუკი სერიოზული მსჯელობა გვსურს ეს იოლი სპეკულაცია უნდა დავივიწყოთ. ფაქტია, რომ რუსეთის იმპერია ხელს არ უწყობდა აფხაზების საქართველოში პოლიტიკურ ინტეგრაციას, მაგრამ ერთი რამ ვაღიაროთ – რუსეთი პრობლემებს ვერ შეგვიქმნიდა, ჩვენ რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებდეთ.
უპირველესად უნდა გავიაზროთ ერთი ფუნდამენტური პრობლემა – ფაქტია, რომ აფხაზები ქართველებს განიხილავენ მტრებად, რომელთა ადგილი აფხაზეთში არ არის. ამ პრობლემას აქვს გაგრძელება, რომელიც არანაკლებ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს: ქართველების ნაწილმა აფხაზების მათდამი ამ დამოკიდებულების შესახებ თითქმის არაფერი იცის, ნაწილმა კი იცის, მაგრამ არ სურს გამოიკვლიოს, თუ რით არის განპირობებული აფხაზების ქართველებისადმი ეს დამოკიდებულება.
აფხაზეთში ომის წაგებიდან 25 წლის თავზე ამ საკითხით სერიოზულად არავინ დაინტერესებულა.
საინტერესოა, როგორ აპირებს საქართველო აფხაზების შემორიგებას, თუკი ელემენტარულად არ ვიცით, რატომ არიან ისინი ჩვენზე გამწყრალნი?
საქართველოს ხელისუფლება ცდილობს აფხაზეთის გული მოიგოს უფასო სამედიცინო მომსახურებით და ზოგადად, მოხიბლოს აფხაზები საქართველოს მიღწევებით. გაამართლებს ეს პოლიტიკა? ჩემი აზრით – არა, რადგან ზემოთნახსენები ფუნდამენტური პრობლემის არმოგვარების პირობებში არანაირი მოფერება არ იმუშავებს.
აფხაზების თბილისსა თუ ბათუმში ჩამოყვანა ცუდი არ არის – ნახონ ვისზე მუშაობს დრო და წარმოიდგინონ სად ვიქნებით ჩვენ და სად იქნებიან ისინი მორიგი 25 წლის შემდეგ, მაგრამ უფასო მკურნალობას აფხაზები დაახლოებით ისეთ პრივილეგიად აღიქვამენ, როგორც ისრაელის მოქალაქეები გერმანიისგან მიღებულ კომპენსაციას – ქართველი ფაშისტები ვალდებულნი არიან მათ უფასოდ უმკურნალონ. მადლიერებისა და მითუმეტეს საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების შეძახილები ნამკურნალევთაგან ჯერჯერობით არ გაისმის.
ეფექტური პოლიტიკა სწორ გათვლებზე უნდა იყოს დაფუძნებული და არა ემოციებზე. უფასო ჯანდაცვა, უფასო ელექტროენერგია, მშიბზიას კამპანია – ან ემოციების, ან არასწორი გათვლის ნაყოფია.
ამიტომაც მუშაობა უნდა წავიდეს ისეთი მიმართულებებით, რომლებიც დაეფუძნება ლოგიკურად გამართულ და უტყუარ დაშვებებს.
დაშვება პირველი
შერიგებას ხელს უშლის აფხაზების მხრიდან მტრული დამოკიდებულება. აქედან გამომდინარე უნდა დაიწყოს სერიოზული კვლევა იმის დასადგენად თუ რა განაპირობებს ასეთ დამოკიდებულებას. თუკი გაირკვევა რომ ეს განპირობებულია ისტორიის გაყალბებით და რუსული პროპაგანდით, მაშინ საჭიროა კონკრეტული კონტრზომები – ნარატივები, მესიჯები და ა.შ.
ოღონდ, ცხადია, ეს მხოლოდ მაშინ იმუშავებს, თუკი საკითხი სერიოზულად იქნება შესწავლილი და დადგინდება სიმართლე და არა ის, რისი მოსმენაც ქართველებს გვესიამოვნება. პარალელურად, საქართველო უნდა შეეცადოს გაარღვიოს ის ინფორმაციული ბლოკადა, რომელშიც იმყოფებიან აფხაზები. არიან რა მოქცეულნი რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ, აფხაზები არა მხოლოდ არასწორად აღიქვამენ საქართველოს, არამედ დამახინჯებულად აღიქვამენ დასავლეთსაც.
არ არსებობს რა რუსულენოვანი ქართული არხი, ამ ამოცანის შესრულება გაჭირდება (მით უფრო რომ არ არსებობს ამ მიზნით შექმნილი რუსულენოვანი ევროპული არხიც). მაგრამ სამაგიეროდ შესაძლებელია რუსულენოვანი ინტერნეტ-რესურსების განვითარება, რომლებიც მომხმარებელს შესთავაზებს არა მხოლოდ ახალი ამბების დაიჯესტს, არამედ რუსულად გახმოვანებულ თანამედროვე ქართულ ფილმებსა და სერიალებს, რუსულად თარგმნილ თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას – ყველაფერ იმას, რაც შეადგენს ქართულ რბილ ძალას და რაც დაანახებს აფხაზებს, რომ ქართველებიც ნორმალური ადამიანები არიან.
დაშვება მეორე
დრო აფხაზების წინააღმდეგ მუშაობს და თუკი ისინი ამას გაიაზრებენ, დიალოგზე უნდა წამოვიდნენ. აქედან გამომდინარე, საქართველომ უნდა შეუწყოს ხელი აფხაზებს, რომ მათ სწრაფად და ცხადად გაიაზრონ ეს რეალობა. ამ მხრივ აფხაზთა ვიზიტები ჩვენ მიერ კონტროლირებად საქართველოში ნამდვილად კარგია. თუმცა, ამავე დროს ამ ვიზიტებს არანაირად არ უნდა ახლდეს არც ბოდიშების მოხდა და არც აფხაზების ერთიან საქართველოში შემოტყუების მცდელობა.
უბრალოდ, აფხაზებმა უნდა ნახონ, როგორ ვითარდება მათ გარეშე საქართველო და, ისევ და ისევ, უნდა ნახონ რომ ქართველებიც ისეთივე ადამიანები არიან როგორიც ისინი – იმ განსხვავებით, რომ ქართველები უკეთ ცხოვრობენ, რადგან ჩვენთან სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობს და ჩვენ გარე სამყაროსთან ღია კონტაქტი გვაქვს (რაც არ აქვთ აფხაზებს და არც ექნებათ საქართველოსთან შერიგების გარეშე).
შემოტყუების მცდელობაც და ბოდიშების მოხდაც რომ კონტრპროდუქტიულია, ეს უახლესმა ისტორიამ კარგად დაადასტურა – შემოტყუების მცდელობას აფხაზები სასოწარკვეთილების გამოვლენად აღიქვამენ (უფასო ჯანდაცვაც ალბათ სწორედ ამ კონტექსტში ხვდება) რაც მათ აფიქრებინებს, რომ საქართველო მათთან დიალოგის გარეშე იღუპება, და რომ შესაბამისად საქართველო ყველანაირ დათმობაზე წავა, თუნდაც დიალოგის გამო, თვით მათი დამოუკიდებლობის აღიარების ჩათვლით; ბოდიშების მოხდები კი მათ არწმუნებს რომ 25 წლის წინ ისინი ყველაფერში მართლები იყვნენ (ბოდიშები იგივეს აფიქრებინებს საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, რომლებიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიას არც ისე კარგად იცნობენ).
დაშვება მესამე
აფხაზებს საქართველოში ცხოვრება მოუნდებათ თუკი დაინახავენ რომ საქართველო თავის მოქალაქეებს კარგად ექცევა. აქედან გამომდინარე, არასწორია აფხაზებისათვის გარკვეული პრივილეგიების მინიჭება მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეები (საქართველოს პასპორტის მფლობელები) იგივე პრივილეგიებით ვერ სარგებლობენ.
თავის დროზე, საბჭოთა კავშირის დროს, აფხაზების გულის მოსაგებად მათზე პრივილეგიების გაცემას მხოლოდ ის მოჰყვა, რომ აფხაზეთში მცხოვრები ბევრი ეთნიკური ქართველი გააფხაზდა. ალბათ არაა გამორიცხული, იგივე ახლაც განმეორდეს. ეს საფრთხე ალბათ კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც პოზიტიურ დისკრიმინაციაზე (უფასო ელექტროენერგია თუ უფასო ჯანდაცვა) უარი უნდა ვთქვათ.
ქართველები სტუმრებს პატივისცემით ვხვდებით, მაგრამ ჩვენი გადასახადებიდან აკრეფილი ფული მხოლოდ იმათზე უნდა დაიხარჯოს, ვინც თავს ჩვენს მოქალაქედ მიიჩნევს.
თორნიკე შარაშენიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი