საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება
2018 წლის ზაფხულიდან საქართველოში ახალი საპენსიო სისტემა ამოქმედდება, რომელიც ხელფასიდან თანხის დაგროვებას გულისხმობს.
კანონპროექტი “დაგროვებითი პენსიის შესახებ”, რომელიც უკვე წლის ბოლოს შევა პარლამენტში, ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ერთობლივი ნამუშევარია.
მას შემდეგ, რაც კანონპროექტი ძალაში შევა, საქართველოს თითოეულ მაცხოვრებელს გაეხსნება საპენსიო ანგარიში, რომელზეც თანხა ყოველთვიურად ჩაირიცხება.
დასარიცხი თანხის ოდენობა შემდეგნაირად ითვლება: ყოველთვიური ფიქსირებული, დაუბეგრავი ხელფასის 2 პროცენტს თავად დასაქმებული გადაიხდის, 2 პროცენტს მისი დამსაქმებელი და 2 პროცენტს სახელმწიფო.
საპენსიო რეფორმა გავრცელდება როგორც საქართველოს მოქალაქეებზე, ისე საქართველოში მუდმივად მცხოვრებ უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც არიან დასაქმებულები ან თვითდასაქმებულები და იღებენ შემოსავალს ამ დასაქმებიდან, ან თვითდასაქმებიდან.
რეფორმაში ჩართვა სავალდებულოა იმ პირებისთვის, რომლებსაც ჯერ 40 წლისთვის არ მიუღწევიათ. ხოლო ვისაც კანონის ძალაში შესვლის მომენტისთვის უკვე შეუსრულდა 40 წელი, თავად გადაწყვეტენ, მიიღონ თუ არა მონაწილეობა პროგრამაში და დააგროვონ თუ არა პენსია.
ახალი საპენსიო სისტემა თვითდასაქმებულებსაც მოიცავს, თუმცა განსხვავებული წესებით – თვითდასაქმებულმა ყოველთვიური შემოსავლის 4 პროცენტი უნდა შეიტანონ საკუთარ საპენსიო ანგარიშზე, რადგან როგორც კანონპროექტის ავტორები ამბობენ, თვითდასაქმებული ამ შემთხვევაში დასაქმებულის და დამსაქმებლის როლში ერთდროულად გამოდის – ამ ოთხ პროცენტს დაემატება სახელმწიფოს მიერ დარიცხული 2 პროცენტი.
ახალი საპენსიო სისტემა ძველი, ფიქსირებული პენსიის გაუქმებას არ ნიშნავს. დღეს საქართველოში პენსია 180 ლარია და მას პენსიონერები ჩვეულებრივად მიიღებენ.
იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი, რომელიც პენსიას აგროვებდა გარდაიცვლება, მის მიერ დაგროვილ თანხას მისი პირდაპირი მემკვიდრე მიიღებს.
საპენსიო რეფორმა არ გულისხმობს საპენსიო ასაკის ცვლილებას. ის უცვლელი რჩება — მამაკაცებისთვის 65 წელი, ქალებისთვის — 60.
რაც შეეხება თანხის გატანას – პენსიაზე გასული ადამიანი მთლიანი თანხის გატანას ვერ შეძლებს. თუ რამდენი იქნება კონკრეტული ადამიანის ყოველთვიური პენსია, ამას სპეციალური პროგრამა დაიანგარიშებს – მის მიერ დაგროვილი თანხა გაიყოფა მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობაზე და ამის მიხედვით განისაზღვრება მისი ყოველთვიური პენსია.
ახალი სისტემის მიხედვით, ადამიანს შეეძლება პენსიაზე უფრო გვიან გავიდეს და დანაზოგის დაგროვება განაგრძოს, თუმცა ამ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი საპენსიო ასაკს მიაღწევს, სახელმწიფო და დამსაქმებელი მის საპენსიო ფონდში 2%-ის გადარიცხვას შეწყვეტენ. დანაზოგის გაზრდას ის მხოლოდ საკუთარი 2%-იანი შენატანებით შეძლებს.
ახალი საპენსიო სისტემა საპენსიო სააგენტოს შექმნას გულისხმობს, რომელშიც სამეურვეო და საინვესტიციო საბჭოები შევა. საინვესტიციო საბჭო პასუხისმგებელი იქნება მომავალი პენსიონერების თანხები ფასიან ქაღალდებში, ობლიგაციებსა და სხვა აქტივებში დააბანდოს, ხოლო სამეურვეო საბჭოს ადმინისტრაციული საქმეები დაევალება.
პირველ სამ წელიწადს საპენსიო სააგენტოს სახელმწიფო დააფინანსებს, შემდეგ კი, კანონპროექტის ავტორების გათვლით, სააგენტო მოქალაქეთა შენატანებით შეძლებს არსებობას.