"სიკვდილი ხალხის მტრებს, სამშობლოს გამყიდველებს” - პროტესტი წულუკიანის წინააღმდეგ
პროტესტი წულუკიანის წინააღმდეგ
საქართველოში კულტურის მინისტრის წინააღმდეგ პროტესტმა პერმანენტული სახე მიიღო. რამდენიმე დღის წინ კულტურის მუშაკებმა ონლაინ-პეტიცია შექმნეს და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას მოითხოვენ.
21 იანვარს კი კულტურის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა სლოგანით – “დიდება პარტიას კულტურის მტრების გამოვლენისთვის.”
პროტესტის მიზეზი გახდა კულტურის სამინისტროს მიერ ბოლო პერიოდში მიღებული რამდენიმე სკანდალური გადაწყვეტილება – ხელოვნების მუზეუმის ძველი შენობის დემოტაჟის გადაწყვეტილება, ან მუზეუმიდან განსხვავებული აზრის მქონე თანამშრომლების გათავისუფლება, ასევე სკანდალი, რომელიც ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემულ წიგნს უკავშირდება.
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებებში საზოგადოების ნაწილი ხედავს პოლიტიკურ რეპრესიებსა და ცენზურისა და განსხვავებული აზრის დევნის მცდელობას.
უწყებასთან შეკრებილი იყვნენ ხელოვნებათმცოდნეები, ხელოვნების მუზეუმიდან გათავისუფლებული თანამშრომლები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.
ისინი ავლებდნენ პარალელებს საბჭოთა ტერორთან და გასული საუკუნის 30-იან წლებთან და სამინისტროს წინ პროტესტს საბჭოთა დროშებითა და სხვა საბჭოთა სიმბოლიკით გამოხატავენ.
“ბოლშევიკური ენერგიით ბოლო მოვუღოთ მავნებლობის შედეგებს!”, „დიდება პარტიას, კულტურის მტერების გამოვლენისთვის! “, „კულьტУРА საიმედო ხელშია!“ – ეწერათ ტრანსფარანტებზე.
სკანდალი ელენე დარიანის წიგნის გარშემო
ერთ-ერთი ბოლო სკანდალი, რომელიც კულტურის სამინისტროს უკავშირდება, 2021 წლის დეკემბერში ლიტერატურის მუზეუმის მიერ გამოცემული, ქართველი ლიტერატორის და პოეტის, ელენე ბაქრაძის წიგნის “ელენე ბაქრაძე (დარიანი)” გარშემო განვითარდა.
წიგნის შემდგენლებმა დაუშვეს შეცდომა და კრებულში შეიტანეს სხვა ქართველი პოეტის, ანა კალანდაძის ორი ლექსი, რომლებიც ელენე დარიანს მიაწერეს.
შეცდომის შესახებ პირველად თავად კრებულის შემდგენელმა, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა წიგნის გამოცემიდან რამდენიმე დღეში. მან ბოდიში მოიხადა გაპარული “უაღრესად სამწუხარო შეცდომის” გამო და თქვა, რომ ლიტერატურის მუზეუმს მზად ჰქონდა წიგნში ჩასაკრავი ჩანართი,”შესწორების ფურცელი”, რომელსაც წიგნში ჩააკრავდნენ შეცდომის გასწორების მიზნით.
შეცდომის აღიარების მიუხედავად, ამ ფაქტს მწვავე რეაქცია მოჰყვა კულტურის სამინისტროს მხრიდან.
სამინისტროს მიერ 17 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს იყო “მასშტაბური რეზონანსის მქონე შეცდომა”, რომელსაც მოჰყვება წიგნის შემდგენელთან “საკითხის სერიოზული განხილვა”.
წერილში წერია, რომ ლაშა ბაქრაძის წინააღმდეგ სამინისტროში შევიდა “არაერთი სამართლიანად აღშფოთებული მოქალაქის” საჩივარი, რომლებიც “აუცილებელ რეაგირებას” ითხოვენ. სამინისტრო წერილში აცხადებს, რომ ექნება საუბარი ბაქრაძესთან მას შემდეგ, რაც იგი კოვიდისგან გამოჯანმრთელდება.
● სტალინის “დიდი ტერორი”. ყველაზე მარტივი კითხვები 1937 წელზე
● როგორ ცხოვრობს ერთადერთი მუნიციპალიტეტი, სადაც არჩევნები ოპოზიციამ მოიგო. რეპორტაჟი წალენჯიხიდან
● დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება
● რა იმალება ვარდისფერი ფლამინგოს უკან? რეპორტაჟი დენდროლოგიური პარკიდან
ამავე წერილში სამინისტრომ მუზეუმისგან ტირაჟის გაყიდვიდან ამოღება მოითხოვა, ხოლო უკვე გაყიდულ და გაჩუქებულ ეგზემპლარებზე ითქვა, რომ ისინი “სამინისტროს უკან დაუბრუნდეს” (ელენე ბაქრაძის წიგნის დაბეჭდვა კულტურის სამინისტრომ დააფინანსა).
“ეს საბჭოთა მეთოდებია” – კულტურის მუშაკები მინისტრის შესახებ
კულტურის სამინისტროს განცხადების ტონმა და შინაარსმა, ასევე ბაქრაძის წინააღმდეგ სამინისტროში დაწერილმა საჩივრებმა, საზოგადოების ერთ ნაწილს საბჭოთა ტერორი და ე.წ. “დანოსები” გაახსენა.
“კულტურის სამინისტროს განცხადება, თავისი წინადადების წყობით, სტილით და ლაშა ბაქრაძის სამინისტროში დაბარების და “საქმის გარჩევის” პათოსით, 30-იანი წლების პერიოდში დაწერილი განცხადებების და წერილების ზუსტი ასლია,” – ამბობს კინომცოდნე ლელა ოჩიაური.
ფსიქოლოგის ჯანა ჯავახიშვილის აზრით, ის, ვინც კულტურის სამინისტროს განცხადების ტექსტი დაწერა, საბჭოთა კავშირში დიდ ხანს ცხოვრობდა:
“ამ განცხადებაში აქცენტი გაკეთებულია არა შეცდომის გამოსწორებაზე, არამედ დასჯაზე. ამ პათოსით მაგონებს ის 1936-37 წლებში გამოქვეყნებულ წერილებს. არის კიდევ რამდენიმე საერთო დეტალი: გაზვიადებულია შეცდომის მასშტაბი. გასაგებია, რომ გაიპარა შეცდომა და ანა კალანდაძის ორი ლექსი მიაწერეს ელენე ბაქრაძეს, მაგრამ ეს არ არის “მასშტაბური რეზონანსის გამომწვევი შეცდომა”. გამოვლენილია “მავნებელი” – ამ შემთხვევაში ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე და განცხადებაში საგანგებოდ არის ხაზგასმული, რომ გამოჯანმრთელებისთანავე ის სათანადოდ დაისჯება. წიგნის მთელი ტირაჟის ამოღებაც წიგნების განადგურების ასოციაციას იწვევს, რაც ტოტალიტარული ეპოქისთვის არის დამახასიათებელი”.
პროტესტი წულუკიანის წინააღმდეგ სულ უფრო მასშტაბური ხდება. აქტივისტთა ჯგუფმა „ელენე ბაქრაძის (დარიანი)“ ახალი ვერსიის გამოსაცემად თანხების შეგროვება დაიწყო. რამდენიმე საათში იმაზე მეტიც კი შეგროვდა, ვიდრე საჭირო იყო.
პარალელურად მომზადდა პეტიცია მინისტრ წულუკიანის გადადგომის მოთხოვნით და დაანონსდა აქციები კულტურის სამინისტროსთან.
პეტიციაზე ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ სამინისტრო ცდილობს გაზარდოს პოლიტიკური გავლენა იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც მას ექვემდებარებიან, ასევე შეზღუდოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და გაათავისუფლოს ის თანამშრომლები, რომლებმაც სხვადასხვა ფორმით უკმაყოფილება გამოხატეს ქვეყანაში თუ კულტურის სამინისტროში არსებული პროცესების გამო.
პეტიციის ტექსტში წერია, რომ კულტურის სამინისტრო “ავტორიტეტული ორგანიზაციების/ექსპერტების რჩევებზე უარს” ამბობს და “გაურკვეველი, დაუსაბუთებელი ცოდნის/გამოცდილების მქონე ადამიანების კონსულტაციებს ეყრდნობა”:
“რამაც უკვე დააზიანა გელათი და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სხვა ძეგლების და ასევე, მუზეუმების კოლექციების დაზიანებასაც,” – აღნიშნულია განცხადებაში.
თეა და კულტურა
ბოლო თვეების განმავლობაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კულტურის სამინისტროს და მისი ხელმძღვანელის ქმედებები მწვავე დისკუსიების მიზეზი ხდება.
მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრის თანამდებობა ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ჩინოვნიკმა, თეა წულუკიანმა დაიკავა, ამ სფეროს მუშაკები სისტემაში დაწყებულ პოლიტიკური ნიშნით წმენდაზე, ცენზურის დაწესების მცდელობასა და შემოქმედებით პროცესში ჩარევაზე მიუთითებენ.
თეა წულუკიანი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახეა. ის რვა წლის განმავლობაში (2012- 2020 წწ.) იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. 2020-2021 წლებში იყო პარლამენტის წევრი და პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე.
2021 წლის 19 მარტს კი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად დაინიშნა.
წულუკიანი გამოირჩევა განსაკუთრებით რადიკალური განცხადებებით ხელისუფლების ოპონენტების მიმართ, ასევე, კრიტიკულად განწყობილი მედიის მიმართ. (მაგალითად, სენაკში, ფონდი „ქართუს“ მიერ რეაბილიტირებული თეატრის გახსნის ღონისძიებაზე წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა. გოგოხია მისთვის კრიტიკული კითხვის დასმას ცდილობდა).
პროტესტი წულუკიანის წინააღმდეგ მისი დანიშვნისთანავე გაჩნდა. ბევრი თავიდანვე შიშობდა, რომ რადიკალიზმით გამორჩეული ჩინოვნიკის კულტურის სამინისტროში დანიშვნა შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო და მიზნად ისახავდა ამ სფეროში მმართველი გუნდის კონტროლის და პოლიტიკური გავლენის გაზრდას.
ამ პოსტზე რამდენიმეთვიანი მუშაობის განმავლობაში წულუკიანმა რამდენიმე სკანდალური გადაწყვეტილების მიიღო და რამდენიმე სკანდალური საკადრო გადაწყვეტილება მიიღო.
ერთ-ერთია შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის შენობის დანგრევის გადაწყვეტილება. 1830-იან წლებში აშენებული ეს შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსით სარგებლობს, ნგრევის პირასაა. საინჟინრო დასკვნაში, რომელიც კულტურის სამინისტროს დაკვეთით კომპანია “კარიატიდასმა” ჩაატარა, წერია, რომ მუზეუმის ისტორიული შენობის ნაწილის აღდგენა არარენტაბელურია, მეორე ნაწილის რღვევის შეჩერება კი შეუძლებელი და უმჯობესია დაინგრეს.
მუზეუმის ხელმძღვანელი ეკა კიკნაძე, რომელმაც ეს დასკვნა გააპროტესტა, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ხელოვნების მუზეუმიდან კიკნაძის გარდა კიდევ რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები მიიჩნევენ, რომ ისინი კრიტიკული აზრის გამო იდევნებიან და გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებიც კულტურის მინისტრის და მუზეუმის ახალი ხელმძღვანელის კურსს არ ეთანხმებიან.
თეა წულუკიანის სახელს უკავშირდება ასევე მწერალთა ყველაზე მასშტაბური პროტესტი, რაც კი დამოუკიდებელი საქართველოს და სახელმწიფო პრემიის ისტორიაში ოდესმე მომხდარა.
გასულ წელს, კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის და მისი პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად, ლიტერატურული სახელმწიფო პრემიის – “ლიტერას” კონკურსის გრძელი სიიდან საკუთარი ნაწარმოები მოხსნა თითქმის ყველა მონაწილემ – ცნობილმა და ახალგაზრდა ქართველმა მწერლებმა, პოეტებმა, ლიტერატორებმა.
მეტიც, კონკურსს პროტესტის ნიშნად გამოეთიშა ხუთკაციანი ჟიურის ოთხი წევრიც.
როგორც მწერლები აღნიშნავდნენ, პროტესტი ზოგადად კულტურის ახალმა პოლიტიკამ გამოიწვია, ბოლო წვეთი კი “ლიტერას” ჟიურიში წულუკიანის მრჩევლის, პუბლიცისტ იოსებ ჭუმბურიძის დანიშვნა გახდა. ჭუმბურიძე მმართველი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით, სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” ოპონენტების აგრესიული კრიტიკით და ანტიდასავლური განწყობით არის ცნობილი.
პრემია “ლიტერას” და მწერლების მხარდასაჭერად, სფეროს წარმომადგენლებმა კერძო სექტორის დახმარებით ახალი ლიტერატურული პრემია – “თავისუფალი ლიტერა” დააარსეს.
რას ითხოვენ კულტურის მუშაკები
“ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ჩვენ ვცხოვრობთ დამოუკიდებელ საქართველოში და არ ვცხოვრობთ საბჭოთა სოციალურ რესპუბლიკაში და ამიტომ, იდეოლოგიური მიზანშეწონილობის მიხედვით, პროფესიონალების შეფასება არ უნდა ხდებოდეს”, – ამბობს ხელოვნების მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი ეკა კიკნაძე, რომელიც 21 იანვრის აქციას ესწრება.
აქციის მონაწილეები თეა წულუკიანისგან მოითხოვენ კონკრეტულ გეგმას, სადაც განმარტებული იქნება, როგორ განხორციელდება ხელოვნების მუზეუმის რეაბილიტაცია.
აქციის მონაწილეების თქმით, აქციის ძირითადი მოთხოვნაა, გაირკვეს რა ბედი ელის კულტურული მემკვიდრეობის შენობასა და იქ დაცულ საგანძურს.
“ბოლო დროს რა ამბებიც დატრიალდა, განსაკუთრებით თეა წულუკიანის მინისტრობის პირობებში ძალიან ცხადად აჩვენებს, რომ მართვის ბოლშევიკური მეთოდები არ არის დავიწყებული. მათ უნდათ, რომ კულტურის სფერო მართონ კარგად აპრობირებული საბჭოთა მეთოდებით, რომ ვინც არ მიაჩნიათ თავიანთ პოლიტიკურ თანამოაზრედ ან ვინც ბედავს განსხვავებული აზრის ხმამაღლად თქმას ის ადამიანები განდევნონ ამ სივრცეებიდან, მიუხედავად დამსახურებისა და მათი პროფესიონალიზმისა, ეს კი გააკეთონ მხოლოდ პარტიული აკვიატების ნიშნით”, – ამბობს “ლელოს” წევრი ფიქრია ჩიხრაძე.