აფხაზეთი: „დანაშაულის“ აღიარება, როგორც პროტესტის ფორმა
პროტესტი აფხაზეთში
აფხაზეთში ოპოზიციის ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა პროტესტის უჩვეულო ფორმას მიმართეს ოპოზიციური მიტინგის მონაწილეთა დაპატიმრების საპასუხოდ – ისინი პროკურატურაში წერენ აღიარებით განცხადებებს იმის შესახებ, რომ თავადაც მონაწილეობდნენ მიტინგში.
13 იანვარს, სასამართლო სხდომა გაიმართა 21 დეკემბრის საპროტესტო აქციის დროს დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი კიდევ ორი პიროვნებისთვის აღკვეთის ღონისძიების შესაფარდებლად. ორივე მათგანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა – ბაგრატ სურმავას 20 დღე, ანრიკ ინაპშბას – 30.
ამ უკანასკნელმა პროტესტის ნიშნად სასამართლოს დარბაზში ლურსმნები გადაყლაპა, სიტყვებით: „აი, თქვენ!“ და იზოლატორის ნაცვლად საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მანამდე, სასამართლოს გადაწყვეტილებით ხუთი ადამიანი დააკავეს ოპოზიციის საპროტესტო აქციაში მონაწილეობისა და ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაპირისპირებისთვის.
- აფხაზეთი 2022 – რა იყო, რა იქნება და რას ელიან ადამიანები
- აფხაზეთში ბჟანია და ოპოზიცია დროებით კომპრომისამდე მივიდნენ
- „სირცხვილია იყო დაზარალებული“: წამების ისტორიები აფხაზეთიდან
სასამართლოს სხდომაზე მომხდარი ინციდენტიდან ერთი საათის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა ქალაქ სოხუმის პროკურატურაში მივიდა და მოითხოვა დაეკავებინათ, როგორც 2021 წლის საპროტესტო აქციის ორგანიზატორი და გაეთავისუფლებინათ დაკავებული ადამიანები.
ასეთივე მოთხოვნებით იქ მივიდნენ პოლიტიკოსი ახრა ბჟანია და პარლამენტის დეპუტატი გარი კოკაია. ქალაქ სოხუმის პროკურორის სახელზე დაწერილ განცხადებაში მათ აღიარეს, რომ ასევე მონაწილეობდნენ 21 დეკემბრის მიტინგში და მათ მიმართ პროცესუალური ნორმების შეფარდება მოითხოვეს.
მალე ოპოზიციონერთა რაოდენობამ მატება დაიწყო და პროკურატურაში მისვლა დაიწყეს ოპოზიციის მხარდამჭერებმაც ასეთივე ჩვენებების დასაწერად.
ქალაქ სოხუმის პროკურორმა ალხას აგუმავამ 20:00 საათზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკვე 10 ადამიანი მივიდა აღიარებით (განცხადება დატოვეს) და იმ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ – დეპუტატი გივი კვარჩია, პოლიტიკოსი ახრა ბჟანია, დეპუტატი გარი კოკაია, ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა და ასევე, დაკითხვას ესწრებოდა ადვოკატი ინგა გაბილაია.
პროკურორმა აღნიშნა, რომ არ ჰყოფნის გამომძიებლები, მიღებული განცხადებები კი ჯერჯერობით ფორმალური ხასიათისაა და იქნება თუ არა დაკავებები და აღიძვრება თუ არა სისხლის სამართლის საქმე აღიარებითი ჩვენებით მისულთა წინააღმდეგ, მხოლოდ დაკითხვის შემდეგ გაირკვევა.
ამრიგად, 10 განცხადება დარეგისტრირდა, 50-ზე მეტი ჩაბარდა. ქუჩაში გრძელდება კოლექტიური აღიარებების შეგროვება.
აფხაზური ოპოზიციის მომხრეები „დანაშაულის აღიარებით“ განცხადებებს წერენ
შუაღამისკენ ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ უარი თქვა აღიარებითი ჩვენებების ავტორების დაკავებაზე, რის საფუძვლადაც მათ ქმედებებში დანაშაულის შემადგენლის არარსებობა დასახელდა.
როგორც ადვოკატ ინგა გაბილაიასგან გახდა ცნობილი, რომელიც დაკითხვაზე ადგურ არძინბას ინტერესებს წარმოადგენდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დაკითხეს მხოლოდ როგორც საქმის მოწმე. უკვე შუაღამისას, ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა ვიცე-პრეზიდენტ ბადრი გუმბასთან შესახვედრად წავიდა. პრეზიდენტი ახლა აფხაზეთში არ იმყოფება – პრესსამსახურის განცხადებით, ის რუსეთშია წასული სამკურნალოდ.
შეხვედრის შემდეგ არძინბამ განაცხადა, რომ მოხერხდა ურთიერთგაგების მიღწევა და შესაძლოა, მაინც მოხდეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის რაიმე ორმხრივი დოკუმენტის ხელმოწერა. შუაღამის შემდეგ, პროკურატურასთან შეკრებილებიც დაიშალნენ.
მოსაზრება: ოპოზიციის მოქმედებები უფრო ეფექტურიც შეიძლება ყოფილიყო
ოპოზიციის ახალ ტაქტიკაზე კომენტარს აკეთებენ ჟურნალისტები და სოციალური ქსელების მომხმარებლები.
„თავად იდეა – მასიურად მისულიყვნენ საგამოძიებო ორგანოებში, მომწონს. მაგრამ არის ერთი ნიუანსი. „აღიარებით ჩვენებაში“ მიტინგის ორგანიზება არ ყოფილა, მხოლოდ მასში მონაწილეობა იყო. მიტინგში მონაწილეობისთვის კი პროკურატურას არავინ დაუკავებია. გამოძიება დაკავებულებს კონკრეტულ ეპიზოდებში ედავება, რომლებიც დაკავშირებულია ავტობუსების რყევასთან, ლითონის მავთულხლართების გადაჭრასთან და ა.შ.“, – წერს ჟურნალისტი ელეონორა გილოიანი.
ამიტომ, მისი აზრით, თავიდანვე ნათელი იყო, რომ დაკითხვები არაფრით დასრულდებოდა, რადგან სამართალდამცველები ვერ დაინახავდნენ დანაშაულის შემადგენელს მიტინგში მონაწილეობაში. ამიტომ, ოპოზიციონერებს სწორედ ის უნდა „ეღიარებინათ“, რასაც დაკავებულ აქტივისტებს ედავებიან:
„უმჯობესი იქნებოდა, ასე გაეკეთებინათ, მისულიყო იმავე რაოდენობის ადამიანები და სიტუაცია სრულ აბსურდამდე მიეყვანათ. რომ განმცხადებელი ადამიანი, რომელიც იტყოდა, რომ ეს გააკეთა, უფრო მეტი ყოფილიყო, ვიდრე რკინის საჭრელები და ჯაჭვები იმ საღამოს. ასევე, შეიძლებოდა ეთქვათ, რომ ყველა ერთად აჯანჯღარებდა ავტობუსს. და რომ ის ადამიანები უფრო მეტნი ყოფილიყვნენ, რომლებიც ავტობუსს აჯანჯღარებდნენ, ვიდრე იმ ღამით აქციის მონაწილეები. და ეს აბსოლუტურად სხვა ისტორია იქნებოდა“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო