კომენტარი ბაქოდან: თურქეთისა და აზერბაიჯანის ალიანსი, ნატო და რუსეთი
ნატოს გავლენის აღმოსავლეთით გავრცელებასთან დაკავშირებით, რუსეთი პოსტსაბჭოთა სივრცეს თავის „წითელ ხაზს“ უწოდებს, მაგრამ აზერბაიჯანი აქტიურად თანამშრომლობს სამხედრო სფეროში თურქეთთან – ნატოს წევრთან.
თურქეთმა და აზერბაიჯანმა სამხედრო კავშირის შესახებ განაცხადეს და ეს განმტკიცებულია 2021 წელს, ქალაქ შუშაში ხელმოწერილი დეკლარაციით. როგორ შეიძლება ეს აისახოს რუსეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებზე?
2021 წლის 15 ივნისს ხელმოწერილი შუშის დეკლარაციის თანახმად, აზერბაიჯანმა და თურქეთმა ფაქტობრივად სამხედრო კავშირის შესახებ განაცხადეს. ამრიგად, დოკუმენტში მითითებულია მხარეთა ვალდებულება სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში პირდაპირ სამხედრო დახმარებაზე.
ამასთან, თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ გეგმურ სამხედრო წვრთნებს ატარებენ ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე. აღნიშნული დეკლარაცია არ გამორიცხავს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ბაზების შექმნასაც.
რუსეთსა და ნატოს შორის უსაფრთხოების თემაზე ჟენევაში გამართული მოლაპარაკებებისას, ოფიციალურმა მოსკოვმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მოსთხოვა, არ გააფართოოს თავისი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში, მათ შორის, კავკასიის ქვეყნებში.
როგორ შეიძლება აისახოს ნატოს წევრთან თანამშრომლობა აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობებზე? ამ კითხვით JAMnews-მა პოლიტიკურ მიმომხილველს, აგშინ ქერიმოვს მიმართა.
„რუსეთის მოთხოვნა აშკარა საფრთხეა“
1997 წლიდან მოყოლებული, ნატომ თავისი პოლიტიკური გეოგრაფია იმგვარად გაიფართოვა, რომ შეიქმნა რუსეთის აღმოსავლეთ ევროპის გარემოცვაში აღმოჩენის სურათი.
რუსეთის შეშფოთება იმით აიხსნება, რომ ნატო ფაქტობრივად ცხვირწინ უზის და სიტუაცია თავისთავად ბადებს „ცივი ომის“ განწყობას.
უკრაინის თემამ ისედაც მღელვარე, ორმხრივად ეჭვიანი ურთიერთობები უკიდურეს დაძაბულობამდე მიიყვანა.
2004 წლიდან, როდესაც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები – ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი – ნატოს შემადგენლობაში შევიდნენ, სასტიკად უკმაყოფილო რუსეთმა დაიწყო თავისი სამხედრო პოტენციალის სწრაფი გაზრდა და არაერთხელ ჩაატარა სამხედრო მანევრები ქვეყნის დასავლეთ საზღვრებთან.
ბალტიისპირეთის სახელმწიფოებზე რუსეთის სტრატეგიული და სამხედრო უპირატესობების მიუხედავად, მათი საკუთარი პოლიტიკური ნების ქვეშ დამორჩილება რუსეთს იმ მარტივი მიზეზით არ გამოსდის, რომ ჯერ კიდევ სსრკ-ის შემადგენლობაში ყოფნის დროს, ეს რეგიონი გამოირჩეოდა თავისი აგრესიით რუსეთისადმი.
ამ რეგიონის ნატოს გავლენის ზონაში მოხვედრის შემდეგ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაფართოება კრემლისთვის „წითელ ხაზად“ იქცა, უკრაინის საკითხი კი უფრო ასქელებს საღებავს.
იმავე მიზეზით რუსეთს არ შეუძლია გადახარშოს საქართველოს ნატოში შესვლის მისწრაფება, მოსკოვის რიტორიკა არც ამ შემთხვევაშია უფრო მსუბუქი.
რუსეთი მეზობელი ქვეყნებისგან მოითხოვს, დააზუსტონ ნატოს პროგრამებში – ამ დასავლურ კავშირთან ინტეგრაციის გზით – თავიანთი მონაწილეობის საზღვრები. ეს აშკარა საფრთხეა.
„რუსეთი ცდილობს, ბაქო თავის ორბიტაზე გაიყვანოს“
რაც შეეხება აზერბაიჯანს, რუსეთი ცდილობს, ბაქო თავის ორბიტაზე გაიყვანოს. მაგრამ აზერბაიჯანული სახელმწიფოს სტრატეგებს ესმით ამ გზის უპერსპექტივობა, თუმცა ცდილობენ აწარმოონ პოლიტიკა, რომელიც მიმართული იქნება კრემლის რისხვის დაცხრობაზე. საბოლოო ჯამში, ეს შეესაბამება როგორც დასავლეთის, ისე მოსკოვის ინტერესებს.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი რეგიონი ახლა ომისშემდგომ პერიოდშია, აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში ბალანსის პრინციპი განსაკუთრებით არ დარღვეულა.
იმაში, რომ არის კრემლთან სიახლოვის მომენტები, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დასავლეთმაც, რადგან ყარაბაღის მეორე ომის დროს აზერბაიჯანმა ვერ მიიღო დასავლური ქვეყნების მხარდაჭერა, გამონაკლისი იყო დიდი ბრიტანეთი. ბაქო ადრევე ხვდებოდა ამას და ამიტომაც ისარგებლა ანკარისა და მოსკოვის ტანდემით.
აზერბაიჯანი თურქეთისთვის იგივე „წითელი ხაზია“
ბუნებრივია, კრემლის მიერ ნატოს მისამართით გაკეთებულ გაფრთხილებას კავშირი აქვს აზერბაიჯანთანაც – ქვეყანასთან, რომელმაც გააღრმავა თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან.
დღეისათვის, აზერბაიჯანის მთავრობა ძალიან ფრთხილად მოქმედებს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თურქული ფაქტორის არსებობა დიდ როლს თამაშობს ნებისმიერი აგრესიის მოგერიებაში ან აგრესიის ელემენტთან შეჯახების შემთხვევაში.
ამ თვალსაზრისით, რუსეთის მხრიდან აზერბაიჯანის მისამართით გარკვეული ღია მუქარის გაჟღერება, თურქეთის ფაქტორთან არის დაკავშირებული. შუშის დეკლარაციაზე ხელმოწერა იყო პრევენციული ზომების განუყოფელი ნაწილი და ძალიან დროული. ეს დეკლარაცია თავის მხრივ წარმოადგენს ქვეყნებს შორის 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმების გაგრძელებას და შეიძლება ეწოდოს დოკუმენტი, რომელიც ომის შემდგომი პერიოდისთვის ახალ ინსტრუმენტებს ქმნის.
ამასთან, აზერბაიჯანი და თურქეთი პერიოდულად ერთობლივ სამხედრო წვრთნებს ატარებენ და აზერბაიჯანის არმია ძლიერდება.
შესაძლოა, კრემლს აქვს თავისი გამოუთქმელი გეგმები აზერბაიჯანთან დაკავშირებით. მაგრამ მათი სერიოზულად მიღება არ ღირს, რადგან რუსეთი არ მოისურვებს თურქეთთან ურთიერთობების გაფუჭებას. აზერბაიჯანი კი თურქეთისთვის ზუსტად იგივე „წითელი ხაზია“.
რუსეთის ხელში ყველაზე ქმედითი ინსტრუმენტი სამშვიდობოები არიან, რომლებიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არიან განლაგებული, ამ საკითხში კი ბაქო ვერ პოულობს შესაბამის მხარდაჭერას ოფიციალური ანკარის მხრიდან.
ყველაფერ ზემოთქმულის მიუხედავად, ბაქო დარწმუნებულია, რომ ანკარა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან ერთად ცდილობს მიაღწიოს ყარაბაღიდან რუსი სამშვიდობოების გაყვანას.