რა ხდება ყაზახეთში: პროტესტი, შეტაკებები, გადადგომები. ფოტო და ვიდეო
პროტესტი ყაზახეთში
ყაზახეთი მასობრივი პროტესტის უპრეცედენტო ტალღამ მოიცვა. სანდო ინფორმაციის მიღება იქ განვითარებული მოვლენების შესახებ რთულია, ვინაიდან 5 იანვარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გაითიშა. ცნობილია, რომ პროტესტი, რომელმაც რამდენიმე დიდი ქალაქი მოიცვა, გაზის გაძვირების გამო დაიწყო. მაგრამ ფასის დაწევაზე ხელისუფლების თანხმობამ და მთავრობის გადადგომამ სიტუაცია ვერ განმუხტა. აქციის მონაწილეებსა და ძალოვნებს შორის შეტაკებები გრძელდება. პარალელურად, მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება ქვეყნის მმართველობაში.
5 იანვრის საღამოს მდგომარეობით ცნობილია, რომ ქვეყნის მრავალ ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა, ასევე მოხდა შეტაკებები მომიტინგეებსა და ძალოვნებს შორის. როგორც ვიცით, შეტაკებებით ყველაზე მეტად ყოფილი დედაქალაქი ალმათი დაზარალდა – აქ მომიტინგეები შეიჭრნენ აკიმატის (მერიის) შენობაში და მას ცეცხლი წაუკიდეს, ასევე ცდილობდნენ ქვეყნის პრეზიდენტის ადგილობრივი რეზიდენციის დაკავებას.
ალმათის კომენდანტის თქმით, 5 იანვრის ღამეს ქალაქში დაიწვა 120 მანქანა, მათ შორის პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები, განადგურდა 120 მაღაზია და ჯიხური და 180 კვების ობიექტი, დაშავდა 500 მშვიდობიანი მოქალაქე.
ინტერნეტში მოქალქეების მიერ პოლიციელებისა და ჯარისკაცების განიარაღების ვიდეოები გამოჩნდა.
ტელეარხი «Настоящее время» იუწყება, რომ აქციის მონაწილეებმა ალმათის აეროპორტი დაიკავეს და თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს.
- პოლიტიკური კრიზისი და პრორუსული განწყობები. როგორ ხედავენ საქართველოს უკრაინელი ჟურნალისტები
- ერდოღანის მთავრობა ლირის გამოცდის პირისპირ
- რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
ალმათისა და სხვა ქალაქებში ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი დააწესა. ქვეყანაში ინტერნეტი არ მუშაობს, ზოგიერთმა ტელევიზიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. ყაზახეთში დამოუკიდებელი მედიის ვებგვერდები მიუწვდომელია.
ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა 5 იანვარს ხალხს მიმართა. მან განაცხადა, რომ ქვეყნის უშიშროების საბჭოს, რომელსაც ადრე ყაზახეთის პირველი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ხელმძღვანელობდა, ახლა თავად უხელმძღვანელებს.
ეს შეიძლება მნიშვნელოვან პოლიტიკურ ცვლილებებზე მიანიშნებდეს. ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას თითქმის 30 წლის განმავლობაში მართავდა, თანამდებობა 2019 წელს დატოვა. მაგრამ შეინარჩუნა “ელბასის” – “ერის მამის” ტიტული, ასევე – ერთგული ადამიანები მრავალ თანამდებობაზე და დიდი პოლიტიკური გავლენა. უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ერთადერთი ფორმალური თანამდებობაა, რომელიც პირველ პრეზიდენტს დღემდე ეკავა ხელისუფლებაში.
ყაზახეთის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა თავის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ ის „მოვალეა დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება და სიმშვიდე, იფიქროს ყაზახეთის მთლიანობაზე“.
მან პროტესტის მონაწილეებს „შეთქმულები“ უწოდა, რომლებიც ორგანიზებულად მოქმედებენ საგულდაგულოდ შემუშავებული გეგმის მიხედვით.
„ამიტომ, როგორც სახელმწიფოს მეთაური და დღეიდან უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, ვაპირებ ვიმოქმედო რაც შეიძლება მკაცრად“, – განაცხადა მან.
მან ასევე პირობა დადო, რომ მალე შეიმუშავებს ახალ წინადადებებს ყაზახეთის პოლიტიკური ტრანსფორმაციისთვის.
„რაც არ უნდა მოხდეს, დედაქალაქში ვიქნები. ჩემი კონსტიტუციური მოვალეობაა ხალხთან ყოფნა. ჩვენ ერთად გადავლახავთ ამ შავ მონაკვეთს ყაზახეთის ისტორიაში. ჩვენ აქედან გაძლიერებულები გამოვალთ“, – განაცხადა ტოკაევმა.
პროტესტის მიზეზები
მასობრივი დემონსტრაციების კატალიზატორი თხევადი გაზის გაძვირების წმინდა ყოფითი საკითხი გახდა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ყაზახეთის მოსახლეობა სწრაფად ღატაკდებოდა, ქვეყნის დასავლეთში, განსაკუთრებით ჟანაოზენში, ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო. მენავთობეთა და მეგაზეთა ქალაქს – უკიდურესად არასასიამოვნო ადგილს საცხოვრებლად (აქ ან საშინელი სიცხეა ან საშინლად ცივა და თითქმის ყოველთვის გამჭოლი ქარია) – სტატისტიკურად მაღალი საშუალო ხელფასის გამო შეძლებულს უწოდებენ, წერს რუსული დამოუკიდებელი გამოცემა “ნოვაია გაზეტა”.
მაგრამ სინამდვილეში, მაცხოვრებლების უმეტესობის ხელფასები 300 დოლარსაც კი (დაახლოებით 130 ათასი ტენგე) ვერ აღწევს. და რა თქმა უნდა, თითქმის ყველა მძღოლი მანქანებში გაზს ასხამს: ეს შედარებით იაფია, უფრო სწორედ იყო. ერთბაშად ფასები ლიტრზე 60 ტენგედან (14 ცენტი) 120 ტენგემდე გაიზარდა.
პირველი ქუჩაში ჟანაოზენის მოსახლეობა გამოვიდა, მაგრამ 2 იანვარს საღამოს საპროტესტოდ უკვე მთელი მანგისტაუს რეგიონი იყო გამოსული. მომიტინგეების მოთხოვნები, რომლებიც თავდაპირველად არც თუ ისე ბევრნი იყვნენ – არაუმეტეს 2-3 ათასისა მთელს რეგიონში – მხოლოდ ეკონომიკური იყო და საკმარისი იყო მათზე სასწრაფო რეაგირება, რათა პროტესტი მაქსიმალურად ლოკალიზებულიყო.
მაგრამ რეგიონულმა ხელისუფლებამ ვითარებას ყურადღება არ მოაქცია,პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი კი სიტუაციას მხოლოდ გვიან ღამით გამოეხმაურა Twitter-ის საშუალებით: „მე დავავალე მთავრობას სასწრაფოდ განეხილა სიტუაცია ჟანაოზენში, ეკონომიკური მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. აქციის მონაწილეებმა არ უნდა დაარღვიონ საზოგადოებრივი წესრიგი“
Twitter-ის დიპლომატიის გამოყენება ხალხთან კომუნიკაციისთვის უკუშედეგი გამოიღო: მეორე დღეს მომიტინგეების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა.
ყოველივე ამის შემდეგ, მანგისტაუს რეგიონში ფასები შემცირდა – 85 ტენგემდე ლიტრზე: “ყაზმუნაიგაზის” ხარჯზე, “ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის” ფარგლებში. მაგრამ უკვე გვიანი იყო: ხალხმა ასეთი დათმობა დაცინვად აღიქვა და აფეთქდა. უფრო მეტიც, მღელვარება სხვა რეგიონებსაც მოედო: ფასები ხომ მხოლოდ მანგისტაუში შემცირდა.
მთავარი კი ისაა, რომ ლოზუნგები შეიცვალა: ყველა რეგიონმა მკვეთრად აწია ფსონები და მთავრობისა და პრეზიდენტ ტოკაევის გადადგომა და, რაც მთავარია, პირველი პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის პოლიტიკიდან სრულად წასვლა მოითხოვა, რომლის ოჯახიც, აქციების მონაწილეთა აზრით, კვლავაც საკვანძო გავლენას ახდენს ქვეყნის პოლიტიკასა და ეკონომიკაზე.
ლოზუნგმა “შალ, კეტ!” (“ბებერო, წადი!”) უცბად შეცვალა თავდაპირველი ლოზუნგი “გაზ ენუ!” (“გაზი – 50-ად!”).
4 იანვრის საღამოს ხელისუფლება უკვე თანახმა იყო გაზი 50 ტენგემდე გაეიაფებინა – მაგრამ ისევ მხოლოდ მანგისტაუს რეგიონის მაცხოვრებლებისთვის. და იმ მომენტიდან, მისი ნებისმიერი ქმედება თუ განცხადება უკვე მხოლოდ თავიდან მოშორების მცდელობად აღიქმებოდა და პროტესტის ეკონომიკური ხასიათი ამაზე დასრულდა.
„ახლა ადამიანებს ესმით, რომ საქმე მხოლოდ გაზის ფასში არაა (ეს უკვე შედეგია), ისინი აყენებენ საკითხს ისე, რომ ყაზახეთში მოხდეს პოლიტიკური რეჟიმის ცვლილება: ნურსულთან ნაზარბაევის გადაყენება ძალაუფლებიდან და პრეზიდენტ კასიმ–ჟომარტ ტოკაევის ნებაყოფლობით გადადგომა, – განუცხადა Novaya Gazeta-ს ჟურნალისტმა და აქტივისტმა ლუკპან ახმედიაროვმა, რომელიც მონაწილეობს საპროტესტო აქციაში ქალაქ ურალსკში. – „ ყაზახეთში გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი ხელისუფლების, პარლამენტის ნორმალურ და სამართლიან არჩევნებს და, შესაბამისად, ქვეყნის ხელისუფოების არჩევნებს – ასეთია ახლა მომიტინგეების მოთხოვნა”.
პროტესტი გაფართოვდა და მსგავსი მოთხოვნებით ხალხი სამხრეთ რეგიონებშიც გამოვიდა. ალმათიში მომიტინგეთა დიდი ჯგუფი ჩამოყალიბდა და სწორედ იქ მოხდა პროტესტის მაქსიმალური რადიკალიზაცია. მსვლელობა სწრაფად დარბევებში გადაიზარდა. ძალოვნებმა ცრემლსადენი გაზი და ასაფეთქებლები გამოიყენეს, საპასუხოდ მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის რამდენიმე მანქანას და აკიმატი დაიკავეს (რომელიც ხელისუფლებამ მალევე დაიბრუნა).
სწორედ ამ დროს ქვეყნის პრეზიდენტმა კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა აქციის მონაწილეების მისამართით ვიდეომიმართვა ჩაწერა.
“ხელისუფლება არ დაეცემა”, – ავისმომასწავებლად თქვა მან, ხალხს “გონიერებისკენ” მოუწოდა და პირობა დადო, რომ პროტესტის მონაწილეთა სურვილებს “გაითვალისწინებენ”.
5 იანვრის ღამიდან, მანგისტაუს რეგიონში და ალმათიში ორიკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ალმათიში სამხედრო ტექნიკა ცენტრალურ მოედანზე გამოიყვანეს, ქალაქში კომუნიკაციის დიდი პრობლემებია. 5 იანვარს დილით ხალხი ასევე დაარბიეს ურალსკში – ასევე ყუმბარების გამოუენებითა და მრავალრიცხოვანი დაკავებებით.
5 იანვარს დილით ტოკაევთან საგანგებო თათბირი გაიმართა – პრეზიდენტმა მთავრობა დემონსტრაციულად გადააყენა, ასევე შეცვალა სახელმწიფო მდივანი და ეროვნული უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე (სხვათა შორის, ნაზარბაევის ძმისშვილი სამათ აბიში, რომალსაც მის ერთ-ერთ მემკვიდრედ მოიაზრებდნენ). საწვავსა და სასიცოცხლო მნიშვნელობის პროდუქტებზე ფასების სახელმწიფო რეგულირება დაინერგა, კომუნალური გადასახადების გაზრდა აიკრძალა.
მაგრამ, როგორც ჩანს, ახლა ეს საკმარისი აღარაა: რიგ ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდება და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობა კიევ უფრო გაუარესდა. დილიდან ალმათიში გაგრძელდა შეტაკებები ხალხსა და ძალოვნებს შორის, ახალი დამწვარი მანქანებით და სამხედრო ტექნიკის ბლოკირებით. აკტობეში კი პოლიციამ, პირიქით, უარი თქვა ძალის გამოყენებაზე მომიტინგეების წინააღმდეგ. სისტემას ბზარები შეეპარა.
რატომ აჯანყდა ყაზახეთი?
“ყაზახეთის ხელისუფლებას ცხოვრება არაფერს ასწავლის“, – წერს “ნოვაია გაზეტა”.
„2011 წელს პრეზიდენტმა ნაზარბაევმა განზრახ უგულებელყო მენავთობეების პროტესტი დაბალი ხელფასების გამო ჟანაოზენში, შემდეგ კი მისმა უსაფრთხოების ძალებმა მომიტინგეები უბრალოდ დახვრიტეს.
2016 წელს აქციებმა, რომლებმაც მთელი ქვეყანა მოიცვა, აიძულა ხელისუფლება უცხოელებზე მიწის გაყიდვაზე მორატორიუმი დაეწესებინა.
სამი წლის შემდეგ, მრავალშვილიანი დედების პროტესტს მთავრობის გადადგომა მოჰყვა“.
ყველა ამ შემთხვევაში საქმე ეკონომიკურ მოთხოვნებს ეხებოდა, მაგრამ ხელისუფლება ისევ და ისევ აგრძელებდა შეცდომების დაშვებას სოციალურ პოლიტიკაში, ვითარება უკიდურესობამდე მიჰყავდა. 2022 წელს, ქვეყნის ყველაზე მეამბოხე ქალაქში კვლავ დაიწყო ეკონომიკური პროტესტი და მასზე სწორი რეაგირების უნარის არქონას მთელი მმართველი ელიტის გადადგომის მოთხოვნა მოჰყვა, აღნიშნავს გამოცემა.
„ყაზახეთი არ არის ბელარუსი, სადაც რეჟიმი კლავს და აწამებს, რათა დარჩეს ხელისუფლებაში, არც ყირგიზეთია, სადაც ხელისუფლება მყისიერად იშლება ხოლმე და არც უკრაინაა, სადაც ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებაა. ყაზახეთი საკუთარ ტრანსფორმაციას, საბჭოთა მემკვიდრეობის მტკივნეულ რღვევას და ახალ ქვეყნად გარდაქმნას სწორედ ახლა გადის “, – წერს ერიკა მარატი, ცენტრალური აზიისა და პოსტსაბჭოთა სივრცის ექსპერტი საერთაშორისო უსაფრთხოების ამერიკული კოლეჯიდან.
ყაზახები ქუჩაში იმიტომ გამოვიდნენ, რომ ჯერ ერთი, ეკონომიკის მდგომარეობით უკმაყოფილოები იყვნენ, მეორეც, ახალი პრეზიდენტისგან რეფორმებს ელოდნენ, მაგრამ ვერ მიიღეს. ასე ფიქრობს BBC-ის კორესპონდენტი და ცენტრალური აზიის ექსპერტი აბდუჯალილ აბდურასულოვი.
“მას შემდეგ, რაც ნურსულთან ნაზარბაევი, რომელიც ქვეყანას 30 წელი მართავდა, 2019 წელს გადადგა, ბევრს ცვლილებების იმედი ჰქონდა. მათ სჯეროდათ, რომ მოვიდოდნენ ახალი სახეები, რომ მეტი თავისუფლება იქნებოდა“, – განუმარტა აბდუჯალილ აბდურასულოვმა BBC-ის უკრაინულ სამსახურს.
მაგრამ ახალი პრეზიდენტი გახდა ადამიანი ნაზარბაევის გარემოცვიდან, სენატის მაშინდელი სპიკერი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი. მისი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი წინა პრეზიდენტის პატივსაცემად ასტანისთვის ნურ-სულთანი დარქმევა გახდა.
„ეს იყო სიგნალი იმისა, რომ მთელი სისტემა, რომელიც ნაზარბაევმა ააგო, არსებობას გააგრძელებს. ტოკაევის მმართველობის სამი წლის განმავლობაში რეფორმები არ განხორციელებულა. და ხალხი ძალიან იმედგაცრუებულია ამით, ”– თქვა BBC-ის კორესპონდენტმა.
როგორიც არ უნდა დასრულდეს ყველაზე დიდი პროტესტი დამოუკიდებელი ყაზახეთის ისტორიაში, აშკარაა, რომ ეს დიდი დარტყმაა მთელი მმართველი რეჟიმის ლეგიტიმურობისთვის.
„საზოგადოების დიდი ნაწილი მართლაც ძალიან ღარიბია. ამიტომ სერიოზული რეფორმებია საჭირო – როგორც პოლიტიკაში, ასევე ეკონომიკაში. მივლენ თუ არა აქამდე დღევანდელი ხელისუფლება და მომიტინგეები? დარწმუნებული არ ვარ. დიდი ალბათობით, ყაზახეთი მუდმივი კონფლიქტებისა და კრიზისების გზას დაადგება და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცვლილებმდე და სერიოზულ პოლიტიკურ რეფორმებამდე თანდათან მივა“, – მიიჩნევს ყაზახი პოლიტოლოგი დიმაშ ალჟანოვი.
„ავტორიტარულ ქვეყანაში პოლიტიკური რეფორმების ზემოდან გატარება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ამის არანაირი სტიმული არ აქვს და, როგორც წესი, პოლიტიკური სისტემა რაღაც მომენტში კრიზისამდე მიდის. თუ გადავხედავთ, რა მოხდა სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებსაც მმართველობა მსგავსი ავტორიტარული მოდელი ჰქონდათ – უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ყირგიზეთი – ტრაექტორია ნათელია: ავტორიტარული მოდელი დგება რეფორმის შეუძლებლობის წინაშე, იწყება გარკვეული არეულობა. შემდეგ ხელისუფლება იცვლება და საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა წინსვლა გააგრძელოს. დაახლოებით ასეთ მოჯადოებულ წრეშია ყაზახეთი“, – ამბობს ალჟანოვი.