“ოცნების ქალაქი” - ბათუმის გეტო
ოცნების ქალაქი ბათუმში
2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, აჭარის მაღალმთიანი რაიონებიდან ასობით ოჯახი ზღვისპირა ქალაქ ბათუმისკენ დაიძრა. ბათუმთან ახლოს, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე მათ მუყაოსგან ქოხები ააშენეს და იქ დასახლდნენ.
მთიდან ჩამოსულებს ბევრი ბარგი არ ჰქონდათ – ამ დასახლებაში ძირითადად, უნარშეზღუდულები, მრავალშვილიანები, მარჩენალდაკარგულები, აფხაზეთის და აგვისტოს ომის ვეტერანები, მარტოხელები, უსახლკაროები ცხოვრობენ – ანუ ისინი, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს.
„ოცნების ქალაქი“ – ასე ჰქვია დასახლებას, სადაც ოფიციალური ინფორმაციით 1500 ოჯახი სახლობს, არაოფიციალურად კი მათი რიცხვი ორჯერ მეტია.
“ოცნების ქალაქი” ხუთი წლის წინ რამდენიმე ღამეში აშენდა და მისი გაჩენა პირდაპირ უკავშირდება დღევანდელ ხელისუფლებას – “ქართულ ოცნებას”.
როგორ გაჩნდა „ოცნების ქალაქი“
2012 წელს, თავიანთი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იმდროინდელი ოპოზიციის წარმომადგენლები, “ქართული ოცნების” წევრები, უხვად გასცემდნენ დაპირებებს.
ისინი პირობას დებდნენ, რომ მოაგვარებდნენ აჭარის რეგიონის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას – დაეხმარებოდნენ ეკომიგრანტებს, მაღალმთიან რაიონებში მეწყრისგან დაზარალებულ მოსახლეობას და დაძლევდნენ სიღარიბეს.
რამდენიმე თვეში, როდესაც ყოფილი ოპოზიციონერები ხელისუფლებაში მოვიდნენ და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებად იქცნენ, ეკომიგრანტების პირველი ტალღა ბარისკენ დაიძრა. მათ ბათუმის მახლობლად ელვის სისწრაფით შემოჭედეს ქოხები და იქ დასახლდნენ იმ იმედით, რომ ასე უკეთ შეახსენებდნენ საკუთარ თავს ახალ ხელისუფლებას.
„ოცნების ქალაქი“ ბათუმის გარეუბანში სამ ლოკაციაზეა გაშენებული – ყოფილი 25-ე და 53-ე რუსული სამხედრო ბატალიონების ბაზებზე. უკანონოდ შეჭრილებს მთლიანობაში 25 ჰექტარი აქვთ დაკავებული, აქედან 20,4 ჰექტარი აჭარის ავტონომიის ქონებაა, 4,6 ჰექტარი კი ერთ-ერთ კერძო კომპანიის საკუთრება.
თავდაპირველად, ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ სულ რაღაც ხუთ დღეში გაჩენილ დასახლებას მედია “მუყაოს ქალაქად” მოიხსენიებდა.
ქოხები მართლაც მუყაოსგან იყო გაკეთებული. 2012 წლის გვიანი შემოდგომა იდგა, როდესაც აქ მოსახლეების პირველი დიდი ნაკადი გამოჩდა – ქოხებში წვიმდა, ხოლო ირგვლივ იყო ტალახი, უწყლობა, სიბნელე და სიცივე. თუმცა, ამის მიუხედავად, დასახლებაში ყოველდღიურად იზრდებოდა ოჯახების რაოდენობა, რადგან მთიდან ჩამოსულებს სჯეროდათ, რომ “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო დანაპირებს შეასრულებდა.
სახელწოდება “ოცნების ქალაქი” პრესაში ოდნავ მოგვიანებით გაჩნდა და მას უკვე ირონიული შეფერილობა ჰქონდა.
მეორე დიდი ნაკადი “ოცნების ქალაქისკენ” მაშინ დაიძრა, როდესაც აჭარელ ეკომიგრანტებს უთხრეს, რომ ის სახლები, რომლებშიც ისინი სტიქიის შემდეგ შესახლდნენ, თავად უნდა გამოესყიდათ. მანამდე მათ ეუბნებოდნენ, რომ საცხოვრებელს მათთვის სახელმწიფო იყიდდა. მაგალითად, წალკის მუნიციპალიტეტში კომპაქტურად სახლობენ აჭარელი მიგრანტები, რომლებმაც გასული საუკუნის 90-იანი წლებში საქართველოდან საბერძნეთში მიგრირებული ბერძნების სახლები დაიკავეს. 2013 წლიდან ამ სახლების მესაკუთრეები დაბრუნდნენ და ეკომიგრანტებს საცხოვრისის გამოსყიდვა მოსთხოვეს – უკუმიგრაციის ტალღას „ოცნების ქალაქისკენ“ სწორედ ეს მოვლენა უძღოდა წინ.
წყლისა და კანალიზაციის გარეშე
2015 წელს „ოცნების ქალაქი“ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა ნილს მუჟნიეკიმ მოინახულა. საქართველოდან წასვლის შემდეგ მან გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც ერთი გვერდი „ოცნების ქალაქს“ ეძღვნებოდა. ამონარიდი ევროკომისარის ანგარიშიდან:
„ბათუმში ყოფნის დროს კომისარი ეწვია ე.წ. “დრიმ თაუნის” გარეუბანში ნახევრად ფორმალურ დასახლებას, რომელშიც მაღალმთიანი აჭარიდან სიღარიბისა და ბუნებრივი პირობების გამო ჩამოსული 900-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათი ცხოვრების პირობები მძიმეა, არ მოდის წყალი, არ არსებობს კანალიზაციის სისტემა. ოჯახები არ იღებენ შესაბამის ჯანდაცვის სერვისებსა და სოციალურ დახმარებას. ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას ამ პირთა ელემენტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და მათთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შესაქმნელად“.
ევროკომისრის ვიზიტმა შედეგი გამოიღო – “ოცნების ქალაქში” მალევე ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო, ხოლო ოჯახების უმრავლესობას, რომლებიც სიღატაკის ზღვარზე იმყოფებოდნენ, სოციალურ სასადილოში ჭამის უფლება მისცეს.
დღეს, პირველი ჩასახლებიდან ხუთი წლის თავზე, ოცნების ქალაქში მუყაოს ქოხები აქა-იქ თუა შემორჩენილი. აქ გამალებით აშენებენ ბეტონის სახლებს. დასახლებაში, რომელიც სპონტანურად არის გაშენებული და არავითარი წესრიგს არ ექვემდებარება, არ არსებობს ქუჩები თუ კანალიზაციის ცენტრალიზებული სისტემა, არც მაღაზია და მედპუნქტი.
დათო მჟავანაძე – აგვისტოს ომის მონაწილე და ოცნების ქალაქის ერთ-ერთი მშენებელი
აქ არც წყლის სისტემა აქვთ. მოქალაქეები, ბოლო პერიოდამდე, შორი მანძილიდან ხელით ეზიდებოდნენ წყალს, მაგრამ ახლა იპოვეს ერთგავრი გამოსავალი – „მოვიყვანთ ტრაქტორს და სამი მეტრის სიღრმეში ვათხრევინებთ – ჭას ვაკეთებთ. ჭიდან წყალს საქაჩებით ვქაჩავთ და სახლებში შეგვყავს. ერთი ჭით რამდენიმე ოჯახი სარგებლობს“, – გვიყვება გოჩა შანიძე.
გოჩა და მისი მეუღლე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არიან. უკვე აიშენეს პატარა სახლი და ახლა ცდილობენ საპირფარეშო გაიკეთონ. მათ სამი შვილი ჰყავთ – 14 და 13 წლის გიული და მეგი მუსიკალურ სკოლაში სწავლობდნენ, მაგრამ ყოველთვიურად 60 ლარის გადახდა ვერ შეძლეს და სწავლას თავი დაანებეს – გოგონებმა იციან თავიანთი მშობლების მდგომარეობა და ცდილობენ შეეგუონ, რომ მუსიკასთან დაკავშირებული მათი ოცნებები არ ახდება.
50 წლის ზეინაბიც “ოცნების ქალაქში” ცხოვრობს. ზეინაბი ქვრივია და ოთხი ქალიშვილი ჰყავს. ის თავის არასულწლოვან ქალიშვილებთან ერთად წლობით დადიოდა მეზობელ თურქეთში ჩაის საკრეფად. ასე შეაგროვა 10 ათასი ლარი და ქვის სახლი აიშენა. ზეინაბის სახლში, ორ საძინებელსა და მისაღებ ოთახში კედლები და იატაკი კვლავაც ცემენტისაა. მაგრამ სახლში საპირფარეშო და აბაზანა აქვს. ეს კი აქ იშვიათობაა. მეზობლები ზეინაბთან „ამ კომფორტის“ დასათავლიერებლად ჯერ კიდევ დადიან.
გოგონები გაიზარდნენ. უფროსი გათხოვდა იქვე, “ოცნების ქალაქში” მცხოვრებ ბიჭზე. მოყვრებს რომ ელოდებოდა, ზეინაბმა სახლის შემოსასვლელი და სველი წერტილები გაარემონტა. ამბობს, რომ მისი სიძის ოჯახი მასზე უკეთ არ ცხოვრობს, მაგრამ არ უნდოდა ახალი მოყვრები ურემონტო სახლში მიეღო.
„ოცნების ქალაქში“ პრიმიტიული კანალიზაციის მოდელი აქვთ შემუშავებული: სამ მეტრის სიღრმეზე მიწას თხრიან და უშვებ მილებს – ნარჩენები მიწაში გაიწოვება – „კანალიზაცია“ ზემოდან კარგად უნდა დაილუქოს, თორემ სახიფათოა. მსგავსი ჭების ამოთხრა ფინანსებს უკავშირდება და, ცხადია, ყველას არც აქვს.
თამარ კოკობინაძე – შვიდი შვილის დედა, ოცნების ქალაქის ბინადარი
“ოცნების ქალაქის” მაცხოვრებლები ირწმუნებიან, რომ დღეისთვის ტერიტორიაზე 3 ათასამდე ოჯახი ცხოვრობს – მათ შორის სასკოლო ასაკის 450 ბავშვი, ბაღის ასაკის 300 ბავშვი და ბაღამდელი ასაკის 250 ბავშვი. თუმცა, ეს ციფრები არ არის ზუსტი, რადგან ხელისუფლებას მათი რიცხვი არ დაუთვლია და ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.
ინგლისურის გაკვეთილები
40 წლის მარინა ბერიძე ოცნების ქალაქში ერთ-ერთი პირველი მოსახლეა. მას ოთხი შვილი ჰყავს. აქაურები თავიანთი უფლებების დასაცავად და ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად ხშირად მართავენ საპროტესტო აქციებს. მარინა, როგორც წესი, ამ აქციების მთავარი ორგანიზატორია, მას კარგად იცნობენ ჟურნალისტებიც. მარინა ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია დააფუძნა:
„ ჩვენ ავაშენეთ საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ბავშვები ისწავლიან ინგლისურს და სხვა ტექნიკურ საგნებს. საგანმანათლებლო ცენტრში ჰოლანდიელი მოხალისე უფასოდ ასწავლის ინგლისურს, ასევე სასტუმრო „ჰილტონი“ დაგვპირდა მასწავლებელს უფასოდ. ცენტრში 10 მერხი გვაქვს, ალბათ 20 ბავშვს მივიღებ, მაგრამ რამდენიმე ცვლას გავაკეთებთ. ჯერ დაბალი კლასებით დავიწყებთ“.
საგანმანათლებლო ცენტრის შენობაში ადგილი გამოყოფილია აბანოსთვის, სადაც მხოლოდ ბავშვები იბანავებენ. აქვეა ადგილი ტუალეტის, სარეცხი მანქანისა და საშრობისთვის, რითაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ოჯახები ისარგებლებენ.
სამლოცველო
აქ ამბობენ, რომ “ოცნების ქალაქში”, ძირითადად, მუსლიმები ცხოვრობენ. სალოცავი არ აქვთ და მის საჭიროებაზე მანამდე არასდროს უსაუბრიათ. თუმცა, ახლა მომცრო ზომის სალოცავს აშენებენ. მშენებლობის ინიციატორი 27 წლის თაზოა. ის თავის 26 წლის მეუღლესთან, ხათუნასთან ერთად აქ სამი წლის წინ დასახლდა.
თაზოს ისტორია აჭარელი მიგრანტის კლასიკური ისტორიაა. ბავშვობაში ის ოჯახთან ერთად ჯერ მარნეულში ცხოვრობდა, მერე ყვარელში ჩავიდნენ. შემდეგი წინწყარო, ბერძნის სახლში დასახლდნენ. ამასობაში სახლის მესაკუთრე ჩამოვიდა საბერძნეთიდან და ოჯახს 14 ათასი ევრო ან სახლის დაცლა მოსთხოვა. ასე მოხვდა თაზოს ოჯახი “ოცნების ქალაქში”. მისი ძმები და მშობლებიც აქ ცხოვრობენ. ამბობს, რომ მას გაუმართლა – ისწავლა სასულიერო სკოლაში და ახლა მახლობელი სოფელის მეჩეთში იმამად მუშაობს. ხელფასი 300 ლარი აქვს. მისი მამა და ძმები კი ახლაც თურქეთში არიან წასულები ჩაის საკრეფად.
„ბავშვებს რელიგიურ დოგმატიკას ვასწავლი. 24 ბავშვი გვყავს, კვირაში სამჯერ დადიან. მე თვითონ ბათუმში დავიწყე რელიგიის შესწავლა და მერე ბურსაში დავამთავრე უმაღლესი “, – ჰყვება თაზო.
“ოცნების ქალაქში” მან უკვე სახლიც ააშენა და გაარემონტდა. სამლოცველოს საერთო კედელი აქვს თაზოს სახლთან.
„ დღეს არც ერთ სასულიერო პირს არ აქვს იმდენი შემოსავალი, რომ სახლიც ააშენოს და სასწავლებელიც. რომ გითხრათ, ჩემი ფულით ავაშენე თქო, მოგატყუებთ. თურქეთიდან ჩემი ლექტორ-მასწავლებლები დამეხმარნენ. როცა ვუთხარი როგორ გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობდი, ფინანსურად დამეხმარნენ “.
საზოგადოებისგან იზოლაცია
“ოცნების ქალაქში” არ არსებობს საბავშვო ბაღი, არადა მარინა ბერიძე ამბობს, რომ მათ ბევრი ფეხმძიმე ქალი ჰყავთ, შესაბამისად, სკოლამდელი დაწესებულების გახსნაზეც უნდა იფიქრონ.
„ყველა მეორე ქალი ფეხმძიმედაა. გარედან ვინც უყურებს, ამბობენ, ამ საცოდავებს რა ებავშვებათ, დაბერილები რომ დადიანო?“, – ცდილობს იხუმროს მარინამ.
“ოცნების ქალაქში” ამბობენ, რომ მათი გაჭირვების მიმართ არა თუ ხელისუფლება, არამედ რიგითი ადამიანებიც კი გულგრილები არიან.
„ხელისუფლებამ საზოგადოება დაარწმუნა, რომ ჩვენ, უბრალოდ, თაღლითები ვართ, შევიჭერით სხვის ქონებაში და ვცდილობთ მივიტაცოთ საზოგადო ქონება. შესაბამისად, საზოგადოებას ჩვენს მიმართ არავითარი თანადგომა არ აქვს“, – ამბობენ აქ.
“ოცნების ქალაქი” და „ქართული ოცნების“ პოლიტიკა
აჭარის მთავრობაში ამბობენ, რომ “ოცნების ქალაქში” მცხოვრებთაგან მხოლოდ მცირე ნაწილია ეკოლოგიური მიგრანტი. საუბარია დაახლოებით 30-მდე ოჯახზე, რომლებიც ხელისუფლებამ ეკომიგრანტების დახმარების 25-ათას ლარიან პროგრამაში ჩასვა.
„ეს ის ოჯახებია, რომლებიც ირიცხებოდნენ ეკომიგრანტების პროგრამაში და რიგითობის მიხედვით მოუწიათ პროგრამაში ჩართვა. ჩვენ მათ სახლები შევუსყიდეთ“, – ამბობს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე რამაზ ჯინჭარაძე. ის აჭარის მთავრობაში ეკომიგრანტი ოჯახების სოციალურ-სამართლებრივი მდგომარეობის შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობს.
უკვე მერამდენე წელია მთავრობაში იმეორებენ, რომ „ოცნების ქალაქთან“ დაკავშირებით კონკრეტული გეგმა აქვთ, თუმცა რაში მდგომარეობს ეს გეგმა ვერავინ გიპასუხებთ:
„წინასაარჩევნო პერიოდია [21 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია დანიშნული – ავტ.] და ამის გაჟღერება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. თუმცა, კანონის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ არც ერთი ოჯახი არ დარჩეს უყურადღებოდ. ჩვენ არ ვამბობ ამას ისეთ ოჯახებზე, რომელთაც საცხოვრებელი სახლები გააჩნიათ და ცდილობენ სახელმწიფოსგან რაღაც ბენეფიტი მიიღონ. ჩვენ ვსაუბრობ ისეთ ოჯახებზე, რომლებიც უსახლკაროები არიან. ამაზე ვაპირებთ მუშაობას არასამთავრობებთან ერთად, ხოლო ჩვენი გეგმების შესახებ მოსახლეობას გავაცნობთ არჩევნების შემდეგ“ – ამბობს ჯინჭარაძე.
„ესენი არიან ჩვენი კუთხის მოსახლეობა. შესაბამისად, ყველა ოჯახი მიიღებს პასუხს და დეტალურ ინფორმაციას, ვინ და როგორ დაკმაყოფილდება“, – გვითხრა მინისტრის მოადგილემ. თუმცა, იქვე დასძინა, რომ „აქ ჩასახლებულთა 70%-ი არ არის ისეთი, ვისზეც სახელმწიფომ უნდა იზრუნოს“.
მარინა ბერიძე, რომელიც “ოცნების ქალაქში” მცხოვრები ქალებისგან აქტიურობით გამოირჩევა, ამბობს, რომ ხელისუფლების ეს განცხადება „ოცნების ქალაქელთა“ რიგებში განხეთქილების შეტანას ემსახურება.
“თუმცა, ჯერჯერობით, “ოცნების ქალაქში” მცხოვრებნი არ აპირებენ მთავრობასთან ინდივიდუალური მოლაპარაკებების გამართვას,” – ამბობს მარინა.
მისი თქმით, “ოცნების ქალაქში” მცხოვრებნი ხელისუფლებისგან ამ ტერიტორიაზე კორპუსების აშენების უფლებას ითხოვენ. მათი აზრით, სახელმწიფომ უნდა მოიძიოს ინვესტორი, რომელიც ააშენებს კორპუსებს, რომელთა ნაწილს გაყიდის, ნაწილს კი უსასყიდლოდ გადასცემს ოცნების ქალაქის მცხოვრებლებს.
მანამდე კი, თავის გატანას ისევ თურქეთში მუშაობით აპირებენ, სადაც ზაფხულობით ჩაის და თხილს კრეფენ, ხოლო ზამთრობით კერძო პირების სახლებს ალაგებენ ან ბავშვებსა და მოხუცებს უვლიან.