აზერბაიჯანი და ევროკავშირი: რა გვაბრკოლებს?
ევროკავშირთან თანამშრომლობა და, ზოგადად, ევროპაში ინტეგრაცია სწორედ ის კურსია, რომელსაც დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ლიდერები ამ ქვეყნის მთელი ისტორიის მანძილზე „აჟღერებენ“.
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ფარგლებში აზერბაიჯანი 2009 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნულ პროექტში ევროკავშირის ექვსი მეზობელი ქვეყანაა ჩართული – აზერბაიჯანი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ბელარუსი და სომხეთი. უფრო ადრე, 1999 წელს კი აზერბაიჯანმა ევროკავშირთან პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი.
„აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მიზანია, უზრუნველყოს მონაწილე ქვეყნების უფრო ინტენსიური ინტეგრაცია ევროკავშირის ეკონომიკაში და მათი ცხოვრების სხვა ასპექტები ევროპულ სტანდარტებს მიუახლოვოს. საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ ევროპის კავშირთან გააფორმეს ჩარჩო-ხელშეკრულება, რომელმაც ამ სახელმწიფოებს, სხვა შესაძლებლობების გარდა, ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის მიღების საშუალებაც მისცა.
ასეთივე შეთანხმების გაფორმება სურდა აზერბაიჯანსაც. ამის შესახებ განცხადება 2016 წლის 6 ივლისს გაკეთდა, რის შემდეგაც შესაბამისი დოკუმენტებიც გაფორმდა. მიმდინარე წლის თებერვალში ორმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო.
12 სექტემბერს პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ევროკავშირის წარმომადგენლობის ახლადდანიშნული ხელმძღვანელის, კესტუტის იანკაუსკასის რწმუნების სიგელი მიიღო და დაბეჯითებით განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ინტენსიურად თანამშრომლობს ევროკავშირთან.
მაგრამ 22 სექტემბერს საგარეო საქმეტა მინისტრის მოადგილემ, მაჰმუდ მამედგულიევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიმდინარე წელს ევროკავშირთან შეთანხმება არ გაფორმდება.
ისევ ვიზები?
მცირე ხნის წინ თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, ხმაურით აღნიშნეს უვიზო რეჟიმის დაწესება შენგენის ზონის ქვეყნებთან. ბაქოური სოციალური ქსელები კი მეზობლების მიმართ დაუფარავი შურით გაივსო. „ფეისბუქში“ გავრცელდა ანეკდოტი, რომლის გმირებადაც ყურბან საიდის პოპულარული რომანისა და ამავე სახელის მქონე ფილმის („ალი და ნინო“) გმირები მოგვევლინენ.
უბრალო მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულება ახალ კურორტებზე ჩასვლის შესაძლებლობას ნიშნავს; თუმცა, მთლიანად სახელმწიფოსთვის ეს შეთანხმება ეკონომიკური კავშირების გამყარების საშუალებას წარმოადგენს ევროპულ ქვეყნებთან, რომლებთანაც აზერბაიჯანს ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობები აქვს.
„ეს ის ევროკავშირი აღარაა“
მაშ რატომაა შეუძლებელი შეთანხმების გაფორმება მიმდინარე წელს?
საზოგადოებრივი ფორუმის „აზერბაიჯანის სახელით“ ლიდერი, ელდარ ნამაზოვი:
«ევროკავშირი გარდამავალ ეტაპს გადის. „ბრექსიტის“ შემდეგ ამ სტრუქტურამ თავისი შიდა პრობლემები უნდა მოაგვაროს. ამჟამინდელ ევროკავშირსა და 15-20 წლის წინანდელ ევროკავშირს შორის საკმაოდ დიდი განსხვავებაა”.
მართლაც, მას შემდეგ, რაც საბერძნეთი, პორტუგალია და იტალია დეფოლტის პირას აღმოჩნდნენ და თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირის საბანკო სისტემაში არსებულ პრობლემებსა და იმას, რაც კატალონიაში ხდება, ეს ორგანიზაცია აღარ ჰგავს სტაბილურობის გარანტს. ევროკავშირი აღარ არის ისეთი საიმედო, როგორიც 20 წლის წინ იყო.
ყარაბაღის კონფლიქტი: არც ჩვენ, და არც თქვენ
ელდარ ნამაზოვი აცხადებს, რომ ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმების გაჭიანურება დოკუმენტში გაწერილი პირობების წინააღმდეგობრივი ხასიათითა და ყარაბაღის კონფლიქტში აზერბაიჯანის ინტერესებითაცაა გამოწვეული.
“ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ევროკავშირი მთიანი ყარაბაღის საკითხში ნეიტრალური პოზიციის დემონსტრირებას ცდილობს. და ამას იმით ხსნის, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამაში სომხეთიც მონაწილეობს და გარკვეული დოკუმენტები ოფიციალურ ერევანთანაც უნდა გაფორმდეს. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი მიდგომა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს ეწინააღმდეგება. ამას გარდა, ევროპარლამენტში რამდენჯერმე იქნა მიღებული რეზოლუციები მთიანი ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით. და ამ განცხადებებში პირდაპირაა აღნიშნული მიწების ოკუპაციის ფაქტი. მაგრამ, გაურკვეველი მიზეზების გამო, ევროკომისია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ დოკუმენტებს არ ითვალისწინებს. შედეგად რუსეთის გავლენით, სომხეთმაც უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე და, საბოლოოდ, ორივე ქვეყანამ დაკარგა ასოცირების ხელშეკრულებასთან მიერთების საშუალება».
ჯერ ადამიანის უფლებები, შემდეგ კი უვიზო რეჟიმი
აზერბაიჯანის ნებისმიერ ევროპულ ორგანიზაციაში ინტეგრაციის კიდევ ერთი მტკივნეული ასპექტი ადამიანის უფლებების საკითხში არსებული მდგომარეობაა
ადგილობრივი უფლებადამცველების მიერ შედგენილი სიის მიხედვით, ამჟამად აზერბაიჯანში 160 პოლიტპატიმარია. ბევრ მათგანს Amnesty International-ი სინდისის პატიმრებად მიიჩნევს, ევროპული სასამართლო კი არაერთხელ ითხოვდა ზოგიერთი მსჯავრდებულის (მაგალითად, ილგარ მამედოვის) გათავისუფლებას.
ამასთან, ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ სექტემბრის შუა რიცხვებში პოლიტპატიმრების სიაში მყოფი ადამიანების მცირე ნაწილის გათავისუფლება აზერბაიჯანის ხელისუფლების თავისებურ ჟესტს წარმოადგენს ბრიუსელის სამიტის წინ.
პოლიტოლოგი ელდარ ნამაზოვი კი მიიჩნევს, რომ ეს ყველაფერი არა ბრიუსელის სამიტს, არამედ შეერთებული შტატების სენატში გამართულ განხილვებს უკავშირდება. საუბარია აშშ-ის კონგრესის ზედა პალატაში დაწყებულ მოსმენებს „მაგნიტსკის აქტის“ აზერბაიჯანის მიმართებით გამოყენებასთან დაკავშირებით:
«საქმე ისაა, რომ აღნიშნულმა დოკუმენტმა უკვე გაიარა ქვეკომიტეტის მოსმენები და წესით კანონი განსახილველად უნდა გაეტანათ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ნორმალიზებას ისახავდა მიზნად ».
ელხან შაჰინოღლუ ამბობს, რომ აზერბაიჯანში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის კუთხით საფუძვლიანი რეფორმები უნდა განხორციელდეს:
«ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოგვარდეს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული პრობლემები. თუ გვინდა, რომ ამერიკამ და ევროპამ მხარი დაგვიჭირონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, სხვა საკითხების მოგვარება უნდა დავაჩქაროთ. იმიტომ რომ, ყველა შემთხვევაში, პოლიტპატიმრების საკითხი მთიანი ყარაბაღის პრობლემას მეორე პლანზე წევს».
ზეიმი თბილისის ქუჩებში უვიზო რეჟიმის შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით
ორმაგი სტანდარტები და ნაწყენი ჩინოვნიკები
როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები მორიგ ანგარიშს აქვეყნებენ სიტყვის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების შესახებ, აზერბაიჯანელი ჩინოვნიკები, როგორც წესი, აცხადებენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები აზერბაიჯანის შეფასებისას ორმაგ სტანდარტებს იყენებენ.
მილი მეჯლისის სამართლებრივი პოლიტიკისა და სახელმწიფო მშენებლობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დეპუტატი როვშან რზაევი:
«სამწუხაროდ, აზერბაიჯანთან მიმართებით ორმაგი სტანდარტები გამოიყენება. ევროკავშირი და აზერბაიჯანი გარკვეულ შეთანხმებაზე მუშაობენ. აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ჩვენს ქვეყანას რუსეთთანაც სტრატეგიული ურთიერთობა აქვს და ასეთი ურთიერთობების დამყარებას მთელ რიგ ევროპულ სახელმწიფოებთანაც შეძლებს».
ყოფილი „დიდი ძმა“
აზერბაიჯანის ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კავშირების გაფართოების საკითხს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტიც აქვს – ბაქოს მანევრირება უწევს დასავლეთსა და რუსეთს შორის, რომლებიც რეგიონში გავლენის მოსაპოვებლად იბრძვიან.
აი,რას წერს პრორუსული ვებგვერდი Новое Время („ნოვოე ვრემია“) იმ ხელშეკრულების შესახებ, რომელიც ევროკავშირთან უნდა გაფორმდეს:
“ევროკავშირმა თავის პროგრამებში („ევროპული თანამეზობლობა“ და აღმოსავლეთის პარტნიორობა“) სომხეთიც ჩართო, და აზერბაიჯანშიც. ბრიუსელი მიმართავს ტაქტიკას, რომლის მიხედვითაც იგი აგრესორსა და მის მსხვერპლს არ ანსხვავებს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ყველა ეს პროგრამა, შეთანხმება და ენერგოპროექტი მხოლოდ ერთი მიზნით – ჩვენს რეგიონში მოსკოვის ინტერესების საპირისპიროდ, დასავლეთის გეოპოლიტიკური გავლენის გაძლიერებისათვის – ხორციელდება”.
პოლიტოლოგი ელდარ ნამაზოვი ამბობს, რომ რუსეთი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოების ევროპაში ინტეგრირების პროცესს ძალიან გულმოდგინედ ადევნებს თვალს:
«და ის ღიად ახდენს ამის დემონსტრირებას. რუსეთის გარდა აზერბაიჯანის ძალიან რთული გეოპოლიტიკური მდგომარეობაც უნდა გავითვალისწინოთ. თუკი აზერბაიჯანის მოსაზღვრე ქვეყნებს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ ერთი მხრივ ქვეყანას რუსეთი ემიჯნება, მეორე მხრივ – ირანი, მესამე მხრიდან კი სომხეთი, რომელსაც მთლიანად რუსეთი აკონტროლებს. და მხოლოდ საქართველოა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. სხვა ქვეყნებთან საკმაოდ რთული ურთიერთობები გვაქვს”.
კვლევით ცენტრ „ატლასის“ ხელმძღვანელი, ელხან შაჰინოღლუ მიიჩნევს, რომ რუსეთის ზეწოლა აზერბაიჯანის ევროკავშირთან ურთიერთობას არ დააბრკოლებს.
«აზერბაიჯანი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი არ არის და, ამასთან, არც სომხეთს წარმოადგენს, რომელმაც რუსეთის ზეწოლის შედეგად, ევროკავშირთან თანამშრომლობაზე თქვა უარი. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, უფრო ინტენსიურად ვითანამშრომლოთ ევროკავშირთან.აზერბაიჯანი „ნატოსთან“ ურთიერთობის გარღმავებისკენ რომ მიისწრაფვოდეს და, საქართველოსა და უკრაინის მსგავსად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას ისახავდეს მიზნად, რუსეთის მძლავრ ზეწოლასთან მოუწევდა გამკლავება. მაგრამ ევროკავშირი ეკონომიკური ორგანიზაციაა. აზერბაიჯანს საკუთარი ეკონომიკის განვითარება სურს. ამ მხრივ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი მძლავრი ზეწოლის მეთოდს მიმართავს».
გაფორმდება თუ არა ხელშეკრულება?
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მაჰმუდ მამედგულიევი მედიასთან საუბრისას დაბეჯითებით ვერ ამბობს იმას, თუ დამუშავების რა ეტაპზეა ევროკავშირთან დასადები ახალი შეთანხმების დოკუმენტი.
«არ ვჩქარობთ. თითოეულ მხარეს საკუთარი მოსაზრებები გააჩნია. ეს პოზიციები უნდა შევათანხმოთ. ჯობია, გვიან, მაგრამ ხარისხიანად დასრულდეს სამუშაო. დოკუმენტის ფარგლებში პოლიტიკური საკითხებიც განიხილება. დოკუმენტში აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა და საზღვრების ხელშეუხებლობაა ასახული.
შეთანხმება წლის ბოლომდე ვერ გაფორმდება. წელს დოკუმენტს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოეწერება ხელი, თუკი უპირობოდ მივიღებთ ყველაფერს, რასაც ისინი ამბობენ. მაგრამ ეს ნამდვილად არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება».
აზერბაიჯანში ევროკავშირის წარმომადგენლობის პირველმა მრჩეველმა, დენის დანიილდისმა სააგენტო РИА Новости-ს კომენტარი მისცა. მისი თქმით, ბრიუსელს იმედი აქვს, რომ მიმდინარე წელს აზერბაიჯანთან გააფორმებს ხელშეკრულებას პარტნიორობის შესახებ:
«ჯერ კიდევ გვაქვს იმედი, მაგრამ უნდა ვიმუშაოთ. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს – როგორც აქ, ისე ბრიუსელში».
დენის დანიილდისმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პოზიცია ევროკავშირის მიდგომას არ ეწინააღმდეგება:
«ჩვენთვისაც ხარისხია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე სიჩქარე».
ევროკავშირის წარმომადგენლობამ ბაქოში ჩაატარა „გაცნობითი ხასიათის“ რამდენიმე აქცია სახელწოდებით „ევროპული ქალაქი“. 23 სექტემბერს მსგავსი ღონისძიება შაქშიც გაიმართა. ამასთან, „ივენთის“ ლოზუნგად აირჩიეს ადგილობრივ სამეტყველო ენაში არსებული გამოთქმა, რომელიც ასე ჟღერს: „აი, აქ არის ევროპა, უშუალოდ თქვენს პირში“. ასეთი წარწერა ამშვენებს შაქურ ფახლავას, რომელიც აქვე, ლანგარზე, ევროპული ჩაროზის გვერდით იწონებს თავს. დევს ლანგარზე
რა ესაქმება აზერბაიჯანს ევროპაში?
პოლიტოლოგი ზარდუშტ ალიზადე ამბობს, რომ ევროპისათვის მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი, როგორც ნედლეულის წყარო:
«აზერბაიჯანის იმპორტის ძირითადი ნაწილი ნავთობსა და გაზზე მოდის. ევროპა კი ნავთობისა და გაზის მყიდველად გვევლინება.ევროპას სურს, რომ აზერბაიჯანისგან და თურქმენეთისგან (მომავალში კი ირანისგანაც) გაზი შეიძინოს. ამიტომ აზერბაიჯანს, როგორც ნედლეულის წყაროს, ევროპისათვის გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება.
რაც შეეხება ევროპას, ჩვენ ყველაფერს ევროპისგან ვყიდულობთ – თანამედროვე ავტომანქანებს, ელექტროსაქონელს, მოწყობილობებს, ჩარხებს, საწარმოო დანადგარებს, სამომხმარებლო საქონელს, საკვებ პროდუქტებს, მაცივრებსა და ტელეფონებს. ამიტომ სავაჭრო ურთიერთობების დამყარება ორივე მხარის ინტერესებში შედის. ამასთან, აზერბაიჯანელი ბობოლები საკუთარ ფულს ევროპაში ინახავენ და იქვე ხარჯავენ – სასახლეებს ყიდულობენ, ისვენებენ და მკურნალობენ.
დიახ, მხარეები ნამდვილად გრძნობენ, რომ ერთმანეთი სჭირდებათ, ამიტომ ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, რომელიც ვითარდება. სამომავლოდ შეთანხმება აუცილებლად გაფორმდება».