"პროცესი წინაპირობების გარეშე" - საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკოსებს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წინასაახალწლო მიღებაზე პოლიტიკური პარტიების ლიდერებს და დამოუკიდებელ დეპუტატებს სიტყვით მიმართა. პრეზიდენტის თქმით, პოლარიზაციის განმუხტვის და შერიგების პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, წინაპირობების გარეშე და “ქართული.”
სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის წევრებს წინასაახალწლო მიღებაზე მოსაწვევები ორი დღის წინ გაუგზავნა. შეხვედრაზე უარი თქვეს “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ლეიბორისტულმა პარტიამ” და “ევროპულმა საქართველომ”, თუმცა შეხვედრას ესწრებოდნენ სხვა ოპოზიციონერები: სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, ნინო ბურჯანაძე, გიორგი ვაშაძე და სხვ. შეხვედრას “ქართული ოცნებიდან” ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და დავით სერგეენკო ესწრებოდნენ.
პრეზიდენტმა 14 დეკემბერს თქვა, რომ მან აიღო ვალდებულება და ეს არის შერიგების პროცესის დაწყება. როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, ეს არის შერიგების, სიმართლისა და სამართლიანობის პროცესის დაწყება.
იმავე დღეს განცხადება გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც. მათი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს საპატრიარქოში პირისპირ შეხვედრისას კათოლიკოს-პატრიარქს ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყებაზე საკუთარი ინიციატივა გააცნო, რაზედაც ილია მეორეს კურთხევა სთხოვა.
შეხვედრას გამოეხმაურა საქართველოს საპატრიარქო. მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ ილია მეორე და ეკლესიაც დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედებას, “მიმართულს ერთსულოვნებისკენ, რომელიც დაფუძნებული იქნება ქრისტიანულ და სამართლიან საფუძვლებზე”.
ზურაბიშვილის თქმით, შერიგების პროცესი უნდა იყოს სრულიად გამჭვირვალე, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესი დაიწყება კონსულტაციებით, ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ დონეზე ყველა სფეროს მონაწილეობით.
“ის სამი წელი რაც დამრჩა, ვალდებულად ვთვლი, რომ ეს [შერიგების] პროცესი დავიწყო. ამ პროცესზე ვიყო პასუხისმგებელი. ამის იქით არ მაქვს არანაირი პოლიტიკური ამბიცია. მაქვს ერთი ამბიცია, რომ დავეხმარო ამ ქვეყანას, დაგეხმაროთ თქვენ და დავეხმარო საზოგადოებას, რომ დავიწყოთ ამ მდგომარეობიდან გამოსვლა…ყველა დარგი არის პოლარიზებული. დაიწყება კონსულტაციები, ყველა სფეროს მონაწილეობით”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მისივე განმარტებით, ამ პროცესის დაწყებას არ შეიძლება წინ უსწრებდეს რამე ფორმის წინაპირობა, რადგან სხვადასხვა წინაპირობები ნიშნავს, რომ ეს ახალ პოლარიზაციას და ახალ დაპირისპირებას წარმოშობს:
“ეს ნიშნავს, რომ პროცესი შევა ჩიხში. არაფერი არაა გამორიცხული, მაგრამ ყველაფერი პროცესშია მოსაგვარებელი, მოსალაპარაკებელი და გასაანალიზებელი. თვით შერიგებაც ვერ იქნება წინაპირობა. ეს ცუდად იყო გაგებული. დაიწყო ამის გარკვევა, როგორ უნდა შევურიგდე იმას თუ ამას? და რატომ უნდა შევურიგდე? შერიგება არის შედეგი და არა საწყისი ეტაპი. იწყება მოსმენით, ერთმანეთის აზრების გაცვლით, გრძელდება სიმართლის თქმით და გაგებით, მითუმეტეს როცა წარსულს ეხება ან აწმყოს. გრძელდება სამართლიანობით და მერე შეიძლება, შედგეს შერიგება, რომელსაც მე მირჩევნია, დავარქვა ეროვნული თანხმობის პროცესი.”
● სააკაშვილი, სასამართლო და პანდემია – რა თქვა პრეზიდენტმა სპეციალურ ბრიფინგზე
● საქართველოს პრეზიდენტი: აფხაზეთში ერთნაირად დასაცავია ქართული და აფხაზური ენები
● საქართველოს პრეზიდენტი: ეს არ არის ის საქართველო, რომელიც მე ვიცი
10 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ორგანიზებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ პოლარიზაცია, ყალბი ინფორმაციის გავრცელება და სიძულვილის ენა, არამხოლოდ აღვივებს შიდა დაპირისპირებას, არამედ არყევს საჯარო ინსტიტუტებს და დემოკრატიულ პროცესებს, მათ შორის, დემოკრატიის ორი საყრდენის – არჩევნებსა და მედიასაშუალებების ნდობას.
პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ პოლარიზაციის და სიძულვილის დაძლევა აუცილებელია და ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ეროვნული მასშტაბით წამოიწყებს საუბარს ისტორიის საერთო აღქმის მისაღწევად.