საჯარო რეესტრმა პრორუსული ალტ-ინფოს პარტია დაარეგისტრირა
პარტია “კონსერვატიული მოძრაობა”, რომელიც პრორუსული, ძალადობრივი, ჰომოფობიური ჯგუფის და ტელევიზიის, “ალტ-ინფოს” ნაწილია, საჯარო რეესტრმა ოფიციალურად დაარეგისტრირა.
რეესტრის ვებ გვერდზე მითითებულია, რომ გადაწყვეტილება 7 დეკემბერს არის მიღებული. რამდენიმე დღით ადრე რეესტრმა ალტ-ინფოს დოკუმენტები დაახარვეზა და რეგისტრაციაზე უარი ამ მიზეზით უთხრა, ხარვეზების აღმოსაფხვრელად კი 10-დღიანი ვადა მისცა.
პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, ხოლო გენერალური მდივანი – გიორგი ქარდავა.
სწორედ “კონსერვატიული მოძრაობის” დამფუძნებლები არიან 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები: კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო და სხვები.
● ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მთავრობას 5 ივლისის ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა
● რატომ ვერ ჩატარდა ღირსების მარში – რა აჩვენა ამ დღემ?
● ნადირობა მედიაზე. პრაიდის საწინააღმდეგო აქციაზე ოცზე მეტი რეპორტიორი მძიმედ დაშავდა
ახალ პოლიტიკურ პარტიას სწორება ძირითადად რუსეთზე აქვს. „ალტ-ინფოს“ და პარტიის ერთ-ერთი დამფინანსებელი კონსტანტინე მორგოშია “რადიო თავისუფლებასთან” საუბარში ამბობს, რომ რუსეთთან საუბრის გარეშე საქართველო ფონს ვერ გავა:
„როგორც კი პოლიტიკური პარტია ვიქნებით, რუსეთთან იმ დღიდან ვაპირებთ მუშაობას იმაზე, რომ პირდაპირ შევხვდეთ და ვესაუბროთ, ყოველგვარი მესამე ქვეყნების ჩართვის გარეშე. საუბარს ვაპირებთ იმ დონეზე, რა დონეზეც არცერთ პოლიტიკოსს არ ჰქონია შეხვედრები ბოლო 15-20 წლის მანძილზეც კი.“
აღსანიშნავია ისიც, რომ მათი ეთერების ხშირი სტუმარია რუსი ანტილიბერალი, ანტიგლობალისტი, ულტრანაციონალისტი იდეოლოგი და პუტინის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი.
პარტიაში ამბობენ, რომ არ არიან „პრორუსულები“ და პარტიაც „პროქართული“ ექნებათ, თუმცა იგივე ზურაბ მახარაძე ღიად აცხადებს, რომ საქართველოში რუსული სამხედრო ბაზები უნდა განთავსდეს და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებიც ასე გადაიჭრება.
რა მოხდა 5 ივლისს
2021 წლის 5 ივლისს, თბილისში, Tbilisi Pride-ის კვირეულის ფარგლებში ღირსების მარში უნდა გამართულიყო. მსვლელობა რუსთაველის მეტროსთან 18:00 საათზე დაიგეგმა. საპატრიარქომ მალევე დააანონსა მარშის საწინააღმდეგო აქცია. იგი თავის მხარდამჭერებს ქუჩაში გამოსვლისკენ და ქვეყნის “გაუკუღმართებული ცხოვრების წესისგან” დაცვისკენ მოუწოდებდა.
5 ივლისს ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები დილიდან გამოვიდნენ პარლამენტთან. მათ ჯერ პარლამენტთან თვეების განმავლობაში მდგარი ოპოზიციური კარვები დაარბიეს, ხოლო შემდეგ ამ ამბის გასაშუქებლად მისულ ჟურნალისტებს დაერივნენ. 5 ივლისს თბილისში ნამდვილი ნადირობა მოეწყო ჟურნალისტებზე – რადიკალები 53 ჟურნალისტს დაესხნენ თავს.
როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, მოძალადეთა ქმედებები წააქეზა პრემიერ ღარიბაშვილის მიერ 5 ივლისს გაკეთებულმა განცხადებამ. ღარიბაშვილმა ვითარების შესაძლო გართულებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა არა ძალადობრივი აქციის წევრებს, არამედ “ღირსების მარშის“ ორგანიზატორებს.
როგორც ჟურნალისტები ამბობდნენ, მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მობილიზებული არასაკმარისი პოლიციელი. ძალადობრივი ჯგუფები ოპერატორ ლექსო ლაშქარავას და მის კოლეგას, ტვ პირველის ჟურნალისტს მირანდა ბაღათურიას თავს დაესხნენ ორგანიზაცია “სირცხვილიას” ოფისში.
როგორც ბაღათურია ამბობს, ლაშქარავას 20 ადამიანი სცემდა. თვითმხილველთა თქმით, მოძალადეებს შორის სასულიერო პირებიც იყვნენ. ლაშქარავა 11 ივლისს დედამ საკუთარ ლოგინში გარდაცვლილი იპოვა.
ახალგაზრდა ოპერატორის გარდაცვალებიდან ძალიან მალე, ხელისუფლებასთან ასოცირებულმა საიტებმა დაიწყეს გავრცელება ინფორმაციის, თითქოს ლაშქარავა ნარკოდამოკიდებული იყო და იგი ზედოზირებით გარდაიცვალა.
იმავე დღეს, 11 ივლისს საღამოს, შსს-მ გამართა ბრიფინგი, სადაც უწყებამ იგივე ვერსიის გავრცელება დაიწყო, რომ ლაშქარავა “არაფხიზელ მდგომარეობაში” იყო. ხელისუფლების ვერსიას უნდობლობას უცხადებენ ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.