"ერთი კავკასია" მარნეულში
One Caucasus – ასე ქვია ფესტივალს, რომელიც უკვე მეოთხედ ტარდება სოფელ წერაქვში.
ფესტივალის მიზანია, კავკასიის რეგიონის თუ მის გარედან ჩამოსული არტისტების თანამშრომლობისთვის ინსპირაციული სივცრე შექმნას.
პატარა საფესტივალო დასახლებაში, რომელსაც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული მოხალისეები თავად აწყობენ, კონცერტები და პერფორმანსებიც ერთობლივი თანამშრომლობით ტარდება.
წერაქვი მარნეულის რაიონის ერთი პატარა სოფელია, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრების კვეთასთან მდებარეობს.
აგვისტოს ბოლოს ამ სოფელმა სტუმრად მიიღო მუსიკოსები, მოცეკვავეები, არქიტექტორები, არტისტები და პერფომერები – სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, პოლონეთიდან, აშშ-დან, ნიგერიიდან, რუსეთიდან და მსოფლიოს ბევრი სხვა ქვეყნიდან.
საფესტივალო სივრცეს სტუმრები-კურატორები სამი კვირის განმავლობაში თავად ამზადებდნენ – აშენებდნენ საფესტივალო ნაგებობებს, ადგენდნენ მუსიკალურ პროგრამას. პარალელურად სხვადასხვა ტრენინგები და მასტერკლასები ტარდებოდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის.
მარნეულის რაიონის ფესტავალის ჩასატარებლად შემთხვევით არ შერჩეულა. რაიონის 72 სოფლიდან 51 მეტწილად ეთნიკური აზერბაიჯანელებით არის დასახლებული, 11 – უმეტესად სომხებით, 8 კი – ქართველებით. ეს ის ადგილია, სადაც მძიმე ისტორიული წარსულისა და მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, აზრბაიჯანელები და სომხები მშვიდობიანად ახერხებენ ერთად ცხოვრებას.
ელენე, ფესტივალის ერთ-ერთი დამფუძნებელი, იმედს გამოთქვამს,რომ ადამიანების აღქმასა და დამოკიდებულებებში რეალური ცვლილების შეტანა ნამდვილად არის შესაძლებელი თანამშრომლობისა და ურთიერთგაზიარების მეშვეობით.
,, ჩვენ ყველას ვეპატიჟებით – მუსიკოსებს, სხვადსხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ადგილობრივ მაცხოვრებლებს, სადავო ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებს ურთიერთგაზიარებისთვის. მათ შეუძლიათ, ერთმანეთს გაუზიარონ ყველაფერი – ფიქრები, იდეები, მუსიკა, საჭმელი. ვცდილობთ, ისეთი სიტუაცია შევქმნათ, როგორშიც ადამიანებს ურთიერთობის დაწყების სურვილი უჩნდებათ. მჯერა, რომ სტერეოტიპებისა და წინასწარი განწყობების მსხვრევას სწორედ ასე დავიწყებთ, და ადამიანები ერთმანეთს ადამიანებად დაინახავენ, და არა ამა თუ იმ ქვეყნის წარმომადგენლებად,” – ამბობს ის.
არქიტექტორები ერთმანეთის მხარდამხარ, მშენებელთა გუნდთან ერთად, ცარიელ ადგილას აგებენ საფესტივალო დასახლებას.
შაფაქი ( მარცხნიდან პირველი) აზერბაიჯანიდან ჩამოსული მოხალისეების კოორდინატორია.
,, აქ პირველად სამი წლის წინ ჩამოვედი, მოკლეხნიანი მოხალისე ვიყავი. აქ ცხოვრებაში პირველად გავიცანი სომეხი ბიჭი. ძალიან უცნაური გამოცდილება იყო, მაგრამ ბოლოს ძალიან დავმეგობრდით და ახლაც გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა. ამიტომაც მჯერა, რომ One Caucasus-ს გაცილებით ბევრი რამის შეცვლა შეუძლია, ვიდრე მშვიდობის მშენებლობისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციისათვის გამიზნულ სხვა პროექტებს.”
ამ წელს მოხალისეთა უმეტესობა სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან იყო ჩამოსული. ,, აქამდე სომეხი ცხოვრებაში არ შემოხვედროდა. მათ მიმართ უარყოფითი წინასწარი განწყობა მქონდა, და გარკვეული შიშიც, თუმცა, აქ რომ ჩამოვედი, გავაცნობიერე, რომ ჩვენს შესახებ მათაც ისეთივე სტერეოტიპები ჰქონიათ, როგორიც – ჩვენ მათ შესახებ. ამიტომ, ახლა კი ვხვდები, რომ ყველანი პოლიტიკის გავლენის ქვეშ ვართ. იმაში, რაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის მოხდა, არც ერთ ჩემს ახალ მეგობარს არ მიუძღვის ბრალი. ‘’ – ამბობს რაშიდი აზერბაიჯანიდან.
ანუში, სომხეთიდან ჩამოსული მოხალისე, იმ პირველ შთაბეჭდილებებს იხსენებს, ადგილობრივ აზერბაიჯანულ სოფელში უორკშოპის ჩატარებიდან რომ მიიღო. ,, ისე, რომ სულ არ ვიცოდი, რის მოლოდინი შეიძლებოდა მქონდა, სოფლის ერთ-ერთ სახლში შევედი. ყავა შემომთავაზეს, ჩემი გამასპინძლება მოინდომეს, საოცარი სტუმართმოყვარეობით დამხვდნენ. ჩემი ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, მათთვის მხოლოდ სტუმარი ვიყავი. ვიდექი ასე, დაბნეული, იმ სტერეოტიპებზე ვფიქრობდი, რაც მანამდე აზერბაიჯანელების შესახებ მქონდა. აქ კი დავინახე, რომ რეალობა სულ სხვაგვარი ყოფილა. საშინლად დაბნეული ვიყავი. ამ განცდას ვერ მოვერიე და ცრემლებიც კი წამსკდა.“
ადგილობრივი მცხოვრებლებიც მონაწილეობდნენ ფესტივალისათვის მზადებაში. აზიზი მთელი თავისუფალ დროს საფესტივალო დასახლებაში ატარებდა და ორგანიზატორებს მშენებლობასა და საფესტივალო დღეების ორგანიზებაში ეხმარებოდა.
ლენა ფესტივალის ხალხს სამზარეულოში ეხმარებოდა.
ადგილობრივებისთვის ეს ფესტივალი ნამდვილ მოვლენად იქცა.
საფესტივალო არეალი და მისი მიდამოები შესანიშნავი ადგილი გამოდგა დასასვენებლად, სანამ ფესტივალის დღეები დაიწყებოდა.
საღამოობით იქაურობა ხალხით ივსებოდა. საითაც არ გაიხედავდი, ადამიანები ცეკვავდნენ, ერთმანეთს უმეგობრდებოდნენ და ამ განუმეორებელი დღეებით დიდ სიამოვნებას იღებდნენ
მთავარი სცენა მუსიკალური ექსპერიმენტების ადგილადაც იქცა – ზურა, ქართული ჯგუფის “Flight mode” გიტარისტი გიტარჩელოზე უკრავს.
ახალგაზრდა არტისტები სცენაზე ასვლის მომენტში
საერთაშორისო მუსიკალური კოლაბორაცია საფესტივალო პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო. პოლონური ჯგუფი Psio Crew და ქართული ,,გორდელა“ ერთად ატარებენ კონცერტს, რომელზეც ქართული და პოლონური ფოლკი ერთმანეთს შეერწყა.
Natig Rhythm Group-მა (აზერბაიჯანი) და Masala Soundsystem-მა (პოლონეთი) ერთად დაუვიწყარი კონცერტი ჩაატარეს.
,, ხანდახან ვამბობთ ხოლმე, რომ აქ მუსიკა მართლა საზღვრებს გარეშეა. აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს შენი კანის ფერს, ეროვნებას, რელიგიას. ეს დაგვემართა ყველას, ვინც ამ ფესტივალში ვმონაწილეობდით – არტისტებს, მოხალისეებს, ორგანიზატოებს, ყველას გვჭირდება თანამშრომლობა და ერთმანეთთან ურთიერთობა. და სწორედ ეს იყო ფესტივალ ,,One Caucasus ‘‘ -ის მთავარი და ყველაზე ლამაზი შედეგი.“ – თქვა ელენემ, ფესტივალის თანადამაარსებელმა.