„აზერბაიჯანმა ცუდსა და უარესს შორის გააკეთა არჩევანი“ - ექსპერტები სამმხრივი შეთანხმების შესახებ
სამმხრივი შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი წლის შემდეგ, რომელმაც წერტილი დაუსვა ყარაბაღის მეორე ომს, აზერბაიჯანელი ექსპერტები განიხილავენ მის დადებით და უარყოფით მხარეებს. ასევე, მათ უპასუხეს ჩვენს კითხვებს რეგიონში ვითარების სამომავლო განვითარების პერსპექტივებზე.
ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის 10 ნოემბერს, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად ხელი მოაწერეს სამმხრივ შეთანხმებას. ამ დოკუმენტმა წერტილი დაუსვა ყარაბაღის მეორე ომს. ამ შეთანხმებას ეფუძნებოდა პოსტკონფლიქტური პერიოდის ყველა შემდგომი მოვლენა.
აზერბაიჯანელმა ექსპერტებმა – ოპოზიციური პარტია „რესპუბლიკური ალტერნატივის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნატიკ ჯაფარლიმ და ქვეყნის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ტოფიკ ზულფუგაროვმა ისაუბრეს სამმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერის დადებით და უარყოფით შედეგებზე, ასევე გაგვიზიარეს თავიანთი მოსაზრებები რეგიონში მოვლენების შემდგომ განვითარებაზე.
- ზავის დადებიდან ერთი წლის შემდეგ: ფაშინიანმა ომის შემდგომ ვითარებაზე ისაუბრა
- პერსპექტივები და ვარიანტები ყარაბაღის სტატუსის შესახებ. მოსაზრება ბაქოდან
„აზერბაიჯანმა ცუდსა და უარესს შორის გააკეთა არჩევანი“
„2020 წლის 10 ნოემბერს აზერბაიჯანს მოუწია არჩევანის გაკეთება ცუდსა და უარესს შორის. საქმე ისაა, რომ სამმხრივი შეთანხმებიდან რამდენიმე საათში, რუსი სამხედროები ყარაბაღის ტერიტორიაზე შევიდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი ამას ელოდნენ.
ვუშვებ, რომ თუკი აზერბაიჯანი არ დათანხმდებოდა დოკუმენტზე ხელმოწერას და გააგრძელებდა შეტევას, ეს ძალები ჩვენს ტერიტორიაზე უკვე ჩვენი თანხმობის გარეშე აღმოჩნდებოდნენ.
მაგრამ ასევე არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი: ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული ჯარების ყოფნა არ არის რატიფიცირებული აზერბაიჯანის პარლამენტის მიერ, რაც არ გვაძლევს საშუალებას, ლეგიტიმურად მივიჩნიოთ მათი ყოფნა ყარაბაღში, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე“.
წავა კი რუსეთი ყარაბაღიდან?
JAMnews-ის კითხვაზე, „რეალურია თუ არა რუსეთის წასვლა რეგიონიდან ოთხი წლის შემდეგ? რამდენად სავარაუდოა ეს ვარიანტი და რა არის საჭირო ამისთვის?“, პოლიტიკოსმა გვიპასუხა:
„თეორიულად, ოთხი წლის შემდეგ აზერბაიჯანს შეუძლია არ გაუგრძელოს მანდატი რუს სამშვიდობოებს. მაგრამ, როგორც უკვე ვამბობდი, ეს მანდატი მათ არ აქვთ. ეს, რაც შეეხება თეორიულ ნაწილს.
პრაქტიკაში, რუსული ძალების რეგიონიდან გასაყვანად აზერბაიჯანმა და სომხეთმა უნდა გადაწყვიტონ თავიანთი ყველა პრობლემა, ხელი მოაწერონ სამშვიდობო შეთანხმებას. ასევე, აზერბაიჯანმა უნდა წარმოადგინოს მკაფიო პროგრამა ყარაბაღში მცხოვრები სომხური წარმოშობის აზერბაიჯანელების ინტეგრაციისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ქვეყანას მოსთხოვოს რუსეთს სამშვიდობოების გაყვანა. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ძნელად წარმომიდგენია ეს ყველაფერი.
ასევე უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ თვითონ სომხეთი არანაირად არ არის დაინტერესებული რუსეთის გასვლით. თავის ბოლო ინტერვიუში ნიკოლ ფაშინიანმა არაორაზროვნად განაცხადა, რომ რუსული ძალები მუდმივად უნდა დარჩნენ რეგიონში. ამით სომხეთს სურს, რეგიონზე მთელი პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციაზე გადაიტანოს“.
„ალტერნატიულ“ ლაჩინის დერეფანზე
„სამმხრივი შეთანხმების მეექვსე პუნქტში საუბარია სომხეთის ხანქენდისთან (სომხები ამ ქალაქს სტეპანაკერტს უწოდებენ – JAMnews) დამაკავშირებელ ალტერნატიულ გზაზე.
რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ამ გზასთან დაკავშირებით ტექნიკური დოკუმენტაცია უკვე მზად არის და ის ახლა შეთანხმების სტადიაშია.
რა თქმა უნდა, იდეალურ შემთხვევაში, „ალტერნატიული“ ლაჩინის დერეფნის მშენებლობის დაფინანსებაში შეიძლება მონაწილეობა მიეღო სომხეთსაც, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს ქვეყანა ამ პროექტისთვის ფულს გამოყოფს. აზერბაიჯანი ამ გზას საკუთარ ტერიტორიაზე ააშენებს.
ალტერნატიული გზა აზერბაიჯანს ოკუპაციისგან გათავისუფლებულ შუშასთან დამაკავშირებელ კიდევ ერთ უსაფრთხო გზას მისცემს“, – განაცხადა ნატიკ ჯაფარლიმ.
„რუსეთი აზერბაიჯანთან პირდაპირ შეტაკებაზე არ წავიდოდა“
„2020 წლის 10 ნოემბერს სამმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის სომეხ მოსახლეობას ამ ტერიტორიაზე ცხოვრებისა და იმ ქვეყნის საზოგადოებაში რეინტეგრაციის საშუალება მისცა, სადაც ეს მიწები მდებარეობს.
არ მიმაჩნია სერიოზულად ზოგიერთი პოლიტოლოგის დასკვნები იმის შესახებ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი აზერბაიჯანი ხელს არ მოაწერდა ამ დოკუმენტს – რუსეთი ჩვენს ქვეყანასთან პირდაპირ კონფრონტაციაზე წავიდოდა. ეს შეუძლებელი იყო.
დიახ, იქ შეიძლება გამოჩენილიყვნენ გარკვეული ადამიანები, სამხედრო ტექნიკა, მაგრამ აზერბაიჯანთან პირდაპირი კონფრონტაცია რუსეთისთვის უშუალოდ თურქეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებს ნიშნავდა“, – განაცხადა აზერბაიჯანის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტოფიკ ზულფუგაროვმა.
ვისთვის არის სასარგებლო ტერიტორიული მთლიანობის აღიარება?
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თავკაცის აზრით, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღიარება სასარგებლოა პირველ რიგში თავად სომხეთისთვის:
„მოდი, ასე ვიმსჯელოთ: სომხეთი ამ დრომდე არ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას. მაგრამ, ამავდროულად, ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია სომხეთის საზღვრები. მაპატიეთ, რომელ საზღვარზეა საუბარი?
თუკი სომხეთი არ აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – ამ ქვეყნის საზღვრებს – რომელი საზღვრები შეიძლება დაირღვეს?
ამიტომ ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება პირველ რიგში სასარგებლოა თავად სომხეთისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ უნდა იცავდეს აზერბაიჯანი საბჭოთა პერიოდის რაღაც პერმანენტულ საზღვრებს? და კიდევ: ზანგეზური სომხეთს საბჭოთა ხელისუფლებამ 1929 წელს გადასცა. რომელი საზღვრები და რომელი დროის უნდა დაიცვას აზერბაიჯანმა, რომელიც სამხედრო ძალით აღემატება სომხეთს?“.
რეგიონის მომავლის შესახებ
„სხვა გზა აქ არ არსებობს. რეგიონში მშვიდობა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, როდესაც სომხეთი მეზობლებთან მშვიდობიან ცხოვრებას ისწავლის.
სომხეთი ამჟამად მტრობს თავის ძირითად მეზობლებს – აზერბაიჯანსა და თურქეთს. ამ ქვეყნებიდან პირველის მოსახლეობა 10 მილიონი ადამიანია, მეორის – 80 მილიონზე მეტი. სომხეთმა, რომლის მოსახლეობაც ორ მილიონზე ცოტა მეტია, უნდა ისწავლოს მეზობლებთან მშვიდობიანი ცხოვრება.
საჭიროა ერთი რამის ცოდნა: ეს – ჩემია, ეს კი – ჩემი არ არის, და არ ხელვყო ის, რაც „ჩემი არ არის“. აი, სულ ესაა რეგიონში მშვიდობის საიდუმლო“, – განაცხადა ტოფიკ ზულფუგაროვმა.