ვინ არიან აზერბაიჯანელი „სინათლის პატიმრები“ და რატომ უთანაგრძნობს მათ საზოგადოება
ფოტო, ვიდეო: იზოლდა აგაევა
მცირე ხნის წინ აზერბაიჯანის ქალაქ იმიშლიში ჯებრაილის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ხუთ ახალგაზრდას, რომლებსაც ბოლო დროს ხალხი „შუქის პატიმრებს“ ეძახის – ისინი გასული წლის ბოლოს დააკავეს იმ საპროტესტო მიტინგის შემდეგ, რომლის მონაწილეებიც ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდების რეჟიმის დაწესებას ითხოვდნენ.
აქცია ბილიასუვარის დასახლებაში (ბაქოდან 153 კილომეტრით დაშორებულ პატარა ქალაქში) გაიმართა, სადაც ყარაბაღის ჯებრაილის რაიონიდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს. დემონსტრანტები რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლების შენობის წინ შეიკრიბნენ.
ელექტროენერგია დასახლებაში იმიტომ გათიშეს, რომ მოსახლეობა მის საფასურს არ იხდიდა. მოსახლეობა კი ამტკიცებდა რომ მზად არიან საფასური გადაიხადონ, თუმცა მთლიანი ვალის გადახდა მათთვის შეუძლებელია.
ხალხი აღმასრულებელი ხელისუფლების შენობის წინ შეიკრიბა. დემონსტრანტების ჯგუფიდან ვიღაცამ ქვა ისროლა და პოლიციელს თვალში გაარტყა.
აქციის ხუთი მონაწილე დააპატიმრეს. მათ დაახლოებით 10 თვე გაატარეს საპატიმროში.
მიმდინარე წლის 19 აგვისტოს სამ განსასჯელს გიულაგ ალმამედოვს, ჯალალ გულიევსა და ილქინ ისკანდეროვს – პირობითი პატიმრობა შეუფარდეს და გაათავისუფლეს. ულვი გულიევსა და ზაურ ფეირუზლუს კი 1,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სასამართლო პროცესზე არ დაუშვეს. მიზეზად ადგილების სიმცირე დასახელდა, თუმცა, სხდომა გაიმართა იმიშლიში მდებარე სასამართლოს შენობაში, რომელსაც საკმაოდ ვრცელი დარბაზები აქვს. ამასთან, ეს ნაგებობა მცირე ხნის წინ გაარემონტეს. სწორედ ადგილების სიმცირის გამო გადაიტანეს სხდომა იმიშლიში, რომელმაც ბილიასუვარის რაიონულ სასამართლოს შენობაში „განთავსებული“ ჯებრაილის სასამართლო „შეიფარა“.
“შუქის პატიმრებს“ ქონების განზრახ დაზიანება, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და სამართალდამცავების მიმართ ძალადობრივი ქმედებების ჩადენა დასდეს ბრალად. დაკავებულები ყველა ბრალდებას უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ ზიანი არავისთვის მიუყენებიათ.
« სასამართლოში მათ წინააღმდეგ ჩვენება არავის მიუცია, ყველა დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ამ ხუთი განსასჯელიდან არავის იცნობდნენ. ისე ბნელოდა, რომ თვალთან თითს ვერ მიიტანდი. ვერ დავინახეთ, ვინ ისროლა ქვა. მაგრამ ჩემს ვაჟს მაინც წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს», – ამბობს ზაურ ფეიზულაევის მამა თებრიზ გაჯიევი.
მთლიანობაში, წაყენებული ბრალდებები უფრო დიდ სასჯელს (შვიდ წლამდე პატიმრობას) ითვალისწინებდა, ამიტომ მსჯავრდებულთა ნათესავები ამბობენ, რომ „კიდევ კარგად გადარჩნენ“.
აზერბაიჯანული საზოგადოება უარყოფითად შეხვდა ამ პროცესს. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრი ადამიანი ამ განაჩენის სამართლიანობას ეჭვქვეშ აყენებს.
ჟურნალისტი და უფლებადამცველი სამირ ქიაზიმლი: “ როგორ შეიძლება, განაჩენი სამართლიანად მივიჩნიოთ როდესაც სასამართლო სხდომა, რომელიც საჯარო პროცესად გამოაცხადეს, დახურულ კარს მიღმა გაიმართა და ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დარბაზში არ შეუშვეს?
ამ საქმეს პოლიტიკური მოტივები აქვს, ხალხი კი უდანაშაულოა. ხელისუფლებამ რეპრესირებულთა წრე გააფართოვა და მასში ჟურნალისტებისა და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად უბრალო, სოციალურად დაუცველი მოქალაქეებიც გააერთიანა. ხელისუფლებას ხალხის დაშინება სურდა, რათა ასეთი ღრმა კრიზისის თანმდევ საპროტესტო აქციებს მასიური ხასიათი არ მიეღო».
ამას გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ იძულებით გადაადგილებული პირები და ლტოლვილები განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. ყარაბაღის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს სახელმწიფო საცხოვრებლით უზრუნველყოფდა და, ამას გარდა, ამ კატეგორიის ადამიანები რამდენიმე სხვა შეღავათითაც სარგებლობდნენ. ბოლო დრომდე იძულებით გადაადგილებული პირები არასდროს მსხდარან განსასჯელთა სკამებზე ისეთი პროცესების დროს, რომლებიც განსაკუთრებულ რეზონანსს იწვევენ ხოლმე. მათი მძიმე მდგომარეობა ერთგვარი ინდულგენციის როლს ასრულებდა.
ამას გარდა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დეპუტატმა ასტან შახვერდიევმა, რომელიც პარლამენტში ჯებრაილის რაიონს წარმოადგენს, გააკეთა განცხადება, რომელმაც კიდევ უფრო მეტად გააღიზიანა საზოგადოება. გასულ წელს, ამჟამინდელი „შუქის პატიმრების“ დაკავების შემდეგ, ჩინოვნიკმა მათ „მარიხუანას მწეველებისა და ლოთების ჯგრო“ უწოდა. სოციალურ ქსელებში არაერთი ბრაზიანი კომენტარი გაჩნდა. ინტერნეტმომხმარებლები წერდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელს ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა. აღშფოთების ტალღა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დეპუტატი იძულებული გახდა, ბოდიში მოეხადა.
ბოლოს კი უნდა ითქვას, რომ იმ ავბედით საპროტესტო აქციას საერთოდ არ ჰქონდა კავშირი პოლიტიკასთან. დემონსტრანტების მოთხოვნები ყველასთვის გასაგები იყო და ამიტომ ასეთი ლოზუნგები ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ მოწოდებებზე მეტ თანაგრძნობას იმსახურებდა (უნდა ითქვას, რომ, ზოგადად, უფლებადამცველების ლოზუნგები აზერბაიჯანული საზოგადოების ფართო მასებისათვის ყოველთვის მნიშვნელოვანი არ არის).
სამართლის ნორმების მიხედვით ბილიასუვარელების მოთხოვნა „შუქის უფასოდ მიწოდებასთან“ დაკავშირებით უკანონოდ ითვლება, მაგრამ ამ დასახლებაში მცხოვრები ხალხი სხვაგვარად ფიქრობს, იმიტომ რომ ამ საკითხს ხანგრძლივი წინაისტორია აქვს.
საქმე ისაა, რომ 1994 წლიდან, ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს შორის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ, მომდევნო ათი წლის მანძილზე, აზერბაიჯანელ დევნილებსა და იძულებით გადაადგილებულ პირებს კომუნალური მომსახურებების საფასურის გადახდა არ უწევდათ. შემდეგ მათ ლიმიტი დაუწესეს – შეცვლილი რეგულაციების მიხედვით, ამ კატეგორიის პირებს უფასო დენი და გაზი მხოლოდ გარკვეული მასშტაბებით ერგებოდათ.ზღვრულიოდენობის გადაჭარბების შემთხვევაში ნამეტის ფასს თავად იხდიდნენ.
მაგრამ ლტოლვილთა კომპაქტური განსახლების ზოგიერთ რეგიონში გაზი საერთოდ არ იყო გაყვანილი და ამიტომ ისინი ძალიან მალე აჭარბებდნენ ლიმიტს. ასე მოხდა ბილიასუვარშიც. დევნილების კომპაქტური განსახლების რაიონების უმრავლესობა უმოშევრობის მაღალი დონით გამოირჩევა, ამიტომ ბევრი ლტოლვილი დღემდე მოსახლეობის ყველაზე ღარიბ ფენას განეკვუთვნება. ამიტომ ისინი ხშირად საერთოდ ვერ იხდიდნენ დენის დავალიანებას და, ამავდროულად, მიაჩნდათ, რომ სახელმწიფოს მათი „ვალი ჰქონდა“ უფასო გაზის სახით. დენის გადასახადთან დაკავშირებული პრობლემები კი არაფორმალურ ვითარებაში“ წყდებოდა – მოსახლეობა „აზერშიქის“ (ენერგოგამანაწილებელი კომპანიის, რომელიც აზერბაიჯანის ელექტრომომარაგებას ახორციელებს) თანამშრომლებს მცირე ქრთამს აძლევდა ხოლმე. ბილიასუვარელები ამბობენ, რომ ქვითრის გარეშე გადახდილი ხუთი-ათი მანათი საკმარისი იყო იმისთვის, რომ საწარმოს თანამშრომლებს მრიცხველების ჩვენებები „წაეშალათ“.
“შეიძლება ითქვას, რომ თავიდან დენი ოცდაოთხსაათიანი გრაფიკით მოგვეწოდებოდა. შემდეგ თითოეული ოჯახიდან 5-10 მანათს იღებდნენ – ლიმიტს აჭარბებთ, რის გამოც სისტემა იტვირთებაო, გვეუბნებოდნენ. დავთანხმდით და არაფერი ვუპასუხეთ. მაგრამ ოქტომბრიდან. შუქის გათიშვას მოუხშირეს, ბოლო 15 დღის მანძილზე კი ყოველდღე თიშავდნენ – დღის 1-2 საატიდან საღამოს 7-8 საათამდე. ყველას ბავშვები და მოხუცები ჰყავს, ზოგიერთი ავადმყოფობს. ყველა იყინებოდა ზამთრის სიცივეში. ან ფულს ნუ აგროვებთ, ან შუქს ნუ გვითიშავთო, აცხადებდა მოსახლეობა. სწორედ ამიტომ გამოვიდა ხალხი იმ საღამოს მიტინგზე ”, – აღნიშნა JAMnews-თან საუბრისას მოჰამად ბაირამოვმა, რომელიც ილქინ ისკანდეროვის პაპაა. ისკანდეროვს პირობითი პატიმრობა მოესაჯა.
რატომ გადაწყვიტეს ასე მოულოდნელად „აზერშიქის“ „დამჯერმა“ თანამშრომლებმა ბილიასუვარელების მიმართ ასეთი აღმკვეთი ზომების მიღება?
საქმე ისაა, რომ მანამდე მცირე ხნით ადრე ლტოლვილებისა და იძულებით გადაადგილებული პირების საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალი ჰასანოვმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მომავალში იძულებით გადაადგილებული პირები კომუნალური მომსახურების ხარჯებს თავად გადაიხდიდნენ, „შეღავათიანი“ ელექტროენერგიის ღირებულებას კი ფულის სახით მიიღებდნენ. ახალი განკარგულება 2017 წლის იანვარში შევიდა ძალაში.
ეკონომიკის ექსპერტი, თოღრულ მაშალლი მიიჩნევს, რომ შეღავათების ასეთი კონვეტრაციით ბიუჯეტის შევსებაც შეიძლება: “კონტროლის პალატის მონაცემებით, ადრე იძულებით გადასახლებული პირების საჭიროებებზე 95-97 მილიონი მანათი იხარჯებოდა, 2017 წლისთვის კი 54-55 მილიონის დახარჯვა იგეგმებოდა. იძულებით გადაადგილებულ პირებს ხარჯების კიდევ ერთი პუნქტი აქვთ – თანხა, რომელსაც ისინი კვებისთვის იღებენ. ამისათვის წელიწადში 117-128 მილიონი იხარჯება. ეს თანხა არ შეცვლილა. შეღავათების გაუქმების შემდეგ ის 19 მანათი და 96 გიაპიკი, რომელიც პურის ფულის სახით გაიცემოდა, 36 მანათამდე ( 21$) უნდა გაზრდილიყო და ამ თანხაში კომუნალური მომსახურებების ფასიც უნდა შესულიყო. საბოლოოდ კი ბიუჯეტს უნდა ეხეირა”.
რაც შეეხება ხელისუფლების ოფიციალურ პოზიციას „სინათლის პატიმრების“ საქმესთან დაკავშირებით, უნდა ითქვას, რომ დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების სახელმწიფო კომიტეტს ამ საკითხის შესახებ კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია. 2016 წლის აქციების შემდეგ ოფიციალური პირების პოზიცია ჯებრაილის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის პირველმა მოადგილემ, არიფ ფარზალიევმა გააჟღერა. modern.az-თან საუბრისას მან ასეთი კომენტარი გააკეთა: “იძულებით გადაადგილებულ პირებს დიდი ვალი აქვთ. მოქალაქეებმა ელექტროენერგიის ხარჯვაზე დაწესებულ ლიმიტს გადააჭარბეს. სწორედ ამიტომ გამორთო შუქი იმიშლის რაიონულმა ელექტროქსელმა. მაგრამ მოლაპარაკებების შემდეგ ყველაფერი მოგვარდა. ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, ყველაფერი წესრიგშია და არავითარი არეულობა არ ფიქსირდება”.
მცირე ხნის წინ დასრულებული სასამართლო პროცესის გაშუქებისას .ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილმა მედიასაშუალებებმა ბრალდების მხარის მიერ წაყენებულ მუხლებზე გააკეთეს აქცენტი და ეს მოვლენა კრიმინალური ქრონიკის რიგით შემთხვევად წარმოაჩინეს.
რა ბედი ეწიათ ელექტროენერგიას, ჯებრაილელ დევნილებსა და შეღავათებს?
2017 წლის დასაწყისში იძულებით გადაადგილებულ პირთა საპროტესტო აქციები ბაქოშიც გაიმართა. ხალხმა შეღავათების 36 მანათით (კვებისა და კომუნალური სერვისებისათვის გამოყოფილი თანხით) ჩანაცვლება არაადეკვატურ ნაბიჯად მიიჩნია.
მაგრამ იმ შემთხვევაში არავინ დაუკავებიათ. მეტიც, დემონსტრაციების დასრულებიდან ერთი თვეც არ იყო გასული, როდესაც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას წინა ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. ამ დოკუმენტის მიხედვით იძულებით გადაადგილებული პირები კატეგორიებად დაყვეს. ზოგიერთ მათგანს სრულად აღუდგინეს შეღავათები. ამჟამად კომუნალური მომსახურებების ღირებულებას საერთოდ არ იხდიან ის დევნილები და იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც საცხოვრებლით არ არიან უზრუნველყოფილნი. არც იმ შემთხვევაში იხდიან ელექტროენერგიის გადასახადს, თუკი მათ ბინებში გაზი არ არის გაყვანილი. ამასთან, ამ კატეგორიის დევნილები „პურის ფულსაც“ იღებენ. ის, ვინც საცხოვრებლითაა უზრუნველყოფილი, თვეში 36 მანათს იღებს და ვალდებულია, კომუნალური სერვისების ღირებულება თავად გადაიხადოს.
ამჟამად ბილიასუვარს შუქი ოცდაოთხსაათიანი გრაფიკით მიეწოდება. კანონში შეტანილმა ბოლო ცვლილებებმა კი სრულად გადაჭრა ეს პრობლემა: გამომდინარე იქიდან, რომ სოფელში გაზი არ არის (მხოლოდ ახლა დაიწყეს ბუნებრივი აირის მილების გაყვანა ზოგიერთ სახლში), ელექტროენერგიის ღირებულების გადახდა საჭირო არაა.
“თუკი ყველა პრობლემა მოგვარდა, რაღატომ დააპატიმრეს ეს ბიჭები? ჩვენი შვილები საზარბაზნე ხორცად აქციეს,” – ამბობს თებრიზ გაჯიევი.