“ქართული ოცნების” კონსტიტუცია
ფოტო: “ქართული ოცნების” მხარდამჭერები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. 08.10.2016. REUTERS/დავით მძინარიშვილი
მე-9 მოწვევის პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე კენჭს უყრის საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რის შემდეგაც საქართველოს ახალი კონსტიტუცია ექნება. ორი მოსმენით ახალი კონსტიტუციის პროექტი უკვე დამტკიცებულია.
ამ სადაო დოკუმენტში არსებით ცვლილებებს უკვე აღარავინ ელის.
“ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა, – ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, – ჩვენ ვცვლით ძალიან გაუმართავ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი, ევროპული ტიპის კონსტიტუციით”.
ახალ კონსტიტუციაში მართლაც ბევრი ისეთი ცვლილება იქნება, რომლითაც ბევრი სახელმწიფო იამაყებდა. მაგალითად, გარდამავალ დებულებებში წერია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველოს ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაცია უზრუნველყონ.
კონსტიტუციაში გაჩდება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ინტერნეტზე წვდომა და ინტერნეტით თავისუფლად სარგებლობა კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლება გახდება. თითქმის ისეთივე, როგორიცაა, მაგალითად, სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე მოქალაქის უფლებასაც კანონი უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, არის სხვა ცვლილებებიც, რომლებსაც, პრინციპში, დიდი კამათი არ მოჰყოლია. მაგალითად, 21-დან 25 წლამდე გაიზარდა პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატის მინიმალური ასაკი, პრეზიდენტის კანდიდატისა კი 35-დან – 40-მდე.
ასევე, კონსტიტუციის პროექტში აღარ არის მითითებული, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია (ქუთაისი თბილისთან ერთად საპარლამენტო ქალაქად სააკაშვილის მმართველობის დრო გამოცხადდა).
თუმცა, როგორც ოპოზიცია ამბობს, ეს მხოლოდ წვრილმანებია, რომლებსაც პოლიტიკურ დებატებში ხელისუფლება სათავისო არგუმენტად იყენებს, რათა კონსტიტუციის ყველაზე მთავარი, არსებითი და მნიშვნელოვანი ცვლილებებიდან გადაიტანოს ყურადღება.
მთავარი, რაზეც ხელისუფლება და პოლიტიკური პარტიები ვერ შეთანხმდნენ და რასაც ვენეციის კომისიაც აკრიტიკებს, პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევის წესია.
საარჩევნო სისტემა
ამჟამად საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემა მოქმედებს: 150-წევრიან პარლამენტში 77 დეპუტატს პროპორციული წესით ირჩევენ, 73 მაჟორიტარს კი – მაჟორიტარული წესით ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში.
პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ასეთი საარჩევნო სისტემა კონკურენტუნარიან საარჩევნო გარემოს ვერ ქმნის და პარლამენტში პოლიტიკური ძალების უსამართლო განაწილებას უწყობს ხელს. ეს რომ ასეა, ბოლო საპარლამენტო არჩევნებმაც დაადასტურა: მმართველ პარტიას – “ქართულ ოცნებას” ამომრჩეველთა ნახევარმაც კი არ დაუჭირა მხარი ( 48 პროცენტი აიღო), თუმცა მაჟორიტარების ხარჯზე საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა და 150 ადგილიან პარლამენტში 115 დეპუტატი ჰყავს.
პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო სექტორი დიდი ხანია მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას და პროპორციული არჩევნების სისტემაზე გადასვლას ითხოვს. ამას ითხოვდა თავად “ქართული ოცნებაც”, ვიდრე ოპოზიციაში იყო, თუმცა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მიდგომა შეცვალა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას მაჟორიტარული არჩევნები აწყობს: სახელისუფლებო რესურსის გამოყენებით, როგორც წესი, ის მაჟორიტარულ არჩევნებს იგებს და პარლამენტში არსებული პოლიტიკური ძალების უსამართლო გადანაწილებაც მის სასარგებლოდ მუშაობს.
ამჟამად მოქმედი კონსტიტუცია 1995 წლის 24 აგვისტოს არის მიღებული. დღემდე ის 33-ჯერ შეიცვალა. ყველაზე ბევრი ცვლილება კონსტიტუციაში 2004 და 2010 წლებში, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში შევიდა. 2004 წელს კონსტიტუციაში პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გაჩნდა. მოსამართლეების ასაკმა 28 წლამდე დაიწია, დეპუტატად არჩევა კი 21 წლიდან გახდა შესაძლებელი. 2010 წელს პრეზიდენტის ფუნქციები შეიკვეცა, ხოლო მთავრობისა და პარლამენტის როლი გაიზარდა, თავად პარლამენტი კი თბილისიდან ქუთაისში გადავიდა.
“ქართული ოცნებაც” აღიარებს, რომ მაჟორიტარული სისტემა უსამართლოა, თუმცა მის გაუქმებას არ ჩქარობს – მომავალ საპარალმენტო არჩევნებს, რომლებიც 2020 წელს იქნება, “ქართული ოცნება” კვლავ შერეული წესით ჩაატარებს. ახალი კონსტიტუციის თანახმად, მაჟორიტარული სისტემა მხოლოდ 2024 წლის არჩევნებისთვის გაუქმდება.
პოლიტიკურ ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას არც “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული პროპორციული საარჩევნო სისტემა მოსწონს:
ახალი კონსტიტუცია არჩევნების წინ პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ბლოკებში გაერთიანებას უკრძალავს. და ეს მაშინ, როცა სავალდებულო საარჩევნო 5%-იანი ბარიერი უცვლელი რჩება. გარდა ამისა, იმ პარტიების ხმებს, რომლებიც ბარიერს ვერ გადალახავენ, მთლიანად გამარჯვებული პარტია წაიღებს.
პროპორციული არჩევნების სისტემა, რომელიც ახალ კონსტიტუციაში დევს, უსამართლოა და ის პატარა პარტიებს პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობას არ აძლევს, მიიჩნევს ოპოზიცია.
ვენეციის კომისია 16 ივნისს გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნაში ამბობს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღება მართლაც წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა 5 პროცენტიანი ბარიერი, დამარცხებული პარტიების ხმების გამარჯვებულებზე განაწილება და საარჩევნო ბლოკების შექმნის აკრძალვა ამ სისტემის ფუნქციონირებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.
პრეზიდენტი
ახალი კონსტიტუციით იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესიც.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2018 წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს. ეს არჩევნები ისტორიული იქნება, რადგან ბოლო არჩევნებია, რა დროსაც პრეზიდენტს ხალხი აირჩევს. არჩეულ პრეზიდენტს გამონაკლისის სახით უფლებამოსილების ვადა ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვის წლით დაიკავებს.
უკვე 2024 წლიდან საქართველოს მოსახლეობას აღარ ეყოლება პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი – მას საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კოლეგიაში 300 ხმოსანი იქნება: პარლამენტის 150 წევრი, 13-13 წევრი აფხაზეთის და აჭარის უმაღლესი საბჭოებიდან და თვითმმართველობის ორგანოთა 124 წარმომადგენელი.
პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის წესის გაუქმებას ხელისუფლება იმით ხსნის, რომ საქართველო მართვის საპარლამენტო მოდელზე გადადის, დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის მქონე რესპუბლიკებში კი პრეზიდენტს სწორედ არაპირდაპირი წესით ირჩევენ.
თუმცა, ოპოზიცია ხელისუფლების ამ არგუმენტშიც ორმაგ სტანდარტს ხედავს, რადგან იმ ქვეყნებში, სადაც პრეზიდენტს არაპირდაპირი წესით ირჩევენ და რომლებიც ხელისუფლებას არგუმენტად მოჰყავს, პალამენტი მრავალპარტიულია.
“ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული კონსტიტუცია კი არ ქმნის მრავალპარტიული პარლამენტის დაკომპლექტების შესაძლებლობას, –
ამბობს ოპოზიციური “რესპუბლიკური პარტიის” პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია.
მისი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სისტემა ისე მოირგო, რომ მას არა მარტო ამ არჩევნებში, არამედ მომავალშიც პარლამენტში უმრავლესობა ეყოლება.
“დააკვირდით, ვინ არიან ხმოსნები: პარლამენტარები, სადაც უმრავლესობა სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი იქნება და ადგილობრივი თვითმმართველობების, საკრებულოების წევრები, რომელთა დიდი ნაწილიც ისევ “ქართული ოცნების” წევრი იქნება. ასეთ შემთხვევაში, მივიღებთ ერთი პარტიის მიერ დანიშნულ პრეზიდენტს, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება მხოლოდ პარტიის წინაშე,” – ამბობს კორძაია.
ოჯახი
კონსტიტუციაში ქორწინების განმარტებაც შეიცვლება. თუ მოქმედ კონსტიტუციაში ეწერა, რომ „ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას“, ახალ კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ
“ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.”
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ეს ჩანაწერი დისკრიმინაციულია, რადგან დაუქორწინებელი ადამიანი და მისი შვილი საქართველოში ოჯახად აღარ ჩაითვლება.
ამ ჩანაწერის მიმართ შენიშვნა აქვს ვენეციის კომისიასაც. კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციაში ქორწინება, როგორც ქალისა და კაცის ერთობა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა განისაზღვროს, როგორც სამოქალაქო პარტნიორობის აკრძალვა:
“საქართველო როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყანა, ვალდებულია, შეასრულოს ევროსასამართლოს სტანდარტები, მაშასადამე იურიდიულად აღიაროს ერთნაირსქესიანთა წყვილები”.
ლეგიტიმაციის პრობლემა
ის ფაქტი, რომ საკონსტიტუციო განხილვის პროცესში ხელისუფლების მიერ თითქმის სრულად იგნორირებულია ოპოზიციის მთავარი შენიშვნები და მოთხოვნები, ქვეყნის მთავარ კანონს კიდევ ერთი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის.
“მივიღეთ ისეთი კონსტიტუცის პროექტი, რომლის მიერ შემოთავაზებულ წესებსაც სხვა არცერთი პოლიტიკური ძალა არ ეთანხმება და შესაბამისად, მისდამი ნდობაც ძალიან დაბალი იქნება,” – ამბობს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იურისტი მალხაზ ნაკაშიძე.
მისი თქმით, კონსტიტუციისადმი, რომელიც ერთ რომელიმე პარტიას ანიჭებს უპირატესობას და მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდის ხედვებს ასახავს, ნდობა ძალიან დაბალი იქნება.
“ამიტომაც არის, რომ საქართველოში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველა მმართველი პარტია ცვლის კონსტიტუციას. სამწუხაროდ, ეს ცვლილებები კონსენსუსზე და შეთანხმებაზე დაფუძნებული არასოდეს ყოფილა.”
მიუხედავად იმისა, რომ არავის აქვს მოლოდინი, რომ ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიცაა საარჩევნო სისტემა, ხელისუფლება დათმობაზე წავა,
ოპოზიცია ხელისუფლებას მაინც დიალოგის გაგრძელებას სთავაზობს და მოუწოდებს, სადაო დოკუმენტი დაჩქარებული წესით არ დაამტკიცოს. იგივეს ითხოვს ვენეციის კომისიაც.
თუმცა, მმართველ გუნდს უნდა, რომ ახალი კონსტიტუცია თვითმმართველობის არჩევნებამდე მიიღოს (თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ტარდება). ექსპერტების აზრით, კონსტიტუციის არჩევნებამდე მიღებით, ხელისუფლება შეეცდება ამომრჩეველს საკუთარი ძალა კიდევ ერთხელ დაანახოს.
მეტიც, მმართველი გუნდი იმდენად ჩქარობს, რომ ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნასაც არ ელოდება, რომელიც 6 ოქტომბერს უნდა გამოქვეყნდეს, ამიტომ “ქართულმა ოცნებამ” კომისიას სთხოვა, რომ დასკვნის წინასწარი ვერსია გამოგზავნონ.
“მათთვის ცნობილია, რომ ჩვენ მესამე მოსმენით ცვლილებების კენჭისყრას სექტემბრის ბოლოსთვის ვაპირებთ. ხელისუფლება რეგლამენტით მოცემული მანდატით იმოქმედებს. ვენეციის კომისიისგან უარყოფით დასკვნას არ ველოდებით,” – ამბობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.
კონსტიტუციონალისტების ვერდიქტი ასეთია: ლეგიტიმაციანაკლული კონსტიტუცია იარსებებს ზუსტად იმ ვადით, რა ვადითაც “ქართული ოცნება” იქნება ხელისუფლებაში. შემდეგ კი ისევ კონსტიტუციის გადასინჯვის გრძელი გზა დაიწყება.
რას ფიქრობს ხალხი?
აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ თბილისში, 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 32 პროცენტს სმენია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ. იმ ადამიანთა უმრავლესობა (59 პროცენტი), ვისაც სმენია ამის შესახებ, აცხადებს, რომ არა აქვს საკმარისი ინფორმაცია ამ ცვლილებებზე.
გამოკითხვის თანახმად, მოქალაქეთა მხოლოდ 2 პროცენტი დაესწრო საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო განხილვებს, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით იმართებოდა.
ამას გარდა, მხოლოდ 6 პროცენტი ამბობს, რომ ცვლილებები სრულად ასახავს მოსახლეობის შეხედულებებს; 47 პროცენტის აზრით, ნაწილობრივ ასახავს, 32 პროცენტის თქმით კი, საერთოდ არ ასახავს.