„ხელისუფლების ბედი ბარიკადების გამძლეობაზეა დამოკიდებული“. აფხაზეთი პროტესტმა მოიცვა
პროტესტი აფხაზეთში შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომის მოთხოვნით
აფხაზეთში ხელისუფლება ოპოზიციის საპროტესტო აქციებისთვის ემზადება, რომელიც აღშფოთებულია შინაგან საქმეთა მინისტრის, დმიტრი დბარის სამსახურში დაბრუნებით მისი დროებით თანამდებობიდან ჩამოშორების შემდეგ.
აქცია 4 ნოემბერს არის დანიშნული. ძალოვანი სტრუქტურები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული, პრეზიდენტის სასახლეს სასწრაფოდ შემოავლეს რკინის ბარიერები, რომლებიც ერთმანეთზეა შედუღებული.
ქუჩის პროტესტის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მიიღო „აფხაზეთის ომის ვეტერანთა საკოორდინაციო საბჭომ“ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი არ დაეთანხმა შინაგან საქმეთა მინისტრის, დმიტრი დბარის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნას.
როგორ გამოიწვია ერთმა კანონდარღვევამ მეორე
მთელი ისტორია 2021 წლის 30 სექტემბერს დაიწყო. ამ დღეს აფხაზეთში, 1992-1993 წლების ომში გამარჯვების მორიგ წლისთავს აღნიშნავდნენ. პარლამენტის დეპუტატი გარი კოკაია თავის თანასოფლელებთან – სოფელ აძიუჟბელებთან ერთად – სოხუმის სანაპიროზე, რესტორანში იმყოფებოდა. სუფრის შემდეგ, უკვე ქუჩაში, მან სიხარულის გამოსახატავად პისტოლეტიდან ჰაერში რამდენჯერმე გაისროლა.
იმავდროულად, მეზობელ რესტორანში დღესასწაულს აღნიშნავდნენ აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია და მისი კოლეგა სამხრეთ ოსეთიდან, ანატოლი ბიბილოვი. შემთხვევის ადგილზე მაშინვე გაჩნდა შს მინისტრი დმიტრი დბარი თავის მოადგილეებთან ერთად და განგაშზე გამოძახებული სპეცრაზმი. საბოლოოდ, ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. მილიციამ დეპუტატსა და მის თანასოფლელებს სცემა, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვა, ნაცემი აძიუჟბელები კი ნათესავებმა წაიყვანეს საავადმყოფოებში.
მეორე დღეს, პარლამენტთან დაიწყო საპროტესტო აქცია სანაპიროზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებული შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით.
- საიდან ჰყავს აფხაზეთის პრეზიდენტს 400-ათასდოლარიანი ავტომობილი?
- მოსაზრება: აფხაზეთში კრიმინალსა და გულჩვილ სასამართლოზე
- მოსაზრება: რატომ შეიძლება აფხაზეთში ზოგისთვის რაღაცის გაკეთება, სხვებისთვის კი არა?
- ვის სჯიან აფხაზეთში კორუფციის გამო. სკანდალური საქმის დეტალები
თუმცა, პრეზიდენტმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ დროებით, გამოძიების პერიოდში ჩამოეშორებინა დაკავებული თანამდებობებიდან მინისტრი დმიტრი დბარი და მისი ორი მოადგილე – რაშა ცვიჟბა და დადინა ჩაჩხალია.
მოგვიანებით, მოადგილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მათთვის წაყენებული ბრალდება 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად მინისტრის ქმედებებში საგამოძიებო ორგანოებმა ვერანაირი დანაშაულის ნიშნები ვერ დაინახეს. მაგრამ გენერალურმა პროკურორმა ადგურ აგრბამ პრეზიდენტს მინისტრის გათავისუფლების რეკომენდაცია მისცა.
ამის შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში პრეზიდენტი დუმილს ინარჩუნებდა. მაგრამ 2 ნოემბრის საღამოს, მინისტრი სამუშაოზე დააბრუნა, რის შესახებაც სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადა:
„გულწრფელად ვწუხვარ მომხდარის გამო. ვფიქრობდი, რომ მხარეების შერიგებას მოვახერხებდით. სოფელ აძიუჟბაში ჩავედი, პირადად ვაწარმოებდი მოლაპარაკებას სოფლის რამდენიმე მცხოვრებთან. ომის ვეტერანებთან შეხვედრის შესახებ წინასწარ შეთანხმებას მივაღწიეთ, მაგრამ სხვადასხვა გარემოების გამო ეს არ მოხდა. ადამიანური თვალსაზრისით ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა“.
თავად შინაგან საქმეთა მინისტრმა ბოდიში მოუხადა ვეტერანებს – მაგრამ დაუსწრებლად, პრეზიდენტთან შეხვედრის დროს. მან თქვა, რომ „პირველივე დღიდან სურდა ბოდიში მოეხადა ვეტერანებისთვის და პირადად ჩამოერთმია ხელი“, მაგრამ მას „ასეთი შესაძლებლობა მიეცემა“.
„პირობას ვდებ, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ მოხდება“, – განაცხადა დბარმა.
დაუსწრებლად ბოდიშის მოხდამ მინისტრის სამსახურში დაბრუნების ფონზე, სიტუაცია კი არ განმუხტა, არამედ, პირიქით, კიდევ უფრო დაძაბა. მეორე დღეს, 3 ნოემბერს, პარლამენტში მივიდნენ ოპოზიციისა და ვეტერანთა ხელმძღვანელები, ასევე, სოფელ აძიუჟბის წარმომადგენლები.
მათ საკუთარი თავი კანონგარეშე გამოაცხადეს.
„გარდა იმისა, რომ სულში ჩაგვაფურთხეს, გუშინ სილაც გაგვაწნეს. ახლა უფლებას ვიტოვებთ ისე ვიმოქმედოთ, როგორც თვითონ ჩავთვლით საჭიროდ“, – განაცხადა პარლამენტში ომის ვეტერანმა სოფელ აძიუჟბიდან, ვალერი მაანმა.
ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ ლიდერმა ტიმურ გულუამ განაცხადა, რომ ისინი „ყველანაირ პასუხისმგებლობას იხსნიან მოვლენების შემდგომ განვითარებაზე“.
იმავე საღამოს, 3 ნოემბერს, პარლამენტის თითქმის სრული შემადგენლობა სოფელ აძიუჟბაში წავიდა სოფლელების დასარწმუნებლად, რომ მიეღოთ შინაგან საქმეთა მინისტრი, რათა მას პირადად მოეხადა მათთვის ბოდიში.
ამის მიუხედავად, ხელისუფლება ყველაზე უარესი სცენარისთვის ემზადება – მასობრივი საპროტესტო აქციები პრეზიდენტის სასახლესთან.
„ვუყურებ ფოტოს (ბარიერებს პრეზიდენტის სასახლესთან) და ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები მიჩნდება. რკინის ბარიერები ერთმანეთზეა შედუღებული. როგორც ჩანს, ხალხის იმედი არ აქვთ. მხოლოდ რკინის იმედი დარჩათ. როდესაც ხელისუფლების ლეგიტიმურობა შედუღების ხარისხზეა დამოკიდებული – ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც წესრიგში არ არის სახელმწიფოს მმართველობაში. ეს სისუსტის ნიშანია. ხელისუფლების სისუსტისა და სახელმწიფოს სისუსტის“, – დაწერა სოციალურ ქსელებში პოლიტოლოგმა თენგიზ ჯოპუამ.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო