მოსაზრება: არის თუ არა ვინმე, ვისაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადაწყვეტა სურს?
როგორ მოვაგვაროთ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი
აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ცოტა ხნის წინანდელი განცხადება არ ტოვებს ილუზიას, რომ ოფიციალური თბილისის რიტორიკა აფხაზეთის მიმართ, თუნდაც პერსპექტივაში, როგორმე მაინც შეიცვალოს.
პრეზიდენტის ძირითადი აზრი იმაში მდგომარეობდა, რომ „აფხაზური ენა რუსული ოკუპაციისგან უნდა გადაარჩინონ“.
ზოგადად, უკვე რთული სათქმელია, რა ეფექტს და ვისგან ელიან ქართველი პოლიტიკოსები, როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებენ?
- აფხაზეთში ასეთი განცხადებები უბრალოდ აშფოთებთ, რადგან აქ საკუთარი ქვეყანა ოკუპირებულად არ მიაჩნიათ.
- მოსკოვში, ბრიუსელსა და ვაშინგტონში, როგორც ჩანს, სულერთია, რას ეუბნება ქართველი პრეზიდენტი აფხაზებს – ახლა ამ დედაქალაქებს გაცილებით მნიშვნელოვანი თემები აქვთ, ვიდრე ხანგრძლივად დაკონსერვებული ქართულ-აფხაზური კონფლიქტი.
- ქართულ საზოგადოებაში, სალომე ზურაბიშვილის სიტყვები ნაკლებად სავარაუდოა, რომ საერთოდ შეამჩნიეს, მით უფრო ახლა, როდესაც მთელი ყურადღება მიპყრობილია ციხეში მყოფ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე.
მაგრამ მაშინაც კი, როდესაც სააკაშვილი შიმშილობას შეწყვეტს, საქართველოს მოსახლეობა კი არჩევნების მეორე ტურის შედეგებს შეეჩვევა – ნებისმიერი შემდგომი, თითქოს ერთი თარგის ქვეშ შექმნილი მიმართვები აფხაზებისადმი, მაინც განწირულია დარჩეს ყველას მიერ შეუმჩნეველი.
- პასპორტი, ტრაქტორი და საზღვარი. რა არ ჰყოფნით ქართველებს აფხაზეთში
- პროექტი „საქართველოს მომავალი“: უნდა გადაიხედოს კონფლიქტისადმი რადიკალური დამოკიდებულება
- აფხაზი პოლიტოლოგი ასტამურ ტანია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე
აი, ზურაბიშვილს ან ვინმე სხვა ქართველ ოფიციალურ ან თუნდაც არაოფიციალურ პირს რომ არ ეხსენებინა ტერმინი „ოკუპირებული აფხაზეთი“ – მაშინ უზარმაზარი ინტერესი გაჩნდებოდა. რევოლუციამდე ნაკლებად მივიდოდა, მაგრამ ქართული საზოგადოება თუნდაც ერთი კვირა ძლიერ აფორიაქებული იქნებოდა.
ბუნებრივია, ასეთი სცენარი ფანტასტიკის ჟანრიდანაა. სინამდვილეში, ამგვარი განცხადებები თავიდანვე რიტუალურია. ეს ახლა უკვე უბრალოდ არასავალდებულო ტრადიციაა, როგორც, მაგალითად, პრეზიდენტის საახალწლო მილოცვა მოსახლეობისათვის.
ადრე აფხაზეთს სეპარატისტულს უწოდებდნენ. მაგრამ რუსეთის მიერ 2008 წელს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველო სხვა ტერმინს იყენებს – რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები.
ახლა აფხაზებისა და ოსების სეპარატიზმზე თეზისს ქართულ პოლიტიკურ რიტორიკაში უკვე ვეღარ შეხვდები. საქართველოს ხელისუფლებისა და საზოგადოების დოქტრინა ოდესღაც სააკაშვილმა გაახმაურა და მას შემდეგ მხარდაჭერილია მთელი ქართული პოლიტიკური ელიტის მიერ.
ის ასე ისმის: არ არსებობს არანაირი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები, არის მხოლოდ საქართველოს რუსეთთან კონფლიქტი.
რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი თბილისი მოსკოვთან შერიგდება, მაშინ აფხაზები და ოსები აცრემლებული თვალებით დაბრუნდებიან საქართველოს შემადგენლობაში. და სანამ ეს არ მომხდარა, ისინი იტანჯებიან რუსული ოკუპაციის პირობებში.
ეს მიდგომა გამაგრებულია ოფიციალურად კანონით „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. თუმცა, მისი მიღებით, საქართველომ მანევრირების ჰიპოთეტური შესაძლებლობაც კი დაკარგა.
„ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონით აფხაზეთისა და მისი მოქალაქეებისთვის გათვალისწინებული ყველანაირი სანქციის გარდა, იქ არის კიდევ ერთი პუნქტი, რომელიც კრძალავს ქართველი ჩინოვნიკების ნებისმიერი კონტაქტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან.
და რაც შეეხება ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს? – იკითხავთ თქვენ
ჟენევის დისკუსიები – ერთადერთი ოფიციალური მოედანი, სადაც ქართველ, აფხაზ და ოს პოლიტიკოსებს შეუძლიათ ისაუბრონ არსებული კონფლიქტების შესახებ. ის 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეიქმნა ე.წ. მედვედევ-სარკოზის გეგმის მიხედვით.
უნდა ითქვას, რომ ეს ფორმატი ნაჩქარევად შეიქმნა, ცაიტნოტის რეჟიმში, იმისთვის, რომ როგორმე ორთქლი გამოეშვათ და მწვავე ფაზიდან კონფლიქტი ერთგვარ ღირსეულ მოლაპარაკებათა არხზე გადასულიყო. სიტყვა „გარკვეული“ აქ ყველაზე მეტად ესადაგება, რადგან ამ მოედნის მონაწილეებს შეუძლიათ ყველანაირი შედეგების გარეშე იურთიერთონ.
ყველა სხვა არასრულყოფილების გარდა, ჟენევის ფორმატს ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აქვს – დელეგაციის ყველა წევრი მოლაპარაკებებში მხოლოდ პირადად მონაწილეობს.
დავუბრუნდეთ კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. გამოდის რომ, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სოხუმი და თბილისი საერთო მოსაზრებამდე მივლენ, როგორ გადაიჭრას ქართულ-აფხაზური კონფლიქტი – ამ წამოწყებიდან არაფერი გამოვა, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
მისი გაუქმება კი, რომც მოინდომოს, არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია დღევანდელ საქართველოში.
თავის დროზე, აფხაზეთთან დაკავშირებით რაიმეს კარდინალურად შეცვლის ჰიპოთეტური შანსი იყო მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო კარიერის დასაწყისში, რადგან მას მოქალაქეების მხრიდან უზარმაზარი ნდობის რეიტინგი ჰქონდა. როგორ ისარგებლა მან ამ შანსით, ყველასთვის ცნობილია – 2008 წლის აგვისტოში ომი მოხდა.
მის მემკვიდრეს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წელს თავის პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მოვიდა, არ ჰქონდა ისეთი დიდი გავლენა, როგორიც სააკაშვილს ჰქონდა თავის დროზე. და მაინც, მისი ავტორიტეტი და ფული საკმარისი იქნებოდა, რომ არსებული კონფლიქტებისადმი ტრადიციული მიდგომის გადახედვა მომხდარიყო.
ივანიშვილს ჰქონდა ასეთი მცდელობა – დაიწყო „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის“ რევიზია. მაგრამ ქართულმა ელიტამ, მათ შორის, მასთან დაახლოებულმა, ეს მტრულად მიიღო. „არ გინდათ, კაი ბატონო“, – იფიქრა ალბათ ივანიშვილმა და ყველაფერი ისე დატოვა, როგორც იყო.
აფხაზეთში საქართველოსთან მოლაპარაკებებისადმი დამოკიდებულება (ჟენევა მხედველობაში არ მიიღება) საკმაოდ ცივია.
მოქმედ პრეზიდენტ ასლან ბჟანიას თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში საქართველოსთან პირდაპირი მოლაპარაკებების ოფიციალურ დონეზე დაწყების მცდელობა ჰქონდა. მან თავის საგარეო პოლიტიკის კონცეფციაში ჩადო პუნქტი საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესაძლებლობის შესახებ.
თუმცა, მას ვერ გაუგეს, ვერც საქართველოსა და ვერც აფხაზეთში.
თბილისში, მოლაპარაკებებისადმი მზაობა მაშინვე ისე შეაფასეს, როგორც აფხაზეთის მხრიდან კაპიტულაციისთვის მომზადების აქტი.
სოხუმში საქართველოს მიმართულებით აქტივობა ოპოზიციამ ღალატის ზღვარზე ქმედებად შეაფასა. ძირითადი მესიჯი ასეთი იყო: როგორ შეგვიძლია ვილაპარაკოთ საქართველოსთან, როდესაც ჩვენი ამდენი მოქალაქე დაიღუპა მასთან ომში?
ამასთან, ორივე მხარე, რატომღაც უარს ამბობს, ახსოვდეს, რომ 2008 წლამდე გაეროს ეგიდით აქტიური ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების პროცესი მიდიოდა და მისი ორი მონაწილე იყო აღიარებული კონფლიქტის მხარედ.
სახლში ასეთი უარყოფითი რეაქციის შემდეგ, ბჟანიამ, როგორც თავის დროზე ივანიშვილმა, ალბათ, იფიქრა: „არ გინდათ, კარგი ბატონო“. ამოიღო კონცეფციიდან მრავალდონიანი მოლაპარაკებების შესახებ პუნქტი და ამის მეტი საქართველოს თემას არ დაბრუნებია, სანაცვლოდ კონცენტრაცია აფხაზეთში რუსულ ინვესტიციებზე მოახდინა.
როგორც ჩანს, თბილისშიც და სოხუმშიც, უსიტყვოდ უკვე უარი თქვეს ნებისმიერ აქტიურ ქმედებაზე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გადასაწყვეტად. როგორც ჩანს, აქამდე ისინი ორმა ფაქტორმა მიიყვანა:
- აღარ არის ახალი ომის რეალური საფრთხე
- როგორც საქართველოში, ისე აფხაზეთში, მუდმივი შიდაპოლიტიკური არასტაბილურობა ქრონიკული გახდა,
კონფლიქტის გადაწყვეტა აშკარად დაკონსერვდა უკეთეს დრომდე, რომელიც შორეულ პერსპექტივაშიც კი არ ჩანს. ასე უფრო მოსახერხებელი და უსაფრთხოა.
ამიტომ, ქართველი პოლიტიკოსები რიტუალურად მომავალშიც პერიოდულად გაიხსენებენ „ოკუპირებულ აფხაზეთს“, მათი აფხაზი კოლეგები კი საქართველოზე საერთოდ არ ილაპარაკებენ, მისი მიმართულებით არც კი გაიხედავენ.