ღარიბაშვილი: ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. რას ფიქრობენ იურისტები პრემიერის განცხადებაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ, კანონის თანახმად, ადამიანს აქვს თავის მოკვლის უფლება.
ქვეყნის პრემიერმა, ეს, ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში, ციხეში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე დასმული შეკითხვის პასუხად თქვა.
გადაცემის წამყვანმა მას ჰკითხა, რით შეიძლება დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა:
„ფინალი, არ ვიცი ახლა… ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს… ის კი არა, უფრო მეტიც: კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება.
თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ, ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას.
მეორე, რაც მინდა ვთქვა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ აბსოლუტურად. ჩემი დავალებით დამატებით ექიმების ჯგუფიც შევქმენით, ეს კონსილიუმი და ეს ყველაფერი ჩვენგანაა ორგანიზებული, იმის მიუხედავად, რომ მას, როგორც პატიმარს, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება გაეწია და ეწევა ყოველდღიურად, პენიტენციური სამსახურის მიერ.
ამის მიუხედავად, დამატებით, ჩვენ შევქმენით ექიმების ჯგუფი და ყოველდღიურად ახორციელებენ მონიტორინგს. გვაქვს სრული კომფორტი შექმნილი მისთვის, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს”, – განაცხადა პრემიერმა.
ამ განცხადების შემდეგ, გადაცემის მეორე წამყვანმა პრემიერს უთხრა, რომ როდესაც ადამიანი თავს იზიანებს, სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მას.
“დავეხმარებით, საჭირო დროს გადავიყვანთ მას გლდანის საავადმყოფოში“, – უპასუხა ღარიბაშვილმა.
პრემიერის განცხადებას იურისტებისა და უფლებადამცველების მყისიერი რეაქცია მოჰყვა.
იურისტები ამბობენ, რომ პრემიერის ეს განცხადება არის აბსურდი, რადგან, არსად, არც ქვეყნის შიდა და არც საერთაშორისო კანონმდებლობაში, ასეთი ჩანაწერი არ მოიპოვება.
„ტყუილია თითქოს სადმე კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება. ასეთი რამ არ წერია და ვერც ეწერება, იქიდან გამომდინარე, რომ სიცოცხლის უფლება არ მოიცავს თვითმკვლელობის უფლებას. და, ეს არის როგორც ჩვენი, შიდა კანონმდებლობის სტანდარტი, ეს არის ასევე საერთაშორისო, ადამიანის უფლებათა სამართლით გარანტირებული სტანდარტი“, – ამბობს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი JAMnews-თან საუბარში.
მისივე თქმით, პირიქით, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, დაიცვას ნებისმიერი, ყველა პირის სიცოცხლის უფლება. მითუმეტეს, პატიმრების:
„სახელმწიფო ვალდებულია, განსაკუთრებით ის პირები, რომლებიც მისი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებიან, მაგალითად, პატიმრები, იყვნენ მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში. მათ უნდა ჰქონდეთ გარანტიები, რომ მათი სიცოცხლის უფლება იყოს დაცული და სახელმწიფომ არ აიღოს ხელი მათი სიცოცხლის უფლების დაცვაზე, როგორც ამას როგორც ამას, ფაქტობრივად, აანონსებს პრემიერი“, – ამბობს ნიკა სიმონიშვილი.
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი JAMnews-თან ამბობს, რომ პრემიერის ეს განცხადება, რეალურად, ძალიან საშიში გზავნილია.
“რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ადამიანმა მის სიცოცხლესთან დაკავშირებით, თუკი სახელმწიფოს აქვს ბერკეტები და შესაძლებლობა ჩაერიოს ამ გადაწყვეტილებაში, მან ეს უნდა გააკეთოს.
ეს განცხადება არის ძალიან მძიმე, და სახიფათოც, მე ვფიქრობ შეიძლება გამოდგეს კლასიკურ მაგალითად, როგორ შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენელმა სუიციდი წაახალისოს ქვეყანაში”, – ამბობს ედუარდ მარიკაშვილი.
პარტია „ლელოს“ წევრმა, იურისტმა ანა ნაცვლიშვილმა TV პირველთან საუბარში თქვა, რომ პრემიერის ეს განცხადება, ფაქტობრივად, სრული თვითილუსტრაცია იყო:
„ეს განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ მიმდინარე პროცესს არაფერი აქვს საერთო სამართალთან და სამართლიანობის აღდგენასთან, არამედ, ეს არის რეალური რევანში პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ“.
1 ნოემბერს გახდება ერთი თვე, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. ცნობილია, რომ ამ ერთი თვის განმავლობაში, სააკაშვილს მიღებული აქვს მხოლოდ ერთი 50 მლ თაფლი, ისიც მხოლოდ შიმშილობის პირველ კვირას.
ექიმები, რომლებიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეცნობიან, ამბობენ, რომ ნებისმიერ წუთს ექს-პრეზიდენტის მდგომარეობა შეიძლება მკვეთრად გაუარესდეს.
დღეს, 29 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილი წყვეტს სამედიცინო კონსილიუმთან თანამშრომლობას და აღარ აპირებს შიმშილობის შემამსუბუქებელი მკურნალობაში ჩართვას. ამის შესახებ მისი წერილი სააკაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა წაიკითხა.
“როგორც იცით, აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთადერთი მიზნით, რომ არჩევნებამდე შემენარჩუნებინა შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი, დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის წევრების და, სამწუხაროა, რომ მთავრობამ მათი მთავარი რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს“, – წერს სააკაშვილი.
ხელისუფლება ისევ უარს ამბობს ექს-პრეზიდენტის გადაყვანაზე სხვა რომელიმე სამედიცინო დაწესებულებაში გარდა ციხის საავადმყოფოსა. თუმცა, ციხის საავადმყოფოში, სახალხო დამცველის დასკვნით, არც მისი მკურნალობისთვის საჭირო აღჭურვილობა არსებობს და არც უსაფრთხო გარემოა ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელსაც ბევრი მტერი ჰყავს დანაშაულებრივი სამყაროს წარმომადგენლებს შორის.
ციხის საავადმყოფოში გადასვლას არც თავად სააკაშვილი თანხმდება.
მიხეილ სააკაშვილი, 2021 წლის 1 ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა დაიწყო. იგი არ ეთანხმება მის მიმართ გამოტანილ მსჯავრს და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.