ევროსასამართლომ აგვისტოს ომზე საქართველოს წინააღმდეგ საჩივრები დაუშვებლად ცნო
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაუშვებლად ცნო “ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” და “შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” საქმეები. საუბარია ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ რამდენიმე რუსი ეროვნების ადამიანზე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ აგვისტოს ომში ქართულმა მხარემ დაარღვია მათი უფლებები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლომ სრულად გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ომის დროს ცხინვალის რეგიონი აქტიურად იბომბებოდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და საქართველოს შეიარაღებული ძალები არ ახორციელებდნენ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, შეუძლებელია საქართველოს რაიმე ნორმა დაერღვია.
სასამართლომ აგრეთვე გაიზიარა ქართული მხარის არგუმენტები, რომ ხსენებული საჩივრები იყო აშკარად დაუსაბუთებელი, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მინიმალური სტანდარტის მტკიცებულებები მათი პრეტენზიების გასამყარებლად.
“ამ განჩინებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს მთავრობამ წარმატებით დაიცვა სახელმწიფოს და ქართული ჯარის ინტერესები საერთაშორისო სასამართლოში”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
მინისტრის თქმით, სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, 2019-2020 წლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გენერალურ პროკურატურასთან, თავდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად მოიძია და ევროპულ სასამართლოში წარადგინა ასობით მტკიცებულება შესაბამის სამართლებრივ არგუმენტაციასთან ერთად, რითაც დასტურდებოდა, რომ 2008 წელს საქართველოს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართლის ნორმები.
● საგარეო საქმეთა სამინისტრო: მიუღებელია მოსკოვის განცხადებები საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციაზე
● რუსი ადვოკატი, რომელიც სახელმწიფოს ღალატში ბრალდებულებს იცავდა, საქართველოში გადავიდა
● “ომზე მახსენდება მონო-ბარათი”. ვის როგორ ახსოვს აგვისტოს ომი
● შვიდმა ქვეყანამ რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარის თქმისკენ მოუწოდა
საქმე “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ″
2021 წლის 21 იანვარს ევროპულმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ″.
სტრასბურგმა დაადგინა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია საქართველოს მოქალაქეების მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე – მათ შორისაა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, წამება, კერძო საკუთრების დაწვა და განადგურება.
აგვისტოს ომის საქმეზე საქართველო რუსეთს ევროპული კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა ომის დროს და ომის შემდგომ პერიოდში დაარღვია სიცოცხლის უფლება, საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართა წამებას და არაადამიანურ და ღირსების შემლახავ ზომებს, დაარღვია თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება, სამართლებრივი დაცვის უფლება, საკუთრების უფლება, განათლების უფლება და მიმოსვლის თავისუფლება.
სტრასბურგის სასამართლომ მკაფიოდ განასხვავა აქტიური საბრძოლო მოქმედებები, რომლებიც მიმდინარეობდა 8-დან 12 აგვისტომდე პერიოდში და მოვლენები, რომლებიც განვითარდა უკვე 12 აგვისტოდან, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერიდან.
სტრასბურგის სასამართლომ თითქმის სრულად დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი იმ ნაწილში, რომელიც 12 აგვისტოს შემდგომ რუსეთის მოქმედებებს ეხება.
ევროსასამართლომ დაადგინა, რომ 12 აგვისტოს შემდგომ კონფლიქტურ ზონაზე “ეფექტურ კონტროლს” რუსეთი ახორციელებდა და სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი ადამიანის უფლებათა კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაში, რომელთა შორისაა სიცოცხლის უფლება, წამება და არაადამიანური მოპყრობა.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა საქართველოს სარჩელი, რომელიც საომარი მოქმედებების აქტიურ ეტაპზე (2008 წლის 8-დან 12 აგვისტომდე) მომხდარ მოვლენებს უკავშირდება, რადგან ვერ დაადგინა ე.წ. “ეფექტური კონტროლი” რუსეთის მხრიდან ამ კონკრეტულ პერიოდში.
“სამხედრო ძალებს შორის კონფრონტაცია და ბრძოლა მიმართული იყო კონტროლი დაემყარებინათ ტერიტორიაზე, ქაოსის გათვალისწინებით იქ კონტროლი არავის ჰქონდა დამყარებული”, – მიიჩნია სასამართლომ.