თავისუფლება მიშას: რას ფიქრობენ ექსპერტები ბოლო ცხრა წლის ყველაზე ხალხმრავალ აქციაზე
გუშინ, 14 ოქტომბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. “თავისუფლება მიშას”, იყო აქციის მთავარი ლოზუნგი.
როგორც პოლიტიკური მიმომხილველები და ჟურნალისტები ამბობენ, ეს იყო ყველაზე დიდი ოპოზიციური მიტინგი “ქართული ოცნების” ცხრაწლიანი მმართველობის განმავლობაში.
რას ნიშნავდა ამდენი ხალხის საპროტესტო აქციაზე გამოსვლა ლოზუნგით “თავისუფლება მიშას” და რა პერსპექტივა აქვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას – JAMnews-მა პოლიტიკური დამკვირვებლების კომენტარები შეაგროვა:
იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი:
სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამ და მისმა დაპატიმრებამ (ჩემი აზრით, ასევე გათვლილმა თავად სააკაშვილის მიერ) განსაზღვრა ის, რაც გუშინ ვიხილეთ. ბევრი კრიტიკული მომენტი ყოფილა ქვეყანაში (ხალხის მობილიზების მცდელობებიც გვახსოვს), მაგრამ ამდენი ადამიანი ქუჩაში 2012 წლის მერე არ გვინახავს.
სააკაშვილი მიხვდა, რომ ქართულ პოლიტიკაში მისი დისტანციური ჩარევის რესურსი ამოიწურა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” წრეზე დაიწყო ტრიალი. საქართველოში ჩამოსვლით (რაც მის უთუო დაპატიმრებას ნიშნავდა), სააკაშვილმა ახალი – მსხვერპლის – როლი შეიძინა.
ამ ახალმა როლმა კი, განაპირობა ის, რომ ადამიანებმა ყურადღება გადაიტანეს არა იმაზე, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა გააფუჭა (და ასეთი არაერთია), არამედ იმაზე, რაც მან გააკეთა.
● რატომ ჩამოვიდა სააკაშვილი და იქნება თუ არა ქართული მაიდანი – გია ნოდიას თვალსაზრისი
● “თავისუფლება მიშას” – თბილისში მრავალათასიან აქციაზე სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ
● ტრუსკავეციდან “უმაღლესი დონის” სპეცოპერაციამდე. მიხეილ სააკაშვილი ციხეშია – რა იქნება შემდეგ?
შეიცვალა სააკაშვილის „ეპოქის“ ხედვის ფოკუსი – სააკაშვილის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების ნაწილმა (ცხადია, იმათ არ ვგულისხმობ, რომლებსაც სააკაშვილის მიმართ ლამის ფიზიოლოგიური ზიზღი აქვთ) მისი მმართველობის მედალს მეორე – პოზიტიური – მხრიდან(აც) დაუწყო ყურება.
გუშინდელი მიტინგის თანამშრომლობაზე ორიენტირებული რიტორიკაც ამის გაგრძელება მგონია: “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა (განსაკუთრებით, ნიკა მელიამ) გამოსვლებში ხაზი გაუსვეს იმას, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ აპირებს ხელისუფლებაში ერთპიროვნულად მოსვლას. ამ განცხადებას თავისი ფონური ეფექტი აქვს და კიდევ უფრო „არბილებს“ საზღვრებს “ნაცმოძრაობასა” და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის. ზემოთქმულის გათვალისწინებით, განსაკუთრებული დაკვირვება მართებთ ე.წ. შუაშისტურ პატარა პარტიებს. ჩემი აზრით, ისინი უნდა აჰყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” რიტორიკას იმ ნაწილში, რომ ხელისუფლება მათი მონაწილეობის გარეშე არ შეიცვლება. თუმცა, ამავე დროს, ისაუბრონ იმ ღირსებებზე და განსხვავებებზე, რაც მათ “ნაცმოძრაობასთან” შედარებით გააჩნიათ (სხვათა შორის, სწორედ ამ კონტექსტში, სწორი გადაწყვეტილება მგონია, რომ სხვა ოპოზიციური პარტიები არ შეუერთდნენ გუშინდელ მიტინგს).
წინააღმდეგ შემთხვევაში, ძლივს გაჩენილ/შენარჩუნებულ და ოდნავ მოძლიერებულ „მესამე“ პარტიებს კიდევ უფრო მეტად ელით გაკოტრება, რადგან მოსალოდნელია, რომ გაძლიერებულმა “ნაციონალურმა მოძრაობამ” მტვერსასრუტივით შეისრუტოს აქა-იქ მიმოფანტული და დაქუცმაცებული „შუაშისტები“. შესაძლებელია, ღირდეს ფიქრი ერთიანი ალტერნატიული პოლიტიკური ფრონტის შექმნაზეც.
გია ნოდია, პოლიტოლოგი:
გუშინდელი მიტინგი იყო მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური გარდატეხა. ისტორიულად, როცა ამდენი ხალხი მოდიოდა საპროტესტოდ, ხელისუფლება დიდხანს ვეღარ ჩერდებოდა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახლაც აუცილებლად ასე იქნება.
კიდევ რთული პროცესებია გასავლელი. ივანიშვილის რეჟიმი ძალიან სერიოზულ გამოწვევად რჩება. უკიდურესობები გვიყვარს: ხან დაბნეულობა და სასოწარკვეთა, ხან ზედმეტი იმედიანობა. ორივე შეცდომაა. მიტინგი კარგი, მაგრამ ერთი ნაბიჯი იყო. შემდეგი მიჯნა არჩევნების მეორე ტურში რაღაცის მიღწევაა. ამის სერიოზული შანსი არსებობს, მაგრამ გარანტია არა.
გუშინდელ დიდ მიტინგთან დაკავშირებით ზოგი შფოთავს, რომ წრეზე ვტრიალებთ. თუ ბიძინას ერთპიროვნული მმართველობა დასრულდა, ის სხვა ერთპიროვნული მმართველობით შეიცვლება – ისევ მიშასით… ზოგადად მეც ვთვლი, რომ ოცდაათი წელი, გარკვეული აზრით, წრეში ვიტრიალეთ და გვაქვს საფრთხე, ასე გავაგრძელოთ. ერთ სუპერ-ლიდერს ვანაცვლებთ მეორით და მერე ვჩივით, რატომ ვერა გვაქვს დემოკრატია. კანონიერი წუხილია. მეტსაც ვიტყვი: მგონია, რომ მიშა-2 შეიძლება უარესი აღმოჩნდეს, ვიდრე 2004-12 წლების მოდელის მიშა.
სულ მცირე, დასავლეთთან ურთიერთობა საკმაოდ გაურთულდა და თუ ორბანის და კაჩინსკის გარდა დასავლეთში მეგობარი არ დარჩა (ახლა ასეა), ეს პრობლემებს გვიქადის. მაგრამ ეს ზოგადი მსჯელობაა.
ე.წ. „სრულფასოვანი“ დემოკრატია როგორი უნდა იყოს, ამაზე მეც მაქვს რაღაც წარმოდგენა. ამ თემაზე ხანდახან ლექციებსაც ვკითხულობ. მაგრამ ახლა უნდა ამოვიდეთ იმ არჩევანიდან, რაც გვაქვს.
პირველ რიგში, წრეზე ტრიალი ცუდია, მაგრამ გაცილებით უკეთესია, ვიდრე აზერბაიჯანულ-ბელარუსულ-რუსული ტიპის სტაბილიზებული ავტორიტარიზმი. თუ ბიძინა კიდევ დიდხანს დარჩა, ეს მოხდება მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ მისი რეჟიმი ამ მოდელებისკენ გადაიხარა.
იმედი მაქვს, ამას ვერ შეძლებს, მაგრამ სხვანაირად ვერ გაძლებს. ამასთან შედარებით, თუნდაც „ცუდი მიშას“ დაბრუნება ბევრად ჯობია.
მეორეც, ჩემთვის ყოველთვის მიუღებელი იყო ბიძინას და მიშას გათანაბრება, თითქოს ორივე ერთნაირად მიუღებელია. შეიძლება, ორივე მიუღებელი იყოს, მაგრამ ერთნაირად – არა. განურჩევლობა ექსტრემისტული შუაშიზმის გამოვლენად მიმაჩნია, ის განსხვავების აგრესიულ არდანახვაში მდგომარეობს.
„ნაციონალური“ ხელისუფლება, მთელი თავისი ნაკლოვანებებით, მორალურად, ინტელექტუალურად, რაც მთავარია, თავისი შედეგებით, ერთი თავით მაღლა იდგა „ოცნებისაზე“.
“ფრიდომ ჰაუსის” რეიტინგები მნიშვნელოვანია, მაგრამ ერთადერთი საზომი არ არის.
სააკაშვილის ხელისუფლებამ ქვეყანა განვითარებით თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანა. “ოცნებას” პრეტენზიაც კი არა აქვს რაიმეს მიღწევაზე, გარდა იმისა, რომ „ნაციონალები“ გაყარა და უკან აღარ უშვებს.
ბიძინას არასოდეს ჰქონია სხვა დღის წესრიგი, გარდა იმისა, რომ ქვეყანა პირად „დაჩად“ ჰქონოდა. რაც მთავარია, ბიძინას დამარცხების შემთხვევაში მიშას ერთპიროვნული მმართველობის დაბრუნების შანსი კი არსებობს, მაგრამ ის არც ისე დიდია. ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ. საზოგადოების გამოცდილება და განწყობა, კანონმდებლობაზე რომ არაფერი ვთქვათ, იცვლება. მიშას ჰყავს ფანატიკოსი მომხრეები, მაგრამ ისეთი ეიფორია, რაც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ მის მიმართ არსებობდა, შეუძლებელია დაბრუნდეს.
ლაშა ბუღაძე, მწერალი:
გუშინდელი აქცია ალბათ ყველაზე ოპტიმისტური და იმედისმომცემი იყო პროტესტის იმ ხანგრძლივ პროცესში, რომელიც სამი წელია გრძელდება. იმედისმომცემი და ახლებური იყო ნიკა მელიას გამოსვლაც, საიდანაც კოალიციური ძალების ერთობისა და დემოკრატიაში რწმენის გაძლიერების პერსპექტივა გამოჩნდა.
უნდა გვახსოვდეს, რომ თავისუფლებისა და შერჩევითობის მავნებლური პოლიტიკის მრავალწლიანი ეპოქის დასასრულის გასაღები 30 ოქტომბრის არჩევნებშია საქართველო არაა და არც არასდროს იქნება რუსული კავკასიის ჩამორჩენილი და აპათიური რეგიონი, და ეს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და ზუგდიდში უნდა გამოჩნდეს.
ვახტანგ ძაბირაძე, პოლიტოლოგი:
ამ აქციამ შედეგი უკვე გამოიღო, საზოგადოებამ ნახა, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” შეუძლია საკმაოდ მასშტაბური აქციის ორგანიზება. ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი, მართლაც ხალხის საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო.
რაც შეეხება იმას, გამოიღებს თუ არა ეს შედეგს სააკაშვილთან დაკავშირებით, შედეგზე საუბარი არც არის და ვერც იქნება. უახლოეს მომავალში ვერ ვხედავ, რომ ამ აქციამ შედეგი გამოიღოს სააკაშვილის გათავისუფლების მიმართულებით. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, არამხოლოდ იმაზე, რა რაოდენობის ხალხი დაესწრება აქციას.
ბოლო 9 წლის განმავლობაში “ნაციონალურ მოძრაობას” ასეთი მძლავრი აქცია არ ჰქონია. მათ სულ ჰყავდათ ნახევარ მილიონი ამომრჩეველი, ისინი მიდიან არჩევნებზე და ხმას აძლევენ “ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ არ იყვნენ მზად იმისთვის, რომ ქუჩაში გამოსულიყვნენ. ახლა, მზად არიან, რომ არამხოლოდ საარჩევნო უბნებთან მივიდნენ, არამედ ქუჩაშიც გამოვიდნენ.
გია ხუხაშვილი, პოლიტოლოგი:
ორი სიტყვა ქართული ოცნების მომხრეებზე, რომლებიც იქადნებიან, რომ გამოვლენ და დაანახებენ თავის სიმრავლეს. მე მინდა არასასიამოვნო სიმართლე გითხრათ – რეალურად თქვენ ხართ ცოტა.
მიშას მოწინააღმდეგეებს, რომლის ხარჯზე და იმედზეც ბაქი-ბუქობთ, თქვენც აღარ მოსწონხართ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ისევ მიშასადმი მათ სიძულვილზე ააგოთ ყველაფერი და ცხვრებივით მორეკოთ ეს ხალხი, მაგრამ არის ერთი პრობლემა: როგორც წესი, ნებისმიერ აქციას სულს ბერავს არა მხოლოდ წარსულის უარყოფა, არამედ მომავლის რწმენა.
რა ვუყოთ იმას, რომ ეს რწმენა თქვენში აღარ არსებობს? იმდენად არ არსებობს, რომ ბიძინას ვოტსაპის შიშით, სიგნალი გაქვთ ჩართული…